გართობაუცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 3

119be3aceb6c

1.დაწყევლილი სახლი

ზაფხულობით სკოლის არდადაგებზე დედას სოფელში მივდიოდი ხოლმე დასასვენებლად. ძალიან მიყვარდა იქ ყოფნა, ბევრი მეგობარი მყავდა და კარგად ვერთობოდი.ერთხელ სოფელში რომ ჩავედი, გავიგე ჩემი დაქალის მაგულის ოჯახს ახალი სახლი ეყიდა სოფლის თავში. ძალიან გამეხარდა. მაგულის ახალი სახლის ფანჯრებიდან სასაფლაო მოჩანდა. აივნიდან კი დანარჩენი სოფელი.

ერთხელ მაგულის მამა სამუშაოდ იყო წასული რუსთავში. დედამისი თავის დედის სოფელში წავიდა და მაგულის ორი დაც თან წაიყვანა. სახლში მხოლოდ მაგული დატოვეს. ჩემი დაქალი ძალიან მშიშარა იყო და მთხოვა მასთან დავრჩენილიყავი. მე შევთავაზე ჩემთან დავრჩეთ-მეთქი, მაგრამ სახლის მარტო დატოვება არ უნდოდა, არ გაგვქურდონო. ამიტომ დავთანხმდი და საღამოს სანამ მაგულისთან წავიდოდი ბებოს ვუთხარი, სადაც ვაპირებდი დარჩენას. ბებოს თითქოს არ მოეწონა ჩემი ნათქვამი, მთხოვა მაგულიც აქ მოიყვანეო, სიტუაცია რომ ავუხსენი რაღაც მიამბო, ოღონდ სიტყვა ჩამომართვა რომ მაგულის არ ვეტყოდი, რათა არ შემეშინებინა, მე კი ფრთხილად ვიქნებოდი.
ბებომ მითხრა, რომ ის ჯერ კიდევ ახალი რძალი იყო, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ სახლში ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, რომლებსაც ერთი ბიჭი ჰყავდათ. გათამამებული და თავხედი. რომ დალევდა სულ ჩხუბობდა, ამიტომ ყველა ერიდებოდა მასთან ქეიფს. ერთხელ ვაჟამ მშობლებს ულამაზესი გოგონა მოუყვანა და გამოუცხადა ჩემი ცოლიაო. გოგონა ტიროდა, ითხოვდა სახლში დამაბრუნეთო. მისი სილამაზით მთელი სოფელი განცვიფრებული დარჩა. როგორც აღმოჩნდა, გოგონა წარმოშობით ჩერქეზი იყო, თბილისელ ბიჭს ენახა და მისი სილამაზით გაოცებულს დაენიშნა. მაგრამ სანამ საქმრო წაიყვანდა ვაჟამ მოიტაცა იგი. მალე სოფელში ქალის ნათესავები გამოჩნდნენ, მას მხოლოდ დედა ჰყავდა. როგორც ამბობდნენ ნამდვილი კუდიანი ყოფილა. ვაჟას სახლის ჭიშკარში რომ შეუდგამს ფეხი, ხელები ზეცად აღუპყრია და უთქვამს, დამიწყევლიხარ შენ და შენი შთამომავალნი, ყოველი ადამიანი წყეულიმც იყოს, ვინც ამ სახლში შემოდგას ფეხი და იცხოვროს, რომელიც ჩემი შვილის საფლავად იქცაო. დედაბერი მას შემდეგ აღარასდროს მოსულა თავისი შვილის ოჯახში და მალე კიდეც გარდაიცვალა. ქალი კი ვაჟასთან დარჩა, იმ დროს დიდი სირცხვილი იყო მოტაცებული ქალის უკან დაბრუნება, ცოლად აღარავინ წაიყვანდა. მას შემდეგ ცხოვრება ჩვეუელებრივ განაგრძეს, ნაბიმ და ვაჟამ. ნაბი მალე დაორსულდა და ბავშვი შობა. რომელიც ღვთის სასჯელი უფრო იყო, ვიდრე ღვთის საჩუქარი. საბრალოს თვალები არ ჰქონდა, ცალი ფეხის ნაცვლად კი რაღაც წანაზარდი, უპროპორციოდ მოკლე ხელები. ვაჟა გაცოფდა. ბავშვი მალევე გარდაიცვალა და როგორც ამბობენ ეზოში სახლის უკან დაუკრძალავს ვაჟას ჩუმად. ვაჟამ სმას უმატა, მათი სახლიდან სულ ჩხუბისა და