არქივი

რატომ ღელავს ორსული ქალი ბავშვის სქესზე

326686dd4d50

მომავალი დედიკოების ნახევარზე მეტს რატომღაც სურვილი აქვს, გოგონა ეყოლოს. არიან ისეთებიც, რომლებსაც პირიქით – კატეგორიულად სურთ ბიჭი. როცა ორსული ქალების გარკვეული ნაწილი მომავალი შვილის სქესს იგებს, თუ ის მისთვის სასურველს არ დაემთხვა, რატომღაც ნერვიულობას იწყებენ. საინტერესოა, რატომ ხდება ასე?

როდესაც მშობლები ბავშვის მოლოდინში არიან, ბუნებრივია, მის დაბადებამდე ძალიან ბევრ რამეზე წინასწარ ფიქრობენ, ოცნებობენ და გონებაში წარმოსახავენ, როგორი ბავშვი შეეძინებათ, გოგო იქნება თუ ბიჭი, ვის დაემსგავსება და ა.შ.

გაწბილება მოწყენილობას იწვევს

XXI საუკუნეში, როცა არსებობს ულტრათანამედროვე ექოსკოპიური გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც ორსულობის პირველი ტრიმესტრის ბოლოს უკვე შესაძლებელია გავიგოთ მომავალი ბავშვის სქესი, თუ დედიკოსთვის ეს ინფორმაცია სასურველს არ დაემთხვა, უჩნდება შეგრძნება, თითქოს სამყარო თავზე დაენგრა.

პატარას დაბადების შემდეგ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს, რადგან ახალნამშობიარევი ქალის ორგანიზმში ჰორმონალური გარდაქმნები მიმდინარეობს, რაც ამ ყველაფერს ხელს უწყობს. ამ მოსაზრებას ფსიქოლოგთა ერთი ნაწილი ეთანხმება. საბედნიეროდ, ასეთი მდგომარეობა ქალების მცირე პროცენტში აღინიშნება, რადგან ბავშვის დაბადება ქალისთვის იმდენად დიდ სიხარულთანაა დაკავშირებული, რომ სქესის გამო ამ ბედნიერების სრულფასოვნად აღქმაზე უარის თქმა ნამდვილად არ ღირს.

თუ გეგმავთ, გახდეთ მშობელი, მნიშვნელოვანია წინასწარგანწყობის შექმნა და მზადყოფნა, რომ იმ სქესის ბავშვი მიიღოთ, რომელიც ღმერთმა გარგუნათ. როცა მომავალ დედას ამ საკითხის მიმართ კატეგორიული მოთხოვნა აქვს, იმაზე უნდა დაფიქრდეს, თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი და რა იმალება ასეთი დაჟინებული სურვილის უკან. ამ შემთხვევაში პრობლემები ოჯახში და დედის ბავშვობაში უნდა ვეძიოთ.

რისი გვეშინია

ბავშვის სქესის მიმართ ასეთ გართულებულ დამოკიდებულებას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. ერთ–ერთი – ოჯახური მითები გახლავთ. მაგალითად, როცა თაობიდან თაობას მუდმივად ჰქონდა შიში, რომ თუ მათ ოჯახში ვაჟი დაიბადებოდა, გარკვეულ ასაკში აუცილებლად დაემუქრებოდა სერიოზული საფრთხე, ამ შემთხვევაში სავსებით გასაგებია, მომავალ დედას ბიჭის ყოლის სურვილი ნაკლებად ჰქონდეს.

მომავალი დედიკო შეიძლება გოგონას ყოლაზე ოცნებობდეს, თუ მას ბავშვობაში მამასთან პრობლემები ჰქონდა, ან მისი მშობლები გაიყარნენ და დედამ შთააგონა, რომ ყველა კაცი მოღალატეა. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ქალი ქვეცნობიერად მამაკაცების მიმართ უარყოფითადაა განწყობილი და არ სურს, ბიჭი ეყოლოს, რადგან არ იცის, მისგან როგორი მამაკაცი დადგება.

ბევრი ქალი, რომლის მშობლებიც ბავშვობაში გაიყარნენ და ის მარტო დედამ გაზარდა, თვლის, რომ მამის გარეშე გოგონას გაზრდა უფრო მარტივია.

როცა ქალს კატეგორიულად სურს, ბიჭი ეყოლოს, შესაძლოა ამის მიზეზი ის იყოს, რომ ბავშვობაში მამის მხრიდან სიყვარულის დეფიციტს განიცდიდა. ამ კატეგორიის ქალებს უნდათ, გვერდში მუდამ ჰყავდეთ საიმედო დამცველი, ძლიერი ადამიანი, რომლის იმედიც მთელი ცხოვრება ექნებათ.

რა თქმა უნდა, არსებობს სხვა არგუმენტებიც, მაგალითად, ოჯახში უკვე არიან გოგონები და მშობლებს ბიჭი უნდათ – ეგრეთ წოდებული გვარის გამგრძელებელი. ისტორიულად მამაკაცები უფრო დაფასებულები, ძლიერები, რეალიზებულები იყვნენ, ვიდრე ქალები. გარდა ამისა, სოციუმში მამაკაცები ყოველთვის დომინანტები არიან და ა.შ.

ყველაფერს აქვს დადებითი მხარე

ნებისმიერ სიტუაციას აქვს თავისი დადებითი მხარე. მთავარია, ყველა შემთხვევაში საღი აზრი შევინარჩუნოთ. ვიფიქროთ იმაზე, რომ მშობლის სტატუსი იმდენად დიდი ბედნიერება და სიხარულია, ბავშვის სქესი უკვე მეორეხარისხოვანია და ნერვიულობად არ ღირს. გარდა ამისა, შვილი ხომ ღვთისგან საჩუქარია და განა შეიძლება ის “დავიწუნოთ”?!

წყარო: www.sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button