ლუდის დამზადება
ლუდი ყველასათვის საყვარელი სასმელია, თუმცა ბევრი არ იცნობს დამზადების ტექნოლოგიას.
ღვინის მსგავსად, ლუდის დასამზადებლადაც დუღილია საჭირო. ლუდის მოსახარშად აუცილებელი ინგრედიენტებია : ქერი, სვია, წყალი და საფუარი. დადუღებისთვის საჭირო შაქარი ქერიდან გამოიყოფა. ზოგიერთი სახეობის ლუდის მისაღებად, ქერის ალაოს ნაწილობრივ ბრინჯის , სიმინდის ან ქერის ფქვილით ცვლიან. ლუდის მიღების ტექნოლოგიური პროცესი ქერის მარცვლების წყალში დალბობით იწყება. შემდეგ მას აღივებენ, მწვანე ალაოს აშრობენ, ღივებს აცლიან და რამდენიმე დღის განმავლობაში აყოვნებენ.
ამის შემდეგ ქერს აქუცმაცებენ, ფქვავენ და ცხელ წყალს ასხავენ. მიღებულ მასალაში განსაზღვრულ ტემპერატურაზე ფერმენტული პროცესები მიმდინარობს, რომელთაგანაც ძირითადია სახამებლის შაქრად ქცევა.
ტკბილ წვენს სპეციალურ ჭურჭელში ათავსებენ, სადაც სვიასთან და შაქართან ერთად ადუღებენ. სვიას კარგად გამოხატული სიმწარე და არომატი გააჩნია.
ადუღების შემდეგ სითხეს ფილტრავენ და აგრილებენ. საბოლოო ფერმენტაციისთვის მას საფუარი ემატება და სადუღარ აპარატში დაახლოებით ერთი კვირა რჩება. საჭირო გემოს მისაღებად და დასაგაზად ლუდი ნახშირორჯანგით ჯერდება. ზოგიერთი სახეობის ლუდი მხოლოდ მაშინ იგაზება, როდესაც დუღილის პროცესი სრულდება. ზოგიერთი კი დუღილს ბოთლში ასრულებს.