არქივი

უინსტონ ჩერჩილის გაწბილებული პირველი სიყვარულის ისტორია

ca26bbbb339a

ყველამ კარგად ვიცით თუ როგორი ცინიკური და გონებამახვილური გამონათქვამები აქვს ინგლისის ამ პირველ პირს და მართლაც დიდ ადამიანს,მაგრამ ამ სიყვარულის ისტორიიდან გაიგებთ რომ ქალებთან ურთიერთობისას მისი გონებამახვილობა და ორატორული ნიჭი სადღაც ქრებოდა და რჩებოდა მხოლოდ სირცხვილისგან ყურებამდე გაწითლებული ბიჭუნა.

ჩერჩილს მეტსახელი ქალთმოძულე ჯერ კიდევ სკოლაში შეარქვეს. ის მართლაც გაურბოდა გოგონებს, თავს არიდებდა წვეულებებს. გოგონებთან თავაზიანი იყო, მაგრამ ძალზე მოსაწყენი. ეს ჩვევა მას სიჭაბუკეშიც გაჰყვა. ქალების წინაშე წითლდებოდა, ენა ებმებოდა, მისგან მხოლოდ “ხოს” ან “არას” გაიგონებდით. კომპლიმენტებს იშვიათად ამბობდა, თანაც საკმაოდ უხეიროდ.

პირველი სიყვარული, პირველი გაწბილება

ბოლოს ჩერჩილსაც ეწვია სიყვარული. ის მძაფრი და გამაბრუებელი იყო, როგორც პირველად ნაგემი ღვინო. კაცს თავდავიწყებით შეუყვარდა პამელა პლაუდენი. ქალი პირველად ინდოეთში გაიცნო. მის მეტს ახლა ვეღარავის ხედავდა. პამელას სახე დღედაღამ თვალწინ ედგა. მისთვის ის მსოფლიოში საუკეთესო ადამიანი იყო. “პამელა სწორედ ის ქალია, რომელიც გამიგებს და რომელთანაც ბედნიერი ვიქნები”, – ამბობდა ჩერჩილი.

– პამელა, დღეს თავისუფალი ხართ?

– დიახ, – გოგონა იღიმებოდა, – რაიმე გსურთ, შემომთავაზოთ?

– მსურდა, თეატრში დამეპატიჟეთ.

– რამდენადაც ვიცი, თეატრი არცთუ ძალიან გიყვართ.

– დიახ, მაგრამ თქვენ ხომ თავგადაკლული თეატრალი ბრძანდებით.

– მერე რა? – პამელა იღიმებოდა.

– ჩემთვის მთავარია, თქვენ გასიამოვნოთ.

საღამოს თეატრში წავიდნენ. ისინი ხელმკლავით მთელმა ლონდონმა დაინახა.

– როგორ, უინსტონ ჩერჩილი, ჰერცოგ მალბოროს შთამომავალი, პამელა პლაუდენთან სიყვარულობს?!

პამელას ქარაფშუტა ქალის რეპუტაცია ჰქონდა. ახლობლები ამის შესახებ ჩერჩილს აფრთხილებდნენ:

– პამელა ქარაფშუტაა, უამრავ კაცთან აქვს რომანი. შენს პარალელურად კიდევ რამდენიმე მამაკაცთან ფლირტაობს. არ გჯერა?!

– არა.

მაშინ ჩერჩილს ამის დამადასტურებელი ფოტოსურათები აჩვენეს. სერ უინსტონს თავბრუ დაესხა. იმედგაცრუება დიდი იყო, თუმცა მაინც დაუნიშნა პამელას პაემანი.

– მითხარით, – ჩერჩილმა ნერწყვი გადაყლაპა, – გიყვარვართ თუ არა?

– თქვენ გვერდით თავს კარგად ვგრძნობ, – მიუგო ქალმა, – ესაა და ეს.

– კიდევ არსებობენ სხვა მამაკაცები, ვის გვერდითაც თავს კარგად გრძნობთ?

ქალი წამოწითლდა.

– რა უფლებით მეკითხებით ამას?

– ყველაფერი გასაგებია, – ჩერჩილმა ცივად დაუკრა თავი, – იცით, მიხარია, რომ საქმე ჯვრისწერამდე არ მივიდა.

პამელა დაუფარავი ბრაზით მისჩერებოდა მამაკაცს.

– მსურს შეგიძულოთ, მაგრამ ვაგლახ, რომ ვერ ვახერხებ, – ჩერჩილმა მწარედ გაიცინა, – იცით, მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარხართ და სიკვდილამდე მეყვარებით! – ამ სიტყვებით ქალს თავაზიანად დაუკრა თავი.

ასე დასრულდა პირველი სიყვარული.

