არქივი

დარიალის დამცველნი

ce8f24e23515

დარიალის დამცველნი,ამათ შეაკავეს წითელი არმია და საქართველოს გასაბჭოება დარიალის გზით ვერ მოხერხდა. [ქართველთა ერთერთი უდიდესი ვაჟკაცობა და გმირობა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს.]

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

”27 მაისს დაიწყო პირველი ბრძოლა დარიალში რუს ბოლშევიკებთან, რაიცა დასრულდა მათი სრული დამარცხებით: 32 მოვუკალით, 68 დავუჭერით და 27 ტყვედ წამოვიყვანეთ წავართვით ტყვიისმფრქვეველი, ბევრი თოფი და დიდძალი პატრონა”,  “უნდა სიმართლე ითქვას, რომ საზოგადოდ საკვირველი მხნეობით და გმირულად ებრძოდნენ მტერს სტეფანწმინდელები, სნოვლები და ცდოვლები დაწყებული 27 მაისიდან 15 მკათათვემდის.” _ ეს არის ამონარიდი დარიალის დამცველთა ერთ-ერთი მეთაურის წერილიდან, რომელიც დაიბეჭდა 1918 წელს გაზეთ “ერთობაში” და რომელიდანაც ქვემოთ მოვიყვანთ არაერთ ფრაგმენტს.

რა ხდებოდა 1918 წელს 27 მაისიდან 15 ივლისამდე დარიალში და საერთოდ დუშეთის მაზრაში? როგორ შეძლეს მოხევებმა დარიალის დაცვა? რატომ ვერ მიეხმარა მათ საქართველოს სამხედრო ძალები დროულად? რა გეგმები ჩაუშალეს მოხევებმა ბოლშევიკებს? ამ საკითხზე, დღემდე არაფერი უთქვამთ ჩვენს ისტორიკოსებს. ამიტომაც გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ისტორიის ამ წინააღმდეგობით სავსე მონაკვეთის შესახებ.

1918 წლის მაისში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ბოლშევიკებმა, რომელთაც კარგად ორგანიზებული ჯგუფები (იაჩეიკები) ყავდათ მთელ საქართველოში, დაიწყეს გლეხთა აჯანყებები ყველა კუთხეში. განსაკუთრებით ფართო მასშტაბიანი აჯანყება მოახდინეს დუშეთის მაზრაში. ეს განპირობებული იყო იმით, რომ აჯანყებულთა დახმარება რუსი ბოლშევიკებისთვის ხელსაყრელი იყო დარიალის ხეობიდან. ამ დროს რუსეთში მძვინვარებდა სამოქალაქო ომი. ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედებდა ე/წ “თერგის რესპუბლიკა,” რომლის სათავეშიც ბოლშევიკები იყვნენ. მათაც მძიმე დღე ედგათ, კაზაკები იბრძოდნენ ხელისუფლებისათვის, ბრძოლები მიმდინარეობდა ინგუშებსა და ოსებს შორის. ოსებს ომში კაზაკები უჭერდნენ მხარს, ინგუშების მეკავშირედ ბოლშევიკური ხელისუფლება გამოდიოდა. ცოტა უფრო ჩრდილოეთით დენიკინის არმია უტევდა ბოლშევიკებს. მიუხედავად ამისა, ვლადიკავკაზში, რომელიც იყო ცენტრი “თერგის რესპუბლიკისა”, საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად მუშაობდა რუს ბოლშევიკთა “რევოლუციის სამხარეო კომიტეტი,” შემდგომში ჩვენთვის ცნობილი კიროვების, ორჯონიკიძეების და სხვათა შემადგენლობით. მათ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს დაპყრობა და ბოლშევიკების მოყვანა ხელისუფლებაში.

