არქივი

ჩრდილოეთი ამერიკა

north america.v2

ჩრდილოეთი ამერიკა (ინგლ. North America, ფრანგ. Amérique du Nord, ესპ. América del Norte, Norteamérica, ნაუატ. Ixachitlān Mictlāmpa) — კონტინენტი დედამიწის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებში. სამხრეთ ამერიკასთან ერთად ქმნის ამერიკას. ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ქვეყნებია: კანადა, აშშ და მექსიკა. კონტინენტის ფართობი კუნძულების გარეშე შეადგენს 20,36 მლნ კმ²-ს, კუნძულებთან ერთად კი 24,709 მლნ კმ²-ს. ჩრდილოეთ ამერიკას ეკუთვნის კუნძული გრენლანდია, კანადის არქტიკული არქიპელაგი, კარიბები, ალეუტის კუნძულები და სხვა.
2008 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ ამერიკის 23 სახელმწიფოში 529 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. კონტინენტებს შორის ფართობით იგი მესამეა, აზიისა და აფრიკის შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე, აზიის, აფრიკისა და ევროპის შემდეგ.
კონტინენტის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი წარმოიშვა უძველეს კრატონ ლავრენტიაზე. მისი ისტორია დაახლოებით 1,5-1 მილიარდ წელს მოიცავს. მატერიკის ძირითად ნაწილს კანადის ფარი წარმოადგენს. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია ევროპის კონტინენტისგანაა გამოყოფილი. ეს ორი მატერიკი ერთმანეთთან სუპერკონტინენტ პანგეას დროს იყო შეერთებული, სხვა დანარჩენ კონტინენტებთან ერთად. კონტინენტზე არსებული ხელსაყრელი პირობების გამო, მის ტერიტორია დინოზავრების გავრცელების მთავარ არეალს წარმოადგენდა. თუ, საიდან მოხვდნენ ადამიანები კონტინენტზე ამის შესახებ დანამდვილებითი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ყველაზე მყარი ჰიპოთეზის მიხედვით ადამიანები კონტინენტზე დიდი გამყინვარების დროს აზიიდან გადმოსახლდნენ.
კონტინენტის ჩრდილოეთი სანაპირო ძირითადად არქტიკულ სარტყელშია მოქცეული, დანარჩენი ნაწილი კი ზომიერ სარტყელშია. ასეთი ჰავის გამო კონტინენტზე ფართო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები მიმდინარეობს. კონტინენტზე მიედინება მსოფლიოში სიგრძით მესამე მდინარე — მისისიპი-მისურით.
კონტინენტი ძლიერი ეკონომიკური სისტემებით გამოირჩევა, აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა — აშშ. ასევე ძლიერი ეკონომიკური სისტემები გააჩნიათ მექსიკასა და კანადას. კონტინეტზე ძირითადად სამი მსხვილი ეკონომიკური გაერთიანება მოქმედებს: ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA), კარიბების კავშირი (CARICOM) და ცენტრალური ამერიკის საინტეგრაციო სისტემა (CACM)[3].
ყველაზე გარცელებული სალაპარაკო ენებია: ინგლისური, ფრანგული და ესპანური. სამივე ენის გავრცელება კონტინენტზე ევროპული კოლონიზაციის დროს მოხდა. მოსახლეობა მრავალფეროვანია ეთნიკური და რასობრივი თვალსაზრისითაც, ძირითად რასობრივ ჯგუფებს ინდოევროპელები, მეტისები და ზანგები წარმოადგენენ.

