გასართობისაკითხავისასარგებლო

ყველაზე დიდი ერთგულება საკუთარი გუნდისა და შემოქმედების მიმართ… ანუ LED ZEPPELIN

image

ლეგენდარული ინგლისური როკ–ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1968 წლის სექტემბერში…

ჯგუფის ფესვები მოდის ბრიტანული ჯგუფიდან The Yardbirds, რომელსაც 1966 წელს ბას გიტარისტის ამპულაში ჯიმი პეიჯი შეუერთდა. მოგვიანებით კი, სოლო გიტარაზე გადაერთო და სოლო–პარტიებს ასრულებდა ჯეფ ბეკთან ერთად.

1968 წლის ივლისში ჯგუფმა the Yardbirds გამართა უკანასკნელი კონცერტი.

ჯგუფის დაშლის შემდეგ პეიჯმა და ბას გიტარისტმა კრის დრეიამ ახალი ბენდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. ჯგუფს ვოკალისტის ამპულაში ინგლისის ქალაქ ბრომვიჩში დაბადებული რობერტ პლანტი მოევლინა, რომელიც საოცრად სახასიათო, ინდივიდუალიზმით გაჟღენთილი და გამორჩეულად ძლიერი ვოკალური მონაცემებით გამოირჩეოდა. მას შემდეგ, რაც პლანტი დათანხმდა შემოთავაზებას, მან პეიჯს მუსიკოსი ჯონ ბონემი ურჩია, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. ამასობაში დრეია ფოტოგრაფიით დაინტერესდა და პროექტი დატოვა, რის შემდეგაც ჯგუფს ჯონ პოლ ჯონსი დაუკავშირდა ბას გიტარისტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი… დიახ, ეს Led Zeppelin–ია.

Led Zeppelin 12 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და ქმნიდა ახალ დროებას როკ–მუსიკის ისტორიაში. ეს იყო ახალი სიტყვა, ერთგვარი რევოლუცია, გადატრიალება მუსიკალურ კულტურაში. ეს იყო ახალი ერა, რომელსაც სახელად Led Zeppelin ეწოდა. მუსიკალური ჟანრი, რომლის წარმომადგენელიცაა ჯგუფის შემოქმედება, გახლავთ მძიმე როკი და მსუბუქი მეტალი, გაჯერებული აღმოსავლური ფოლკითა და ინგლისური ბლუზით.

დიახ, Led Zeppelin–ის შემოქმედება მრავალფეროვნებითა და მუსიკალურ ჟანრთა უიშვიათესი შერწყმით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ Led Zeppelin–ის ყოველი ალბომი შექმნილია ერთმანეთისგან განსხვავებულ ჟანრსა და იდეურ მოტივებზე, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს და მეტ ღირსებას სძენს ჯგუფის ინდივიდუალიზმს. მაგალითად, თუ პირველი ალბომი Led Zeppelin l მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მსუბუქი მეტალის ჩამოსაყალიბებლად, რომელშიც ერთმანეთს კარგად ერწყმის ბლუზი, ფოლკლორული მოტივები და აღმოსავლური ჰანგები, მეორე ალბომი Led Zeppelin ll იქცა 70–იანი წლების მძიმე როკის მთავარ გავლენად, ხოლო მესამე ალბომი Led Zeppelin lll გამორჩეულ იქნა მეტი აკუსტიკური ჟღერადობით.

Led Zeppelin–ის უკვდავ კომპოზიციებს განეკუთვნება : “Stairway To Heaven”, “Kashmir”, “Since I’ve Been Loving You”, “Black Dog”, “Communication Breakdown”, “Dazed And Confused”, “Good times Bad Times”, “Going To California”, “Babe I’m Gonna Leave You”, “Hot Dog”, “Boogie With Stu”, “Ramble On”, “Thank You”, “Whole Lotta Love”, “Immigrant Song”, “Tea For One” “Tangerine” “Fool In The Rain”, “The Lemon Song”, “The Rover” “Achilles Last Stand”, “Nobody’s Fault But Mine”, “Over The Hills And Far Away” და ეს მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილია ჯგუფის დიდებული შემოქმედებისა. ასევე “The Song Remains The Same”, რომელიც შესულია ამავე სახელწოდების ცოცხალ ალბომში. აგრეთვე ამავე სახელწოდებას ატარებს მედისონ სკვერში ჩატარებული სამი კონცერტის მსვლელობისას გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც 1973 წლით თარიღდება.

