არქივი

ეგზოტიკური ვირუსები – როგორ დავიცვათ თავი?

virus removal spyware removal2

იმ რიგითი ევროპელის იმუნიტეტს, რომელიც ეგზოტიკურ ქვეყანაში ხვდება, უმეტესად არ ძალუძს ადგილობრივი ინფექციის შეტევის მოგერიება, რადგან ის ამას მიჩვეული არ არის. აქედან გამომდინარე, ადამიანი დასვენებისა და გართობის მაგივრად საავადმყოფოში ხვდება. სამწუხაროა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის, შენივე ბრალია; არ უნდა დაგელია ჩვეულებრივი (ვთქვათ, ონკანის) წყალი, არ უნდა გებანავა საეჭვო შესახედაობის წყალსაცავში, არ უნდა დაწოლილიყავი ნამიან მიწაზე და არ უნდა გეჭამა გაურეცხავი ხილი თუ ბოსტნეული, რადგან მათში შეიძლება უამრავი ბაქტერია, მიკრორგანიზმი (მაგალითად, ჭიები ან ჭიისმაგვარები) და ვირუსი ბინადრობდეს. ამჯერად მხოლოდ ვირუსებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მაშ ასე, რომელ ვირუსულ დაავადებას უნდა ვერიდოთ, თუ სამოგზაუროდ ან მივლინებით უცხო, ტროპიკულ ქვეყანაში მოგვიხდა წასვლა?

ყვითელი ცხელება
მისი გავრცელების არეალი აფრიკა და სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებია. ამ მძიმე დაავადებას ფლავივირუსების გვარის ვირუსი იწვევს. ის ზოგიერთი ტიპის ტროპიკულ კოღოს გადააქვს. კოღო კბენს ადამიანს, შედეგად ვირუსი კანქვეშ აღწევს და ლიმფურ კვანძებში იბუდებს. 3-6 დღის შემდეგ ვირუსი სისხლში გამოიტყორცნება და ადამიანი ავად ხდება. მაღლა იწევს სხეულის ტემპერატურა, იწყება თავის ტკივილი, ხოლო ტანზე ჩნდება მოწითალო გამონაყარი. ათიდან ხუთ შემთხვევაში ადამიანი კვდება. როგორ დავიცვათ თავი? ტროპიკებში გამგზავრების წინ აუცილებელია ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო შრატის გაკეთება. ამგვარად ჩამოყალიბებული იმუნიტეტი 10 წლის განმავლობაში ნარჩუნდება.
ებოლისა და მარბურგის ცხელება
ჰემორაგიულ ცხელებას, რომელსაც მარბურგისა და ებოლის ვირუსები იწვევს, ბევრი საერთო აქვს. ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებები ძლიერ გადამდებია, ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და პრაქტიკულად 100-პროცენტიანი სიკვდილიანობა, ამიტომ მათ განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს მიაკუთვნებენ. ამ ტიპის ცხელებათა გამომწვევები რნმ-შემცველი ფილოვირუსებია, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ყველა სხვა ცნობილი ვირუსებისგან. ინფექციის წყაროდ და ვირუსის რეზერვუარად დაავადების ყველა აფეთქების დროს აფრიკული მწვანე ანთარი (მაიმუნის ერთ-ერთი სახეობა) იყო რეგისტრირებული. სხვა ცხოველების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. დასნებოვნება ხდება ინფიცირებულ მაიმუნთან კონტაქტის დროს – ნადირობისას, ხორცის დამუშავებისას და სხვა. დაავადებული ადამიანი გარშემო მყოფებისთვის ძალზე საშიშია – ვირუსი გამოიყოფა ცხვირიდან, ლორწოთი, ასევე – შარდით და სისხლით (უკანასკნელი მიზეზის გამო იგი განსაკუთრებით საშიშია მედიცინის მუშაკებისათვის). დაავადების საინკუბაციო პერიოდი 2-დან 16 დღემდე მერყეობს. ეს ვირუსები ბიოლოგიურ იარაღადაც განიხილება, გარდა ამისა, მათ ბაზაზე შეიძლება დაავადების უფრო ძლიერი გამომწვევების შექმნაც. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მომატებით, ხშირად – შემცივნებითაც. პირველივე დღეებიდან ვითარდება ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: თავის ტკივილი, სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მოთენთილობის შეგრძნება. რამდენიმე დღის შემდეგ ყოველივე ამას ერთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება, იწყება ფაღარათი, სხვადასხვა ინტენსივობის სისხლდენა სხვადასხვა ადგილიდან. თანდათან ვითარდება გაუწყლოება, შეიძლება ადამიანს გონებაც დაებინდოს. დაავადებულთა ნახევარს აღენიშნება გამონაყარი, რომელიც მოიცავს სახეს, ხელისგულებსა და ფეხისგულებს. იშვიათად აღინიშნება ქავილიც. მძიმე შემთხვევებში სიკვდილი მეოთხედან ოცდამეშვიდე დღემდე დგება (ყველაზე ხშირად – მე-10 დღეს). დაავადების დიაგნოსტიკა ძნელია. მკურნალობა ტარდება სპეციალურ ბოქსებში სიფრთხილის წესების მკაცრი დაცვით.


დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელება (დასავლეთ ნილოსის ენცეფალიტი)

პირველად ვირუსი 1937 წელს დაფიქსირდა უგანდაში. სადღეისოდ მისი გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა და თითქმის ყველა ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყანას მოიცავს. გავრცელებულია აფრიკასა და აზიაში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსა და ინდონეზიაში. გარდა ამისა, გამოვლენილია სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში, რუსეთში და სხვა. დაავადების გამომწვევი ტოგავირუსების გვარს მიეკუთვნება. მას ავრცელებენ განსაზღვრული სახეობის კოღო და ტკიპა, ხოლო ინფექციის რეზერვუარები ფრინველები და მღრღნელები არიან. ინფექციისთვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული სეზონურობა – აფეთქება ზაფხულის მიწურულს და შემოდგომაზე ხდება. ავადმყოფობა იწყება მწვავედ. შემცივნების შემდეგ ტემპერატურა სწრაფად იწევს 38-40 გრადუსამდე. ზოგიერთ პაციენტს ტემპერატურის მომატებამდე აღენიშნება საერთო სისუსტე, უმადობა, დაღლილობის შეგრძნება, ოფლიანობა და თავის ტკივილი. დიაგნოსტიკა გართულებულია. ხშირად შეიმჩნევა პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება. მოგვიანებით ვითარდება მენინგიტის ნიშნებიც. დასავლეთ ნილოსის ციების დროს სიკვდილიანობა 4-5%-ს აღწევს. როგორ დავიცვათ თავი? პროფილაქტიკისთვის ელემენტარული ზომების მიღებაა საჭირო. პირველ რიგში, კარ-ფანჯარას სპეციალური ბადეები უნდა ავაკრათ, რათა კოღო სახლში ვერ შემოფრინდეს. საჭიროა მწერების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებების გამოყენებაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები არ არსებობს, ექიმები მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას მიმართავენ.

 

ავტორი: დევი დევიძე

წყარო: mkurnali.ge

Back to top button