გართობაუცნაური

თამაში ჭვავის ყანაში(13,14,15,16)

a07e8ec17d8e
ამჯერად 4 ნაწილი

ნაწილი 13

სასტუმროსკენ ფეხით გავბრუნდი. ორმოცდაერთი უშველებელი კვარტალი გავიარე. ძალიან კი არ მეხალისებოდა ფეხით ფრატუნი, მაგრამ ტაქსში ჩაჯდომა აღარ მინდოდა. ზოგჯერ მოგბეზრდება ხოლმე ტაქსით სიარული, ლიფტისა არ იყოს. უცებ ფეხით სიარული მოგინდება – სულერთია, რა გზაც არ უნდა გქონდეს გასავლელი, ან რა სიმაღლეზე უნდა იყო ასასვლელი. პატარა რომ ვიყავი, სულ ფეხით ავდიოდი ხოლმე კიბეებზე. მეთორმეტე სართულზე ვცხოვრობდით.
ვერც კი იტყოდი, ამ ცოტა ხანში თოვდაო. თოვლის ნატამალიც არ იყო ტროტუარზე. მაგრამ ყინავდა კი. ჯიბიდან ჩემი წითელი სანადირო ქუდი ამოვიღე და თავზე ჩამოვიფხატე. ფეხებზე არ მეკიდა – მიხდებოდა თუ არა! ის კი არა და ყურსაფარებიც ჩამოვუშვი. ნეტა ვინ ამაწაპნა პენსიში ის ხელთათმანები! ხელები სულ წამეყინა. ისე ვამბობ, თორემ რას ვიზამდი, კიდეც რომ მცოდნოდა. კაი მხდალი და ლაჩარი გახლავართ. ვცდილობ დავფარო ჩემი სილაჩრე, მაგრამ სად გაექცევი. ვთქვათ გამეგო, ვინ მოიპარა ჩემი ხელთათმანები, როგორ გგონიათ, რას ვიზამდი. მივიდოდი იმ არამზადასთავნ და ვეტყოდი: «აბა! ხელთათმანების დაბრუნებას არ აპირებ?» ის არამზადა კი, ნამდვილად ვინც მომპარა ხელთათმანები, უცოდველი კაცივით მიპასუხებდა: «რა ხელთათმანები?» მე მაშინ, ალბათ, კარადას მივვარდებოდი და ჩემს ხელთათმანებს მოვძებნიდი. ან თავის ბინძურ კალოშებში ექნებოდა ჩამალული, ან სადმე. ამოვიღებდი და ვაჩვენებდი. «იქნებ შენი ხელთათმანები იყოს, ჰა?!» არამზადა მამა აბრამის ბაკტანივით გაიკვირვებდა და იტყოდა: «პირველად
ვხედავ. წაიღე, შენი თუა. ვის რაში სჭირდება შენი ბინძური ხელთათმანები!» მე ხუთიოდე წუთს ასე ვდგავარ, თათმანები ხელში მიჭირავს და ვფიქრობ – ახი არ იქნება, ერთი ყბა მოვუნგრიო?! მაგრამ ვაჟკაცობა არა მყოფნის. ვდგავარ და თვალებს ვაბრიალებ. ყბის მონგრევის ნაცვლად, ასადუღებლად მწარე რამეს ვეტყვი. თუ მართლა მწარე გამომივიდა, ის არამზადა წამოდგება, მომიახლოვდება და მეტყვის: «მოიხედე, კოლფილდ. შენ მე არამზადა დამიძახე?!» მე კიდე, იმის ნაცვლად რომ პირდაპირ მივახალო: დაგიძახე და ხარ კიდეც, შე ბინძურო ნაბიჭვარო-მეთქი, ალბათ ვეტყვი: «მე ის ვიცი, რომ ჩემი ხელთათმანები შენს ბინძურ კალოშებში აღმოჩნდა». ხელადვე მიხვდება, რომ შემოკვრას არ ვაპირებ ალბათ მეტყვის: «მოდი პირდაპირ ვილაპარაკოთ. შენ მე ქურდი მიწოდე არა? მე ვეტყვი: «არავისაც არ უწოდებია ქურდი. მე ის ვიცი, რომ ჩემი ხელთათმანები შენს ბინძურ კალოშებში აღმოჩნდა». და ასე გაგრძელდება საათობით. ბოლოს, მაინც ისე გამოვალ მისი ოთახიდან, რომ ვერ მივაკერებ. მერე ალბათ საპირფარეშოში შევალ, ჩუმად სიგარეტს მოვწევ და სარკეში მრისხანე სახეს მივიღებ.
ერთი სიტყვით, სასტუმროსკენ მივდიოდი და სულ ამას ვფიქრობდი. სილაჩრე დიდი ვერაფერი სასაცილო საქმეა. იქნებ არც ვიყო ლაჩარი. რა ვიცი. იქნებ ნაწილობრივ ლაჩარი ვიყო, ნაწილობრივ კი ისეთი კაცი, რომელსაც ხელთათმანების დაკარგვა დიდად არ აწუხებს. ერთი უბედურება მჭირს, – ფეხებზე ვიკიდებ თუ რამე დავკარგე. პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი პირდაპირ გიჟდებოდა ამაზე. ზოგიერთი მთელი დღეები ეძებს ხოლმე, როცა რამეს დაკარგავს. მე კი ისეთი არაფერი მქონია, რომ იმის დაკარგვას გული დიდად დაეწყვიტოს. იქნებ ამიტომაც ვიყო მოლაჩრო კაცი. თუმცა ეგ რა გამართლებაა. სულაც არ არის გამართლება. სილაჩრე რა საკადრისია! თუკი საჭიროა ვინმეს სიფათში მიაკერო, და გულიც ამას გეუბნება, ადექი და მიაკერე. მე კიდე არ შემიძლია. მირჩევნია, ფანჯრიდან გადავაგდო კაცი, ან არა და თავი ნაჯახით გავაგდებინო, სიფათში კი ვერ მივაკერებ. საერთოდ, მუშტი-კრივს ვერ ვეწყობი. მირჩევნია, მე თვითონ მომადონ სიფათში – თუმცა, რაღა თქმა უნდა, არც ეს იქნება დიდად სასიამოვნო, – მაგრამ მომკალი და სხვა ვერ შემოვკრავ სახეში. მთელი უბედურება ისაა, რომ სახეში ვეღარ ვუყურებ. თვალები თუ ავიხვიეთ, მაშინ კიდევ ჰო. უცნაური სილაჩრეა, რომ დავუფიქრდები, მაგრამ რაც არ უნდა თქვა, მაინც სილაჩრეა, თავი რატომ უნდა მოიტყუო.
რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ჩემს ხელთათმანებსა და სილაჩრეზე, მით უფრო მეწურებოდა გული. ბოლოს გადავწყვიტე სადმე შემეველო და გადამეკრა. ერნისთან სულ სამი ჭიქა მოვატანინე და მესამის დალევა ვეღარც კი მოვასწარი. სმა ჩემი მოგონილია, ამას ვერავინ წამართმევს – დილამდე რომ ესვა, სულ არ შემეტყობა, კაი გუნებაზე თუ ვარ. ერთხელ, ჰუტონის სკოლაში ვარ და, მე და ჩემმა ამხანგმა რაიმონდ გოლდფარბმა ერთი პინტი შოტლანდიური ვისკი ვიყიდეთ. შაბათი ღამე იყო. სამრეკლოში შევიპარეთ და ვსვით. ის ჩემი ამხანაგი ისე დათვრა, რომ სახე შეეშალა. მე კი, ვითომც არაფერიო, არხეინად ვიყავი. დაწოლის წინ ცოტათი კი ამერია გული, მაგრამ განგებ ავირიე.
ერთი უბადრუკი ბარი შემხვდა სასტუმროს გზაზე, და ვთქვი აქ დავლევ-მეთქი, მაგრამ შესვლა რომ დავაპირე, იქიდან ორი გალეშილი ვაჟბატონი გამობრძანდა და მეტრო მკითხეს, საით არისო. ერთი პირწავარდნილი კუბელი იყო და მანამ გზას მივასწავლიდი, პირდაპირ სახეში მაორთქლავდა ოხშივარს. აღარც შევსულვარ იმ ოხერ ბარში. პირდაპირ სასტუმროსკე გავწიე.
ვესტიბიულში კაცის ჭაჭანება არ იყო. თამბაქოს კვამლის სუნი იდგა – თითქოს ორმოცდაათი მილიონი სიგარის ნამწვავი ხრჩოლავსო. არც მეძინებოდა და არც არაფერი, მაგრამ ძაღლის გუნებაზე ვიყავი. გულიც მეწურებოდა და რა ვიცი!.. ნეტა მომკლა-მეთქი.
და მოულოდნელად მახეში გავები.
ლიფტში შესვლა ვერც კი მოვასწარი, რომ მელიფტე ბიჭი მომიბრუნდა და მითხრა.
– ცოტა გართობა არ გინდათ? თუ გეძინებათ უკვე?
– რა გართობა? – ვერ მივუხვდი, საით უმიზნებდა.
– გოგო არ გინდოდათ?
– მე? – სულელური პასუხი გამომივიდა. მაგრამ ისე უცებ მომახალა, რომ დავიბენი.
– რამდენი წლისა ხარ, უფროსო? – მელიფტე ბიჭმა მკითხა.
– რად გინდა?! ოცდაორისა.
– ჰოო! ა, რას იტყვი? არ გინდა? ერთი თალია – ხუთი დოლარი, მთელი ღამით – თხუთმეტი დოლარი. – მაჯის საათზე დაიხედა.
– შუადღემდე გეყოლება. ერთი თალია – ხუთი დოლარი, შუადღემდე – თხუთმეტი დოლარი.
– აგრე იყოს, – ვუთხარი მე. პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ამისთანა რამეებისა, მაგრამ ახლა ისე ჩაწყვეტილი მქონდა გული, რომ აღარ დავფიქრებულვარ. მთელი უბედურებაც ეგ არის. ცუდ გუნებაზე რომ ხარ, ფიქრის თავიც აღარა გაქვს.
– რა იყოს აგრე! ერთი თალია თუ შუადღემდე? გამაგებინე.
– ერთი თალია.
– ძალიან კარგი. რომელ ნომერში?
გასაღებზე მიკრულ ფირფიტას დავხედე.
– თორმეტი ოცდაორი. – უკვე ვინანე, ამისთანა საქმეში რომ გავები, მაგრამ რაღა დროსი იყო.
– ძალიან კარგი. თხუთმეტ წუთში მოგივა. – კარი გამიღო და გამოვედი.
– ეი, ლამაზი იქნება? – ვკითხე მე, – გადაბერებული არ გამომიგზავნო.
– გადაბერებული რა საკადრისია. მაგისი ფიქრი ნუ გექნება, უფროსო.
– ფული ვის უნდა გადავუხადო?
– მასვე გადაუხდი. ახლა კი წავედი, უფროსო. – ზედ ცხვირწინ მომიკეტა კარი.
