უცნაური

მეორე სიცოცხლე არბოშიკში – 5 წლის ბიჭი მისი დაბადებისას გარდაცვლილი კაცის ენით ალაპარაკდა

3e30ca433c32

ის, რასაც ახლა წაიკითხავთ, არავის მოუგონია. მართალია, დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში 5 წლის ბავშვი მოულოდნელად ზრდასრული მამაკაცის ენით ალაპარაკდა.

სანამ „პრაიმტაიმი“ მომხდარს უშუალოდ ოჯახში გადაამოწმებდა, ბავშვის „სხეულში ჩასახლებული სულის“ შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან, სხვადასხვა ამბავი მოვისმინეთ. თუმცა, როცა სოფელში, პატატიშვილების ოჯახში ჩავედით, მივხვდით, რომ საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ ოჯახის წევრები მომხდარ სასწაულს გულმოდგინედ ასაიდუმლოებენ.

საქმე 5 წლის ბავშვს ეხება, რომელიც პერიოდულად ამბობს, რომ ბათუმელია, ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც თავი დაიზიანა, ჰყავს ცოლ-შვილი, აქვს დიდი სახლი და ძალიან ბევრი ფული, ის კი არადა, გიორგის ისიც უთქვამს, 80 ათას დოლარს ბანკში ვინახავო. ოჯახის ახლობლების გადმოცემით, გიორგი იმ კაცის მობილური ტელეფონის ნომერსაც ამბობს. ითქვა ისიც, რომ მშობლებმა გიორგის მიერ დასახელებულ ნომერზე დარეკეს და აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი, 5 წლის წინათ გარდაიცვალა, მაშინ, როცა გიორგი დაიბადა.

ეს თავზარდამცემი ამბავი პატატიშვილებს შობის დღეებში დაატყდათ თავს. მას მერე შეშინებულ მშობლებს ბავშვი სოფლის მოძღვართან დაჰყავთ. აი, რა მოუყვა გიორგის ბებია არბოშიკის სკოლის რელიგიის მასწავლებელს, როცა რჩევის საკითხავად მივიდა:

