არქივი

შუქჩრდილის მბრძანებელი

6c95cfe78ae6

რემბრანდტის დიდ შემოქმედებით მემკვიდრეობას – 600 ტილოს, 300 გრავიურასა და 2000 ნახატს ბევრი დამფასებელი ჰყავს, მისი ტილოები მსოფლიოს ნებისმიერი მუზეუმისთვის უდიდესი სიამაყის საგანია, თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო. გენიალური ოსტატი, ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, რომელმაც მთელ ჰოლანდიურ ფერწერაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა, თანამედროვეებმა ვერ დააფასეს, ის უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა…

რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი 1606 წლის 15 ივლისს ქალაქ ლეიდენში, შეძლებული მეწისქვილის ოჯახში დაიბადა. გარმენ გერიტსისა და მისი ცოლის ნელტიე ვილემს დოხტერ ვან რეინისთვის ის მეოთხე ვაჟი გახლდათ. უფროსი ძმებისგან განსხვავებით, რომლებსაც ხელოსნობას ასწავლიდნენ, მამამისმა რემბრანდტისთვის უფრო ფართო განათლების მიცემა გადაწყვიტა. ის ლათინურ სკოლაში მიაბარეს, მაგრამ სკოლა რემბრანდტს, რომელიც მხატვრობაზე უკვე მაშინ ოცნებობდა, დიდად არ მოეწონა. ცუდადაც სწავლობდა და მამა იძულებული გახდა, შვილისთვის დაეთმო და სკოლიდან გამოიყვანა.

257143d724fc

მისი პირველი ხატვის მასწავლებელი იაკობ ვან სვანენბიურხი საშუალო დონის ფერმწერი იყო, თუმცა პოპულარული გახლდათ… სამი წლის შემდეგ რემბრანდტი ამსტერდამში მხატვარ პიტერ ლასტმანის მოწაფე ხდება, ვისთანაც არა მარტო ხატვასა და ფერწერას, არამედ გრავირების ხელოვნებასაც ეუფლება, 1623 წელს კი ლეიდენში ბრუნდება და ინტენსიურ შრომას განაგრძობს. პირველი ცნობილი ნამუშევრები 1627 წლით თარიღდება, ხოლო 1628 წლიდან რემბრანდტი უკვე ჩამოყალიბებული ოსტატია.

KvirisPalitra.Ge1631 წელს რემბრანდტი ამსტერდამში დასახლდა და მალე საყოველთაოდ ცნობილი გახდა. ზღვასავით წამოსული შეკვეთების მიუხედავად, მხატვარს ოსტატობის სრულყოფისთვის შრომა წუთით არ შეუწყვეტია. დაუღალავად ხატავდა ან აკეთებდა გრავირებას ნატურიდან, განსაკუთრებით აინტერესებდა ებრაულ კვარტალში მცხოვრებთა სახასიათო სახეები.

1634 წელს რემბრანდტის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დრო დადგა – მან ცოლად შეძლებული ოჯახიშვილი სასკია ვან უილენბიურხი შეირთო. ბუნებრივია, ამ პერიოდის ნაწარმოებებში სასკია ძალიან ხშირად ფიგურირებს და მისი სახის ნაკვთები არა მხოლოდ პორტრეტებშია საცნაური, არამედ მრავალ სხვა ტილოსა და გრავიურაზე.

ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, – სასკია 1642 წელს გარდაიცვალა. მათი ოთხი შვილიდან კი შედარებით დღეგრძელი მხოლოდ ვაჟი – ტიტუსი გამოდგა.

