გართობაკულტურაუცნაური

გასული კვირა მეცნიერებაში [4.11-10.11]

rad waste

● მინის წარმოებამ შესაძლოა, რადიოაქტიური ნარჩენები შეამციროს.
ბირთვული ენერგიის წარმოება ითვლება უფრო უსაფრთხოდ და აქვს ნაკლები ნარჩენი, ვიდრე ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის დამუშავების შემთხვევაშია, თუმცა ეს მცირეოდენი ნარჩენიც კი ძალიან სახიფათოა. უყურადღებოდ მოქცევის შემთხვევაში შეიძლება ადამიანებში სიმსივნეები, ეკოსისტემაში კი მკვეთრად ნეგატიური ეფექტები გამოიწვიოს. ამჟამად ნარჩენებს ბეტონის ცისტერნებში ინახავენ, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული – სანამ უვნებელი გახდება, შეიძლება ასობით ათასი წელი გავიდეს. თუმცა ახალი ტექნოლოგიით შესაძლოა ნარჩენების რაოდენობა სერიოზულად შემცირდეს. შეფილდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აჩვენა, რომ მეტალურგიულ ღუმელში პლუტონიუმის ნარჩენების შერევა რკინის შლაკებთან (ანუ ვიტრიფიკაცია), რომლებიც ფოლადის წარმოების შემდეგ რჩება, წარმოქმნის ახალი ტიპის მინას, რაც რადიაციული ნარჩენების რაოდენობას შეამცირებს 85-95%-ით. მსოფლიო მასშტაბით, ყოველ წელს 200 000 კუბური მეტრი ნარჩენი მიიღება. თუკი მას გარდაქმნიან მინად, მნიშვნელოვნად შემცირდება ხარჯები და ბირთული ენერგიის წარმოება კიდევ უფრო უსაფრთხო გახდება.
hammerhead shark
● აღმოაჩინეს ახალი სახეობის ზვიგენი.
კარგი სიახლე თავჩაქუჩა ზვიგენის მოყვარულებს: სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან ახალი სახეობის აღმოჩენა დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ერთი შეხედვით ძნელია სხვა თავჩაქუჩებისგან გარჩევა, გენეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ის ცალკეული სახეობაა. მას უკვე მოუფიქრეს მეცნიერული სახელიც – Sphyrna gilberti, რაც იქთიოლოგ კარტერ გილბერტის პატივსაცემადაა. არაოფიციალურად ახალ სახეობას „კაროლინურ თავჩაქუჩას” უწოდებენ. აღმოჩენის ავტორია სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ჯო კვატრო. აღსანიშნავია, რომ ეს დაუგეგმავად მოხდა – მკვლევართა მიზანი მდინარეებში მობინადრე თევზებზე დაკვირვება იყო. მათ შემთხვევით აღმოაჩინეს დედალი ზვიგენი, რომელიც შესართავთან კვერცხებს ყრიდა.

 

new habitable planet found kepler 22b
● აღმოაჩინეს 833 ეგზოპლანეტა.
ნასას მკვლევართა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა კეპლერის კოსმოსური ტელესკოპით 833 ეგზოპლანეტის აღმოჩენაზე, მათგან 104-ზე შესაძლოა, სიცოცხლისთვის ვარგისი პირობები იყოს. ამ 104-იდან 10 პლანეტა კი ზომით დაახლოებით დედამიწის ტოლია. მეცნიერებმა ეს აღმოჩენა შეაფასეს, როგორც „ჩვენი გალაქტიკის კვლევის ახალი ეპოქის დასაწყისი”. აღსანიშნავია, რომ კეპლერის ტელესკოპს მთლიანობაში (2009 წლიდან) აღმოჩენილი აქვს 3538 ეგზოპლანეტა. მისი მთავარი დანიშნულება დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენა და კვლევაა, რათა დადგინდეს, რამდენად დიდია სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტების რიცხვი. აღმოჩენის შესახებ პირველად განაცხადეს კეპლერის სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც მასპინძლობდა 400-ზე მეტ მეცნიერს 30 ქვეყნიდან. კეპლერის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ მზის მსგავსი ვარსკვლავების დაახლოებით 20%-ის გარშემო დედამიწის მგავსი პლანეტა მოძრაობს. თუმცა ამ მომენტში არ გაგვაჩნია უტყუარი ცნობა, რომ რომელიმე მათგანზე ჩვენი პლანეტის ანალოგიური პირობებია. მაგრამ ასტრონომები კვლევას აგრძელებენ და არაა გამორიცხული, მალე მსგავსი აღმოჩენის მომსწრეც გავხდეთ.