აყალმაყალის ხმა გამოდიოდა. ერთ დღეს ნაბის კივილმა შეძრა მთელი სოფელი. ხალხი რომ მივიდა, საბძელში თოკზე ჩამოკიდეული ვაჟას დედა ნახეს. მოხუც ქალს თავი ჩამოეხრჩო. ცოტა ხნით თითქოს მოტყდა ვაჟა. ნაკლებს ჩხუბობდა, მაგრამ კვლავ სვამდა. თუმცა წყევლა უკან სდევდა ოჯახს. ნაბი აღარ ორსულდებოდა. მამამთილი კი შეუძლოდ გახდა. წამლების ფული არ ჰქონდა. სოფელელებს ესმოდათ ხოლმე როგორ ილანძღებოდა ვაჟა, ავადმყოფ მამას უყვიროდა წამლები რომ გინდა უნდა იმუშაო და ფული იშოვოო. ნაბი უხმოდ ემსახურებოდა ვაჟასაც და მამამთილსაც, როგორც შეეძლო უვლიდა მოხუცს. გარკვეული დროის შემდეგ იმავე საბძელში ახლა უკვე ვაჟამ იპოვა ჩამომხრჩალი მამამისი. ყველას გაუკვირდა, უძლურმა მოხუცმა როგორ შეძლო თოკის მობმა და დაუხმარებლად სკამზე ასვლა.
დარჩნენ მხოლოდ ნაბი და ვაჟა. მაშინ დაიწყო ნაბისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი. აქამდე თუ ვაჟას თავისი მშობლების მაინც ერიდებოდა ცოტათი, ახლა სრულიად აღარაფერი აკავებდა. ქალს ყოველ დღე სცემდა, აგინებდა. ოჯახზე საბოლოოდ აიღო ხელი. პურიც კი არ ჰქონდა ზოგჯერ ნაბის რომ ეჭამა. კეთილი მეზობლები ჩუმად უწილადებდნენ ხოლმე ლუკმას, რადგან ვაჟა ამავდროულად საშინლად ეჭვიანი იყო და ყველასთან ურთიერთობა აუკრძალა. ნაბი უჩუმრად იტანდა ყველაფერს. მეზობლები ხედავდნენ ზოგჯერ როგორი დალილავებული ჰქონდა სახე. ვაჟამ რომ სცემდა კვნესაც კი არ დასცდებოდა, არამცთუ საშველად მოეხმო ვინმე. მისი ტირილის ხმა არავის გაუგონია.
გარკვეული ხანი გავიდა. ნაბი სახლიდან ისედაც არ გამოდიოდა, მაგრამ თავის კარ-მიდამოზეც აღარ ჩანდა, არც ვაჟა გამოჩენილა სოფელში. ხალხმა იფიქრა ამ ეშმაკჩასახლებულმა ვაჟამ საშინელება ხომ არ ჩაიდინაო და მის სახლში შევიდნენ. იქ საზარელი სურათი დახვდათ. ნაბი იატაკზე ეგდო, როგორც ჩანს ვაჟას დაეღრჩო. თვითონ კი საბძელში, იმავე ადგილას ჩამოეღრჩო თავი, სადაც მისმა მშობლებმა. სოფელმა სამადლოდ დამარხეს უწყინარი ნაბი და მისი მტარვალი მეუღლე. სახლი კი ათწლეულობით მიტოვებული იყო. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს სახლი ნაბის კუდიანმა დედამ დაწყევლა და ვერავინ გაიხარებდა, ამიტომ არავის სურდა იქ დამკვიდრება.
ცოტა ხნის წინ ვაჟას შორეული ნათსავი რუსეთიდან ჩამოვიდა და სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. ამიტომ მიყიდა ასე იაფად მაგულის მშობლებს.
ბებომ მითხრა, რომ სოფლელები ამბობდნენ, ვითომც ღამ-ღამობით, ქალის მოთქმის ხმა გამოდის ამ დაწყევლილი სახლიდან და რომ ვითომც ეს ქალი ნაბის დედა უნდა იყოს, ეს ადგილი რომ დაწყევლა საშვილიშვილოდ.
ბებომ მთხოვა ფრთხილად ვყოფილიყავი და თუ რამე უცნაურს შევამჩნევდი, მაგულიც წამომეყვანა და სახლში დავბრუნებულიყავი რა დროც უნდა ყოფილიყო.
მე საჭირო ნივთები ავიღე და ჩაფიქრებული გავეშურე მაგულის ახალი სახლისკენ, სადაც როგორც მერე მივხვდი, საკმაოდ გრძელი ღამე მელოდა...