დღეისათვის გაყიდულია Led Zeppelin–ის 300 მილიონზე მეტი ალბომი მთელს მსოფლიოში, მათ შორის აშშ–ში 109.5 მილიონი ალბომი. Led Zeppelin ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ–ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა.

1969 წლიდან 1980 წლამდე ყველა სიმღერის ტექსტი რობერტ პლანტს ეკუთვნის, ხოლო მათი შემოქმედება ოქროს ფონდშია შეტანილი. განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა 1972 წელი, როდესაც დაიბადა “Stairway To Heaven”, რომელიც მე–20 საუკუნის კომპოზიციადაა აღიარებული.

1980 წელს როკ მუსიკის ერთ–ერთმა უდიდესმა ღირსშესანიშაობამ Led Zeppelin–ის სახით შეწყვიტა მოღვაწეობა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო. ბონემის სიკვდილის შემდეგ იყო უამრავი მითქმა–მოთქმა, იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლიდა გარდაცვლილ მუსიკოსს, მაგრამ დანარჩენმა სამმა წევრმა ოფიციალურად განაცხადა ჯგუფის დაშლის თაობაზე. ამავე წლის 4 დეკემბერს მათ გამოსცეს ოფიციალური პრეს რელიზი, სადაც განმარტეს, რომ ჯონ ბონემის ჩანაცვლებას ვერცერთი მუსიკოსი ვერ შეძლებს და მის

imageimage

imageimageimageimageimageimageimageimage

გარეშე ჯგუფი არ იარსებებს.

 

მაშინ, როდესაც წარმატებული, ლეგენდარული ჯგუფების შემადგენლობა გამუდმებით იცვლებოდა, იყო მუდმივი განხეთქილებები ჯგუფის წევრებს შორის, რის გამოც ეს უკანასკნელნი ერთმანეთს თვალის დახამხამებაში ენაცვლებოდნენ ან თავად ჯგუფები იშლებოდნენ აღნიშნულის გამო, ისეთმა გენიალურმა ჯგუფმა, როგორიცაა Led Zeppelin არსებობის შეწყვეტა ამ შეკრული გუნდის, “ოჯახის” წევრის დაკარგვის გამო გადაწყვიტა. ჯგუფის წევრებმა ჩათვალეს, რომ არავინ იყო ღირსი ჯონ ბონემის ადგილი დაეკავებინა. ვფიქრობ, ეს ყოველივე ცალსახად დიდი ერთგულების და პატივისცემის დასტურია. მათ ასე ღირსეულად მიაგეს პატივი გარდაცვლილ მეგობარსა და მსოფლიოს უდიდეს მუსიკოსს. ჯგუფის წევრების ეს გადაწყვეტილება, რომელიც გულშემატკივრებისთვის არც ისე მარტივად მისაღები აღმოჩნდა, ასევე თავიანთი საქმის სიყვარულის გამოხატულებაა. მათ იცოდნენ, რომ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად და ჯგუფიც დაკარგავდა ძველ, ნამდვილ იერსახეს მისი ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილის ჩანაცვლებით.

დიახ, მათ იცოდნენ… Led Zeppelin აღარ იქნებოდა Led Zeppelin. რისი გათვლაც ბევრმა არანაკლებ ლეგენდარულმა ჯგუფმა ვერ შეძლო. ასე რომ, Led Zeppelin–ის დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ღირსებაა ამ გენიალური და განუმეორებელი ჯგუფისა.

მომავალში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ჯგუფის დარჩენილი სამი წევრის გაერთიანებას. ერთ–ერთი იყო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა კომპანიის Atlantic Records არსებობიდან 40 წელიწადს. ამ კონცერტზე დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა ჯეისონ ბონემი, ჯონ ბონემის შვილი.

მე ვფიქრობ, სიტყვა, რომელიც ზუსტად და ღირსეულად აღწერდა და გამოხატავდა Led Zeppelin–ის დიდებულ შემოქმედებას, შედევრებს, რომელთაც მან სული შთაბერა, უბრალოდ არ მოიძებნება. ესენია კომპოზიციები, რომლებზეც ვერ მეფობს, ვერას აკლებს დრო. დაუბრალოდ უსმენდეთ – მისი შემოქმედების გასათავისებლად სულაც არ არის საკმარისი. ის უნდა იგრძნოთ, მთელი სხეულით, ყველა უჯრედით, ძარღვით, მთელი არსებით… რაც ალბათ ბუნებისგან ბოძებული ერთგვარი ნიჭია და ყველას არ ძალუძს.

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close