 

mars orbiter mission
● ინდოეთმა მარსზე მისია გაუშვა.
ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციამ (იკკო) წარმატებით განახორციელა მარსის მიმართულებით კოსმოსური ზონდის, სახელად „მანგალიანის”, გაშვება. ეს არის ინდოეთის პირველი საპლანეტთაშორისო მისია და თუკი ბოლომდე წარმატებული იქნება, იკკო გახდება რიგით მეოთხე სააგენტო, რომელმაც მარსს მიაღწია სსრკ-ს, ნასასა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს შემდეგ. მას 780 მილიონი კმ აქვს გასავლელი და წითელ უდაბნოს დაახლოებით 300 დღეში ესტუმრება (2014 წლის 24 სექტემბერს). მანგალიანი მარსის გარშემო 6 თვის განმავლობაში იბრუნებს და მოახდენს პლანეტის ატმოსფეროს ანალიზს მეთანზე, რომელიც სიცოცხლის არებობისთვის აუცილებელი ნაერთია. მეთანი დიდხანს ვერ ძლებს ატმოსფეროში, შესაბამისად, მისი მუდმივი არსებობისთვის ის პლანეტიდან უნდა ორთქლდებოდეს. დედამიწაზე მას ძირითადად მიკრობები აწარმოებენ, თუმცა მეთანის მიღება ვულკანების მეშვეობითაც ხდება. ზონდი ასევე გამოიკვლევს მარსის ამინდს და შეიძლება ახსნაც მოუძებნოს იმ დილემას, თუ სად გაუჩინარდა ზედაპირზე ერთ დროს უხვად არსებული წყალი. ინდოელთა ნაწილი პროტესტს გამოთქვამს, რომ კოსმოსური მისია ზედმეტი ფუფუნებაა იმ დროს, როცა მოსახლეობის 68% დღეში 2 დოლარზე ცხოვრობს.

 

anterolateral ligament
● აღმოაჩინეს ადამიანის სხეულის ახალი ნაწილი.
ბევრი თქვენგანისთვის ეს ალბათ წარმოუდგენელია, მაგრამ ლევენის უნივერსიტეტის ორმა ქირურგმა ადამიანის სხეულის სრულიად ახალი ნაწილი აღმოაჩინა. ის მუხლში მდებარე იოგია და როგორც ჩანს, გარკვეულ როლს თამაშობს სპორტსმენებში გავრცელებულ მუხლის ტრავმებსა და ტკივილებში, კონკრეტულად კი წინა ჯვარედინა იოგის (წჯი) დაზიანებაში. მას „ანტეროლატერალური იოგი” უწოდეს და მაშინ აღმოაჩინეს, როცა წჯი-ს ტრავმიდან გამოკეთების შემდეგ პაციენტებში დაზიანების სავარაუდო მიზეზებს იკვლევდნენ. წინასწარი მონაცემებით, ეს ნაწილი გააჩნია ადამიანთა 97-100%-ს და მისი ფუნქციაა მუხლის მოძრაობის სტაბილიზაცია. აღსანიშნავია, რომ მის არსებობას ჯერ კიდევ 1879 წელს ვარაუდობდა ფრანგი ქირურგი პოლ სეგონდი. ბოლოს ადამიანის სხეულის ახალი ნაწილი 2013 წლის ივნისში აღმოაჩინეს. ის რქოვანას მიკროსკოპული გარსია და თვალის ოპერაციები მნიშვნელოვნად გაამარტივა. შესაბამისად, ანატომიაში ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია სრულყოფილი ცოდნა, როგორც ეს ბევრს ჰგონია.

