არქივი

დისოციაციური აშლილობების მკურნალობის გზები

1518Dissociative

დისოციაციური აშლილობების მკურნალობის გზები

დისოციაცია აღნიშნავს ფსიქიკური პროცესების კავშირის დარღვევას. დისოციაცია გარკვეული ხარისხით შესაძლოა ნებისმიერ ინდივიდს ახასიათებდეს – ჩვენ შეიძლება ვერ გავიხსენოთ ადრე ნასწავლი მასალა ან ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი რაღაც ფაქტები. მაგრამ არსებობს დისოციაციის მძიმე ფორმებიც, რომლებიც ვლინდება ცნობიერების, მეხსიერების, აღქმის და იდენტობის ინტეგრირებული ფუნქციის დარღვევაში. ასეთი დარღვევა შეიძლება უეცრად ან თანდათანობით განვითარდეს და პერიოდული ან ქრონიკული სახე მიიღოს. როდესაც მეხსიერებაში ასეთი ცვლილებები ფიზიკური მიზეზებით არ არის გამოწვეული, მათ დისოციაციურ აშლილობებს უწოდებენ. ასეთი აშლილობების დროს, ინდივიდის მეხსიერების ერთი ნაწილი გამიჯნულია, გამოყოფილია დანარჩენებისგან. არსებობს დისოციაციური აშლილობების რამდენიმე სახეობა:დისოციაციური ამნეზია, რომლის დროსაც ხდება ინდივიდის მიერ მნიშვნელოვანი და ხშირად ემოციით დატვირთული პერსონალური ინფორმაციის დავიწყება; დისოციაციური ფუგა – ადამიანს არამარტო წარსული ავიწყდება, არამედ მოულოდნელად მიემგზავრება მისთვის ჩვეული გარემოცვიდან და შესაძლოა ჩამოუყალიბდეს ახალი იდენტობა; იდენტობის დისოციაციური აშლილობა (მრავლობითი პიროვნული აშლილობა) – დამახასიათებელია ორი ან რამდენიმე განსხვავებული პიროვნების იდენტობის არსებობა, რომელთაგან თითოეული პერიოდულად განსაზღვრავს ადამიანის ქცევას და მოქმედებებს.

DSM-IV-TR–ში დეპერსონალიზაციის აშლილობაც განხილულია როგორც დისოციაციური აშლილობა, ხოლო ICD-10-ში ცალკე კატეგორიად არის გამოყოფილი. დეპერსონალიზაციის აშლილობის ძირითადი მახასიათებელია ინდივიდის საკუთარი მე–სგან პერიოდული გაუცხოების განცდა. პიროვნებას აქვს განცდა, რომ საკუთარ სხეულს, საკუთარ ცხოვრებას გარედან ხედავს.

დისოციაციური ამნეზიის და დისოციაციური ფუგის შემთხვევებში განკურნება ხანდახან თავისით, მოულოდნელად ხდება. ამის საპირისპიროდ, იდენტობის დისოციაციური აშლილობის შემთხვევაში, ხშირად   საჭიროა მკურნალობა, რათა ადამიანმა აღიდგინოს დავიწყებული და ჩამოუყალიბდეს ინტეგრირებული იდენტობა. დისოციაციური ამნეზიის და დისოციაციური ფუგის შემთხვევებში განკურნება ხშირად უფრო წარმატებულია იდენტობის დისოციაციური აშლილობისგან განსხვავებით, რაც, სავარაუდოდ, ამ აშლილობების ნაკლები სირთულით (კომპლექსურობით) არის გამოწვეული.

განსხვავებით დისოციაციური ამნეზიის და დისოციაციური ფუგის მსხვერპლებისგან, იდენტობის დისოციაციური აშლილობის მქონე ინდივიდების შემთხვევაში მკურნალობა გაცილებით რთული და კომპლექსურია. იდენტობის დისოციაციური აშლილობის თერაპიის საბოლოო მიზანია, მოახდინოს სხვადასხვა იდენტობების შერწყმა, ინტეგრირება. იმისათვის, რომ პაციენტმა გაიხსენოს დავიწყებული ინფორმაცია, თერაპევტები იყენებენ განსხვავებულ მიდგომებს, მათ შორის ფსიქოდინამიკურ, ჰიპნოიტურ, მედიკამენტურ თერაპიას. იდენტობის დისოციაციური აშლილობის შემთხვევაში ეს მიდგომები ნელა მუშაობს, რადგან ის ინფორმაცია, რომელიც ერთმა იდენტობამ აღიდგინა შეიძლება მეორემ უარყოს.

