რა არის თქვენთვის ეგვიპტე, მისი დედაქალაქი ქაირო? ეს რა თქმა უნდა შთამბეჭდავი ექსკურსიებია, პირამიდები, მუზეუმები, უძველესი ტაძრები, ძვირფასი სასტუმრო, ზღაპრული პეიზაჯები და ა. შ. მაგრამ ქაიროში არის უბანი სადაც თუკი მოხვდებით თქვენი რომანტიკული შთაბეჭდილებები უმალვე გაქარწყლდება.
აქ მოხვედრა რთული არ არის, ის მხოლოდ ნახევარი საათის სავალზეა სალადინის ციტადელიდან, ქაიროში ტურისტების მიერ ერთ ერთი ყველაზე მონახულებადი ობიექტიდან. უკვე ციტადელის კედლებიდან თქვენ შეამჩნევთ ათმილიონიანი მეგაპოლისის პანორამაზე კვარტალს უჩვეულო მოწითალო-ალისფერი სახლებით. ეს ე. წ. მედინა ზაბელას რაიონია. ზაბალინები, ასე ეძახიან განსაკუთრებულ, დაახლოებით 40 ათასი ადამიანისგან შემდგარ სოციალურ ჯგუფს, რომლებიც ცხოვრობენ მედინა ზაბელას რაიონში. უკვე მრავალი წლის განმავლობაში ისინი დაკავებული არიან ერთადერთი საქმით, რომელიც დაგადის თაობიდან თაობაზე – ნაგავის შეგროვებით, გადახარისხებით და გადამუშავებით. ეს ოჯახური ბიზნესია და როგორც ცნობილია, ამ საქმეს მათთვის საკმაოდ კარგი შემოსავალიც მოაქვს. რაიონი გაჩნდა 1969 წელს, როცა ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა მოეხდინა ყველა ნაგავის შემგროვებლების კონცენტრირება ერთ ადგილზე. კვარტალი ძირითადად ეგვიპტის ნაციონალური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებით – კოპტებით არის დასახლებული. კოპტები ქრისტიანობის ერთერთი შტოს მიმდევრებია. ქალაქში ნაგვის შეგროვება უკვე მრავალი წლის განმავლობაში მათი ტრადიციული საქმიანობაა. ნაგავი აქ ყველგან არის – სახლის წინ, სახლში, სახურავზე, აივანზე. მენაგვეებად კოპტები გახდნენ ხალიფ აალ-ხაკიმას დროს. ეს იყო მმართველი ფატიმიდების დინასტიიდან, რომლებმაც დაიპყრეს ეგვიპტე. მან ბოლო მოუღო ყველა ქრისტიანის და მუსლიმანის მშვიდობიან ცხოვრებას. კერძოდ კოპტებს კი ჩამოართვეს ყველაფერი. მათ წილად ხვდათ ყველაზე უფრო ბინძური და რთული საქმის კეთება. ასე რომ ნაგავი გახდა მათი საარსებო საშუალება.
კვარტალში ტიპური სახლი რამდენიმესართულიანია, როგორც წესი პირველ სართულზე დიდი სათავსოა ნაგვის დახარისხებისა და ჩალაგებისთვის, ზედა სართულები საცხოვრებელია. სახლების სახურავებზე დახარისხებული და გასატანად გამზადებული ნაგვის ტომრებია განთავსებული. ზოგიერთ სახლზე მეტალის მოწყობილობებიც დგას იმ ნარჩენების დასაწვავად, რომელთა გადამუშავებაც შეუძლებელია.
სტატისტიკის თანახმად ქაიროში ყოველდღიურად ჩნდება 6,5 ათასი ტონა ნაგავი, რომელთაგან 3-3,5 ტონას აგროვებენ ზაბალინები. ნაგავი აქ მოაქვთ დიდი მანქანებით, ამის შემდეგ ნაგავი ტომრებით უფრო პატარა მანქანებით გადააქვთ ეზოებში და სახლებში, სადაც ოჯახის ყველა წევრი დაწყებული ბავშვიდან დამთავრებული მოხუცამდე იწყებენ მის გადახარისხებას. მეტალი, ქაღალდი, პლასტმასი, ქსოვილი, ყველაფერს ალაგებენ სხვადასხვა ტომარაში. რაღაცეებს შემდგომ წვავენ რის გამოც უბანში საშინელი კვამლის ბურუსია და მძიმე სუნი დგას, ხოლო რაღაცეები კი გადააქვთ გადამამუშავებელ საწარმოებში.
ყველაფრის მიუხედევად ქალაქში მიდის ჩვეულებრივი ცხოვრება. ბავშვები თამაშობენ და ხმაურობენ, მამაკაცები ზიან და ეწევიან, აქვე ყიდიან ხილს, ბოსტნეულს, ტკბილეულს. ადამიანების გარდა ქუჩებში უამრავი ცხოველებია, ძაღლები, კატები, თხები, ქათმები და ღორები რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ ნაგვის გადახარისხებაში. ამას დაუმატოთ უამრავი ბუზი, ვირთხები.
ცხოვრება “ჩვეული” წესით მიდის და არავინ არ აქცევს ყურადღებას ნაგვის უზარმაზარ მთებს, რომლებიც ხანდახან გასავლელსაც ხერგავს.