,,კიამ” ახალი კუპე წარადგინა
Kia-მ თავისი ახალი ავტომობილის, კუპე GT4 Stinger-ის ფოტოები ოფიციალურად გამოაქვეყნა. კორეული კომპანია ჯერჯერობით არაფერს ამბობს ამ ავტომობილის მომავალზე. მაგრამ ფაქტია, რომ GT4 Stinger-ს თავისუფლად შეუძლია, კონკურენცია გაუწიოს ისეთ ავტომობილებს, როგორებიცაა Toyota GT86 და მისი ტყუპისცალი Subaru BRZ.
კონცეპტუალური ავტომობილის მთავარი თავისებურება, მისი თამამი დიზაინია, რასაც განსაკუთრებით ხაზს უსვამს ვერტიკალური ფარები, დაბლა განლაგებული რადიატორი, რომელიც კომპანიის კორპორატიულ სტილშია შესრულებული, დაბერილი საბორბლე თაღები და მასიური სახურავი. ეს ყველაფერი ავტომობილს აგრესიულ იერს სძენს, რასაც კარგად შეესაბამება ორიგინალური ბორბლები.
GT4 Stinger-ი 2+2-ადგილიანი, ორკარიანი კუპეა, რომელიც კორეულმა კომპანიამ მკვეთრ ყვითელ ფერში შეღებილი შემოგვთავაზა – ეს ფერი მასიურ ფორმებს განსაკუთრებით შესამჩნევს ხდის. საინტერესოა, რომ პროფილში „სტინჯერი“ რაღაცით Audi-ს კონცეპტუალურ Sport Quattro-საც ჰგავს.
კონცეპტუალური GT4 Stinger-ი აღჭურვილია ბენზინის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება. ძრავის სიმძლავრე 315 ცხენის ძალას აღწევს. მასთან შეწყვილებულია მოკლე საფეხურებიანი 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს აწვდის.
კონცეპტი სპეციალურად შემუშავებულ შასიზე აიგო, საკიდარი ორმაგ ჩანგლებზეა, ბორბლები 20-დუიმიანი. ბორბლებს კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული სექციები აქვს, რისი წყალობითაც, წონა შემცირებულია. ავტომობილის დამუხრუჭებას Brembo-ს სისტემა Gran Tourismo ემსახურება.