საკითხავისასარგებლოუცნაური

მაგელანის ღრუბლები


ირმის ნახტომი , როგორც წესი, სატელიტ გალაქტიკებს შთანთქავს. რატომ არის მაგელანის ღრუბლები გამონაკლისი?

ირმის ნახტომის დიდი ზოლის მახლობლად განლაგებულია დიდი და პატარა მაგელანის ღრუბლები – სინათლის ორი გამჭვირვალე ნაგლეჯი. ასტრონომები ერთ დროს ვარაუდობდნენ, რომ ეს ღრუბლები, ირმის ნახტომის გრავიტაციის სფეროში შემავალი სხვა მცირე ზომის სატელიტი გალაქტიკების მსგავს მანძილზე მოძრაობდნენ ზემოხსენებული თანავარსკვლავედის გარშემო.

თუმცა ახალი მტკიცებულება გვაფიქრებინებს, რომ პირიქით, მაგელანის ღრუბლები ბევრად ახლოსაა ჩვენს გალაქტიკასთან, რაც მეტად იშვიათი მოვლენაა. სატელიტი გალაქტიკებისგან განსხვავებით, სავარაუდოა, რომ ისინი წინათ შორეული გალაქტიკები იყვნენ, ცოტა ხნის წინ კი ჩვენს გალაქტიკას იმდენად მოუახლოვდნენ, რომ მის გრავიტაციულ ველში ჩაბმულები აღმოჩნდნენ. მაგელანის ღრუბლებისა და დედამიწის “გზების შეყრაზე” მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ეს ღრუბლები შეიცავენ საკმაო რაოდენობის აირს, რომლითაც ახალი ვარსკვლავების წარმოქმნაა შესაძლებელი.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატელიტი გალაქტიკებისგან განსხვავებით, მაგელანის მცირე ღრუბელი სპორადულად კვლავ ქმნის ახალ ვარსკვლავებს, აქედან ზოგიერთი 100 მილიონი წლისაც კია. დიდ ღრუბელში კი ვარსკვლავების “დამამზადებელი” ნამდვილი საამქროა. იქ წითლად მოელვარე, თვალისმომჭრელი, კაშკაშა ადგილი – ტარანტულის ნისლეული, უზარმაზარი „ვარსკვლავთმჭედელი“ რეგიონია, რომელიც დედამიწიდან 160 000 სინათლის წელიწადითაა დაშორებული, მაგრამ საოცრად კაშკაშებს. ის არც ამ მახასიათებლით ჰგავს ირმის ნახტომის გარშემო მოძრავ სფერულ ჯუჯებს, რომლებიც დროთა განმავლობაში კარგავენ თავიანთ ვარსკვლავთშორის გაზს. ამგვარი სატელიტები ახალ ვარსკვლავებს ვეღარ წარმოქმნიან, ბებერ და უგაზო ვარსკვლავების დასახლებად იქცევიან და ირმის ნახტომიც, როგორც წარსულში, სავარაუდოდ, ასევე მომავალშიც „ერთი ნახტომით“ შთანთქავს მის გარშემო მოძრავ სფერულ ჯუჯებს.

მაგრამ მაგელანის ღრუბლები, დიდი ალბათობით, დაბადებულნი არიან უფრო „იღბლიან ვარსკვლავზე“, რომლებიც ასე მარტივად არ ჩაქრებიან. მეტიც, ამ ღრუბლების დედამიწასთან ასეთმა მოულოდნელმა დაახლოებამ, შესაძლოა გამოიწვიოს კოსმოსური მასშტაბის მოვლენა, რომელიც გალაქტიკათაშორისი „პა დე ტრუას“ (სამთა ცეკვის) სახელით არის ცნობილი, და რის შედეგადაც შესაძლებელია გალაქტიკების ბალანსიც კი შეირყეს…

ბოლო 400 წლის განმავლობაში აფეთქებული ყველაზე კაშკაშა სუპერნოვა კოსმოსური მარგალიტის მძივს ჰგავს. ის 1987 წელს შენიშნეს აირის უზარმაზარი ნაკადის შუაგულში დიდი მაგელანის ღრუბლის ტარანტულის ნისლეულში. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის სურათებმა სუპერ ნოვას თანდათანობითი ჩაქრობა ასახა, ასევე გვაჩვენა, როგორ შეუერთდა აფეთქების ნარჩენები ათასობით წლის წინ ჩამქრალი ვარსკვლავის ნარჩენების წრეს, რომლის რენტგენული გამოსხივებაც ამ წრეს ანათებს.

 

 

წყარო : http://www.nationalgeographic.ge

თეგები
Back to top button
Close
Close