ეტიმოლოგია

Free image hosting powered by PicZ.Ge

მიჩნეულია რომ, კონტინენტს სახელი ეწოდა იტალიელი მოგზაურის ამერიგო ვესპუჩის, გერმანელი კარტოგრაფების მარტინ ვალდზეემიულერისა და მათიას რინგმანის პატივსაცემად[4]. ამერიგო ვესპუჩიმ სამხრეთ ამერიკაში იმოგზაურა 1497–1502 წლებში, იგი იყო პირველი ევროპელი მოგზაური, რომელმაც აღნიშნა რომ, ამერიკა – ეს არ იყო აღმოსავლეთ ინდოეთი, არამედ ეს იყო ჯერ კიდევ უცნობი ახალი კონტინენტი. 1507 წელს მარტინ ვალდზეემიულერმა შეადგინა მსოფლიოს რუკა, რომელზეც მან დაიტანა სახელწოდება „ამერიკა“[5].
მოგვიანებით ტერმინი „ამერიკა“ უფრო ფართოდ გავრცელდა და იმ დროს შექმნილ თითქმის ყველა რუკაზე იქნა დატანილი. 1538 წელს ცნობილმა გეოგრაფმა და კარტოგრაფმა მერკატორმა ტერმინი „ამერიკა“ გამოიყენა მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს აღსანიშნავად[6].
არსებობს მრავალი ჰიპოთეზა, თუ რატომ დაერქვა კონტინენტს „ამერიკა“. 1908 წელს ალფრედ ჰადმა წამოაყენა მოსაზრება, რომლის თანახმადაც კონტინენტს სახელი დაერქვა უელსელი ვაჭრის რიჩარდ ამერიკას პატივსაცემად, რომელმაც სავარაუდოდ დააფინანსა ჯონ კაბოტის ექსპედიცია, რომელიც 1497 წელს განხორციელდა და ამ ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს კუნძული ნიუფაუნდლენდი. კიდევ ერთი ჰიპოთეზის თანახმად, კონტინენტს სახელი ეწოდა ესპანელი მეზღვაურის — ამაირიკის პატივსაცემად. ასევე, ზოგიერთი ჰიპოთეზის თანახმად, ტერმინი „ამერიკა“ მომდინარეობს ინდიელთა ენებიდან.

გეოლოგიური ისტორია

ლავრენტია წარმოადგენს უძველეს კრატონს, რომელზეც წარმოიშვა ჩრდილოეთ ამერიკის ძირითადი გეოლოგიური ბირთვი. კონტინენტის ამ ნაწილმა ფორმა დაახლოებით 1,5-1 მილიარდი წლის წინ, პროტეროზოური ეონის დროს მიიღო.[7] კანადის ფარი კონტინენტის ძირითად გეოლოგიურ ნაწილს წარმოადგენს. პალეოზოური ერის ბოლო პერიოდიდან მეზოზოური ერის ადრეულ პერიოდამდე, მაშინ როდესაც არსებობდა სუპერკონტინენტი პანგეა, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია შეერთებული იყო დღეს არსებული კონტინენტების ტერიტორიასთან, ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ევრაზიის ტერიტორია ესაზღვრებოდა. სუპერკონტინენტ პანგეას ფორმირების ერთ-ერთი შედეგია აპალაჩები, რომლის ფორმირება დაახლოებით 480 მლნ წლის წინ მოხდა. აპალაჩები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი მთათა სისტემაა. პანგეას დაშლის შემდეგ წარმოიშვა, ორი კონტინენტი ლავრაზია და გონდვანა. ლავრაზია მოიცავდა დღევანდელ ჩრდილოეთ ამერიკისა და ევრაზიის ტერიტორიებს, ისინი ერთმანეთს ცარცული პერიოდიდან გამოეყვნენ.[8] კლდოვანმა მთებმა და კონტინენტის დასავლეთით მდებარე სხვა მთათა სისტემებმა ფორმირება განიცადეს დაახლოებით 80-დან 55-მდე მილიონი წლის წინ, ლარამის ოროგენის პერიოდში. პანამის ყელის ფორმირება, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას აკავშირებს 3 მილიონი წლის წინ მოხდა.
ჩრდილოეთ ამერიკის გეოლოგიური ისტორიის შესახებ კაცობრიობამ, საკმაოდ ბევრი რამ იცის. გეოგრაფიული რაიონი, რომელიც დღეს აშშ-ის ტერიოტორიას მოიცავს დინოზავრების გავრცელების მთავარი არეალი იყო, სხვა ქვეყნების ტერიტორიებთან შედარებით. პალეონტოლოგ პიტერ დოდსონის აზრით, ეს განპირობებული იყო ამ ტერიტორიის სტრატიგრაფიით, კლიმატით, გეოგრაფიით, ადამიანური რესურსებითა და ისტორიით..

წყარო : http://ka.wikipedia.org

მადლობა ყურადღებისთვის!

nika.jvara

ravi aba!

მსგავსი ამბები

Back to top button