არქივი

„ცერნის” მეცნიერებმა ყველაზე მაღალი ტემპერატურა მიიღეს

alice
დიდ ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე ფიზიკოსებმა რეკორდი მოხსნეს და მზის შუაგულზე 350 000-ჯერ უფრო მაღალი ტემპერატურა მიიღეს. მეცნიერებმა ტყვიის იონები ერთმანეთს შეაჯახეს და შექმნეს დამანახშირებელი ტემპერატურის მქონე სუბატომური სუპი, ცნობილი, როგორც კვარკ-გლუონური პლაზმა. პლაზმა 5.5 ტრილიონ გრადუსამდე გახურდა, რაც ექსპერიმენტებში მიღებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ცერნის” ფიზიკოსთა მიღწევა დაახლოებით 40%-ით მეტია ძველ რეკორდზე, რომელიც ბრუკჰეივენის ეროვნულ ლაბორატორიაში, რელავისტური მძიმე იონების კოლაიდერში განხორციელდა ოქროს იონების შეჯახებით. თუმცა „ცერნის” მეცნიერთა განზრახვა მხოლოდ რეკორდის დამყარება არ ყოფილა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ასეთი უკიდურესად მაღალი ტემპერატურის შექმნით მეტ ინფორმაციას მიიღებენ იმაზე, თუ რა სახე ჰქონდა სამყაროს დიდი აფეთქებიდან მალევე და როგორი სიტუაცია სუფევდა. ისინი თვლიან, რომ დღევანდელი სიტუაციისგან განსხვავებით, ჩვენი სამყაროს ისტორიაში არსებობდა პერიოდი, როცა კვარკები და გლუონები – მატერიის საშენი ძირითადი ბლოკები – არ იყვნენ გამომწყვდეული რთულ ნაწილაკებში, როგორიცაა პროტონი და ნეიტრონი. ამის ნაცვლად ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ მატერიის ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც კვარკ-გლუონური პლაზმა ეწოდება.

ნაწილაკების მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ამაჩქარებელში – დიდ ადრონულ კოლაიდერში – ტყვიის იონების შეჯახებით დროის მოკლე პერიოდში შეიქმნა ადრეულ სამყაროში არსებული პირობების მსგავსი სიტუაცია. ექსპერიმენტებში მილიარდამდე მსგავსი შეჯახების ანალიზით შესაძლებელი გახდა, უფრო დაზუსტებულიყო მატერიის თვისებები, როცა ის ასეთ ექსტრემალურ მდგომარეობაშია.

მეცნიერებმა განახორციელეს ALICE-ის (A Large Ion Collider Experiment) ტიპის ექსპერიმენტი. ორშაბათს (20 აგვისტო) ALICE-ის ჯგუფმა ახალ მიღწევაზე პრეზენტაცია გააკეთა კვარკის მატერიის 2012 წლის კონფერენციაზე ქალაქ ვაშინგტონში. მათი თქმით, მიღებული ტემპერატურა 38%-ით აღემატება წინა მაჩვენებელს.

ALICE-ის წარმომადგენელმა პაოლო გიბელინომ დაადასტურა, რომ გაზომვა სრულყოფილად ზუსტი არ ყოფილა და ენერგიის გრადუსებში გადაყვანა არ განუხორციელებიათ. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება ეჭვი შევიტანოთ წინასწარ შედეგებში და ვთქვათ, რომ გამოთვლებით მიღებული მაჩვენებელი არ იქნება 5.5 ტრილიონ გრადუს ცელსიუსის სიახლოვეს. სამეცნიერო ჟურნალ „Nature”-სთვის მიცემულ ინტერვიუში გიბელინო აღნიშნავს, რომ ზუსტი შედეგის დადგენისთვის რამდენიმე კვირაა საჭირო.

ამის პარალელურად ბრუკჰეივენის რელავისტური მძიმე იონების კოლაიდერზე მომუშავე მეცნიერები აცხადებენ, რომ კვარკ-გლუონური პლაზმის შესახებ სულ უფრო მეტ ინფორმაციას იგებენ. ორშაბათს მათ განაცხადეს, რომ ოქროს იონების შეჯახებით თანდათან უახლოვდებიან იმის გარკვევას, თუ როგორ გარდაიქმნება კვარკ-გლუონური პლაზმა ადრონებისგან შემდგარ ნორმალურ აირად. როგორც წყალი არსებობს სხვადასხვა მდგომარეობაში, რაც ტემპერატურასა და წნევაზეა დამოკიდებული, ასევე უნდა არსებობდეს ის ზღვარი, რაც კვარკ-გლუონურ პლაზმას ჩვეულებრივი მატერიისგან განასხვავებს. სწორედ ესაა ბრუკჰეივენის მეცნიერთა კვლევის საგანი.

 

წყარო : http://charliuss.com

lukikovani

me davibade 2001-wels

მსგავსი ამბები

Back to top button