27 მაისს, მათ მიერ დარიალში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ახალი იტერვენციისათვის აუცილებელი იყო დარიალის გახსნა რუსი ბოლშევიკების შემოსაშვებად.ქართულ პრესაში პირველი ინფორმაცია დუშეთის მაზრაში დაწყებული ამბოხის შესახებ, გამოჩნდა გაზეთ “ერთობაში” 26 ივნისის ნომერში. საიდანაც ჩანს, რომ აჯანყებულები, 18 ივნისს თავს დაესხნენ დუშეთის მაზრის კომისარ დუმბაძეს და მის რაზმს მცხეთის მახლობლად წილკანში. აჯანყებულებმა რაზმი დაამარცხეს, დუმბაძე კი დაჭრილებთან ერთად დუშეთში დაბრუნდა. აი რას ყვება წერილის ავტორი ვ. შემოქმედელი დუშეთში მომხდარ ამბებზე: “19 ივნისს აჯანყებულ მოსახლეობასთან ერთად ბოლშევიკებმა იერიში მიიტანეს ქალაქ დუშეთზე. 12 საათზე ქალაქს გარს შემოერტყა რაზმი, სამი, ოთხი ათასი კაცისგან შემდგარი. აიკლეს და გაანადგურეს კომისარიატი. დაანგრიეს ცეიხგაუზები, გაძარცვეს სასურსათო მაღაზია, კერძო ხალხი და ასე ამ რიგათ დაიწყეს თარეში.

კომისარი დუმბაძე დაიმალა, რადგან გაბოროტებული ბრბო მოითხოვდა მის დასჯას, წამებას… დაიჭირეს და მოკლეს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე საშა რიკაძე. ერთი სიტყვით მდგომარეობა მეტათ ცუდი იყო და არის დღესაც.”იმავე დღეს ფასანაურში მომხდარი ამბებია აღწერილი გაზეთ “საქართველოში” 1918 წლის 6 ივლისის ნომერში:“ცხრამეტ ამ თვეს (ივნისს-ჯ.წ.) ფასანაურში ჩამოვედით მე და პორ. მგალობლიშვილი (დარიალის ხეობის ტყვიისმფრქვეველთა რაზმის უფროსი) ერთი ჯარისკსცით. ღამე ფასანაურში გავათენეთ. რა ხდებოდა დუშეთში, ჩვენ არა ვიცოდით რა. მეორე დღეს დილით 15 კაცამდე შეიარაღებული იმ ადგილობრივი უსაქმური ყმაწვილები გარს შემოგვერტყნენ და თუ ვინმეს რაიმე გვებადა იარაღი და ფული წაიღეს. არ გაიარა 15 წუთმა, რომ დუშეთიდან ავტომობილით ამოვიდნენ სამი კაცი თეთრი ბაირაღებით. კომისარს და იქ შეყრილ ხალხს განუცხადეს, რომ დუშეთი ჩვენს ხელშია, დუშეთს ზევით მცხოვრებნი აქ მოდიან ყაზბეგზედ დარიალის გასახსნელად. დუშეთს ქვევით მცხოვრებნი ქალაქისკენ წავიდა, ხვალ ქალაქიც ჩვენს ხელთ გადმოვაო, ვინაიდგან მცხეთა ჩვენს ხელშია და ჩვენი ჯარი მუხათ გვერდამდეა მისულიო. თქვენ დღესვე უნდა შეატყობინოთ მთიულ-გუდამაყარს, რომ ყველა გამოვიდეს თოფებით, ვინც შინ დარჩება კავკავიდან რომ ჩამოვივლით დიდ-პატარიანად ამოვწყვეტთო. ხალხი უკვე იკრიბებოდა, ეტყობოდათ, რომ უფრო წინადვე სცოდნოდათ ეს ამბავი. შემდეგ ამ დელეგატებს გადასცეს ჩვენი ყაზბეგიდან ჩამოსვლა.