სახლს დიდი ეზო ჰქონდა, თუმცა თვითონ ორ სართულიანი იყო. პირველ სართულზე, დაბალჭერიანი მიწური ორი ოთხი ჰქონდა, მეორე სართულზე ხის კიბე ადიოდა. გრძელი დერეფანი სამ ოთახს აერთებდა. მაგულის ოთახი შემოსასვლელ კართან იყო. მაგულისთან რომ მივედი თავის ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. მითხრა ისე გელოდი, ნახევარი საათის წინ კიბეზე ნაბიჯების ხმა გავიგონე, მერე კარზე კაკუნის, დაგიძახე შემოდი-მეთქი. რომ არ შემოხვედი, თვითონ გავედი გარეთ, მაგრამ არავინ იყოო. ალბათ მოგეჩვენა მეთქი ვუთხარი. მალე დავწექით, საუბრის ხასიათზე არ ვიყავი, ეს მაგულიმაც შემატყო და დაძინება გადავწყვიტეთ. ყველაფერი რომ მიწყნარდა უეცრად კარების მოჯახუნების ხმა გავიგეთ. ორივე წამოვსხედით საწოლზე. დერეფანში გავედით. არავინ იყო. არც კიბეებზე იყო ვინმე და არც ეზოში. კარი გასაღებით ჩავკეტე და კვლავ ჩვენს ოთახში დავბრუნდით. 10-15 წუთის შემდეგ კვლავ მოგვესმა კარის მოჯახუნების ხმა, ისეთი ძლიერი, რომ შუშაბანდიდან ერთი შუშა გადმოვარდა და ნამსხვრევებად იქცა. შეუძლებელია ვიყვირე, ჩემი ხელით გადავატრიალე გასაღები. ქარი ვერ გააღებდა-მეთქი. შუქები ავანთეთ და დერეფანში გავედით. შემოსასვლელი კარი კვლავ გასაღებით იყო დაკეტილი. მაგულიმ თქვა ალბათ სხვა ოთახის კარი იქნებოდა, ქარმა გააღო და შუშაც იმიტომ გატყდაო. მაგული გარეთ გავიდა ცოცხისა და აქანდაზის მოსატანად, რათა დამსხვრეული შუშა მოეწმინდა. მე დერეფანში გაოგნებული ვუყურებდი კარსა და ფანჯარას, როცა პატარა ბავშვის ტირილის ხმა მომესმა. ტირილის ხმა სახლის ბოლო ოთახიდან მოდიოდა. გავოგნდი. უეცრად, თითქოს ჩვენს ბედად სახლში შუქი ჩაქრა. ტირილის ხმა კვლავ ისმოდა. ბატარეა ავიღე და აკანკალებული ფეხებით ამ ოთახისკენ გავემართე. ახლაც რომ ვიხსენებ სისხლი მეყინება, როგორ გავბედე იქ შესვლა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ოთახს, მით უფრო მკვეთრად ისმოდა ტირილის ხმა. კარი შევაღე, უფრო სწორად ოთახთან რომ მივედი თვითონ გაიღო. ტირილის ხმა შეწყდა. ერთ საწოლზე თითქოს რაღაც იყო, ამობურცული, თითქოს მართლაც პატარა ბავშვი იწვა. ვიფიქრე მაგულის დის თოჯინა იქნება-მეთქი და გამობრუნება დავაპირე, მაგრამ ამ დროს კვლავ მომესმა ტირილი. ოთახში შევედი. ნელა მივუახლოვდი საწოლს და ადიალა გადავხადე… ბატარეა რომ დავანათე გავშეშდი. პატარა ბავშვის მაგვარ არსებას თვალები არ ჰქონდა, პატარა გამხდარ ჩონჩხის მაგვარ ხელებს ჩემსკენ იწვდიდა და ცალ ფეხს ჭიმავდა. თითქოს გამიღიმა კიდეც.. გამოვიქეცი. საიდანღაც იმ ოთახში კატა შემოსულიყო. ფეხი კუდზე დავაბიჯე და ახლა იმან იჩხავლა. კივილით გამოვვარდი დერეფანში. მაგულის სანთელი აენთო და მინის ნამსხვრევებს წმენდდა. რა გჭირსო.. არაფერი კატას დავაბიჯე ფეხი-მეთქი ვუთხარი. არ მინდოდა მისი შეშინება.
ჩვენ კვლავ დავწექით, თუმცა ძილზე არც მიფიქრია, გულში ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი ცოცხალს გამეღწია ამ დაწყევლილი სახლიდან. როგორც ჩანს ვერც მაგულის დაეძინა, მითხრა ტუალეტში მინდა და გამომყევი, მარტო რომ გავიდე შიშისგან მოვკვდებიო. ტუალეტი გარეთ ჰქონდა სახლს, სანამ ტუალეტთან მიხვიდოდი საბძელთან უნდა ჩაგევლო ახლოს. უხალისოდ დავთანხმდი მეგობარს, თუმცა რა თქმა უნდა გავყევი. კიბეზე ჩავედით, მბჟუტავი ბატარეა მეჭირა, ძლივს ანათებდა, როგორც ჩანს მალე დაჯდებოდა. საბძელთან ისე ჩავიარეთ არც კი შემიხედავს შიშით. მაგული ტუალეტში შევიდა. მე გარეთ ველოდებოდი. ვარსკვლავიანი ღამე იყო. ვარსკვლავების ყურებას შევყევი, მაგრამ უცებ ჩემი მზერა მიიპყრო რაღაც მოძრაობამ. თითქოს ვიღაცამ გვერდით ჩამირბინაო. უკან მოვიხედე. დავინახე რომ საბძელში ვიღაც შევიდა. ტყვიაც რომ ესროლათ იმ საბძელში არ შევიდოდი იმ ღამეს, ჩემი მბჟუტავი ბატარეა მივანათე და დავინახე.. რომ საბძლის წინ მოხუცი ქალი ეკიდა თოკზე, ჩამომხრჩვალი იყო და ქანაობდა. თეთრი პერანგი ეცვა, ჭაღარა გრძელი თმა გაწეწოდა. ფეხშიშველი იყო. ხმა ვერ ამომეღო. უკან დავიხიე. ასე ვუყურებდი და ვუყურებდი და უცებ ქალმა თავი აწია და შემომხედა. ვიკივლე რაც ძალი და ღონე მქონდა. მაგული ტუალეტიდან გამოვიდა, რა გაკივლებსო მეკითხებოდა. იქ ქალი კიდია-მეთქი ვუთითებდი. ბატარეა მივანათე, მაგრამ აღარავინ იყო და ბატარეაც ჩაქრა…