დრო ყველაფრის მკურნალია

ბრეტ ჰარტი წერდა, ნამდვილი მამაკაცები პირველ სიყვარულში ხელმოცარულები არიანო. შეიძლება ასეცაა, თუმცა ერთი რამ უდავოა – ნამდვილი ვაჟკაცი არავის გაანდობს თავის ემოციებს, თუნდაც ისინი ყელში აწვებოდნენ.

ჩერჩილი მართლაც ვაჟკაცი იყო. მას ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა, რასაც ბავშვობიდან იმუშავებდა. ის არავის უყვებოდა თავისი პირადი ცხოვრების შესახებ, დედასაც კი. პამელასთან თეატრში ლონდონის მთელმა მაღალმა საზოგადოებამ იხილა, ამიტომ ბევრი უცხადებდა თანაგრძნობას. ჩერჩილი ძლივს იკავებდა თავს. ამაზრზენი გრძნობაა, როდესაც ვიღაცას ებრალები.

რამდენიმე თვის შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გაჩნდა. მას გლედისი ერქვა. მაღალი, ტანწერწეტა გოგონა იყო. საოცრად კარგად ცეკვავდა და საოცარი ღიმილი ჰქონდა. ამჯერად ჩერჩილი ცდილობდა ემოციების მოთოკვას. გლედისთან ურთიერთობაში სიფრთხილეს იჩენდა, თითქოს რაღაცის ეშინიაო. ქალმა ეს შენიშნა.

– რისი გეშინიათ, უინსტონ?

– მე იდეალისტი ვარ და შეყვარებულს ვაღმერთებ ხოლმე.

– მეც მაღმერთებთ?

– იდეალი სწრაფად იმსხვრევა. აი, ამის მეშინია.

როგორც ჩანს, ჭაბუკური იდეალიზმი უკვე ტოვებდა ჩერჩილს, რადგან გლედისის პარალელურად ვინმე ევის ლორინგთანაც გააბა რომანი. სერ უინსტონი ორივე ქალს ყურადღებით აკვირდებოდა და ადარებდა. ორივემ გაუცრუა იმედი. აღმოჩნდა, რომ გლედისს გული და ნაღვლის ბუშტი აწუხებდა, ევის კი ძალიან უყვარდა ფული.

სხვა მის ადგილზე ხელს ჩაიქნევდა. სერ უინსტონი კი აგრძელებდა ცხოვრების თანამგზავრის ძებნას.

ვინც ეძებს, ის პოულობს

კლემენტინა ხოზიე ჩერჩილმა ლონდონში ერთ–ერთ წვეულებაზე გაიცნო. პირველი შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა. ქალმაც და კაცმაც ერთმანეთი დაიწუნეს. “ერთი გაბღენძილი და თავის თავზე შეყვარებული კაცია”, – ამოიკითხავდით კლემენტინას თვალებში. “გათამამებული გოგონა”, – იგრძნობოდა სერ უინსტონის გამოხედვაში.

მეორე შეხვედრა ერთ–ერთი ახლობლის ოჯახში შედგა. ამჯერად მათ საშუალება ჰქონდათ, დიდხანს და გულახდილად ესაუბრათ. ვითარებაც შეიცვალა. ორივეს თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. უინსტონმა უჩუმრად და მოხერხებულად შეკრიბა კლემენტინაზე ცნობები. ქალი სავსებით შესაფერისი ჩანდა. “ნუთუ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი?!”. ჩერჩილმა კლემენტინას პაემანი დაუნიშნა. ენა ებმოდა, სახე ალეწოდა.

– რატომ ღელავთ, უინსტონ?

– მაპატიეთ, მის, მაგრამ ქალებთან ურთიერთობა მიჭირს. აი, ცხენებთან სხვა საქმეა.

– ქალები უფრო გიყვართ თუ ცხენები? – იღიმებოდა ქალი.

– თქვენ ისეთი ქალბატონი ბრძანდებით, ვის გამოც შეიძლება სიცოცხლე გაწირო.

– სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ ჩვენ დროში არსებობს მამაკაცი, ქალის გამო ტყვიას შეუშვიროს მკერდი, მაგრამ ძალიან გამიხარდება, თუ აღმოჩნდება, რომ შევცდი, – სიხარულით წარმოთქვა კლემენტინამ.

დაიწყო პაემნები, რესტორნებსა თუ თეატრებში სიარული. ერთხელ რესტორნიდან რომ ბრუნდებოდნენ, სამი ნასვამი ხულიგანი დაესხათ თავს. ჩერჩილმა უკან არ დაიხია, ერთს მოხერხებულად ლეწა ყბაში და ძირს დააგდო. მეორემ რევოლვერი იძრო. კლემენტინამ იკივლა.

– შეინახე იარაღი, – მშვიდად წარმოთქვა ჩერჩილმა, – თორემ შიშისაგან გაგივარდება და ინანებ, – და უინსტონმა ელვისებურად ამოიღო იარაღი ისე, რომ თვალიც ვერავინ შეასწრო.