 

p2013 p5 tails
● ჰაბლის ტელესკოპის მიერ აღმოჩენილ ასტეროიდს 6 კუდი აქვს.
დიახ, ასტეროიდს და არა კომეტას. „P/2013 P5″ პირველად აგვისტოში შენიშნეს და დაადგინეს, რომ მოძრაობისას მტვერსა და ნაწილაკებს ყრიდა, რაც უკან კუდის შესახედაობას ტოვებდა. ბოლოდროინდელი სურათების უფრო დეტალურმა ანალიზმა კი აჩვენა, რომ ამ ასტეროიდს ექვსი კუდი ჰქონია. მისი ზომა დაახლოებით 480 მეტრია. კუდებზე დაკვირვება განხორციელდა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით. მან თავიდანვე მიიპყრო ასტრონომების ყურადღება, რადგან ასტეროიდები, როგორც წესი, მანათობელ წერტილებად ჩანან ცაზე, P/2013 P5-ს კი უჩვეულო ფორმა ჰქონდა. მაშინ ივარაუდეს, რომ ასტეროიდი სწრაფად ბრუნავდა ღერძის გარშემო და ზედაპირზე არსებულ მტვერს ყრიდა. მაგრამ გაოცებული დარჩნენ უფრო დეტალური ფოტოების ხილვით, როცა აღმოჩნდა, რომ მას ექვსი კუდი ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ველოსიპედის ბორბალს – მანები. საინტერესოა, რამ გამოიწვია ასე სწრაფად ბრუნვა, მეცნიერები გამორიცხავენ, რომ კუდების გაჩენის მიზეზი ასტეროიდის რაიმე ობიექტთან შეჯახებაა.

 

obdurodon tharalkooschild
● აღმოაჩინეს გიგანტური იხვნისკარტას ნამარხი.
იხვნისკარტა ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო არსებაა დედამიწაზე – ის დებს კვერცხებს, ბინადრობს წყალში, აქვს შხამი და პატარებს ძუძუთი კვებავს. ხოლო აღმოჩენამ, რომელიც მასზე ორჯერ დიდ წინაპარს ეხება, შეიძლება მის ევოლუციურ ისტორიაზე შეცვალოს წარმოდგენა. უძველეს იხვნისკარტას ბასრი კბილები ჰქონდა და სიგრძეში 1 მეტრს აღწევდა, როცა თანამედროვეები შინაური კატის ზომისანი არიან. სახეობას Obdurodon tharalkooschild უწოდეს, მისი ნამარხი კბილი კი ქუინსლენდში (ავსტრალია) აღმოაჩინეს, ამჟამინდელი იხვნისკარტების საბინადროსთან ახლოს. მისი ასაკი სავარაუდოდ 5-15 მილიონი წელია, უფრო ზუსტად კი რადიომეტრული დათარიღება განსაზღვრავს. როგორც ჩანს, უძველესი იხვნისკარტა აქტიური მტაცებელი იყო და აგემოვნებდა კიბოებსა და თევზებს, შესაძლოა კუებსაც.

 


● აღმოაჩინეს ტირანოზავრ რექსის მონათესავე სახეობა.
თუკი იუტაში მდებარე ბუნების ისტორიის მუზეუმს ეწვევით, ნიმუშების დათვალიერებისას წააწყდებით ახლად აღმოჩენილ Lythronax argestes-ს – მრისხანე დინოზავრს, რომელიც ტირანოზავრ რექსს ენათესავება. ტირანოზავრები ორფეხა ხორცისმჭამელები იყვნენ და სიგრძეში 5-12 მეტრს აწევდნენ. ტირანოზავრი რექსი მათგან ყველაზე ცნობილი სახეობაა. მიიჩნეოდა, რომ ეს არსებები 70 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ, მაგრამ ახალი აღმოჩენა მათი წარმოშობის თარიღს 10 მილიონი წლით წინ წევს. ლიტრონაქსი ტირანოზავრი რექსის ევოლუციური ბიძა გამოდის. მას განიერი თავის ქალა ჰქონდა და განვითარებული ბინოკულარული მხედველობა, რაც ნადირობაში ხელშემწყობი თვისება იქნებოდა. დიდი ბასრი კბილები მსხვერპლს ადვილად დაიმორჩილებდა და ლიტრონაქსის მტაცებლურ ქმედებებს კიდევ უფრო წარმატებულს გახდიდა. 9 მეტრი სიგრძის მონსტრი თავის ეპოქაში უდიდესი მტაცებელი იყო. ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს ტირანოზავრების წარმოშობის საკითხის უკეთ ახსნას. როგორც ჩანს, მათი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა და არა აზია, როგორც წარსულში ეგონათ.

 

წყარო : charliuss.com

იხილეთ ასევე
Close
Back to top button