არქივი

ბერლუსკონის უძვირეს და სკანდალურ ვილას მხოლოდ არაბეთის შეიხი “შესწვდა”

bf99c17dd063
ბერლუსკონის უძვირეს და სკანდალურ ვილას მხოლოდ არაბეთის შეიხი “შესწვდა” .. :)

უამრავი სკანდალისა და ცოლთან გაშორების შემდეგ იტალიის პრემიერმა გადაწყვიტა, სარდინიაზე მდებარე თავის უსაყვარელ ვილა ჩერტოზას გამოემშვიდობოს. სწორედ იმ ვილას, სადაც,გადმოცემებით, ბერლუსკონის ორგიები იმართებოდა. სამფლობელო დაახლოებით 500 მლნ ევროდ არის შეფასებული – ასე ძვირად მსოფლიოში ჯერ არც ერთი სახლი არ გაყიდულა.

საჩუქარი შვილისთვის
ვილის ფასი იმდენად მაღალია, რომ მას რუსი მილიარდერებიც კი ვერ შესწვდნენ: რუსტამ ტარიკო, ალიშერ უსმანოვი და ვასილი ანისიმოვი. რომან აბრამოვიჩიც, რომელმაც უკვე იყიდა ძვირად ღირებული აპარტამენტები და რეკონსტრუქციაც დაიწყო, ბოლო რომ აღარ უჩანს. “საწყალი” აბრამოვიჩი იძულებული გახდა, მთელი არდადეგები 170-მეტრიანი სუპერიახტის ბორტზე გაეტარებინა.

თუმცა ჩერტოზის ვილას მყიდველი მაინც გამოუჩნდა. ეს აბუ-დაბის ამირი, შეიხი ხალიფა იბნ ზაიდ ალ-ნახაიანია, თავისი მრავალრიცხოვანი ნათესავებით. საუდის არაბეთის შეიხი, “ფორბსის” მონაცემებით, 23 მლრდ დოლარის ოდენობის ქონებას ფლობს. მის ოჯახს აქვს ბანკები, საინვესტიციო ფონდები და რასაკვირველია ნავთობკომპანიები. ერთ-ერთმა ალ-ნახაიანთაგანმა, შეიხმა მანსურ ალ-აიედმა, “მანჩესტერ სიტის” მფლობელმა, ინგლისში ბრაზილიელი ფეხბურთელის კაკას ჩაყვანაც სცადა, მოგვიანებით კი საფეხბურთო კლუბ “მილანის” აქციების 40%-იანი წილით დაინტერესდა, თუმცა უარი უთხრეს.

ალბათ მალე გავიგებთ, გახდებიან თუ არა არაბები ჩერტოზის ვილის ახალი მეპატრონეები, მისი მთელი საოცრებებითურთ. იტალიაში ოფიციალური პირები ჯერჯერობით არ აკეთებენ კომენტარს, თუმცა სავარაუდოდ, სარდინიის სკანდალურ სამფლობელოს არაბეთის შეიხი დაეუფლება – უფრო კონკრეტულად კი, მისი ვაჟი და მემკვიდრე, ამირა მუჰამედი. სწორედ მისთვის აპირებს შეიხი ვილის შეძენას.

ხალხის რჩეული ამირა
შეიხ ხალიფა 1948 წელს არის დაბადებული. ტრადიციული აღზრდა და განათლება მიიღო. ოჯახში პირველი შვილი იყო, მამის მარჯვენა ხელი და სახელმწიფო საქმეების მართვაც მისგან ისწავლა. მის გარდა ალ ნახაიანებს კიდევ 18 ვაჟი ეზრდებოდათ. აწ გარდაცვლილ მმართველს, ანუ შეიხ ხალიფას მამას ცხრა ცოლი ჰყავდა და რამდენჯერმე პარალელურად ჰყავდა კიდევ ოთხი ცოლი.

შეიხ ხალიფა არაბეთის გაერთიანებული საამიროების მმართველი მამის – ზაიდ იბნ სულთან ალ ნახაიანის გარდაცვალების შემდეგ გახდა. ცნობისთვის, ქვეყანა სულ შვიდ საამიროს აერთიანებს. სანამ მამამისი ავადმყოფობდა, ჯერ კიდევ მაშინ, სრულიად ახალგაზრდა, ძმებთან ერთად მონაწილეობდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების პოლიტიკის ფორმირებაში, მერე კი უშუალოდ ჩაუდგა სათავეში ქვეყანას.

პრესის ცნობით, ახალი ამირა ოჯახის სამაგალითო წევრია, გამოირჩევა მოკრძალებით, მაღალი პასუხისმგებლობით, შორსმჭვრეტელობითა და გულუხვობით. უყვარს ისტორია და პოეზია. მამისგან ნადირობის სიყვარულიც ერგო მემკვიდრეობით. ამ გატაცებამ არაერთხელ ჩაიყვანა თურქმენეთში, სადაც თურმე ხშირად ნადირობს შევარდნებზე. გარდა ამისა, თევზაობაც უყვარს.

შეიხი თავის ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით სამხედროებს შორის. როგორც ქვეყნის მმართველი, სრულად ფლობს ბიზნესის სადავეებსაც და ის და მისი უამრავი ნათესავი საამიროების მატერიალურ ქონებას შესანიშნავად ითვისებენ. სწორედ ამის შედეგია, რომ ამირა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. სულ მალე კი, თუ მართლაც შედგა ისტორიული გარიგება, ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული და სკანდალური ვილის მფლობელიც გახდება.

Back to top button