კულტურაუცნაური

GOOGLE-ის სათვალე

სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმების გმირებს უამრავი ფუტურისტული მოწყობილობა აქვთ, რომლებიც მათ ცხოვრებას უმარტივებს. ერთ-ერთის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა Google-მა თავის თავზე აიღო. ესაა სათვალე, რომელიც მინიკამერითაა აღჭურვილი და თავად კომპიუტერის ეკრანს წარმოადგენს. თუკი პროექტმა გაამართლა, ის ერთნაირად გაახარებს როგორც სმარტფონების მომხმარებლებს, რომლებსაც ერთი წუთითაც არ შეუძლიათ მათ გარეშე ცხოვრება, ასევე ფანტასტიკის მოყვარულებს.

პროექტ Google Glass-ზე კომპანიამ ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში დაიწყო მუშაობა. ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტში პირველი ცნობა სწორედ მაშინ გამოჩნდა. უფრო სრული ინფორმაცია მხოლოდ თებერვლის შუა რიცხვებში გავრცელდა, ოდნავ მოგვიანებით კი Google-ის სოციალურ ქსელში თავად ამ პროექტის მონაწილეების გვერდი გაჩნდა. თუმცა Google-ის სპიკერი ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია Google-ის თანადამაარსებელი სერგეი ბრინი. სათვალის კონცეპტზე მუშაობს Google-ის გასაიდუმლოებული ტექნოლოგიური ლაბორატორია Google X lab-ი, სადაც კიდევ ბევრი განხორციელებული და განუხორციელებელი ფუტურისტული პროექტი აქვთ.

პროექტზე ჯერ მხოლოდ ესაა ცნობილი, მაგრამ მასზე მომუშავე ზოგიერთი თანამშრომლისგან მაინც გავრცელდა დამატებითი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ Google Glass-ი ერთი შეხედვით ძალიან რთული გაჯეტი ჩანს, რეალურად, ის ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონი იქნება. სავარაუდო ფასიც სმარტფონის იქნება: 250-დან 600 დოლარამდე. შემქმნელების თქმით, ეს არის ახალი ტექნოლოგია, რომლის დანერგვითაც მომხმარებელს მიეცემა საშუალება, მცირედი ცხოვრებისეული სიხარული სოციალური ქსელების დახმარებით უფრო ადვილად გაუზიაროს მეგობრებს, განახორციელოს ზარები ან თუნდაც იმესიჯოს. და ეს ყველაფერი ხელის გაუნძრევლად.

თავად სათვალის ზედაპირი წარმოადგენს ეკრანს, რომელზე ასახული ინფორმაციაც პირდაპირ ხვდება თვალში. რა თქმა უნდა, გარე სამყაროს დანახვაც შესაძლებელია. სათვალეს გარე ქსელთან წვდომა ექნება 3G ან 4G შეერთებით. ასევე, აღჭურვილი იქნება GPS სისტემით და მოძრაობის სენსორით, რომელიც მის სივრცეში გადაადგილებას აღნუსხავს.

რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ანდროიდის ბაზაზე შეიქმნება. სათვალეში ჩაშენებული დაბალი გაფართოების კამერა მუდმივად აკონტროლებს გარემოს და ინფორმაციას Google ნავიგატორში ასახავს. შესაძლებელი იქნება ახლომდებარე მეგობრების მონახვა, მათთან დაკავშირება და შეხვედრის ადგილზე შეთანხმება. ოპერაციულ სისტემაში ხმის ამოცნობის სისტემაც იქნება გათვალისწინებული (Apple-ის მიერ გამოყენებული SIRI-ს მსგავსი).

ცხადია, რომ სისტემა თავიდან მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება მორგებული. როგორც Google Glass-ის შემქმნელები ამბობენ, ის მუდმივი გამოყენებისთვის არ იქნება განკუთვნილი, თუმცა აუცილებლად გამოჩნდებიან ტექნოფილები, რომლებიც ამ მოწყობილობას ტერმინატორის სათვალედ აქცევენ. აქვე თავს იჩენს ერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტის მეთოდზე Google X lab-ის თანამშრომლები ჯერ კიდევ ფიქრობენ – სათვალეში ჩამონტაჟებული კამერით შესაძლებელი გახდება ვიდეოს ფარულად გადაღება და ამ გზით გადაღებული სუბიექტების პირად სივრცეში შეჭრა.

აპარატის შესაძლო უარყოფითი მხარეები უკვე შეამჩნიეს ინტერნეტის მომხმარებლებმაც. შედეგად, Google Glass-ის თემაზე საკმაოდ ბევრი კარიკატურა თუ პაროდია გამოჩნდა. Google-ის შექმნილ პრომორგოლზე გაკეთებული ვიდეოპაროდია ცხადად გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მოწყობილობაში ზედმეტად ჩაფლული ადამიანი იმდენად მოწყდეს გარე სამყაროს, რომ ქუჩაში მიმავალი ბოძს დაეჯახოს. ასევე საინტერესო სანახავი იქნება Google Ads-ის სარეკლამო განცხადებები, რომლებიც პირდაპირ თვალწინ ამოუხტება მომხმარებელს და ადამიანებს მუდმივი რეკლამის ფონზე მოუწევთ არსებობა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია, რადგან რეალური Google Glass-ი ჯერ არავის უნახავს მისი შემქმნელების გარდა.

 

ვიდეო :

 

წყარო : tabula.ge

Back to top button