თბილისის ფუნიკულიორი
1900 წლის ივლისში თბილისის თვითმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც ბელგიელი ინჟინრის, ალფონს რობის პროექტის დამტკიცებას, თბილისის ფუნიკულიორის გაყვანას ითვალისწინებდა.
ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობის დამთავრების შემდეგ ფუნიკულიორის გზა თვითმმართველობას უნდა გადაცემოდა. იგი 5 წლამდე ბავშვების, პოლიცია-ჟანდარმერიისა და ფოსტის დამტარებლებისვის უფასო მგზავრობას ითვალისწინებდა.
ბელგიის გარკვეული საზოგადოება ფუნიკულიორს ექსპლუატაციას გაუწევდა 45 წლის განმავლობაში, მოგვიანებით კი იგი უსასყიდლოდ გადაეცემოდა თბილისს. ხელშეკრულების მიხედვით ნავარაუდევი იყო ასევე მთაწმინდასა და კოჭორს შორის ელექტრული რკინიგზის გაყვანა.
თბილისის ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბრიდან დაიწყო, რომელშიც უამრავი უცხოელი სპეციალისტი მონაწილეობდა. მშენებლობის პროექტი ფრანგ ინჟინერს ა. ბლანშს ეკუთვნის. რაც შეეხება არქიტექტურულ ნაწილს, იგი ქართველმა ხუროთმოძღვარმა, შიმკევიჩმა დაამუშავა. გზის უშუალო ხელმძღვანელობა ბელგიელ და იტალიელ ინჟინრებს, როგოლერსა და ფონტანა-როსს ევალებოდათ. ფუნიკულიორის მშენებლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა ასევე ნიკო ნიკოლაძემაც, რომელმაც ძალიან მცირე დროში შეასრულა რკინა-ბეტონის სამუშაოები ესტაკადისთვის.
ფუნიკულიორის მშენებლობა 1905 წლის 27 მარტს დასრულდა. ნიკო ფიროსმანმა მას დიდი ფერწერული ტილო მიუძღვნა. ამჟამად თბილისის ფუნიკულიორი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ნაგებობაა. სწორედ მისი მეშვეობით უკავშირდებიან მგზავრები მთაწმინდის პანთეონს.
ფუნიკულიორის თავდაპირველი რეკოსტრუქცია 1936-1938 წლებში ჩატარდა. ზედა სადგურის ადგილას ახალი ნაგებობა აშენდა. მეორე რეკონსტრუქცია 1968-1969 წლებში ჩატარდა, ამჟამად ქვედა სადგურის ნაცვლად კვლავ ახალი შენობა აიგო, ასევე გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანიც.
წლების შემდეგ თბილისის ფუნიკულიორმა ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა სულ ახლახანს იგი აღდგა და 500 მეტრი სიგრძის გზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
ვიდეოები იხილეთ აქ:
წყარო : http://ka.wikipedia.org