ნინო ალადაშვილი, (არბოშიკის საჯარო სკოლის რელიგიის მასწავლებელი):
— ჩემთვის ძალიან რთულია ამის ახსნა, ძალიან საფრთხილო საქმეა, ბოროტი ებრძვის ჭეშმარიტებას და სიფრთხილეა საჭირო, ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდონ ამ საკითხს. ვფიქრობ, რომ ეშმაკისგან ხდება ეს რაღაც.
— როგორც ვიცით, ოჯახი თქვენთან რჩევის საკითხავად იყო მოსული.
— ბებია არის ეკლესიური, ვუთხარი, რომ ბავშვი მამაოსთან მიეყვანა და მისგან მიეღო რჩევები. მგონი, გაითვალისწინეს ყველაფერი.
— როგორ მოგიყვათ ბებია ამ ამბავს?
— ბავშვი ამბობს, რომ ვარ ვიღაც პიროვნება და რაღაცას იხსენებს იმის შესახებო.
— ვის სახელსა და გვარს ამბობს?
— არ მახსოვს, ტაძარში მოყვა ბებია ამ ამბავს, ბავშვიც ჰყავდა მოყვანილი. თქვა, რომ ბავშვი ამბობს, წამიყვანეთ ბათუმში და გაჩვენებთ ჩემს სახლ-კარსო. ცოლ-შვილი მყავსო. მოძღვარმა დაარიგა მერე და რაც უთხრა, მგონი, შეასრულეს. ჯვარი დაკიდეს, ნაზიარებიც არის ბავშვი, შეიძლება ბავშვური ფანტაზია იყოს, ან შეიძლება ეშმაკისგან ხდება.
— თქვენც ესწრებოდით მოძღვართან ბებია-შვილიშვილის შეხვედრას?
— დიახ, მეც ვიყავი, მაგრამ გირჩევთ, რომ ამაზე არ გაამახვილოთ ყურადღება.
მანანა ჭიღიტაშვილი, (არბოშიკის სკოლის დირექტორი): ორი კვირის წინ დავინტერესდი ამ ბავშვის ამბით. გა­ვიგე, რომ ახლა მშობლები უკრძალავენ ამ თემაზე ლაპარაკს. ისიც გავიგე, რომ ბათუმშიც ყოფილან და გადაუმოწმებიათ. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი არის გარდაცვლილი. თურმე ამბობდა, ბათუმში ძალიან დიდი სახლი მაქვს, ფული მაქვს აქა და აქო… ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ მეზობლებთან კონტაქტსაც კი უშლიან. ჩვენი მოსწავლეა ერთი ბავშვი და ის ამბობს ხოლმე, აღარც ჩვენთან უშვებენო. მამაოსთანაც ჰყავდათ მიყვანილი.
მხოლოდ სოფელ არბოშიკში კი არა, პატარა გიორგის ამბავი მთელმა დედოფლისწყარომ იცის. გიორგის ერთი ძმა ჰყავს, მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად კოტაანში მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს. ჩვენთან შეხვედრა იუცხოვა, შემდეგ ცოტა გაიხსნა, ლექსიც გვითხრა, მაგრამ, როგორც კი მის მიერ ნანახ სიზმარზე დავუწყეთ საუბარი, კონტაქტში აღარ შემოვიდა, ყველა კითხვაზე მხოლოდ „არ ვიცის“ ამბობდა.
— გიორგი, რა სიზმარი ნახე, მოგვიყევი.
— არაფერი.
— ბათუმში ნამყოფი ხარ?
— არ ვიცი.
— ზღვა თუ გინახავს?
— კი.
— სად?
— ჯაფარიძესთან (აღმოჩნდა, რომ იქვე მდებარე ტბას გულისხმობდა).
— ბათუმში არ გინახავს ზღვა?
— გამიშვით, რა… არ ვიცი.
გიორგისგან ამის მეტი ვერაფერი გავიგეთ. ვერც მისი ბებიისგან და დედისგან. ოჯახი კატეგორიულად უარყოფს იმას, რაზეც მთელი სოფელი ლაპარაკობს. ბავშვური ფანტაზიააო, ამბობენ და ძალიან ღიზიანდებიან, როცა ამ თემაზე ეკითხებიან.
ნანა ბოსტაშვილი, გიორგის ბებია:
— ბავშვმა რაღაც სიზმარი ნახა და ეგ არის. რა საჭიროა ამაზე ყურადღების გამახვილება?
— არაფერი უცნაური არ შეგიმჩნევიათ მის ნათქვამში?
— არაფერი არც უთქვამს, ვის არ უნდა ლამაზი სახლი? ჰოდა, ამანაც თამაშის დროს ბავშვებთან თქვა, მე დიდი სახლი მექნება ბათუმშიო. ბათუმიც იმიტომ ახსენა, რომ ტელევიზორში უყურებს და ეტყობა, მოეწონა… მეტი არაფერი, შვილო, მოიგონა ხალხმა ყველაფერი…
— ვის დასჭირდა 5 წლის ბავშვზე ასეთი ჭორის მოგონება? ან როგორც ბავშვების თამაშის დროს ნათქვამი რამ, რატომ უნდა გამხდარიყო ასეთი ჭორების მიზეზი (რაც ძალიან გამიკვირდა, ქალბატონმა ნანამ ჯერ თქვა, ბავშვმა სიზმარი ნახაო, მერე კი, თამაშობდა და ამ დროს ოცნებობდა გიორგი დიდ სახლსა და ბათუმზეო)?
— რა ვიცი, ვის დასჭირდა, ყველამ ძალიან ვინერვიულეთ, დედამისი ძალიან ცუდად იყო… დამიჯერეთ, საერთოდ არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივი ბავშვია, ძალიან კონტაქტური და თბილი…
სხვათა შორის, დედამ, რომელიც ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა, სანამ შეკითხვებს დავუსვამდით, თავადვე დაიწყო საუბარი.
ნათია პატატიშვილი, გიორგის დედა:
— არავითარი ბათუმელი კაცი და ტე­ლეფონის ნომერი, ყვე­ლაფერი მოგონილია, ბავშვმა სიზმარი ნახა და ეგ არის, არაფერი არ მომხდარა, მოიგონეს, ეტყობა…
— რომ გაიღვიძა, თქვენ მოგიყვათ ამ სიზმრის შესახებ?
— ვერაფერს გეტყვით, ეტყობა, ნახა სიზმარში.
— ითქვა, რომ თქვენ ბათუმშიც კი იყავით და ნომერი გადაამოწმეთ.
— არა, რა სისულელეა, არაფერი არ მომხდარა.
სოფელ არბოშიკში მომხდარი ამბის ახსნა პარაფსიქოლოგ გიორგი შონიას ვთხოვეთ.
გიორგი შონია: „ხდება ასეთი რაღაცები, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს ბავშვი სიმართლეს ამბობს. რეინკარნაციები, ინფორმაციული ენერგეტიკა კოდირებულია, სამყაროში მუდამ არის ინფორმაცია, ტრიალებს ინფორმაციული ენერგეტიკა და ზოგს შესწევს უნარი, მიიღოს, როგორც ლეთარგიული ძილის დროს, სიკვდილის წინ, დოქტორ ჰაუსშიც იყო ასეთი შემთხვევა, როცა იქ ახსნილი იყო, რომ, როცა ადამიანს რაღაც ძვრები აქვს თავის ტვინში, მაშინ შეიძლება მოხდეს ისეთი გაღიზიანება ნერვისა, რომ მან დაინახოს მთელი თავისი წარსული. ეს ჩადებული და კოდირებულია, გააჩნია, რომელ ტალღას გააღიზიანებს თავის ტვინში. ამ შემთხვევაში, ეს სული კი არა, ინფორმაცია მიიღო ბავშვმა, ან მეორე, შესაძლებელია, რომ ეს არის მატარებელი იმ სულისა, რომელიც ცოცხლობდა და მერე ამ პატარა ბავშვის სხეულში ჩასახლდა. მაგრამ ამას სულს ნუ ვუწოდებთ, ეს უფრო ინფორმაციაა, რომელიც მან მიიღო. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია“.

თამარ გორთამაშვილი
„პრაიმტაიმი“

წყარო: http://qiziyi.ge/?p=10024

მსგავსი ამბები

Back to top button