2.ტელევიზორი
ალექსის სანდერსს კოლეჯი ახალი დამთავრებული ჰქონდა. გადაწყვიტა ცოტა ფული ეშოვნა. განცხადება გამოაქვეყნა, რომ იგი მოუვლიდა სახლებს პატრონის დაბრუნებამდე. ალექსისს მალევე გამოეხმაურნენ. იგი როი თაუსონმა დაიქირავა. ის და მისი მეუღლე მედლინ თაუსონი ინგლისში მიემგზავრებოდნენ.
დიდი და მდიდრული სახლი იყო. ალექსისის პირველი ღამე იყო ამ სახლში. 15 ოთახი იყო. გარეთ წვიმდა, საღამო იყო. ალექსისმა თავის მეგობარს დაურეკა, სთხოვა მასთან ერთად დარჩენილიყო ამ უზარმაზარ სახლში. ტელეფონზე რომ ლაპრაკობდა, ტელევიზორში დაინახა სარდაფი, სადაც კაცი ცემენტს ზელდა. ალექსისს გაუკვირდა, რატომ შეწყდა გადაცემა და ეს უცნაური კადრი გაჩნდა. სხვა არხზე გადართო. რამდენიმე წუთში ეკრანზე კვლავ გაჩნდა კადრი, როგორ ზელს ცემენტს კაცი. ალექსისს არ სურდა ამ ხმის მოსმენა, ცდილობდა სხვა არხზე გადაერთო, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე. მხოლოდ ეს კადრი ჩნდებოდა. ალექსისმა გადაწყვიტა საერთოდ გამოერთო ტელევიზორი, მაგრამ პულტი გაფუჭდა. მხოლოდ ტელევიზორის სადენის გამოერთების შემდეგ ჩაქრა ეკრანი. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ტელევიზორის გამორთვის მიუხედავად, ალექსისს კვლავ ესმოდა ეს საშინელი ხმა, როგორ ზელდა ცემენტს ვიღაც. ზუსტად ისე, როგორც იმ კადრში. ალექსისი ხმას გაჰყვა. ეს ხმა სარდაფიდან ამოდიოდა. დიდი დანა აიღო და ისე შეაღო სარდაფის კარი. ნელა ჩადიოდა ბნელ კიბეებზე, უცებ რაღაცას წამოკრა ფეხი და კიბეებზე ჩაგორდა. ალექსისი რომ წამოდგა და შუქი აანთო, დაინახა ჩართული ვიდეო კამერა, კამერაშიც ის კადრი გადიოდა. გოგონამ მიმოიხედა, მიხვდა რომ ეს ის ადგილი იყო, რომელიც კამერაში ჩანდა. რაღაც ყრუ ხმა მოესმა ალექსისს. მიუახლოვდა სეიფს, რომელიც ჩაცემენტებული იყო კედელზე. გასაღები გადაწია, გამოაღო. ქალი იყო. ღრმად ამოისუნთქა. ალექსის უთხრა, რომ ის იყო მედლინ თაუსონი, რომ მისმა ქმარმა ცოცხლად ჩააცემენტა. ალექსისმა პოლიცია გამოიძახა. როი თაუსონი დააპატიმრეს. თუმცა გაუგებარია დღემდე, კამერით გადაღებული კადრი როგორ გაჩნდა ტელევიზორის ეკრანზე, ან თავისით როგორ ჩაირთო კამერა.
როგორ მოიქცეოდით თქვენ ანალოგიურ სიტუაციაში? მიყვებოდით ხმას სარდაფამდე, შეეცდებოდით ბოლომდე გაგეგოთ რა ხდება? თუ შეშინებულები რომელიმე ოთახში დაიმალებოდით, ან იქნებ სულ გაქცეულიყავით სახლიდან ?!….

