რეკორდსმენი ,,ვოლვო”
საავტომობილო სამყაროს ასწლოვან ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა – 74 წლის ლონგ აილენდელმა ირვ გორდონმა, თავისი VolvoP1800-ით უკვე 3 მილიონი მილი (4.8 მილიონ კილომეტრზე მეტი) გაიარა. გორდონს, ვინც მეცნიერების ყოფილი მასწავლებელია, ეს ავტომობილი 1966 წელს შეიძინა. მესამე მილიონი მილი მან სექტემბერში, შტატ ალასკას ჰაივეი-ალასკა ჰაივეი1-ზე გაიარა. სხვათა შორის, აქამდე გორდონი აშშ-ის პოლარულ შტატში არასდროს ყოფილა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მესამე მილიონი მილი იქ გაევლო.
„ჩემს მიღწევაში მთავარი სამი მილიონი მილის გავლა არ არის. მთავარი ის მგზავრობებია, რომლებმაც ეს სამი მილიონი მილი გამატარეს. მიზნად არასდროს დამისახავს ერთი, ან ორი მილიონი მილის გავლა. უბრალოდ, მოგზაურობა მიყვარს და ჩემს „ვოლვოსთან“ ერთად, ცხოვრებით ვტკბები“, – ამბობს გორდონი.
ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით, Volvo-მ სპეციალური კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით „3 მილიონი მიზეზი იმისა, რომ გჯეროდეს“. ამ კამპანიის გასაცნობად, შვედური კომპანია მთელი მსოფლიოდან, ენთუზიასტებს და თავის ფანებს, ვებგვერდ 3MillionReasons.com-ზე ეპატიჟება, სადაც საშუალება მოგეცემათ, გორდონის უჩვეულო მოგზაურობას გადახედოთ, გაეცნოთ მის საყვარელ მარშრუტებს და სხვებს თქვენი თუნდაც ერთი მიზეზი გაუზიაროთ იმისა, თუ რატომ უნდა გჯეროდეს.
გორდონი იხსენებს, რომ ეს ავტომობილი ერთ-ერთი სამუშაო კვირის ბოლოს, პარასკევ დღეს იყიდა. და ის მაშინვე შეუყვარდა. ორ დღეში მან დილერს მიაკითხა, რათა პირველი მომსახურება (1 500 მილის გავლაზე) შესრულებულიყო. მას შემდეგ, ის საშუალოდ დღეში 125 მილს (დაახლოებით 200 კილომეტრია) გადის.
პირველი ნახევარი მილიონი მილის გავლას მან ათი წელი მოანდომა. 1987 წელს პირველი მილიონი მილის გავლა აღნიშნა. 2002 წელს ორ მილიონს მისწვდა. 1998 წელს გორდონი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ თავის P1800-თან ერთად, 1.69 მილიონი მილი გაიარა.
„ყველა მეკითხება, რა იქნება შემდეგი? ჩემს P1800-თან ერთად, ქვეყანაში მოგზაურობას გავაგრძელებ, ავტო შოუებს დავესწრები. ბევრი არაფერი შეიცვლება. მაგრამ გავივლი თუ არა ოთხ მილიონ მილს, ეს უფრო ჩემზეა დამოკიდებული და არა მანქანაზე. მანქანას ეს შეუძლია, ჩემზე კი რა გითხრათ“, – ამბობს გორდონი