7ad765834338

რემბრანდტმა ცხოვრების ახალ მეგზურად თავისი მოსამსახურე, ჰენდრიკიე იეგერსი აირჩია, ვისთანაც ქალიშვილი შეეძინა. მხატვრის მატერიალური მდგომარეობა კი უარესდებოდა, რასაც რემბრანდტის ახალი გატაცება – კოლექციონერობის ჟინიც უწყობდა ხელს. იმდენ ფულს ხარჯავდა იშვიათ საგნებსა და სიძველეებში, რომ 1656 წელს გაკოტრდა და საკუთარი სახლიდან სასტუმროში გადასვლამ მოუწია. 1656 წელს ჰენდრიკიეც გარდაიცვალა, ხოლო შვიდი წლის შემდეგ – რემბრანდტის ვაჟი ტიტუსი.

რემბრანდტი დიდ სიდუხჭირეში ჩავარდა, მაგრამ მუშაობის სურვილი არ განელებია, მაინც ბევრს ხატავდა, მაგრამ სიღარიბეს თავი ვეღარაფრით დააღწია. საქმე ის არის, რომ იმ დროის საზოგადოების გემოვნება მკვეთრად შეიცვალა და შუქჩრდილების დიდოსტატის ნაკლებად ფერადოვანი ტილოები ხელოვნების მოყვარულებს უკვე აღარ მოსწონდათ – მათ ხასხასა ფერწერა არჩიეს. “მოდიდან გამოსული” უდიდესი მხატვარი 1669 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.

სამაგიეროდ, რემბრანდტს მადლიერმა შთამომავლობამ მიაგო პატივი. მისმა განუმეორებელმა გენიამ ის ჰოლანდიური სკოლისა და ე.წ. მთელი “ჩრდილოური ფერწერის” მამამთავრად აქცია.

მსოფლმხედველობით რემბრანდტი რეალისტია. მისი ყველა ნამუშევარი, მათ შორის – მითოლოგიურიც, რეალიზმითაა გამსჭვალული – ანტიკური ბერძნული ღვთაებები მისივე თანამედროვე ჰოლანდიელების სახით ჰყავს წარმოდგენილი (მაგ. “დანაე”, 1636-1647). არც რელიგიურ თემებზე შექმნილ სურათებში ღალატობს რეალიზმს – ბიბლიურ ფიგურებს თავისი ეპოქის სამოსს აცმევს, თუმცა ყველგან იგრძნობა დიდი მოწიწებაც (“გარდამოხსნა” 1634, გრავიურები: “ქრისტე სნეულებს კურნავს” და “მოგვთა თაყვანისცემა” 1657).

რემბრანდტის შემოქმედებაში უმეტესწილად რეალისტური პორტრეტებია – ხელოვანი არა მარტო პერსონაჟთა სახის ნაკვთებს გადმოგვცემს უზუსტესად, არამედ შესანიშნავად ასახავს მათ შინაგან სამყაროს, მორალურ სახეს, ხოლო სამოსითა და აქსესუარებით – ეროვნებასა და პროფესიაზეც მიანიშნებს (“კალიგრაფის პორტრეტი”, 1631, “დოქტორ ტულპის ანატომიის გაკვეთილი”, 1632).

ac46c71730ce

მხატვრის ყურადღება, ძირითადად, შუქჩრდილების თამაშისკენაა მიპყრობილი, რაშიც გენიალურ ოსტატს ტოლი არა ჰყავს. თუ მის პირველ ნამუშევრებში “რემბრანდტისეულ შუქჩრდილებზე” მხოლოდ მინიშნების დანახვაა შესაძლებელი, სიცოცხლის ბოლო წლებში ის შედევრებს ქმნის (“მემაუდეთა სინდიკები” 1661, “უძღები შვილის დაბრუნება”, 1661, “ებრაელი პატარძალი”, 1662).

არ დარჩენილა თემა, რომელსაც რემბრანდტი არ შეხებია, მაგრამ პროტესტანტი მხატვრის ყურადღება მაინც სახარებისკენ იყო მიპყრობილი. ყველაზე ხშირად ქრისტიანული თანაგრძნობით გამსჭვალულ ნახატებსა და გრავიურებზე მონა ღვთისა რემბრანდტ ვან რეინი მაცხოვრის ტანჯვას გამოსახავდა.

წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

მსგავსი ამბები

Back to top button