ოთახში შევედი და თმა წყლით დავისველე, მაგრამ ჯაგარივით მოკლედ გაკრეჭილ თმას რა დავარცხნის! მერე გავსინჯე, პირში სიგარეტისა და ვისკის სუნი ხომ არა მაქვს-მეთქი. ბევრი კი არაფერი უნდა ამას – ხელი ნიკაპის გასწვრივ უნდა დაიჭირო, თითები მაღლა მოაქციო და ამონასუნთქი პირდაპირ ნესტოებისკენ გაუშვა. მაინცდამაინც არ მიყარდა პირი, მაგრამ კბილები მაინც გავიხეხე ჯაგრისით. მერე პერანგიც გამოვიცვალე. კაცმა რომ თქვას, ვიღაც მეძავის გულისთვის ამდენი მორთვა-მოკაზმვა რაში მჭირდებოდა, მაგრამ საქმე გავიჩინე. სწორე გითხრათ, ვნერვიულობდი. მართალია, უკვე ვნებიანიც გავხდი, ყველაფერი, მაგრამ ცოტათი მაინც ვნერვიულობდი. მართალი თუ გინდათ, ჯერ უმანკო ვარ. არ გეხუმრებით. რამდენჯერ მქონია შემთხვევა, და მუდამ რაღაც მიშლის ხელს. ვთქვათ, გოგოს სახლში ხარ, არ იქნება, რომ მშობლები უდროო დროს არ გამოჩნდნენ, ან არადა გეშინია – მოვლენო. თუ ვინმეს მანქანაში ზიხარ, გოგოსთან ერთად უკანა სავარძელზე, წინ უსათუოდ ვიღაც სხვა გოგო უნდა
იჯდეს, რომელიც საშინლად დაინტერესებულია, რა ხდებაო, თვალები სულ უკან გამოურბის. ერთი სიტყვით, არ იქნება, რამე არ გამოტყვრეს. ერთი-ორჯერ თითქმის გათავებული იყო საქმე, განსაკუთრებით, ერთი შემთხვევა მაგონდება. მაგრამ რაღაც მოხდა, აღარ მახსოვს რა. უფრო ხშირად, საქმე საქმეზე რომ მივა, არ შეიძლება გოგომ არ იყვიროს – რა თქმა უნდა, თუ კახპა არ არის – მოჰყვება წუწუნს, ნუ იზამ, თავი დამანებეო. და მთელი უბედურება ის არის, რომ მეც ვანებებ თავს. სხვა ბიჭები არც ანებებენ და არც არაფერი. რა ვქნა, მე არ შემიძლია. ვერც გაუგებ, მართლა გულით გეუბნება თუ შიშით მოსდის, ანდა იქნებ იმიტომ გეუბნება თავი გამენებეო, რომ რამე თუ მოხდება, შენ დაგბრალდეს. ერთი სიტყვით, თავს ვანებებ. მებრალებიან და რა ვქნა. ისეთი ბენტერები არიან გოგოები. ერთი თუ აკოცე, სულ ელეთ-მელეთი მოსდით. აბა ნახეთ: კარგად რომ აღეგზნება გოგო – ჭკუის ნატამალიც აღარა აქვს. რა ვქნა, მეტყვიან თუ არა, გაჩერდიო, მეც ვჩერდები. მერე ვნანობ, შინ რომ ვაცილებ, ნეტა არ დამეჯერებინა-მეთქი, მაგრამ მაინც ყოველთვის ვუჯერებ.
ახლა კი, პერანგს ვიცვლიდი და თან ვფიქრობდი, როგორც იქნა ვეღირსე: ეს ხომ მეძავია, ცოტას შევეჩვევი, ვისწავლი და მერე ცოლი თუ შევირთე, გამომადგება-მეთქი. რა გგონიათ, ამაზეც ვწუხვარ ზოგჯერ, რომ დავფიქრდები. რაღაც წიგნს ვკითხულობდი ჰუტონში. ერთი გამოქექილ-გამოწკეპილი და გარყვნილი ვაჟბატონის ამბავია. მუსიე ბლანშარი ჰქვია, ახლაც მახსოვს. ბინძური წიგნი იყო, მაგრამ იმ ბლანშარს არა უშავდა რა. დიდი კოშკი ჰქონდა რივიერაზე, ევროპაში, და მოცლილობის დროს ქალებისცემის მეტს არაფერს აკეთებდა. საერთოდ, დიდი დარდიმანდი ვინმე იყო და ყველაფერი, მაგრამ ქალებს უმოწყალოდ სცემდა. ერთგან ამბობს, დედაკაცის სხეული ვიოლინოსა ჰგავს და დიდებული მუსიკოსი უნდა იყო, რომ კარგად დაუკრაო. საშინლად ბინძური წიგნი იყო, განა არ ვიცი – მაგრამ ეს ვიოლინო ვერ იქნა და ვერ ამოვიგდე თავიდან. იმიტომაც მინდოდა, ცოტათი მაინც გავრკვეულიყავი საქმეში, მანამ ცოლს შევირთავდი. ჰოი, ბიჭო, კოლფილდი და მისი ჯადოსნური ვიოლინო! სისაძაგლე რომაა, კი ვხედავ, მგრამ არც თუ ისე დიდი სისაძაგლე. ასეა თუ ისე, ცოტა გამოცდილება მაინც უნდა გქონდეს. თორემ, მართალი თუ გინდათ, როცა გოგოსთან ვარ, ხეირიანად არც კი ვიცი, რა უნდა ვქნა. იმ გოგოს, მაგალითად, – მე რომ გეუბნებოდით, ცოტაღა დამაკლდა-მეთქი, – მთელი საათი ვეჯაჯგურე, მანამ ოხერ ლიფს მოვხსნიდი. ხოლო როცა მოვხსენი, ლამის თვალებში შემაფურთხა.
ერთი სიტყვით, ოთახში ვწრიალებდი და ველოდი, როდის გამოჩნდებოდა ის მეძავი ქალი. იმედი მქონდა, რომ ლამაზი იქნებოდა. თუმცა, სულერთი არ იყო! ოღონდ კი მალე გათავებულიყო ყველაფერი. როგორც იქნა, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. გასაღებად რომ გავემართე, გზაში ჩემოდანი გაჩხირულიყო, წამოვედე და მუხლი კინაღამ გავიტეხე. მაინცდამაინც ასეთ დროს უნდა წამოვედო ხოლმე, ჩემოდანი იქნება თუ რაც იქნება.
კარი რომ გავაღე, ის გოგო იქვე იდგა. პოლოს მოთამაშის ფორმა ეცვა, ქუდი ეხურა. ქერა იყო, მაგრამ, ეტყობოდა, თმას იღებავდა. სულაც არ ყოფილა ბებრუხანა.
– გამარჯობა! – ვუთხარი მე. ჰოი, ბიჭო, რა თავაზიანად გამომივიდა!
– თქვენ ისა ხართ, მორისმა რომ მითხრა? – მკითხა მან. ცოტა უჟმური ჩანდა.
– მელიფტემ?
– ჰო.
– დიახ, ისა ვარ. შემობრძანდით, – რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ვმშვიდდებოდი.
შემოვიდა, ხელადვე იშვლიპა პალტო და ლოგინზე მიაგდო, მწვანე კაბა ეცვა. მერე მაგიდას გვერდულად მიუჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ფეხის რწევას მოჰყვა: აღმა-დაღმა, აღმა-დაღმა. ძალიან ნერვიულობდა, სულაც არ ჰგავდა მეძავს. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო. ასე, ჩემი ხნისა. მეც გვერდზე მივუჯექი და სიგარეტი შევთავაზე.
– არა ვწევ, – მითხრა მან. მიკნავებული ხმა ჰქონდა. ძლივს ისმოდა. მადლობას არც კი ამბობდა, როცა რამეს შესთავაზებდი მეტი არ იცოდა.
– ნება მომეცით, ჩემი თავი გაგაცნოთ – მე ჯიმ სტილი გახლავართ.
– საათი არა გაქვთ? – მკითხა მან. ძალიან არ ენაღვლებოდა ჩემი ვინაობა! – ისე, რამდენი წლისა ხართ?
– მე მეკითხებით? ოცდაორისა.
– არაფერიც!
საოცარია. პატარა გოგოსავით მითხრა. წესით ნამდვილ კახპასავით უნდა ეთქვა: «როგორ არა, დიახ!» ან «რას მიჰქარავ!» ამან კი «არაფერიცო» მითხრა.
– თქვენ რამდენი წლისა ხართ? – ვკითხე.
– იმდენისა, რომ კაცი ადვილად ვერ გამაცურებს, – მითხრა მან. ენამოსწრებულიც რომ გამოდგა! – საათი არა გაქვთ? – მეორედ მკითხა, წამოდგა და კაბა გაიხადა.
ერთბაშად ავირიე. იმიტომ, რომ მოულოდნელად წამოხტა და გაიხადა. ქალი რომ წამოხტება შენს თვალწინ და კაბას გაიხდის, ცოტათი მაინც უნდა აღეგზნო. სულაც არ აღვგზნებულვარ. ისე ავირიე, და კიდევ უფრო ჩამწყდა გული.
– საათი არა გაქვთ?
– არა, არ მაქვს, – მივახალე ერთბაშად. ჰოი, ბიჭო, როგორ წამიხდა საქციელი! – რა გქვიათ? – ვკითხე ბოლოს. ვარდისფერი ლიფის ამარა იყო. საშინლად დავიბენი. ღმერთმანი.
– სანი მქვია, – მითხრა მან, – მოდი, რაღას უცდი.
– ჯერ ცოტა არ გველაპარაკნა? – მივმართე მე. ვიცი, რომ ბალღობა იყო ამისი თქმა, მაგრამ აკი გითხარით, საშინლად დავიბენი-მეთქი. – ძალიან გეჩქარებათ?
ისე შემომხედა, თითქოს გიჟი ვყოფილიყავი.
– რა ჯანბადაზე უნდა ვილაპარაკოთ?
– რა ვიცი. ისე ვიყბედოთ. ლაპარკით ცოტა თავს შევიქცევთ-მეთქი, ვიფიქრე.
ისევ მაგიდას მიუჯდა. თუმცა, ეტყობოდა, არც ისე დიდი ხალისით. კვლავ ფეხის რწევას მოჰყვა. ჰოი, ბიჭო, რა ნერვიული გოგო იყო!
– სიგარეტს არ მოსწევთ? – დამავიწყდა, რომ არა სწევდა.
– არა ვწევ. მოიხედე, თუ რამე სათქმელი გაქვს, ბარემ მითხარი.
სათქმელი ვერაფერი მოვიგონე. ერთი პირობა ვიფიქრე, მოდი ვკითხავ, კახპობა როგორ დაიწყე-მეთქი, მაგრამ მომერიდა. სულერთია, მაინც არ მიპასუხებდა.
– ნიუ-იორკელი არ უნდა იყოთ, ხომ? – ვკითხე ბოლოს. სხვა ვერაფერი მოვახერხე.
– ჰოლივუდიდანა ვარ, – მიპასუხა მან. მერე წამოდგა და ლოგინთან მივიდა, საცა კაბა დააგდო, – დასაკიდი არა გაქვს? ასე დამეჭმუჭნება. ახლახან გავაწმენდინე.
– როგორ არა, – ხელადვე ვუპასუხე. გამეხარდა, საქმე რომ გამიჩნდა. კაბა კარადასთან მივიტანე და დავკიდე. უცნაურია – რაღაცნაირად ნაღველი შემომაწვა, როცა ვკიდებდი. წარმოვიდგინე, როგორ შევიდა მაღაზიაში ამ კაბის საყიდლად, ისე რომ ეჭვიც არავის აღძვრია, მეძავიაო. ნოქარმა ალბათ გაიფიქრა, ჩვეულებრივი გოგოაო. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ნაღველი შემომაწვა.
მერე ისევ დავჯექი და საუბრის გაგრძელება ვცდაე. ვერაფერიშვილი მოსაუბრე გამოდგა.
– მუდამდღე მუშაობთ? – ვკითხე და მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან უხერხულად გამომივიდა.
– ჰო. – ახლა უკვე ოთახში ბოლთასა სცემდა. მაგიდიდან მენიუ აიღო და გადაიკითხა.
– დღისით რას აკეთებთ?
მხრები აიჩეჩა. ცარიელი ტყავი და ძვლები იყო.
– მძინავს. კინოში დავდივარ, – მენიუ დადო და მე შემომხედა, – თუ მოდიხარ, ბარემ მოდი. ამდენი დრო…
იცით რა, – მე ვუთხარი, – ამაღამ რაღაც უქეიფოდა ვარ. იმდენი საქმე გამომიჩნდა. ღმერთს შეფიცებით. ფულსაც გადაგიხდით და ყველაფერი, ოღონდ გული ხომ არ დაგწყდებათ, არაფერი რომ არ გავაკეთოთ? ძალიან მიწყენთ?
უბედურება ის იყო, რომ აღარ მომინდა. მართალი თუ გნებავთ, აღგზნებით სულაც არ აღვგზნებულვარ, გული კი უფრო მომეწურა. ამ გოგომ მთლად გამიფუჭა გუნება. მისი მწვანე კაბაც აგერ კარადაში მეკიდა. ეგეც რომ არ იყოს, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა გამეკეთებინა ამნაირი საქმე გოგოსთან, რომელიც მთელი დღე რაღაც ბითურულ კინოში გდია. არ შემიძლია და რა ვქნა.
მომიახლოვდა და სახეში გაკვირვებით ჩამაშტერდა, თითქოს არა სჯერაო.
– რა მოგივიდა? – მკითხა მან.
– არაფერიც არ მომსვლია, – ჰო, ბიჭო, როგორ მომეშალა ნერვები. – ახლახან მძიმე ოპერაცია გადავიტანე.
– ჰოო? რისი ოპერაცია?
– ღმერთო რას ეძახიან! ჰოი, კლავიკორდი ამომკვეთეს.
– რაო? სად ჯანდაბაშია ეს?
– კლავიკორდი? როგორ გითხრა. ტვინის არხთან არის. ის არა და, შიგ ტვინის არხში.
– მართლა? – თქვა მან. ცუდი საქმე მოგსვლია, – მოვიდა შიგ კალთაში არ ჩამიჯდა! – კოხტა ბიჭი ხარ.