იქონია ხალხმა მსჯელობა ყრილობაზე და გადასწყვიტეს 21-ში დავეხვრიტენით მე და მგალობლიშვილი. ხალხმა დაიწყო დენა, აჩერებდნენ ეტლებს, ავტომობილებს და სხვას, ხალხის გადასასხმელად ყაზბეგისაკენ. დელეგატებში იყვნენ ერთი დუშელი კარიაული და ორი ანანურელი სომეხი გ. ანდრეევი და ნალბანდიანი… მთელი რვა დღის განმავლობაში იარა ხალხმა ქვევიდან ზევით ყაზბეგისკენ, ფოსტა-ტელეგრაფი ხელთ ჰქონდათ ჩაგდებული, ყველა ბილიკი ყარაულებს ეჭირათ.პარასკევს მოგვიტანეს ამბავი, რომ დუშეთიდან დელეგატები მოვიდნენ და უფრო ლმობიერი ხალხი სჩანსო. ჩავედი და ვუთხარი ჩვენი ამბავი. იმათში ერთმა ვინმე აბრამამ მკითხა ვინაობა, გაიგო რა ვინ ვიყავი, უბრძანა ორი სალდათი დაეძახათ. ეხლა ვიცი ვინცა ხარო, შენ იყავი მიზეზი დარიალში ბოლშევიკების დახოცვისაო, შენ დაიბარე მთავრობის ჯარიო და სხვ.”აჯანყების ერთ ერთი ორგანიზატორი _ გიორგი ლაფანაშვილი 1927 წელს გამოცემულ წიგნში “დუშეთის გლეხთა აჯანყება 1918 წელს” გვაწვდის ცნობებს, იმის შესახებ თუ როგორ მზადდებოდა აჯანყება, ვინ იყვნენ ჩართული მის ორგანიზებაში, როგორ წარიმართა საბრძოლო მოქმედებები აჯანყებულებსა და სახელმწიფო სამხედრო ძალებს შორის, როგორ დამარცხდნენ ბოლშევიკები, აღწერილია აგრეთვე დატყვევებულ აჯანყებულთა სასამართლო პროცესები და ის საზეიმო მიტინგები და გამოსვლები, რომელსაც გასაბჭოების შემდეგ _ 1922 წლიდან მართავდნენ ბოლშევიკები, აჯანყების ყოველი წლის თავზე.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ყველაფერი ბოლშევიკური პროპაგანდის კუთხითაა წარმოჩენილი, ინფორმაცია საკმაოდ საინტერესოა. გ. ლაფანაშვილის მიხედვით, აჯანყება ნაადრევად დაწყებულა, ამის მიზეზი გამხდარა ხელისუფლების მიერ სოფ. ბაზალეთში და წილკანში მოსახლეობიდან იარაღის ამოღების ოპერაცია, რამაც ბოლშევიკები აიძულა აშკარად გამოსულიყვნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. აჯანყების მეთაურებად ლაფანაშვილი ასახელებს ქართველ ბოლშევიკ რევოლუციონერებს დუშეთიდან, ბაზალეთიდან, ჭოპორტიდან, წილკანიდან დას ხვ. მაგრამ აქვე არ უარყოფს, რომ აჯანყების სამხედრო ხელმძღვანელი თერგის ოლქის მაცხოვრებელი ოსი აბაევი და მისსივე თანამემამულე სომეხი არიან. წიგნში მოყვანილია აჯანყების დროს რუსული სამხედრო ძალების შემოყვანის ბრალდებით ფილიპე მახარაძის, საშა გეგეჭკორის, ს. ქავთარაძის სასამართლო პროცესების სტენოგრაფიული ჩანაწერები, რომლებიც ერთი წლის შემდეგ იქნენ დაპატიმრებულნი. არის სიები აჯანყებისას დაღუპული და ტყვედ აყვანილი ბოლშევიკებისა.

