არქიტექტორ რიკარდო ბოფილის პროექტი, რომელმაც დროს გაუძლო
წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტორის ნამუშევარს, რომელმაც დაამტკიცა მოსაზრება, რომ არ არსებობს იმ პროექტზე უკეთესი, რომელიც გამოცდილია თვით დროის მიერ. აღნიშნული არქიტექტორია რიკარდო ბოფილი, ბარსელონიდან, რომელმაც 1973 წელს შეიძინა მიტოვებული და პრაქტიკულად განადგურებული ცემენტის ქარხანა, 30-მდე ბუნკერით, ბაღით და სხვა დამხმარე ნაგებობებით.
რ.ბოფილი შეუდგა საკუთარი პროექტის განხორციელებას და დაიწყო ქარხნის რესტავრაცია. მან მიტოვებული და უკაცრიელი ტერიტორია გადააქცია საკუთარი საარქიტექტორო ფირმის ოფისად, სადაც განთავსდა ფირმის არქივი, ლაბორატორია, საგამოფენო დარბაზი. ამასთანავე რ.ბოფილიმ ქარხნის ტერიტორიაზე მოაწყო საკუთარი საცხოვრებელი სახლი და სტუმრების მისაღები ოთახები. აღნიშნული პროექტის საცხოვრებელი ფართი შეადგენს 500 კვ.მ.
კონსტრუქციის ჩამოშლილი და დანგრეული ნაწილების რესტავრაციისთვის, ასევე ინტერიერის მოწყობისთვის და ლანდშაფტის სამუშაოების (ევკალიპტების, ზეთისხილის ხეების და კვიპაროსების დასარგავად) შესასრულებლად არქიტექტორს დასჭირდა 2 წელი.
პროექტი დასრულდა 1975 წელს და იმ დროისთვის აღმოჩნდა ყველაზე არაორდინალური პროექტი, მკვეთრი ფორმებით, აბსტრაქციებით, აბსურდულობით, უამრავი ნივთის უსარგებლობით და ა.შ. მიუხედავად ამისა პროექტი დღემდე იწვევს აღფრთოვანებას მნახველებში და ადასტურებს მოსაზრებას, რომ არ არსებობს იმ პროექტზე უკეთესი, რომელიც გამოცდილია თვით დროის მიერ.
შეაფასეთ :)