ბანდიტი ნაჩქარევად გაშორდა იქაურობას.

კლემენტინა უყოყმანოდ დათანხმდა სერ უინსტონს ცოლობაზე. 1909 წლის 12 სექტემბერს მათ ჯვარი დაიწერეს. რომანტიკა დამთავრდა. დაიწყო ოჯახური ცხოვრება. აღმოჩნდა, რომ ისინი სრულიად განსხვავებული ხასიათისანი იყვნენ. ჩერჩილი ოპტიმისტი გახლდათ, მუდამ კარგ გუნებაზე იყო და წუწუნს ვერ იტანდა. კლემენტინა პირიქით, ხშირად ვერ თოკავდა ემოციებს. ჩერჩილი ბრაზდებოდა:

– რას წუწუნებ, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი მოგვარდება!

კლემენტინაც იბუტებოდა, მაგრამ ქმარს მალევე ურიგდებოდა.

ჩერჩილს მავნე ჩვევა ჰქონდა – დაუკითხავად დააყენებდა ხოლმე ცოლს სტუმრებს. კლემენტინაც დატრიალდებოდა, სტუმრებს სუფრას უშლიდა. როდესაც წავიდოდნენ, ქმარს საყვედურობდა, რატომ არ გამაფრთხილეო. ნაწყენი კლემენტინა ზურგს შეაქცევდა ქმარს, მაგრამ ნახევარ საათში წყენა ავიწყდებოდა.

მალე ჩერჩილმა ახალი სიურპრიზი მოუწყო. ცოლ–ქმარმა ახალი სახლის შეძენა გადაწყვიტეს. ჩერჩილმა ის დამოუკიდებლად შეარჩია და ცოლის უკითხავად გააფორმა ნასყიდობა. კლემენტინა საშინლად ნაწყენი იყო. ორი დღის შემდეგ ქმარმა ჰკითხა:

– რატომ გამებუტე?

– არ გავბუტულვარ, უბრალოდ, მეწყინა.

– ღმერთო ჩემო, რა გაწყენინე?

– ვერ ხვდები? – კლემენტინამ ამოიოხრა, – არა უშავს, ავიტან.

– რას აიტან?

– მიგიღო ისეთი, როგორიც ხარ, მთელი შენი ახირებებითა და ნაკლოვანებებით. ჩვენ სხვადასხვა ადამიანები ვართ, მაგრამ მაინც მიყვარხარ, – კლემენტინა ქმარს ჩაეხუტა.

ეპილოგი

განსხვავებული ხასიათების მიუხედავად, კლემენტინასა და უინსტონს ტკბილი ცოლქმრობა ჰქონდათ. მათ ხომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. 1910 წელს ჩერჩილებს ქალიშვილი დიანა შეეძინათ. მშობლები ალერსით ჩვენს კნუტს ეძახდნენ. მომდევნო შვილებსაც თავთავიანთი საალერსო სახელები ჰქონდათ: რენდოლფს – ბაჭია, სარას – ქურციკი, მერიჰოლდს – ჭუკი. ჩერჩილი ცოლს ალერსით ფისოს ეძახდა. იშვიათია ასეთი ტკბილი, მეგობრული ოჯახი.

ჩერჩილის წერილი კლემენტინას

1935 წელი…23 იანვარი,,ჩემო ძვირაფსაო კლემ”,,იმ წერილში,რომელიც შენ ,,მადრასიდან” მომწერე,ჩემთვის ძალიან ძვირფასი სიტყვები იყო,თუ როგორ გავამდიდრე მე შენი ცხოვრების დღეები,სიტყვების მოძებნაც კი მიჭირს,რომ გამოვხატო ის სიამოვნება,რომელიც მომანიჭე,მე ყოველთვის ვგრძნობდი ვალს შენს წინაშე,მაგრამ არსებობს კი სიყვარულში ანგარიში…..არ არსებობს ფრაზები,რომლითაც მე იმ გრძნობას გადმოვცემ,რომელიც ამდენი წლის განმავლობაში შენს გულში და სიყვარულში ცხოვრებამ მომიტანა,დრო გავიდა საყვარელო,მაგრამ ვიცი რომ მხოლოდ მხიარულებით ვერ ვუყურებთ იმ დიდ საგანძურს რომელიც ჩვენ ერთად ყოფნით შევკრიბეთ,ჩვენი სტრესით დატვირთული ცხოვრება ხაზს უსვამს იმას,რომ კატასტროფაში მოყოლილი გემივით სულ შტორმის შუაგულში ვიმყოფებოდით,მაგრამ მინდა იცოდე,რომ რამდენადაც ძლიერი იყო ეს შტორმი,მით უფრო ძლიერდებოდა ჩემი შენდამი სიყვარული”

,,შენი მოსიყვარულე ქმარი” (უინსტონ ჩერჩილი)

წყარო:sana.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button