საშინლად გამანერვიულა ამ გოგომ. ერთი რომ დავიქოქე, სულ ტყუილებს ვაფრქვევდი.
– ვერ იქნა და ვერ გამოვმჯობინდი, – ვთქვი მე.
– კინოში ერთი მსახიობია, იმას ჰგავხარ. შენც გეცოდინება. ღმერთო, გამახსენე. შენც იცი, ვისზე ვამბობ. რა გვარია?
– არ ვიცი, – მივუგე მე. ზის არხეინად და აღარ ჩამოდის ჩემი მუხლებიდან.
– უსათუოდ გეცოდინება. მელვინ დუგლასთან თამაშობდა რომელიღაც კინოში. მელვინ დუგლასი უმცროსი ძმა იყო. აი, ნავიდან რომ გადავარდება, ხომ გახსოვს?
– არა, არ მახსოვს. ათასში ერთხელ თუ შევალ კინოში.
ლაზღანდარობას მოჰყვა. ისე ტლანქად იქცეოდა!
– აღარ გაჩერდებით? – მივმართე მე, – აკი გითხარით, უგუნებოდ ვარ-მეთქი, ჯერ ნაოპერაციევიც არ მომშუშებია…
მეჯდა კალთაში არხეინად, ჩამოსვლას არც კი ფიქრობდა. მერე უცებ უშნოდ შემომიბღვირა.
– მოიხედე, – მითხრა მან, – მე უკვე მეძინა და იმ დამთხვეულმა მორისმა გამაღვიძა. შენ თუ გგონია, რომ…
– აკი გეუბნებით, ფულს მოგცემთ-მეთქი. ახლავე მოგცემთ. ფული ჩეჩქივითა მაქვს. ეს არის, მძიმე ოპერაციის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გამოვჯობინდი და…
– რაღას ეუბნებოდი იმ დამთხვეულ მორისს, გოგო მინდაო, თუკი ის ოხერი კლავიკორდია ამოგჭრეს?!. რა, ენა გექავებოდა?!
– მე მეგონა, უკვე კარგად ვარ-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი. ვწუხვარ, რომ ასე გამომივიდა. ნამდვილად. თქვენ ერთი წუთით წამოდექით, საფულეს ამოვიღებ.
გაცეცხლებული იყო, მაგრამ მაინც წამოდგა ჩემი მუხლებიდან. მე კარადასთან მივედი, საფულე მოვძებნე, ხუთდოლარიანი ამოვიღე და გავუწოდე.
– მადლობა, – ვუთხარი მე, – დიდი მადლობა.
– ეს ხომ ხუთია. ათი ღირს.
ზედვე ეტყობოდა, გაცურება დამიპირა. წინასწარვე ვშიშობდი, ამისთანა რამე მოხდება-მეთქი… ნამდვილად.
– მორისმა ხუთი მითხრა, – მე ვეუბნები, – შუადღემდე თხუთმეტი, ერთი თალია კი ხუთიო.
– ათი ღირს.
– იმან ხუთი მითხრა. დიდ ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ რა ვქნა, მეტს ვერ მოგცემთ.
წეღანდელივით აიჩეჩა მხრები და ცივად მითხრა:
– იქნებ კაბაც ჩამომიღოთ, თუ ძალიან არ შეწუხდებით!
მოჩვენებას ჰგავდა. ხომ ისეთი მიკნავებული ხმა ჰქონდა, მაინც შიშის ჟრუანტელი მივლიდა ტანში იმის შემხედვარეს. ბებერი როსკიპიც რომ ყოფილიყო, სულ წათხიპნულ-შეღებილი, ისიც კი არ გამოჩნდებოდა ამისთანა საშინელი.
გამოვუღე კაბა. ჩაიცვა, გაისწორა, მერე ლოგინზე მიგდებული პალტო აიღო.
– ნახვამდის ბედოვლათო, – მითხრა მან.
– ნახვამდის, – მეც გავეპასუხე. არც მადლობა მითქვამს და არც არაფერი. კიდევ კარგი, არ ვუთხარი.

ნაწილი 14

სანი წავიდა, მე კი სავარძელში ჩავჯექი და ორი სიგარეტი მოვწიე. გარეთ თენდებოდა. ჰოი, ბიჭო, რა ძაღლის გუნებაზე ვიყავი! ვერც კი წარმოიდგენთ, გული როგორ მეწურებოდა. უცებ ხმამაღლა ლაპარაკი დავიწყე, ელის გამოველაპარაკე. ასე ვშვრები ხოლმე ზოგჯერ, როცა ძალიან მომეწურება გული. შინიდან ველოსიპედი წამოიღე და ბობი ფელონის სახლის წინ დამხვდი-მეთქი, ვეუბნები. ის ბიჭი ჩვენი ყურის მეზობელი იყო მეინში – ადრე, დიდი ხნის წინათ. ბობი ფელონი იმიტომ მახსენდება, რომ ერთხელ სედებიტის ტბაზე წასვლა გადავწყვიტეთ ველოსიპედებით, საუზმეც თან უნდა წაგვეღო და ჩვენი მცირეყალიბიანი თოფებიც. ბალღები ვიყავით და გვეგონა, რომ იმ პატარა თოფებით ნადირს დავხოცავდით. ჩვენი ლაპარაკისათვის ელისაც მოეკრა ყური
და გამოყოლა მოინდომა. მე არ ვქენი. ჯერ ბავშვი ხარ-მეთქი, ვუთხარი. მას შემდეგ, ნაღველი რომ შემომაწვება გულზე, სულ ასე ვეუბნები: «კარგი, შინიდან ველოსიპედი წამოიღე და ბობის სახლის წინ დამხვდი, აბა, ჩქარა». განა ჩემთან სიარულს ვუშლიდი. არა, საცა კი წავიდოდი, თან დამყავდა. მარტო იმ დღეს არ წავიყვანე. არცა სწყენია – საერთოდ არ იცოდა წყენა მაგრამ ეს შემთხვევა მუდამ მახსენდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გულს ნაღველი შემომაწვება.
ბოლოს მაინც გავიხადე და ლოგინში ჩავწექი. ვილოცებ-მეთქი, ერი პირობა ვიფიქრე, მაგრამ ვერ მოვახერხე. არასოდეს არ გამომდის ლოცვა, რაც არ უნდაომვინდომო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ცოტას მოვიათეისტებ. ქრისტე მიყვარს, მართალია, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი სისულელეა ბიბლიაში. ჯერ მარტრო მოციქულებს დამიხედეთ! თავი მომაბეზრეს, მართალი თუ გინდათ. ქრისტე რომ მოკვდა, მერე კიდევ ჰოი, გამოიდეს თავი, მაგრამ სიცოცხლეში აბა რა გაუკეთეს – კაცს რომ ნახვრეტი გაუჩნდეს თავში, რა ხეირი უნდა ჰქონდეს იმ ნახვრეტისაგან?! ქრისტესაც ამნაირი სარგებლობა ჰქონდან იმათგან. რამდენადაც კი შეეძლოთ, მიწასთან გაასწორეს. ყველაზე საშინელები სწორედ ეგ მოციქულები არიან ბიბლიაში. მართალი თუ გინდათ, ბიბლიაში ქრისტეს შემდეგ ყველაზე უფრო ის დამთხვეული ბიჭი მიყვარს, გამოქვაბულში რომ ცხოვრობდა და სხეულს ქვებით იკაწრავდა. მოციქულებზე ათჯერაც უფრო მიყვვარს ის უბედური ნაბიჭვარი. ჰუტონის სასწავლებელში გაუთავებელი დავა მქონდა ამაზე ერთ ბიჭთან, რომელიც სწორედ ჩვენს დერეფანში ცხოვრობდა. ართურ ჩაილდსი ერქვა იმ ბიჭს. კვაკერი იყო და ცხვირი სულ ბიბლიაში ჰქონდა ჩარგული. კარგი ბიჭი იყო და მიყვარდა კიდეც, მაგრამ ბიბლიის საკითხში ვერასდიდებით ვერ მოვრიგდით, განსაკუთრებით მოციქულებზე მოგვდიოდა დავა. მოციქულები თუ გძულს, მაშ ქრისტეც გძულებიაო, მეუბნებოდა. ქრისტემ თვითონ აირჩია ის მოციქულები და უნდა გიყვარდესო. ვიცი, რომ ქრისტემ აირჩია, მე ვეუბნები, მაგრამ ალალბედზე აირჩია-მეთქი. დრო სადა ჰქონდა, რომ დამშვიდებით აეწონ-დაეწონა და ისე ამოერჩია. განა ქრისტეს ვამტყუნებ. რა მისი ბრალი იყო, რომ დრო არა ჰქონდა-მეთქი. მახსოვს, ვკითხე, როგორა გგონია, იუდა – აი, ქრისტეს რომ გადაუდგა – თავის მოკვლის შემდეგ ჯოჯოხეთში თუ მოხვდებოდა-მეთქი. რა თქმა უნდაო, ჩაილდსმა მიპასუხა. ამაზეც ვერ მოვრიგდით – ათას დოლარს ჩამოვალ სანაძლეოს, რომ ქრისტე იუდას ჯოჯოხეთში არასდიდებით არ გაგზვნიდა-მეთქი. ახლაც ჩამოვალ ამ ნაძლევს, ათასი დოლარი რომ მომცა. მოციქულები იცოცხლე, მაშინვე მიაბრძანებდნენ ჯოჯოხეთში, არც დაფიქრდებოდნენ. ქრისტე კი, სანაძლეოს ჩამოვალ, ამას არ იზამდა. შენი უბედურება ის არის, რომ ეკლესიაში არ დადიხარო, ჩაილდსმა მითხრა. რაც მართალია, მართალია – ეკლესიაში არ დავდივარ. ჯერ ერთი რომ დედაჩემი და მამაჩემი სულ სხვადასხვა რელიგიის ხალხია, ბავშვები კი ათეისტები გამოვედით. მართალი თუ გინდათ, მღვდლები დასანახად მძულს. რომელ სკოლაშიაც არ მივედი, საქადაგებლად რომ გამოვა მღვდელი, ხმა უსათუოდ უნდა დაიშაქროს და დაიტკბოს. ფუჰ, რა საშინელებაა. რატომ არ შეიძლება, ადამიანურად ილაპარაკონ. ისე სულელურად იტყლარჭებიან ხოლმე!
ერთი სიტყვით, ლოცვა ვერ მოვახერხე. რამდენს დავაპირებდი, იმდენი ის ოხერი სანი გამახსენდებოდა, «ბედოვლათი» როცა დამიძახა, ბოლოს ლოგინში წამოვჯექი და კიდევ მოვწიე ერთი სიგარეტი. საძაგელი გემო ჰქონდა. რაც პენსიდან წამოვედი, ალბათ ორი კოლოფი გავათავე.
ვწევარ ჩემთვის და სიგარეტს ვაბოლებ, უცებ კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. არ მინდა დავიჯერო, რომ ჩემს კარებზე აკაკუნებენ, მაგრამ მშვენივრად ვიცი, რომ ჩემთან არიან. ვერ გეტყვით, საიდან ვიცოდი ასე დაბეჯითებით, მაგრამ ვიცოდი კი. ისიც ვიცოდი, ვინ იყო. ფსიქოლოგი ვარ.
– ვინ არის? – გავძახე მე. კარგა მაგრად შემეშინდა. ამისთანა რამეებში, ცოტა არ იყოს, მოვილაჩრებ.
კიდევ დააკაკუნეს. ახლა უფრო მაგრად.
რა გზა იყო, წამოვდექი, პიჟამოს ამარა მივედი კარებთან და გავაღე. სინათლე არც კი ამინთია – უკვე დღე იყო. კარებში სანი და ის დამუწუკებული მელიფტე მორისი იდგნენ.
– რა ამბავია? რა გნებავთ? – ვკითხე მე. ჰოი, ბიჭო, როგორ მიკანკალებდა ხმა.
– ბევრი არაფერი, – მიპასუხა მორისმა, – მხოლოდ ხუთი დოლარი. – ორივეს ნაცვლად ის ლაპარაკობდა. სანის კი პირი დაეღო და იდგა.
– უკვე გადავუხადე. ხუთი დოლარი მივეცი. აბა ჰკითხე! – ვუთხარი მე. ჰოი, ბიჭო, როგორ მიკანკალებდა ხმა!
– ათი დოლარი უნდა, უფროსო, აკი გითხარი. ერთი თალია – ათი დოლარი, შუადღემდე – თხუთმეტი დოლარი. აკი გითხარი!