დისოციაციური აშლილობის ნებისმიერი ფორმის დროს მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა, რადგანაც მშვიდ გარემოში ყოფნა დისოციაციური აშლილობის მქონე ადამიანის მეხსიერების აღდგენას უწყობს ხელს.

ფსიქოდინამიკური თერაპია ხშირად გამოიყენება დისოციაციური აშლილობების შემთხვევაში. თერაპევტისთვის უმნიშვნელოვანესია, გაარკვიოს, როგორ იყენებს პაციენტი რეპრესიის ანუ განდევნის პროცესს კონფლიქტებთან გამკლავებისას. სიმპტომი განიხილება, როგორც არაცნობიერიდან წამოსული შეტყობინება იმის შესახებ, რომ რაღაც არ არის წესრიგში. ფსიქოანალიტიკოსის ამოცანაა, დაეხმაროს პაციენტს განდევნილი აზრების ცნობიერებაში ამოტანაში და აღმოაჩენინოს განდევნილ კონფლიქტებს შორის არსებული კავშირი. ფსიქოდინამიკური თვალსაზრისით, თერაპია წარმატებულია, პაციენტი კი –გამოჯანმრთელებული მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ადრეულ ბავშვობაში განდევნილ ინფორმაციას გააცნობიერებს და მისგან გათავისუფლდება.

განდევნილი კონფლიქტების გაცნობიერებასა და მათ მოგვარებაში პაციენტისთვის დახმარების გასაწევად ფსიქოდინამიკური ტრადიციებით მომუშავე თერაპევტები იყენებენ სხვადასხვა ტექნიკებს; ესენია: თავისუფალი ასოციაციები, წინააღმდეგობის ანალიზი, სიზმრების ანალიზი, გადატანისა და კონტრგადატანის ანალიზი.

დისოციაციური აშლილობების მკურნალობის ერთ–ერთი თერაპიაა ჰიპნოტური თერაპია. თერაპევტი ახდენს პაციენტის ჰიპნოზირებას და ეუბნება, რომ გაიხსენოს დავიწყებული მოვლენები. იმ თვალსაზრისის გათვალისწინებით, რომ დისოციაციური ამნეზია და დისოციაციური ფუგა შეიძლება თვით–ჰიპნოზის ფორმები იყო, ჰიპნოთერაპია შეიძლება სასარგებლო ჩარევა აღმოჩნდეს. ჰიპნოტური ჩარევა შესაძლოა გამოყენებული იქნას ინტენსიური სიმპტომების შესაჩერებლად, მოდულირებისთვის, დავიწყებული ინფორმაციის გასახსენებლად, პაციენტის ეგოს გასაძლიერებლად, მეხსიერების ინტეგრაციისთვის და ერთი მთლიანი პიროვნული იდნტობის ჩამოსაყალიბებლად.

მედიკამენტური თერაპია – ხანდახან ბარბიტურატების (ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო პრეპარატი–აქვს ძილის მომგვრელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ნარკოტიკული ეფექტი)   ინექციები, როგორებიცაა ნატრიუმის ამორბიტალი და ნატრიუმის პენტობარბიტალი, გამოიყენება დისოციაციური ამნეზიის და დისოციაციური ფუგის მკურნალობისას, რათა ინდივიდმა აღიდგინოს დავიწყებული ინფორმაცია. ამ მედიკამენტების მოქმედების ეფექტი ვლინდება ადამიანის დამშვიდებაში, რაც ეხმარება მას აღიდგინოს დავიწყებული ინფორმაცია, რომელსაც თან ახლავს ძლიერი შფოთვა. ეს პრეპარატები ყოველთვის არ მოქმედებს და თუ მოქმედებს, ხშირ შემთხვევაში, კომბინირებულია მკურნალობის სხვა მიდგომებთან.

ამ აშლილობების მკურნალობის ერთ–ერთი გზაა კოგნიტური თერაპია, რომელიც  ეფუძნება შემდეგ დაშვებას: პათოლოგიური ქცევის პატერნები და ემოციური დისტრესი მომდინარეობს პრობლემებიდან, რომელიც ეხება იმას, თუ რას ფიქრობენ ადამიანები (კოგნიტური შინაარსი) და როგორ ფიქრობენ ადამიანები (კოგნიტური პროცესი). კოგნიტური თერაპია ფოკუსირდება სხვადასხვაგვარი შემეცნებითი პროცესების ცვლილებებსა და კოგნიტური გადასტრუქტურების სხვადასხვა მეთოდების სწავლებაზე. იმ კოგნიტური „დამახინჯებების“ იდენტიფიცირებით, რომლებიც ტრავმის შედეგად არის აღმოცენებული, შესაძლოა უზრუნველყოფილ იქნას პაციენტის ეპიზოდური მეხსიერება.