3.მკვლელი უკანა სავარძელზე

ეს ისტორია წარმოიშვა 1960-იან წლებში და მას შემდეგ მეორდება. მის სხვადასხვა ვარიანტებში განსხვავებული პერსონაჟები გვხვდება. აქ მოცემული სიტუაცია კი ყველაზე ახლოს არის თავდაპირველთან:

ერთ უმთვარო, ნისლიან ღამეს ერთი ქალი სახლისკენ მიიჩქარის თავისი მანქანით. სიბნელესთან ერთად მას ისიც ანერვიულებს, რომ ბენზინი უთავდება. ახლო-მახლო კი ცივილიზაციის არავითარი კვალი არ ჩანს. ასეთ გაჭირვებაში მყოფი იმასაც ფიქრობს ღამე მანქანაში ხომ არ გავათიოო. ამ დროს იგი ერთ პატარა ბენზინ გასამართ სადგურს ამჩნევს.

იგი აჩერებს სადგურთან და მომსახურე პირს ავზის ავსებას სთხოვს. ქალი აჩნევს, რომ მომსახურე კაცი უცნაურად და გამაღიზიანებლად იქცევა. ავზის ავსების მერე კაცი სთხოვს კაპოტის ახდას და ამბობს, რომ რაღაც უცნაური ხმა ესმის.

შეშინებული ქალი იძულებით გადმოდის მანქანიდან და კაცს უახლოვდება. მიახლოვებისას კაცი ხელს კიდებს და სადგურის შენობაში მიათრევს. ბრძოლის მიუხედავად იგი კეტავს შენობის კარს და შემდეგ ეუბნება ქალს: “შენი მანქანის უკანა სავარძელზე ვიღაც კაცი იმალება და არ მინდოდა მიმხვდარიყო, რომ დავინახე”

პოლიციის მოსვლის შემდეგ ირკვევა, რომ სავარძელზე სერიული კვლელი იმალება და ქალის მოკვლას გეგმავს.

ერთ-ერთი ვერსიით ქალი და კაცი ბოლოს დაქორწინდებიან და ბავშვებიც ეყოლებათ. სხვა ვარიანტით კაცი ქალს ეუბნება, რომ საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა არის და ასე შეიტყუებს შენობაში. კიდევ სხვა ვარიანტით მკვლელი სწორედ იმ დროს ჯდება ქალის მანქანაში, როცა იგი შენობაშია შესული. მომსახურე პირი ამას ამჩნევს და პოლიციაში რეკავს.

მართალია ეს მხოლოდ ქალაქური ლეგენდაა, მაგრამ გაკვეთილადაც უნდა მივიღოთ – აუცილებლად შეამოწმეთ მანქანის უკანა სავარძელი ჩაჯდომამდე !!!

თუ ამ ისტორიამ არ შეგაშინათ იცოდეთ რომ ეს ისტორია ნამდვილ ამბავზეა ამაზე კინოცაა გადაღებული ”ქალაქური ლეგენდები”

წყარო: facebook-ის გვერდი:საშიში ისტორიები / Scary Stories

sali

me var salome
იხილეთ ასევე
Close
Back to top button