– ასე არ გითქვამთ. თქვენ მითხარით ერთი თალია – ხუთი დოლარიო. ის კი სთქვით, შუადღემდე თხუთმეტი დოლარიო, მაგრამ გარკვევით გავიგონე, რომ…
– ჩამოყაჭეთ, უფროსო!
– რატომ? – ვკითხე მე. ო, ღმერთო, ჩემი გულის ბაგა-ბუგი მთელს ოთახში ისმოდა. ჩაცმული მაინც ვყოფილიყავი. საშინელებაა, პიჟამოს ამარას რომ შეგემთხვევა ამისთანა რამე.
– აბა ჰე, უფროსო! – თქვა მორისმა და ისე მკრა თავისი ბინძური ხელი, კინაღამ იატაკზე გავიშოტე. ახმახი ვინმე იყო ეს ძაღლიშვილი. თვალის დახამხამებაში, ისიცა და სანიც ჩემს ოთახში გაჩნდნენ. თავი ისე ეჭირათ თითქოს მათი ოთახი ყოფილიყოს. სანი ფანჯრის რაფაზე წამოსკუპდა, მორისი კი სავარძელში წამოიჭიმა და ქურთუკის გახსნას შეუდგა – მელიფტის ფორმა ეცვა. ჰოი, ბიჭო, როგორ ვღელავდი.
– აბა, უფროსო, მოგვეცი ფული. ლიფტი მიტოვებული მაქვს.
– ათჯერ გითხარით, ერთი ცენტიც აღარ მმართებს თქვენი. ხუთი დოლარი უკვე მივეცი…
– სისულელეს ნუ როშავ. ჩამოყაჭე!
– ორჯერ რატომ უნდა გადავუხადო?! – ვუთხარი მე. ხმა სულ გამებზარა, – მაბრიყვებთ თუ რა?!
მორისმა ბოლომდე გაიხსნა თავისი ქურთუკი. ქურთუკის ქვეშ ცარიელა საყელო ებნია – პერანგი არა სცმია. დიდი, ბანჯგვლიანი მუცელი ჰქონდნა.
– არავინაც არ გაბრიყვებს. ჩამოყაჭე, უფროსო!
– არ მოგცემთ.
ეს რომ გაიგონა, წამოდგა და პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ძალიან დაქანცული და გაბრაზებული ყოფილიყოს. ო, ღმერთო, როგორ დავფეთდი! გულხელდაკრეფილი ვიდექი, მახსოვს. ის ოხერი პიჟამო რომ არა მცმოდა, კიდევ არაფერი, ასე არ შევწუხდებოდი.
– აბა, ჩამოყაჭე, უფროსო. – ზედ ცხვირწინ ამეტუზა. და ეს სიტყვები დაიჟინა: «აბა, ჩამოყაჭე, უფროსო!» ნამდვილი კრეტინი იყო.
– არ მოგცემთ!
– უფროსო, მოთმინებიდან ნუ გამომიყვან, თორემ ცოტა უფრო სხვანაირად მოგელაპარაკო. სულაც არ მეხალისება ეს, მაგრამ, ეტყობა, ასე მომიწევს, – თქვა მან, – ხუთი დოლარი გმართებს ჩვენი.
– არაფერი არ მმართებს, – ვუთხარი მე, – ხელი არ დამიკაროთ, თორემ ისეთ ღრიალს მოვრთავ, მთელს სასტუმროს ფეხზე დავაყენებ. პოლიციასაც და ყველას. – ჰოი, რა საცოდავად ამიკანკალდა ხმა!..
– მიდი. იღრიალე, მანამ მოგეწყინოს. მიდი, რაღას უცდი! – მითხრა მორისმა, – თუკი გინდა, მშობლებს გააგებინო, კახპასთან რომ გაატარე ღამე. კაი ოჯახისშვილი კი ხარ! – ამისთანა საზიზღარ საქმეებში ჭკუა ალესილი ჰქონდა. ნამდვილად.
გონება ალბათ არ დამიკარგავს, იმიტომ რომ, მახსოვს როგორ გაილალნენ ოთახიდან და კარი გაიკეტეს. მე იატაკიდან ავხედე. დიდხანს ვეგდე იატაკზე, როგორ მაშინ, სტრედლეიტერთან ჩხუბის დროს. ოღონდ ახლა, ვკვდები-მეთქი. ვიფიქრე. ნამდვილად, თითქოს ვიხრჩობოდი, სული ვეღარ მოვითქვი. ბოლოს როცა წამოვდექი, სააბაზანოსკენ მოვინდომე წასვლა, მაგრამ ვერასდიდებით ვერ გავიმართე, მუცელზე ხელები მოვიჭირე და მოკაკული წავბობღდი.
ისე, გიჟი კი ვარ, ღმერთმანი. ჯერ სააბაზანოში არც შევსულიყავი, რომ უცებ თავში გამკრა – ნაწლავებში ნამდვილად ტყვია მაქვს-მეთქი. იმ მორისმა მომარტყა ტყვია. ახლა სააბაზანოში მივდივარ, რომ ვისკი ან რამე გადავკრა და ნერვები დავიმშვიდო. წარმოვიდგინე, როგორ გამოვიდოდი სააბაზანოდან, უკვე ჩაცმული და ყველაფერი. ჯიბეში რევოლვერი მიდევს და ცოტათი ფეხი მეშლება. მერე კიბეზე დავეშვები – ლიფტით არ ჩავალ. მოაჯირს ვეყრდნობი და თან პირიდან სისხლი მდის. რამდენიმე სართულს ასე ჩავივლი – მუცელი ხელით მიჭირავს, სისხლით სულ მოითხვარა მთელი კიბე, მერე ლიფტის კარებს მივადგები და დავრეკავ. გააღებს თუ არა კარებს ის მორისი, ხელში რევოლვერს დამინახავს და, შეშინებული, თავისი ჩახრინწული ხმით ბღავილს ამოუშვებს, თავი გამანებეო. მაინც ვესვრი. ექვს ტყვიას დავახლი იმ გამობერილ ბანჯგვლიან მუცელში. რევოლვერს იქვე დავაგდებ, ლიფტში, – ოღონდ ჯერ, რა თქმა უნდა, გავწმენდ, რომ თითების ანაბეჭდი მოვაცილო. მერე ჩემს ოთახში შევბრუნდები და ჯეინს დავურეკავ, დავიბარებ და ჭრილობას შევახვევინებ. წარმოვიდგინე, როგორ მოაქვს ჩემს პირთან სიგარეტი და როგორ მაწევინებს, მე კი სისხლისაგან ვიცლები.
ეს ოხერი კინო. მოგსპობს და მოგათავებს. არ გეხუმრებით.
თითქმის მთელი საათი ვიყავი სააბაზანოში. ვიბანავე და ყველაფერი. მერე ისევ ლოგინში ჩავწექი. დიდხანს ვიწრიალე, მანამ დავიძინებდი. დაღლილი სულაც არ ვყოფილვარ. ბოლოს როგორც იქნა, ჩამეძინა. მართალი თუ გინდათ, თავის მოკვლის გუნებაზე ვიყავი, ნეტა ფანჯრიდან გადავვარდე-მეთქი, ვფიქრობდი. გადავვარდებოდი კიდეც, იმედი რომ მქონოდა, რომ ხელადვე მოირბენდა ვინმე და რამეს გადამაფარებდა. არ მინდოდა, უსაქმური იდიოტები შემომხვეოდნენ გარს და სისხლში მომთხვრილისათვის ეცქირათ.

ნაწილი 15

დიდხანს არ მძინებია. ათ საათზე მეტი არ იქნებოდა, როცა გამოვიღვიძე, სიგარეტი მოვწიე და მაშინვე ვიგრძენი, რომ მაგრად მომშიებოდა. უკანასკნელად ეკლისა და ბრასართან ერთად ვჭამე ორი კატლეტი, ეგერსტაუნში რომ ვიყავი
კინოს საყურებლად. ეს დიდი ხნის წინათ იყო, თითქოს ორმოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ. ტელეფონი იქვე, სასთუმალთან მედგა და, ერთი პირობა დარეკა დავაპირე, საუზმეს ამოვატანინებ-მეთქი. მაგრამ შემეშინდა: ხომ შეიძლებოდა იმ ოხერი მორისისათვის გამოეტანებინათ. თუ გგონიათ, ერთი სული მქონდა იმ ვაჟბატოის ნახვამდე, ძალიან შემცდარი ბრძანდებით. ისევ საბანში გავეხვიე და ერთი სიგარეტი კიდევ გავაბოლე. ჯეინთან დარეკვა დავაპირე, გავიგებდი შინ თუ იყო. მაგრამ გუნებაზე არ ვიყავი.
ისევ სალი ჰეისს დავურე. მერი უ.უდროფის პანსიონში სწავლობდა, და ვიცოდი, რომ ახლა შინ იქნებოდა. სწორედ ორი კვირის წინ მივიღე მისი წერილი. ჭკუას კი არ ვკარგავდი მასზე, მაგრამ კარგა ხნის ნაცნობები ვიყავით. დდი ჭკუისკოლოფი მეგონა. სულელი ვიყავი. ჭკუისკოლოფი იმიტომ მეგონა, რომ თეატრების ამბები, პიესებისა, ლიტერატურისა და ამისთანები, სულ ზეპირად იცოდა. ამდენი რამე რომ იცის კაცმა, უცებ ვერ შეატყობ – სულელია თუ ჭკვიანი. სალის, მაგალითად, რამდენი წელიწადია ვიცნობ და მაინც ვერაფერი გავუგე. ან კი რას გავუგებდი, იმდენს ვკოცნიდით ერთმანეთს! ჩემი უბებურება ის არის, რომ როცა ვინმეს ვკოცნი, დიდი განათლებული გოგო მგონია. სად განათლება და სად ამისთანა საქმე, მაგრამ მე მაინც ასე მგონია.
ერთი სიტყვით, დავურეკე. ჯერ მოსამსახურე გოგომ მიპასუხა. მერე მამამ. ბოლოს თვითონ მოვიდა ტელეფონთან.
– სალი ხარ? – ვკითხე მე.
– დიახ… ვინ არის? – ჰოი, რა თვალთმაქცია! მამამისს უკვე ვუთხარი, ვინც ვიყავი.
– ჰოლდენ კოლფილდი ვარ. როგორა ხარ?
– ჰოლდენ! კარგად ვარ. შენ თვითონ როგორ ხარ?
– მეც კარგადა ვარ. მოიხედე, იცი რაზე დაგირეკე? იქნებ თავისუფალი იყოს-მეთქი.. დღეს კვირაა, მაგრამ ალბათ კვირაობითაც აჩვენებენ დილის სპექტაკლებს, ან საქველმოქმედოს, ან ამნაირ რამეს. არ წამოხვალ?
– დიდი სიამოვნებით. რა დიდებულია!
«დიდებულია!» ვერ ვიტან ამ სიტყვას. რაღაც ქლესურია. კინაღამ გულმა არ მომითმინა და არ მივახალე, არსადაც არ წავალთ-მეთქი. მაგრამ თავი შევიკავე და ლაყბობას მოვყევით. ესე იგი, იმან ილაყბა. შენ რას ამოგაღებინებდა ხმას! ჯერ ვიღაც ჰარვარდელ ვაჟბატონზე ილაქლაქა – ალბათ ახალი გამოჩეკილი იქნებოდა, პირველკურსელი. მაგრამ ეს, რასაკვირველია, არ უთქვამს – ჩემზე ჭკუას კარგავსო. დღე და ღამე მირეკავსო. დღე და ღამე! მომსპო და გამათავა. მერე სხვა ვაჟბატონის ამბავს მოჰყვა, ვიღაც ვესტ-პოინტელი კადეტი ყოფილა, რომელიც ლამის ყელს იღადრავდა თურმე მისი გულისთვის. ამაზე დიდი უბედურება იქნება! ორი საათისთვის ბალტიმორის საათის ქვეშ დაგელოდები-მეთქი, ვუთხარი და გავაფრთხილე, არ დაეგვიანა, რადგან დილის სპექტაკლები ალბათ სამის ნახევარზე იწყება. ის კი მუდამ იგვიანებდა. მერე მილი დავკიდე. გაბეზღებული ვყავდი, მაგრამ ძალიან ლამაზი გოგო კი იყო.
სალის რომ პაემანი დავუნიშნე, ავდექი, ჩავიცვი და ჩემოდანი ჩავალაგე. მანამ ოთახიდან გამოვიდოდი, ფანჯარაში გადავიხედე, ის გაფუჭებული ხალხი რას აკეთებს-მეთქი.
