გასართობისაკითხავისასარგებლო

ცხოველების მფლობელთა შეცდომები

მიუხედავად სპეციალური ლიტერატურის სიმრავლისა, ცხოველების მფლობელთა შორის ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული მრავალი მცდარი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული შეხედულება. მათი შეცვლა არცთუ ისე იოლია.

 

მართალია, ცრურწმენა, რომ შავ კატას წარუმატებლობა მოაქვს ან ბაყაყს თუ ხელს მოვკიდებთ, მეჭეჭები გაგვიჩნდება, სასაცილოა, მაგრამ ცხოველებისთვის უვნებელია, ზოგიერთი ცრურწმენა კი ცხოველისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, ამიტომ ზედმეტი არ იქნება, თუ ზოგიერთ მცდარ შეხედულებას გავიხსენებთ:

ვეტერინართან მისვლაზე გაცილებით იაფია, ცხოველს შინ ვუმკურნალოთ.უნდა ვაღიაროთ, რომ ცხოველთა დაავადებების უმრავლესობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ვეტერინარის კომპეტენციას, მის პროფესიულ გამოცდილებას მოითხოვს. სწორედ პროფესიონალის ცოდნაა აუცილებელი დაავადებების მკურნალობისათვის. ვეტერინარის კონსულტაციის გარეშე მკურნალობა შესაძლოა ცხოველის მდგომარეობის გააუარესებით დასრულდეს. ამ შემთხვევაში აუცილებელი გახდება სპეციალისტთან მისვლა, დაავადების შორსწასული და გართულებული შემთხვევების მკურნალობა კი არა მარტო რთულია, არამედ გაცილებით მეტ დროსა და წამალს მოითხოვს და, შესაბამისად, მკურნალობის ხარჯიც მეტია. ამავე დროს, შორსწასული და გართულებული დაავადების შედეგი შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს – ცხოველი ვერ გადავარჩინოთ.

 

კატა იმიტომ არ შარდავს თავის ადგილზე, რომ პატრონზეა გაბრაზებული.საზოგადოდ, ცხოველებს არ ახასიათებთ მსგავსი შურისძიება. უბრალოდ, ისინი ცდილობენ ასეთი ფორმით მონიშნონ თავიანთი ტერიტორია მაშინ, როდესაც რაიმე საფრთხეს გრძნობენ. უმეტესად კი მსგავსი უდისციპლინო საქციელის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემაა, მაგალითად, კენჭები ან ქვიშა შარდის ბუშტში, საშარდე სისტემის ინფექცია, შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების უკმარისობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ კატა უადგილო ადგილზე შარდავს, დროა ვეტერინარს მივმართოთ.

ძაღლს ზედმეტი დატვირთვისას შესაძლოა ინფარქტი დაემართოს.

სინამდვილეში ძაღლსა და კატას გულის შეტევა ან ინფარქტი არ ემართებათ, თუმცა არსებობს გულის სხვა დაავადებებიც, რომლებიც შესაძლოა ცხოველის სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. თუ შეამჩნიეთ, რომ ძაღლს სუნთქვა უჭირს ან ძლიერ ახველებს, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

თუ პატარას ველით, ოჯახიდან აუცილებლად უნდა მოვიცილოთ კატა.

სინამდვილეში სულაც არ არის საჭირო, უარი ვთქვათ ოთხფეხა მეგობარზე. ცნობილია, რომ კატებს მაინცდამაინც არ უყვართ ახალშობილებთან ურთიერთობა, თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა – არ არის გამორიცხული, კატა რძის სურნელმა მიიზიდოს, მოზრდილმა ბავშვმა კი შესაძლოა ფისოს კუდში ჩაავლოს ხელი და გააღიზიანოს. გარდა უშუალოდ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემებისა, კატას ტოქსოპლაზმოზის წყაროდაც მიიჩნევენ. სპეციალისტები გვირჩევენ, დაავადების თავიდან ასაცილებლად კატის ადგილსამყოფელის დალაგებისას ხელთათმანები ჩავიცვათ, ხოლო ორსულობის პერიოდში ეს მისია სხვას დავაკისროთ.

არ შეიძლება, ძაღლი გალიაში გვყავდეს გამომწყვდეული. 

სინამდვილეში ძაღლები გალიას აღიქვამენ არა საპყრობილედ, არამედ თავშესაფრად, თუმცა თავდაპირველად აუცილებელია მიჩვევა, რათა ძაღლმა ის თავის ტერიტორიად აღიქვას. ძალიან დიდი ხნით ძაღლის გალიაში გამომწყვდევა კი მართლაც არ არის რეკომენდებული.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close