დისოციაციური აშლილობების შემთხვევაში იყენებენ კოგნიტურ–ბიჰევიორალური თერაპიას. ეს თერაპია ეფუძნება აზრს, რომ ჩვენ ის ვართ რასაც შთავაგონებთ საკუთარ თავს, რომ უნდა ვიყოთ და ვაკეთებთ იმას, რაც გვგონია, რომ უნდა გავაკეთოთ. ამ თერაპიაში გაერთიანებულია, ერთი მხრივ, მოტივაციასა და ქცევაზე აზრებისა და განწყობების გავლენის ანალიზი (კოგნიტური აქცენტი) და, მეორე მხრივ, ქცევის მოდიფიკაციის პირობითი განმტკიცება (ბიჰევიორალური აქცენტი). ამ თერაპიის გამოყენებით, დისოციაციური აშლილობის მქონე ადამიანს შესაძლოა ასწავლონ სტრესთან, ტრავმასთან გამკლავების უნარები, რითაც შემდგომი დისოციაციები თავიდან აცილებული იქნება.

დისოციაციური აშლილობების მკურნალობისას, ასევე, გამოიყენება შემოქმედებითი თერაპიები (არტ თერაპია, მუსიკალური თერაპია). არტ თერაპია ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს და აქცენტი ამ შემთხვევაში კეთდება არა მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ნაწარმოებების შექმნაზე, არამედ თავად შემოქმედებითი პროცესის თერაპიულ ეფექტზე. კარლ გუსტავ იუნგი თავის ნაშრომებში მიუთითებდა, რომ სიმბოლური ენა, რომელიც ხელოვნების ნიმუშების მეშვებით მეტყველებს, ყველაზე ნათლად გამოხატავს პიროვნების „შინაარს“ და მის არაცნობიერს, ფარულ და ხშირად პიროვნებისთვის უცნობ შფოთვას და წუხილს. ხელოვნებით საკუთარი განცდების გადმოცემას და შემდგომ ამ შინააარსის მიხედვით საკორექციო სამუშაოების ჩატარებას იუნგი „კომპენსატორულ“ მექანიზმს უწოდებდა.

დისოციაციური აშლილობების მკურნალობისას ხშირად გამოიყენება ოჯახური თერაპია, რათა მოხდეს მეუღლეების და ბავშვების ინფორმირებულობა აშლილობის შესახებ და ასევე სასარგებლო ინფორმაციის შეგროვება. ოჯახური თერაპიის კლიენტია მთელი ოჯახი, რომელსაც აქვს თავისი ბირთვი, ხოლო ოჯახი განიხილება, როგორც ურთიერთქმედებათა სისტემის წევრი. ოჯახის თერაპიას შეუძლია ოჯახში არსებული დაძაბულობის შემცირება და ცალკეული წევრების ფუნქციონირების გაუმჯობესება იმით, რომ დაეხმაროს კლიენტებს და დაანახოს მათი ურთიერთობის როგორც დადებითი, ისე – უარყოფითი ასპექტები.

დისოციაციური აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად საზოგადოებრივი მხარდაჭერის ჯგუფების წევრები ხდებიან. ასეთი ჯგუფები ადამიანებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ადამიანებს, რომლებიც აგრძელებენ ცხოვრებას და ხანდახან წარმატებებსაც აღწევენ. ასეთი ჯგუფები მთელ რიგ ფუნქციებს ასრულებენ თავიანთი წევრებისთვის: მაგალითად, ადამიანებს უნერგავენ იმედს და რწმენას, რომ შეუძლიათ საკუთარი პრობლემების გაკონტროლება; უზრუნველყოფენ სოციალურ მხარდაჭერას ცხოვრებისეული სირთულეებით გატანჯული ადამიანებისთვის; უზრუნველყოფენ აშლილობებისა და მკურნალობების შესახებ ინფორმაციის გაცვლას.

ამრიგად, დისოციაციური აშლილობების მკურნალობისას სხვადასხვა მიდგომები გამოიყენება. სამწუხაროდ, მკურნალობის გზების ეფექტურობის კვლევები არ არის ჩატარებული, მაგრამ შემთხვევების ანგარიშების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფსიქოდინამიკური მიდგომა და ჰიპნოტური თერაპია წარმატებულად მოქმედებს. თერაპია კიდევ უფრო ეფექტურია თუ ემყარება ეკლექტურ მიდგომას, რომლის დროსაც გამოიყენება მკურნალობის სხვადასხვა გზები.