მაგრამ ფარდები ჰქონდათ ჩამოშვებული. დილდილაობით წესიერების განსახიერება იყვნენ ყველანი. მერე ლიფტით დავეშვი და ქირა გადავიხადე. იმ
ნაბიჭვარ მორისს არსად გადავყრივარ. რაღა თქმა უნდა, კისერი არ მომიტეხია მის საძებრად.
სასტუმროდან გამოვედი და მაშინვე ტაქსი დავიჭირე, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, საით უნდა წავსულიყავი. ჯერ კვირა იყო, შინ კი ოთხშაბათამდე არ მიმესვლებოდა, ყოველშემთხვევაში სამშაბათამდე მაინც ვერ გამოვჩნდებოდი. არადა, სხვა სასტუმროში წასვლისა და გამოტვინების ხალისიც აღარ მქონდა. ასე რომ, ჩავჯექი ქაქსში და შოფერს ვუთხარი, ცენტრალური სადგურისკენ წასულიყო. გზა მაინც იქით მქონდა – ეს სადგური სწორედ ბალტიმორის გვერდზე იყო, საცა უფრო მოგვიანებით, სალის უნდა შევხვედროდი. გადავწყვიტე, რომ ბარგი შესანახად მომებარებინა – იქ დიდ ყუთებში ჩააგდებენ ხოლმე და გასაღებს შენ გაძლევენ, – მერე კი ვისაუზმებდი. ცოტა არ იყოს მომშივდა. მანამ ტაქსში ვიჯექი, საფულე ამოვიღე და ფული დავთვალე. კარგად აღარ მახსოვს, რამდენი აღმოჩნდა, მაგრამ დიდი ფულიანი არ ვყოფილვარ. ამ ორ ქეციან კვირაში ქვეყნის ფული გაფლანგე. იცოცხლე ბედოვლათი ვარ. რის დახარჯვასაც ვერ ვასწრებ, ისე ვკარგავ. ხურდის აღებაც კი მავიწყდება ხოლმე სანახევროდ რესტორნებსა და ღამის კლუბებში. ამაზე გიჟდებიან დედაჩემი და მამაჩემი. ვერც გაამტყუნებ. თუმცა მამაჩემი მდიდარი კაცია. დანამდვილებით არ ვიცი, რა შემოსავალი აქვს – არასოდეს არა გვქონია ამაზე ლაპარაკი – მაგრამ მე მგონი ბევრს აკეთებს. კორპორაციის იურისტია. მაგისი ხელობის ხალხი ხვეტავს და ხვეტავს ფულს. ფულიანი რომაა, იმითაც ვიცი, რომ მუდამ აბანდებს ხოლმე თანხას ბროდვეის დადგმებზე. მერე ეს დადგმები ფლავდება და დედაჩემი ჭკუას კარგავს. საერთოდ, ელის სიკვდილის შემდეგ ძალიან მოტყდა დედაჩემი. სულ მოეშალა ნერვები. ამიტომაცაა, რომ ჭირის დღესავით მეზარება შინ გამოპანჩურებული დაბრუნება.
მივედი სადგურზე, ბარგი დიდ ყუთში შესანახად მივაბარე და იქვე სასენდვიჩე ბარში შევედი. კარგა გვარიანად დავნაყრდი – ფორთოხლის წვენი, ლორი კვერცხით, ხრაშუნა პური და ყავა. ჩვეულებრივ, მარტო ფორთოხლის წვენსა ვსვამ ხოლმე დილით. ცუდი მჭამელი ვარ. ღმერთმანი. იმიტომაც ჩამოვხმი ასე საცოდავად. ექიმებმა მირჩიეს, გასუქება თუ გინდა, ბევრი პურეული უნდა ჭამოო, და ათასი ამისთანა სისულელე, მაგრამ ჩემს დღეში არ მითხოვებია ყური. როცა სადმე ვარ, შვეიცარული ყველის სენდვიჩსა და რძის კოქტეილს გეახლბი ხოლმე. თითქოსბევრი არაფერია, მაგრამ ფაფაში ვიტამინებია. ჰ.ვ. კოლფილდი. ჰოლდენ ვიტამინ კოლფილდი.
ერბოკვერცხსა ვჭამდი, ბარში ორი მონაზონი რომ შემოვიდა. ხელში ჩემოდნები ეჭირათ. მაშინვე მივხვდი, რომ სხვა მონასტერში მიემგზავრებოდნენ და ახლა მატარებელს უცდიდნენ. შემოვიდნენ და ჩემს მეზობლად ჩამოსხდნენ, დახლთან. აღარ იცოდნენ, რა ჯანდაბა ექნათ ამ ჩემოდნებისათვის, და მე მივეშველე. უბრალო ჩემოდნები ჰქონდათ, ტყავისა კი არა – ისე. რა თქმა უნდა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ საშინლად მეჯავრება, უბრალო ჩემოდნები რომ უჭირავთ ხელში. ვიცი, რომ სირცხვილია ამისი თქმა, მაგრამ მარტო იმისათვისაც კი შემძულდება კაცი, ხელში უბრალო ჩემოდანი თუ დავუნახე. ერთხელ ასეთი რამე მოხდა. ელქტონ ჰილში ვსწავლობა და ერთ ბიჭთან ვარ ოთახში, დიკ ლეგლთან, რომელსაც უბადრუკი ჩემოდნები ჰქონდა, საწოლქვეშ ინახავდა ხოლმე ამ თავის ჩემოდნებს, თაროზე არ დებდა – რათა ჩემი ჩემოდნების გვერდით არავის დაენახა. საშინლად ვდუღდებოდი ამაზე. ვფიქრობდი, ან გადავყრი ჩემს ჩემოდნებს, ან არადა მაგას გავუცვლი-მეთქი. ჩემი
ჩემოდნები მარკ კროსის ფირმისა იყო. ნამდვილი ძროხის ტყავი და ყველაფერი, კაი ძალი ფულიც იქნებოდა მიცემული. მაგრამ ახლა ნახეთ, რა სასაცილო ამბავი მოხდა. ერთ დღეს ავდექი და ეს ჩემი ჩემოდნები ჩემივე საწოლის ქვეშ შევაწყე, რომ იმ უბედურ ლეგლს ძალიან დამცირებულა დარ ეგრძნო თავი. მაგრამ ახლა ისიც ნახეთ, იმან რა ქნა. იმავე დღეს ადგა და ჩემი ჩემოდნები ისევ თაროზე შეალაგა. დიდხანს ვერ ავხსენი მიზეზი. და ბოლოს მივხვდი როგორც იქნა – სხვებისთვის უნდოდა ეჩვენებინა, თითქოს მისი ჩემოდნები იყო. ჩემს ჩემოდნებს, მაგალითად, მუდამ სასაცილოდ იგდებდა. მეტისმეტად ახალი და მეშჩანურიაო, მეუბნებოდა. ეს იყო მისი საყვარელი გამოთქმა. ეტყობა, სადმე წაეკითხა ან გაეგონა. რაც არ უნდა გამეკეთებინა, ყველაფერი მეშჩანური იყო. ჩემი ავტომატური კალამიც კი მეშჩანური გამოდგა. ხელში არ მიჩერებდა, წარამარა ნათხოვრობდა, მაგრამ მაინც მეშჩანური იყო. ორი თვე ძლივს გავძელით ერთად. მერე იმანაც ითხოვა და მეც, რომ ერთმანეთისაგან დავეშორებინეთ. სასაცილო ისაა, რომ მომეწყნა უიმიმსოდ, რადგან საოცარი ხუმარა იყო და ხშირადკარგადაც ვერთობოდით. დარწმუნებული ვარ, ისიც მოიწყენდა. თავდაპირველად მადუღებდა, მეშჩანური ნივთები გაქვსო, და მეც არ მიმიქცევია ყურადღება. პირიქით, ვერთობოდი კიდეც ამ ხუმრობაზე. მერე და მერე, შევატყე, რომ ეს უბრალო ადუღება არ იყო. ეტყობა, მართლაც ძნელია იმისთანა კაცთან ერთად იცხოვრო ოთახში, რომლის ჩემოდნებიც შენსას ვერაფრით ვერ შეედრება – შენი დიდებულია, იმის კი უბადრუკი. ალბათ იტყვით, თუკი განათლებული კაცია და იუმორის გრძნობაც აქვს, ფეხებზე უნდა ეკიდოს, ვისი ჩემოდნები სჯობსო, მაგრამ ნამდვილად ასეა. იმიტომაც ავირჩიე ოთახის მეზობლად ის შტერიდა ნაბიჭვარი სტრედლეიტერი. ყოველ შემთხვევაში, ჩემოდნები მასაც კარგი ჰქონდა.
ერთი სიტყვით, მონაზვნები ჩემს მეზობლად ჩამოსხდნენ და როგორღაც ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. ერთ მათგანს, ჩემკენ რომ იჯდა იმას, ჭილის ჩანთა ჰქონდა. ამისთანა ჩანთებში მონაზვნები და გათავისუფლების არმიის გოგოები საშობაოდ საქველმოქმედო ფულს აგროვებენ. კუთხეებში დგანან ხოლმე, განსაკუთრებით მეხუთე ავენიუზე, დიდრონი მაღაზიების შესასვლელებთან. უცებ ამ ქალს ჩანთა იატაკზე დაუვარდა. გადავწვდი, ავიღე და მივაწოდე. საქმელმოქმედო ფულს ხომ არ აგროვებთ-მეთქი, ვკითხე. არაო, მიპასუხა. ჩანთა ჩემოდანში ვერ ჩავტიე და ხელში იმიტომ მიჭირავსო. ღიმილი ძალიან შვენოდა, როცა შემოგხედავდა. დიდცხვირა იყო, სათვალეც ულაზათო რკინის ჩარჩოიანი ეკეთა, მაგრამ ძალიან სანდომიანი სახე ჰქონდა.
– საქველმოქმედო ფულს თუ აგროვებენ, ცოტაოდენი იქნებ მეც შემეწირა-მეთქი, ვიფიქრე, – შეგეძლოთ შეგენახათ და შეგროვებას რომ დაიწყებდით, მაშინ მიგემატებინათ.
– ო, დიდ სიკეთეს იჩენთ, – მითხრა მან. ამ დროს მისმა მეგობარმაც გადმომხედა. პატარა შავ წიგნს კითხულობდა ის მეორე და თან ყავას სვამდა. ბიბლიას ჩამოგავდა ეს წიგნი, მაგრამ მეტისმეტად თხელი იყო. ალბათ ბიბლიისნაირი რამე იქნებოდა. საუზმედ მხოლოდ ყავა და ხრაშუნა პურები დაეკვეთათ. ამან გუნება გამიფუჭა. საძაგლობაა – შენ ლორიან ერბო-კვერცხსა და ამისთანა რაღაცეებს მიირთმევდე და შენს გვერდით კი ცარიელა ყავასა და ხრაშუნა პურსა სჭამდეს კაცი!
ათი დოლარი მიიღეს ჩემგან შეწიურელად. ჩამაცივდნენ, ნამდვილად შეგიძლიათ კი ამდენის გამომეტებაო. ფული თავსაყარი მაქვს-მეთქი, ვუთხარი,
მაგრამ, მგონი, არ დაიჯერეს. ბოლოს მაინც გამომართვეს. იმდენი მადლობა მიხადეს სათითაოდ, რომ უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი. საუბარი საერთო თემაზე გადავიტანე და ვკითხე, საი მიბრძანდებოდნენ. მასწავლებლები გამოდგნენ, ის იყო ჩიკაგოდან ჩამოსულიყვნენ და რომელიღაც სკოლაში მასწავლებლობას აპირებდნენ – არ ვიცი ას სამოცდამერვე ქუჩაზე და არ ვიცი ას ოთხმოცდამეექვსეზე, თუ სადღაც იმ უბანში. ჩემკენ რომლიც იჯდა – აი რკინის ჩარჩოიანი სათვალე რომ ეკეთა, – ინგლისურის მასწავლებელი აღმოჩნდა, მისი მეგობარი კი ისტორიასა და ამერიკის კონსტიტუციას ასწავლიდა. იდიოტივით ამეკვიატა ერთი აზრი და ვეღარც ამოვიგდე თავიდან – ეს ჩემი მეზობელი, ინგლისურს რომ ასწავლის, თუკი მართლა მონაზონია და ყველაფერი, ნეტა რას ფიქრობს, ზოგიერთ ინგლისურ წიგნს რომ კითხულობს-მეთქი. მაინცდამაინც უხამსსა და უგვან წიგნებზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ისეთ წიგნებზე, სადაც სიყვარული და ამისთანობაა აღწერილი. ჯერ მარტო იუსტასია ვეი რად ღირს – თომას ჰარდის «სამშობლოში დაბრუნება» ხომ გახსოვთ? არც იმდენი ხვევნა-კოცნაა შიგ და არც არაფერი, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობს ხოლმე მონაზონი, ამ იუსტასიას ამბავს რომ კითხულობს. რაღა თქმა უნდა, ამაზე კრინტიც არ დამიძრავს. მარტო ისა ვთტვი, ინგლისურს ყველაზე კარგად ვსწავლობ-მეთქი.
– მართალა? რა სასიამოვნოა! – წამოიძახა სათვალიანმა, აი ინგლისურს რომ ასწავლიდა, – წელს რა წაიკითხეთ? ძალიან მაინტერესებს. – მართლაც რომ სანდომიანი ქალი იყო.
– უმეტესად ანგლო-საქსონურ პერიოდს გავდიოდით. ბიოვულფი, გრენდელი, «ლორდო რენდალ, ჩემო შვილო» და ამისთანებს. მაგრამ შიგადაშიგ კლასგარეშე საკითხავ წიგნებსაც გვაძლევდნენ და ამაში ცალკე ნიშნებს გვიწერდნენ ხოლმე. თომას ჰარდის «სამშობლოში დაბრუნება» წავიკითხე, «რომეო და ჯულიეტა», «იულიუს…»
– აჰ, «რომეო და ჯულიეტა»! რა დიდებულია! ხომ ძალიან მოგეწონათ?
მართლაც არ ჰგავდა მონაზონს.
– დიახ. ძალიან. ძალიან მომეწონა. ზოგი რამე არც თუ ისე, მაგრამ საერთოდ ძალიან კარგია.
– მაინც რა არ მოგეწონათ? ვერ გაიხსენებთ?
მართალი თუ გინდათ, ცოტა უხერხული კი იყო «რომეო და ჯულიეტაზე» ლაპარაკი მასთან. რამდენი ხვევნა-კოცნაა ამ პიესაში, ესქალი კი მონაზონი გახლავთ! მაგრამ თვითონვე მკითხა და რა უნდა მექნა – მეც გავუმართე კამათი. მაინცდამაინც არ ვგიჟდები იმ რომეოსა და ჯულიეტაზე-მეთქი, ვუთხარი.
– მოწონებით კი მომწონს, მაგრამ… საერთოდ, ძნელი სათქმელია. ხანდახან პირდაპირ გული ჩაგწყდება. ერთი სიტყვით, მერკუციოს სიკვდილმა გაცილებით უფრო დამწყვიტა გული, ვიდრე თვითონ რომეომა და ჯულიეტამ. საქმე ის არის, რომ სულ გამიქრა რომეოს სიყვარული მას შემდეგ, რაც ხმლით განგმირა იმ მეორემ… ჯულიეტამ ბიძაშვილმა… რა ერქვა?
– ტიბალტი.
– დიახ. ტიბალტი. – ვუთხარი მე. ვერასდიდებით ვერ დავიმახსოვრე იმ ბიჭის სახელი. – სულ რომეოს ბრალი კი იყო. ერთი სიტყვით, მერკუციო მირჩევნია ყველას, მთელს პიესაში. არ ვიცი, რატომ. მონტეგებიც კარგები არიან, კაპულეტებიც… თვითონ ჯულიეტა ხომ კარგია და კარგი… მაგრამ მერკუციო, ეს პირდაპირ… ძნელია ამის ახსნა. რა ჭკვიანი ბიჭი იყო, როგორი მხიარული,
გულზევსკდები ხოლმე, ამისთანა ხალხს რომ მოკლავენ – ასე ჭკვიანსა და მხიარულს… და ისიც სხვისი გულისთვის. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი რომეოს და ჯულიეტას ბრალი იყო.
– რომელ სკოლაში სწავლობთ? – მკითხა მან. ეტყობა, სხვა რამეზე უნდოდა ლაპარაკი გადაეტანა.
პენსიში ვსწავლობ-მეთქი. გაგონილი ჰქონოდა. ძალიან კარგი სკოლააო. მეც აღარ გამოვდავებივარ. მერე იმ მეორემ, ისტორიისა და კონსტიტუციის მასწავლებელმა, უკვე წასვლის დროაო, თქვა. იმათი ანგარიშიც ავიღე, მაგრამ არ დამანებეს გადახდა. სათვალიანმა გამომტაცა ხელიდან.
– ისედაც დიდი ხელგაშლილობა გამოიჩინეთ, – მითხრა მან. – ძალიან კარგი ბიჭი ხართ. – მართლაც რომ სანდომიანი ქალი იყო, ცოტათი ერნესტ მოროუს დედას მოგაგონებდა, აი მატარებელში რომ გავიცანი. განსაკუთრებით, როცა გაიღიმებდა. – ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, – დასძინა მან.
ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ლაპარაკი-მეთქი, ვუთხარი. მართლაც მესიამოვნა. მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნო იქნებოდა, რომ მთელი საუბრის დროს სულ იმის შიშში არ ვყოფილიყავი – აი ახლა მკითხავენ და აი ახლა, კათოლიკე ხარ თუ არაო. კათოლიკები სულ იმის ცდაში არიან, შენი კათოლიკობაც გამოარკვიონ. მე პირადად მრავალჯერ გამომიცდია ასე, ალბათ იმიტომაც, რომ ირლანდიური გვარი მაქვს, ხოლო ირლანდიელების უმრავლესობა კათოლიკები არიან. მართალი თუ გნებავთ, ერთ დროს მამაჩემიც კათოლიკე იყო. მაგრამ დედაჩემი რომ შეირთო, მაშინვე მიატოვა ეს კათოლიკობა. გვარიც რომ არ იცოდნენ შენი კათოლიკებმა, მაინც შეეცდებიან შენი კათოლიკობის გამორკვევას. ჰუტონის სკოლაში ერთ კათოლიკ ბიჭს ვიცნობდი – ლუი შენის. სწორედ ის ბიჭი გავიცანი პირველად ჰუტონში. სწავლის დაწყების დღეს. ექიმთან ვდგავართ რიგში და ლაპარაკი ტენისზე ჩამოვარდა. ტენისის გიჟი იყო. მეც. ყოველ ზაფხულს ვესწრები ფორესტ-ჰილში ტენისის შეჯიბრებებსო. მეც ვესწრები-მეთქი, ვუთხარი და ამის შემდეგ მაგარ მოთამაშეებზე გავაბით საუბარი. ჯერ პატარა ბიჭი იყო და ტენისი კარგად არ იცოდა. ნამდვილად. ცოტა ხნის შემდეგ, გახურებულ დავაში რომ ვართ, უცებ მომიბრუნდა და მეკითხება – «შემთხვევით, კათოლიკური ეკლესია ხომ არ იცი, სად იქნება?» ზედვე ეტყობოდა, რომ განგებ მკითხა, – უნდოდა გამოერკვია, კათოლიკე ვიყავი თუ არა. ნამდვილად. ისე კი არ ჩამომართვათ, თითქოს გამწარებით სდომოდეს ჩემი კათოლიკობა, უბრალოდ აინტერესებდა. ტენისზე გატაცებით ლაპარაკობდა, მაგრამ მაშინვე შეატყობდით, რომ ჩემი კათოლიკობა კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მოჰგვრიდა. ჭკუიდან მშლის ხოლმე ასეთი რამე. არ გეგონოთ, თითქოს ამის შემდეგ საუბარი გაგვეწყვიტოს ან რამე – სულაც არა – მაგრამ ისე კარგად ვეღარ ავაწყვეთ. ამიტომაც გამეხარდა, იმ მონაზვნებმა რომ არ მკითხეს, კათოლიკე თუ ხარო. რა თქმა უნდა, საუბარს არ ჩაგვიპშლიდა ეგ, მაგრამ მაინც სულ სხვა იქნებოდა. არ იფიქროთ, კათოლიკებს ვძრახავდე. რა ბრძანებაა! კათოლიკე რომ ვიყო, ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი. თუმცა ესეც იმას ჰგავს, ჩემოდნებზე რომ გელაპარაკებოდით. მე მხოლოდ ის მინდა გითხრათ, რომ ასეთი რამე ტკბილ საუბარს ჩაგიშხამებს. ეგ არის და ეგ.
წასვლა რომ დააპირეს და წამოდგნენ, – იმ ორ მონაზონზე გეუბნებით, – ისეთი სიბრიყვე მომივიდა, მერე მევე შევწუხდი. სიგარეტსა ვწევდი და გამოსამშვიდობებლად როცა წამოვდექი, კვამლი უცებ პირდაპირ სახეში არ შევაბოლე! მართალია განგებ არ მიქნია, მაგრამ ასე კი გამომივიდა. გამწარებით
მოვყევი ბოდიშს და იმათაც ძალიან ტკბილად და თავაზიანად გამიღიმეს, მაგრამ მაინც უხერხული იყო.
როცა წავიდნენ, ახლა იმაზე დამწყდა გული. რატომ ათ დოლარზე მეტი არ შევწირე-მეთქი. მაგრამ აკი სალი ჰეისს შევპირდი თეატრში წაყვანას და ბილეთები ხომ უნდა მეყიდა. გული მაინც დამწყდა. ღმერთმა დასწყევლოს ფული. არ იქნება, გუნება არ გაგიფუჭოს.

ნაწილი 16

ჯერ თორმეტიც არ იყო, საუზმეს რომ მოვრჩი. სალის კი ორზე უნდა შევხვედროდი, ასე გვქონდა დათქმული, ამიტომ გადავწყვიტე სადმე შორს გამევლო. ის ორი მონაზონი ვეღარ ამოვიგდე თავიდან. სულ თვალწინ მედგა გაცრეცილი ჭილის ჩანთა, რომლითაც ისინი საქმელმოქმედო შეწირულობას აგროვებდნენ ხოლმე, როცა სკოლიდან თავისუფალი იყვნენ. ვცდილობდი დედაჩემი ან ვინმე ახლობელი, თუნდაც მამიდა, ან სალი ჰეისის ქარაქუცა დედა წარმომედგინა – როგორა დგანან დიდი მაღაზიების წინ და გაცრეცილ ჭილის ჩანთაში საწყალი ხალხისათვის ფულს აგროვებენ. ძნელი წარმოსადგენი კი იყო. დედაჩემი იმდენად არა, რამდენადაც ის ორი. მართალია, მამიდაჩემი ქველმოქმედი ქალი გახლავთ – წითელ ჯვარს ეხმარება და ყველაფერი – მაგრამ ძალიან კარგად იცავმს, საქველმოქმედო ფულის შესაგროვებლად რომ დადის, მაშინაც კარგად აცვია, თან ტუჩებსაც იღებავს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩაიცვას მონაზვნის შავი ფლასები და ტუჩებშეუღებავმა საქველმოქმედო მოწყალების შესაგროვებლად იწანწალოს. ახლა სალის დედა! ღმერთო ჩემო! მხოლოდ იმ პირობით ივლის მოწყალების შესაგროვებლად, ყველა ფეხქვეშ თუ გაეგო ამ შეწირვის დროს. ისე თუ ჩაუგდეს ფული და ხმის გაუცემლად გაშორდნენ – არც ყურადღება მიაქციეს და არც არაფერი – ერთ საათში დაანებებს თავს. მოსწყინდება. ჩანთას ვინმეს მიუგდებს და თვითონ რომელიმე დიდებულ რესტორანში შებრძანდება. ამიტომაც მომეწონა ის მონაზვნები. მაშინვე შეატყობდით, მდიდრულ რესტორნებში შემსვლელები არ იყვნენ. და ეს რომ გავიფიქრე – თავის დღეში არ შევლენ მდიდრულ რესტორანში-მეთქი – გლუზე ნაღველი შემომაწვა. ვიცი, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მე მაინც დამწყდა გული.
ბროდვეისკენ გავწიე. ისე, გულის გადასაყოლებლად: რამდენი ხანია იქით აღარ გამევლო. თანაც იქნებ გრამაფონის ფირფიტების კვირადღეობით მოვაჭრე მაღაზიას გადავეყარო სადმე-მეთქი, ვიფიქრე. ფიბისთვის მინდოდა ფირფიტა – «პაწაწინა შერლი ბინსი». ძალიან ძნელი საშოვნელი იყო. ერთ პატარა გოგონაზეა – ორი წინა კბილი მოსძვრება და შინიდან აღარ გამოდის, რცხვენია. პენსიში მოვისმინე ეს სიმღერა. ვიღაც ბიჭს ჰქონდა ზემო სართულზე. მინდოდა გამომერთმია – ვიცოდი, რომ ფიბი ჭკუას კარგავდა – მაგრამ არ მომყიდა. შესანიშნავი ფირფიტა იყო, ძველისძველი, ოცი წლის წინათ ემღერა ზანგ მომღერალს – ესტელ ფლეტჩერს. დიქსილენდურად უქცევს, როგორც საროსკიპოებში და იმიტომ არ არის გულისამაჩუყებელი. აბა თეთრკაბიან ქალს ემღერა! მიანაზებდა და მიაკნავებდა ხმას. ეტყობა, იცოდა თავისი საქმე იმ ესტელ ფლეტჩერმა. იშვიათად მომისმენია ასეთი კარგი რამე. ვიფიქრე, კვირაობით მოვაჭრე რომელიმე მაღაზიაში წავაწყდები და ვიყიდი-მეთქი. მერე პარკში
წავიღებდი, ფიბი თითქმის ყოველ კვირა-დღეს დადის საციგურაოდ პარკში. ვიცოდი, სად შეიძლებოდა მისი ნახვა.