დეპერსონალიზაციური აშლილობის დროს ადამიანს გაუცხოების და იმის განცდა აქვს, რომ საკუთარი ცხოვრება მისი არ არის. დეპერსონალიზაციის და დერეალიზაციის განცდას ხშირად თან ახლავს შფოთვა, დეპრესიის სიმპტომები, აკვიატება, სომატური ჩივილები. პირველადი დეპერსონალიზაციური აშლილობის დროს ანქსიოლიზურმა პრეპარატებმა და ანტიდეპრესანტებმა შეიძლება ხანმოკლე დროით შეამსუბუქონ პაციენტის მდგომარეობა (რადგან მათ გააჩნიათ შფოთვის და დაწეული გუნება–განწყობის შემამსუბუქებელი ეფექტი), მაგრამ მათი ხანგრძლივი ვადით დანიშვნა, დამოკიდებულების რისკის გამო, არ არის რეკომენდირებული. სხვა აშლილობების შედეგად მეორადად განვითარებული დეპერსონალიზაციის დროს, პირველ რიგში, ხდება ძირითადი აშლილობის მკურნალობა. დეპერსონალიზაციის სიმპტომები იქნება უცვლელი თუ ცვალებადი დამოკიდებულია დისტრესის მნიშვნელოვნებაზე, სოციალურ ურთიერთობებზე, სამუშაოს შესრულებაზე. მნიშვნელოვანია, პაციენტის ცხოვრებაში არსებული სტრესორების შემცირება. დეპერსონალიზაციის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მხარდამჭერი ინტერვიუ პაციენტს ფუნქციონირების ნორმალიზაციაში ეხმარება. საზოგადოებრივი მხარდაჭერის ჯგუფები ადამიანებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ადამიანებს, რომლებიც აგრძელებენ ცხოვრებას, გააცნობიერონ რომ ისინი მარტონი არ არიან, მიიღონ ინფორმაცია დაავადების შესახებ და დაგეგმონ მასთან გამკლავების გზები.  

კოგნიტურ–ბიჰევიორალური თერაპიით და დინამიური ფსიქოთერაპიით მკურნალობა, დეპერსონალიზაციური აშლილობის შემთხვევაში არ გამოდგა ეფექტური. ამ აშლილობის დროს უფრო ეფექტურია მხარდამჭერი მეთოდების გამოყენება.

ამრიგად, დისოციაციური ამნეზიის და დისოციაციური ფუგის შემთხვევებში განკურნება ხანდახან თავისით, მოულოდნელად ხდება. ამის საპირისპიროდ, იდენტობის დისოციაციური აშლილობის შემთხვევაში, ხშირად   საჭიროა მკურნალობა, რათა ადამიანმა აღიდგინოს დავიწყებული და ჩამოუყალიბდეს ინტეგრირებული იდენტობა. დისოციაციური აშლილობის ნებისმიერი ფორმის დროს მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა, რადგანაც მშვიდ გარემოში ყოფნა დისოციაციური აშლილობის მქონე ადამიანის მეხსიერების აღდგენას უწყობს ხელს. დისოციაციური აშლილობების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები არსებობს: ფსიქოდინამიკური, ჰიპნოტური, მედიკამენტური, კოგნიტური, კოგნიტურ–ბიჰევიორალური, შემოქმედებითი, ოჯახური, მხარდამჭერი (საზოგადოებრივი მხარდამჭერი ჯგუფები) თერაპია. დეპერსონალიზაციური აშლილობის მკურნალობისას ძირითადად მედიკამენტური და მხარდამჭერი თერაპიები გამოიყენება.

სამწუხაროდ, მკურნალობის გზების ეფექტურობის კვლევები არ არის ჩატარებული, მაგრამ შემთხვევების ანგარიშების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დისოციაციური აშლილობების დროს ფსიქოდინამიკური მიდგომა და ჰიპნოტური თერაპია წარმატებულად მოქმედებს. თერაპია კიდევ უფრო ეფექტურია თუ ემყარება ეკლექტურ მიდგომას, რომლის დროსაც გამოიყენება მკურნალობის სხვადასხვა გზები.

 

წყარო : education.ge

romauli1

me var 14 wlis.

მსგავსი ამბები

Back to top button