გუშინდელივით აღარ ციოდა, მაგრამ მზე მაინც არ გამოჩენილა და ვერაფერი სასიამოვნო იყო ქუჩაში წრიალი. თუმცა ერთმა რამემ კი გამახარა. ჩემს წინ მთელი ოჯახი მიდიოდა – მამა, დედა და ასე, ექვსი წლის ბიჭი. ეტყობოდა, ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ. ღარიბები ჩანდნენ. მამას პრიალა ნაცრისფერი ქუდი ეხურა – ღარიბი ხალხი საგარეოდ იხურავს ხოლმე ასეთ ქულს. ცოლ-ქმარი თითქმის თავისთვის მიდიოდა, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და ბავშვს ყურადღებასაც არ აქცევდნენ. ღმერთივით ბიჭი იყო. ტროტუარზე კი არ დადიოდა – პირდაპირ ქუჩაში გადასულიყო და ტროტუარის გასწვრივ მიაბიჯებდა. ცდილობდა სწორი, გაუმრუდებელი ხაზით ევლო, – ასე იციან ბიჭებმა, – თან მთელი გზა რაღაცას ღიღინებდა თუ ზუზუნებდა. ფეხი ავაჩქარე – აბა რას მღერის-მეთქი. «ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში»… ამას მღეროდა. პატარა წრიპინა ხმა ჰქონდა. მაშინვე შეატყობდი, რომ თავის გასართობად წამოეწყო ეს სიმღერა და სხვა ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. ირგვლივ მანქანები დაჰქრიან, ისმის მუხრუჭების განუწყვეტელი ხრჭიალი, მშობლები კი ყურადღებასაც არ აქცევენ ბავშვს, და ისიც არხეინად მიაბიჯებს ტროტუარის გასწვრივ და მიიმღერის – «ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში»… ერთბაშად გულზე მომეშვა, ნაღველი გადამეყარა.
ბროდვეიზე ისე ირეოდა ხალხი, რომ ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა. კვირადღე იყო, თორმეტიც არ შესრულებულიყო, მაგრამ ხალხს უკვე გვერდს ვერ აუქცევდი. კინოში მიეშურებოდა ყველა – «პარამაუნტისკენ», «ასტორისკენ», «სტრენდისკენ», «კაპიტოლისკენ» და რა ვიცი კიდევ რამდენი ფეთიანი ადგილია. სულ მორთულ-მოკაზმულები გამოსულიყვნენ – კვირადღე იყო! მით უფრო შემაზრზენია! მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რომ აშკარად შეატყობდი, გული ელეოდათ კინოს სანახავად. შეხედვა მზარავდა პირდაპირ. მესმის, როცა სხვაგან არსად არა გაქვს წასასვლელი და იძულებული ხარ კინოში წახვიდე, მაგრამ კინოზე რომ გელევა გული და თან კისრისტეხითაც გარბიხარ, რაც შეიძლება მალე მივიდეო, ესა მსპობს. მილიონი კაცი რომ დგას ძაღლის მოთმინებით ბილეთის რიგში, და რიგს კუდი ეგერ, ჰე, სადა აქვს… ეს მიშლის ხოლმე ნერვებს. ჰოი, ბიჭო, ვეღარ გავიკვლიე გზა ამ ოხერ ბროდვეიზე! მაგრამ ბედმა კი გამიღიმა: პირველივე ფირფიტების მაღაზიაში ვიშოვე «პაწაწინა შერლი ბინსი». ხუთი დოლარი დამცინცლეს, რადგან ძნელად საშოვნი ფირფიტა იყო მაგრამ სულაც არ დამნანებია. ჰოი ბიჭო, როგორ გავბედნიერდი ერთბაშად! ერთი სული მქონდა, მანამ პარკში მივიდოდი და ჩემს ფიბის გადავცემდი ამ ფირფიტას.
გამოვედი თუ არა ფირფიტების მაღაზიიდან, იქვე აფთიაქი შემხვდა და შევედი. ვიფიქრე, მოდი ერთი ჯეინს დავურეკავ და გავიგებ არდადეგებზე თუ ჩამიოვა-მეთქი. ავტომატში შევედი და დავურეკე. სამწუხაროდ, დედამისმა მიპასუხა და მილი დავუკიდე. სადა მქონდა მაგის წილადობილის თავი. დიდად არ ვკარგავ ჭკუას გოგოების დედებთან ტელეფონით ლაპარაკზე. თუმცა კი უნდა მეკითხა, ჯეინი შინ თუ არის-მეთქი. რა დამაკლდებოდა! მაგრამ დამეზარა. გუნებაზე უნდა იყო, რომ ამისთანა საქმე გააკეთო.
ახლა ის ოხერი თეატრის ბილეთები უნდა ამეღო. გაზეთი ვიყიდე და გადავხედე – სად რა გადიოდა. რაკიღა კვირა იყო, სამ სპექტაკლზე მეტს არ აჩვენებდნენ. ავდექი და ორი პარტერი ავიღე «მე ვიცნობ ჩემს სატრფოს»-ზე. მგონი საქველმოქმედო სპექტაკლი იყო, თუ რაღაც ამნაირი. დიდად არ
ამომდიოდა მზე ამ პიესაზე, მაგრამ სალის ამბავი ვიცოდი, ეს ხომ მანჭვა-გრეხვის დედოფალია – როგორც კი გაიგებდა, რაზე ავიღე ბილეთები, სულ ნერწყვები მოადგებოდა, რადგან ამ სპექტაკლში ლანტები მონაწილეობდნენ.
დახვეწილი და მშრალი სპექტაკლები უყვარდა სალის. ახლა, მით უმეტეს ლანტებიც გამოდიოდნენ და ყვეველაფერი. მე არ მიყვარს. მართალი თუ გინდათ. საერთოდ, თეატრსაც ვერ ვეწყობი დიდად. კინოს, რაღა თქმა უნდა, სჯობია, მაგრამ არც ის უქნია ღმერთს. ჯერ ერთი, რომ მსახიობებს ვერ ვიტან. ადამიანებს აღარა ჰგვანან, სცენაზე რომ გამოვლენ. თუმცა თავი ისე უჭირავთ, თითქოს ძალიანაც ჰგვანდნენ. ზოგი კარგი მსახიობი გამოერევა – ცოტათი დაემსგავსება კაცს, მაგრამ ისე მაინც არა, რომ დაგაინტერესოს და გაგართოს. თანაც, მართლა კარგი მსახიობი თუ გამოვიდა, თვითონვე იცის თავისი ფასი და ეს კი ყველაფერს აფუჭებს. ავიღოთ თუნდაც სერ ლორენს ოლივიე. «ჰამლეტში» მინახავს. შარშან დ.ბ.-მ წაგვიყვანა მეცა და ფიბიც. ჯერ საუზმით გაგვისმასპინძლდა, მერე კი კინოში შევედით. ადრევე ენახა ჩემს ძმას, და ასე აქებდა საუზმის დროს, რომ ერთი სული მქონდა, მანამ ვნახავდი. მაგრამ მაინცდამაინც არ მომწონებია. ვერ გამიგია, რას გიჟდებიან ასე ამ ლორენს ოლივიეზე. დიდებული ხმა აქვს, ისედაც ჩამოსხმული ბიჭია, თვალს ვერ მოაშორებ – როცა დადის ან ხმალში ებრძვის ვინმეს, მაგრამ დ.ბ.-მ რომ ჰამლეტი აგვიწერა, ისეთი სულაც არ არის. გენერალს უფრო ჰგავს, ვინემ გულდამძიმებულსა და დარტყმულ ტიპს. მთელს სურათში ყველაზე კარგი ის იყო, რომ ოფელიას ძმა – აი ის ბიჭი ბოლოს ჰამლეტს რომ ებრძვის ხმალში – სადღაც მიემგზავრება და მამამისი კიდევ გაუთავებელ დარიგებას მოჰყვება. მანამ მამამისი დარიგებებს აძლევს, ოფელია მაიმუნობას დაიწყებს – ხან ხანჯალს ამოაცლის ძმას ქარქაშიდან, ხან გამოაჯავრებს, ეს ბიჭი კი დგას და ცდილობს თავი ისე დაიჭიროს, თითქოს ძაან გულისყურით უსმენდეს მამამისის პრუტუნს. ეს მართლაც დიდებულია. ძალიან მომეწონა. მაგრამ ამისთანა ადგილები ბევრი როდია. ფიბის მარტო ის მოეწონა, ჰამლეტი რომ ძაღლს თავზე ხელს უსვამს. სასაცილოც არის და კარგი რამეცო, თქვა, და მართალიც იყო. უსათუოდ უნდა წავიკითხო ეს პიესა. მთელი უბედურება ის არის, რომ მე თვითონ ვკითხულობ პიესებს – მსახიობს ყურს ვერ ვუგდებ, სულ იმის მოლოდინში ვარ, აბა როდის მოჰყვება მანჭვა-გრეხას-მეთქი.
ბილეთები რომ ავიღე, ტაქსი დავიჭირე და პარკისკენ გავწიე. მეტროთი უნდა წავსულიყავი, ფული ცოტაღა დამრჩა, მაგრამ ერთი სული მქონდა, მანამ ამ ოხერ ბროდვეის მოვშორდებოდი.
პარკიც საზიზღარი იყო., სიცივე იმდენად არაფერი, მაგრამ მზე ჯერაც არ ამოსულიყო და კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავდი – მხოლოდძაღლების ნაკვალევს თუ შენიშნავდი, და პაპიროსის ნამწვავებსაც იმ ადგილას, საცა ბერიკაცებს უყვართ ხოლმე ჯდომა. ბაღის გრძელი სკამები სველი ჩანდა – რომ დავჯდე, სულ ამოვილუმპებიო, იფიქრებდი. გული მოგეწურებოდა. არ ვიცი რატომ და, შიგადაშიგ ტანში ჟრუანტელი მივლიდა. სულაც არ იგრძნობოდა შობის დღესასწაულის მოახლოვება. საერთოდ, არაფრის მოახლოებაც არ იგრძნობოდა. მე მაინც გავსწიე სასეირნო მოედნისაკენ, რადგან ფიბის ამ ადგილებში უყვარს თამაში. ორკესტრის მახლობლად დასრიალებს ხოლმე. სასაცილო კია – ბავშვობაში მეც აქ ვციგურაობდი.
მივადექი მოედანს, მაგრამ ფიბი ვერ ვნახე. რამდენიმე ბავშვი ციგურებით სრიალებდა, ორი ბიჭი ბურთს თამაშობდა, ფიბი კი არსად ჩანდა. ერთი გოგონაშევნიშნე, სწორედ ფიბის ტოლა, სკამზე ჩამომჯდარიყო და ფეხზე
ციგურებს იმაგრებდა. ვიფიქრე, იქნებ ფიბის იცნობს და იცის კიდეც, ახლა სად არის-მეთქი. მივედი, გვერდზე მივუჯექი და ვკითხე.
– ფიბი კოლფილდს ხომ არ იცნობ?
– ვისა? – ჩამეკითხა გოგო. შარვალი ეცვა და ერთი ოცამდე სვიტრი. ეტყობოდა, დედამისს მოექსოვა – ულაზათოდ ადგა ტანზე, გამოფლაშკული ჰქონდა.
– ფიბი კოლფილდს. სამოცდამეთერთმეტე ქუჩაზე ცხოვრობს. მეოთხე კლასშია. აი იმ…
– თქვენ იცნობთ ფიბის?
– ჰო. ძმა ვარ მისი. იცი, სად არის?
– მისს ქელონის კლასში სწავლობს?
– არ ვიცი. მგონი კი.
– მაშ მუზეუმში იქნებიან. ჩვენ წარსუკლ შაბათს ვიყავით, – მითხრა გოგონამ.
– რომელ მუზეუმში?
გოგონამ მხრები აიჩეჩა.
– არ ვიცი, – თქვა მან, – მუზეუმში იქნებიან.
– ვიცი, მაგრამ, სურათებიან მუზეუმში, თუ საცა ინდიელები არიან იქა?
– საცა ინდიელები არიან.
– დიდი მადლობელი ვარ – ვუთხარი მე. ავდექი და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ დღეს კვირა იყო.
– დღეს ხომ კვირაა! – ვუთხარი გოგონას.
მან შემომხედა.
აჰ, მაშ არ იქნება იქ.
ძალიან გააწვალა ციგურების დამაგრებამ. ხელთათმანები არა სცმია, არც არაფერი და სულ გათოშილ-გაწითლებული ჰქონდა ხელები. წავეშველე. ჰოი, ბიჭო, რამდენი წელიწადია, ციგურების გასაღები არა მჭერია ხელში. მაგრამ მაინც არ მეუცხოვა. კიდევ ორმოცდაათი წელი რომ გავიდეს და უცებ კუნაპეტ სიბნელეში შემომაჩეჩო, ხელადვე მივხვდები, რა არის. მადლობა მითხრა, როცა დავუმაგრე. მშვენიერი გოგონა იყო – საყვარელი და თავაზიანი. ძალიან სასიამოვნოა, ამისთანა პატარა გოგონას ციგურებს რომ დაუმაგრებ და ის თავაზიანად გეტყვის მადლობას. თითქმის ყველა ბავშვი თავაზიანი და საყვარელია. ნამდვილად. ცხელ შოკოლადზე ან რამეზე ხომ არ დამეწვევიტ-მეთქი, ვკითხე, მაგრამ არაო, მადლობელი ვარო. ამხანაგს უნდა შევხვდეო.
პატარა ბავშვებს სულ ასე მოსდგამთ – მუდამ ამხანაგები ელოდებიან. გაგიჟდები კაცი.
მართალია კვირა დღე იყო, არც ფიბი მეგულებოდა მუზეუმში, ამინდიც ასეთი ნესტიანი და საძაგელი იდგა, მაგრამ მე მაინც გადავჭერი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმისკენ გავემართე. ვიცოდი, რომ ამ მუზეუმს გულისხმობდა ციგურებიანი გოგონა. მთელი ასავალ-დასავალი ვიცოდი ამ მუზეუმისა. ფიბიც იმ სკოლაში შეიყვანეს, საცა მე ვსწავლობდი პატარაობისას, და მუდამ იქ დავჰყავდით ხოლმე სკოლიდან. ერთი მასწავლებელი გვყავდა – მისს ეიგლეტინგერი – შაბათი არ გამოერეოდა, რომ იქ არ წავეყვანეთ. ხან ცხოველებს ვათვალიერებდით, ხანაც ინდიელების მიერ უხსოვარ დროში გაკეთებულ სხვადასხვა ნივთებს. ჭურჭლეულიო, ჭილის კალათებიო, და ათას ამისთანა რაღაცეებს. რამდენს გავიხსენებ, იმდენი გული გამიხალისდება. ახლაც კი. მახსოვს ექსპონატების დათვალიერებას რომ მოვრჩებოდით, დიდ დარბაზში შეგვიყვანდნენ და კინოს გვაჩვენებდნენ. კოლუმბი. მუდამ კოლუმბი უნდა
ეჩვენებინათ – როგორ აღმოაჩინა ამერიკა, რამდენი ღიჭინი დასჭირდა, რომ ფერდინანდისა და იზაბელასთვის ხომალდის შესაძენი ფულები დაეცინცლა, მერე მეზღვაურები როგორ აუჯანყდნენ და რა ვიცი. კოლუმბი ვის რაში აინტერესებდა, მაგრამ თავშესაქცევად შაქარყინული და კევი მოჰქონდათ, თანაც დარბაზში მუდამ სასიამოვნო სუნი იდგა ხოლმე. ისეთი სუნი იდგა, გეგონებოდა გარეთ წვიმააო, – კიდეც რომ არ ყოფილიყო წვიმა, – შენ კი ზიხარ შენთვის არხეინად, მშრალად, ქვეყნად ყველაზე უფრო მყუდრო ადგილზე. გაგიჟებით მიყვარდა ეს ოხერი მუზეუმი. მახსოვს, ჯერ «ინდური ოთახი» უნდა გაგვევლო, მანამ დიდ დარბაზში შეხვიდოდი. თვალს ვერ გაუწვდენდი, იმსიგრძე ოთახი იყო, და უსათუოდ ჩურჩულით უნდა გელოაპარაკათ. კლასს მასწავლებელი მიუძღოდა წინ, ბავშვები წყვილ-წყვილად შეჰყავდათ. ჩემთან მუდამ ერთი და იგივე გოგო იდგა – გერტრუდა ლევინი. უსათუოდ ხელი უნდა ჩაეჭიდა – ხელი კი სულ ოფლიანი რა რაღაცნაიროი წებოვანი ჰქონდა. ქვის იატაკი ეგო და რამე კენჭი რომ გჭეროდა და დაგვარდნოდა, ისე გაიტკაცუნებდა, სულ გააყრუებდა იქაურობას. მასწავლებელი მაშინვე გააჩერებდა კლასს, მობრუნდებოდა და ნახავდა, რა მოხდაო. თუმცა გაბრაზებით თავის დღეში არ გაბრაზდებოდა მისს ეიგრეტინგერი. ჩაუვლიდი უსაშველოდ წაგრძელებულ ინდურ საომარ კარჭაპს – სამი კადილაკი რომ ჩაგემწკრივებია, იმსიგრძე მაინც არ იქნებოდა. ამ კარჭაპში ოცამდე ინდიელი იყო, ზოგი ნიჩბებს უსვამდა, ზოგიც ისე იდგა და მრისხანედ იყურებოდა აქეათ-იქით. სახე ყველას საომარ ყაიდაზე ჰქონდა მოხატული. კიჩოზე ერთი ნიღბიანი ინდიელი იჯდა – მოჩვენებასა ჰგავდა. იმათი ჯადოქარი იყო. იმის დანახვაზე შიშის კანკალი ამიტანდა, მაგრამ მაინც მომწონდა. ხელს თუ ახლებდი რამეს – ან ნიჩაბს ან სხვა რამეს, ერთ-ერთი დარაჯი მაშინვე გეტყოდა, «ხელს ნუ ახლებთ, ბავშვებო», მაგრამ პოლიციელივით ხომ არ დაგიღრიალებდა – ისე გეტყოდა, ტკბილად და ალერსიანად. მერე ჩაუვლიდი მინის დიდ ყუთს, რომელშიაც ინდიელები ისხდნენ. ჯოხები ეჭირათ ხელში და ცეცხლის გასაჩაღებლად ამ ჯოხებს ერთმანეთს უხახუნებდნენ, იქვე ერთი ქალი ჩაცუცქულიყო და ჩულსა ქსოვდა. ეს დედაკაცი წინ იყო გადმოხრილი და მკერდიც უჩანდა და ყველაფერი. ჩვენ გაფაციცებით ვუყურებდით ხოლმე, გოგოებიც კი, რადგან პატარები იყვნენ და ჩვენზე დიდი მკერდი არც იმათ ჰქონიათ. ბოლოს, ზედ დარბაზის შესასვლელთან, ხელმარჯვნივ, ერთი ესკიმოსი იჯდა პატრა ტბის პირას და თევზს იჭერდა. ორი თევზი უკვე დაეჭირა და ხელმარჯვნივ ეწყო. ჰოი, ბიჭო, რამდენი მინის ყუთი იდგა ამ მუზეუმში! მაგრამ ეს რაა – ზემო სართულში უნდა გენახა. აგერ ირმები დაწაფებიან წყაროს. იქით ზამთარი დამდგარა და ფრინველები სამხრეთისაკენ მიფრინავენ. შენკენ უფრო ახლო ფიტულები ჰკიდია მავთულზე, იქით კი, უკან, პირდაპირ კედელზეა მიხატული ჩიტები. მაგრამ ყველა ცოცხალსა ჰგავს და ასე გგონია, მართლაც სამხრეთისკენ მიფრინავენო. თავს თუ დაღუნავ და ქვემოდან ახედავ, მოგეჩვენება, კიდევ უფრო ჩქარა მიჰქრიანო. მაგრამ ამ მუზეუმისა ყველაზე უფრო ის მომწონდა, რომ ადგილს არაფერს არ უცვლიდნენ. ყველაფერი უცვლელად იდგა. ასიათასჯერ რომ მისულიყავი, ესკიმოსი ისევ ისე იდგა ტბასთან ჩამჯდარი და ორი თევზი ჰყავდა დაჭერილი, ფრინველები ისევ სამხრეთისაკენ მიფრინავდნენ, ირმები კვლავინდებურად წყაროს დასწაფებოდნენ – ისეთივე ლამაზი რქები, იმნაირივე წვრილი ფეხები, – ის მკერდგაღეღილი ინდიელი დედაკაციც იმგვარადვე ჩაცუცქული, ჩულის ქსოვაში გართული. შეცვლილს ვერაფერს ნახავ. მხოლოდ შენ იქნები შეცვლილი. განა
იმას ვამბობ, მოხუცდები ან რამე ასეთი-მეთქი. სულაც არა. მაგრამ შეცვლილი მაინც იქნები: ან ახალი პალტო გეცმევა, ან იმ ბავშვს, რომელიც შენს გვერდით იდგა, ქუნთრუშა ეჭირვება და ამიტომ სხვასთან იქნები დაწყვილებული ან მისს ეიგლეტინგერის ნაცვლად ახალი მასწავლებელი გეყოლება, ან არადა დედ-მამა წაიკიდებოდნენ დილით და იმათი ჩხუბი გექნება მოსმენილი სააბაზანოდან; ან იქნებ ქუჩაში გუბე ნახე და შიგ ბენზინის ცისარტყელა შენიშნე. ერთი სიტყვით, რაღაცნაირად შეცვლილი იქნები – კარგად ვერ გამომითქვამს, რასაც ვფიქრობ. იქნებ შემიძლია კიდეც გამოთქმა, მაგრამ მეზარება.
გზაში ჩემი სანადირო ქუდი ამოვიღე და დავიხურე; კაი მაგარი სინესტე იყო, თან ვიცოდი, რომ ნაცნობი არავინ შემხვდებოდა. მივდიოდი, მივდიოდი, და სულ იმას ვფიქრობდი, როგორ დაჰყავდათ ჩემი ფიბი შაბათობით მუზეუმში, სწორედ ისე, როგორც ერთხელ მე დავდიოდი; როგორ ნახულობდა იმავე ნივთებს, რაც მე უკვე მენახა, და როგორ იცვლებოდა თვითონ ყოველ ნახვაზე. ვერ ვიტყვი, ამის გაფიქრება გუნებას მიწამლავდა-მეთქი, მაგრამ არც ძალიან სასიხარულო იყო. ზოგიერთი რამე არ უნდა შეიცვალოს, ისევ ისე უნდა დარჩეს. უნდა შეიძლებოდეს იმ მინის დიდ ყუთში ჩასმა, რომ თავისთვის დასტოვო და ხელი არ ახლო. ვიცი, რომ შეუძლებელია, და სავალალოც ეგ არის. ერთი სიტყვით, მივდიოდი და ვფიქრობდი.
გავცდი სათამაშო მოედანს, მერე ავდექი და ყურება დავუწყე, როგორ თამაშობდა ორი ბავშვი აწონ-დაწონას. ერთი მათგანი ჩასუქებული იყო და მე გამხდარი ბავშვის მხარე დავიჭირე, ხელი წავაშველე – გავაწონასწორებ-მეთქი, მაგრამ, შევატყე, სულაც არ ეპიტნავებოდა ჩემი იქ ყოფნა, და გავშორდი.
უცებ სასაცილო რამე მოხდა. მუზეუმს რომ მივადექი, ერთბაშად ვიგრძენი, მილიონი დოლარიც რომ მოეცათ, შიგ შემსვლელე არ ვიყავი. გული არ მიმიწევდა – არადა მთელი ბაღი კი გადმოვიარე აქ მოსასვლელად. ფიბი რომ ყოფილიყო, ალბათ შევიდოდი, მაგრამ ფიბი არ იყო. მოვბრუნდი, იქვე მუზეუმის წინ ტაქსი დავიჭირე და «ბალტიმორისკენ» გავწიე. მაინცდამაინც არ მეხალისებოდა წასვლა, მაგრამ სალის რომ პაემანი დავუნიშნე!

გაგრძელება იქნება

მსგავსი ამბები

Back to top button