23 ივნისს ყაზბეგში არსებულ ვითარებაზე გ. ლაფანაშვილს ერთი საყურადღებო ფაქტი აქვს მოყვანილი: “წილკანში ჩვენი ყოფნის დროს, იქ მოვიდა ერთი საბარგო ავტომობილი, რომელიც სავეს იყო შეიარაღებული რაზმით და მათი ვინაობის შეტყობის შემდეგ გამოირკვა, რომ ეს შეიარაღებული რაზმი კობის თემის მცხოვრებ ოსებისგან შესდგებოდა და რაზმის ხელმძღვანელად ნიკოლოზ მაკაევი ჰყავდათ. როგორც ამხ. მაკაევმა გადმოგვცა, რაზმი გამოგზავნილ იყო კობის თემის აჯანყებული გლეხობის მიერ და ითხოვდნენ ტყვიისმფრქვევლებს და საკმაო რიცხვს ვაზნებისას; თავიანთ მოთხოვნილებას და ტყვიისმფრქვევლების საჭიროებას ასაბუთებდნენ იმით, რომ ყაზბეგი ნებით არ უშვებს აჯანყებულებს დარიალის სიმაგრის გასახსნელად და საჭიროა ძალით სოფ. ყაზბეგის დამორჩილებაო… ცარიელი ამხ. მაკაევის უკან დაბრუნება ყოვლად შეუძლებელი იყო, რადგან  ჩვენ შტაბს ყაზბეგზე გალაშქრება გადაწყვეტილი ჰქონდა და მოსალოდნელ ბრძოლაში კობის თემის მშრომელ გლეხობას გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა, ამიტომ მათთვის ტყვიის-მფრქვევლები აუცილებლად იყო საჭირო… ამხ. მაკაევს ორი ტყვიის-მფრქვეველი და საკმაო რაოდენობა ვაზნებისა გადაეცა, რის შემდეგაც ამხ. მაკაევის რაზმი იმავე საბარგო ავტომობილით კობისკენ წავიდა.

”იმ პერიოდის გაზეთ “ერთობის” მიხედვით მხოლოდ 6 ივლის იწყება სამხედრო ჩარევა დუშეთის მაზრაში ბოლშევიკთა და მათ მიერ აყოლიებული მოსახლეობის თარეშის აღსაკვეთად. თუმცა გ. ლაფანაშვილის მიხედვით 19 ივნისიდან 4 ივლისამდე სამთავრობო ჯარს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს აჯანყებულებმა წილკანში, ჭოპორტში, მჭადიჯვარში, წითელსოფელსა და განსაკუთრების დუშეთში. აჯანყებულთა წინააღმდეგ სამხედრო ავიაცია – “მფრინავი რაზმებიც” იქნა გამოყენებული, მაგრამ ამან მეამბოხეთა წინააღმდეგობა ვერ გატეხა. რამდენიმე დღე დასჭირდათ სამთავრობო ჯარებს დუშეთთან გამაგრებული აჯანყებულებისა და რუსი მეზარბაზნეების დასამარცხებლად, რადგან ისინი დუშეთთან, ქერანას მთაზე მოხერხებულ ადგილში იყვნენ გამაგრებული და მისი განეიტრალება, მხოლოდ ქსნის ხეობიდან ბაზალეთზე შემოვლით შეძლო ვალიკო ჯუღელის რაზმმა. ამ უკანასკნელს ადასტურებს ჯუღელის დღიურის  ჩანაწერებიც. გაზეთ “ერთობის” იმდროინდელი ცნობებით, პროცესები ასე ვითარდებოდა:6 ივლისს ქართული სამხედრო ძალები ორ ნაწილად გაიყო.

ძირითადი ნაწილი ვ. ჯუღელისა და კონიევის მეთაურობით დუშეთის გავლით ანანურზე წავიდა სამხედრო გზით. (საქართველოს სამხედრო გზა მაშინ დუშეთზე გადიოდა ჯ.წ.), ხოლო ფურცელაძისა და გედევანიშვილის რაზმები არაგვის მარცხენა სანაპიროთი წავიდა ანანურის უკნიდან მოსავლელად. ორი მხრიდან შეტევამ შედეგი გამოიღო, მტერმა დატოვა ანანური და უკან დაიხია ფასანაურისკენ. მათ დაედევნა გედევანიშვილის რაზმი და გზაში ორი ტყვიამფრქვევი წაართვა. ხელთ ჩაუვარდათ ამბოხებულთა მიმოწერა, რომლიდანაც ირკვევა, რომ აჯანყება ბოლშევიკების მიერაა ორგანიზებული. ”მთავარი მონაწილენი არიან გარდა ბოლშევიკებისა ოსების, რუსების და სომხების ნაციონალისტები.  ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჩვენ მაგათ აგვიყოლიესო, მოგვატყუეს, რომ მთავრობა თავად აზნაურობისგან შესდგებაო და მიწების წართმევას გიპირობენო.”8 ივლისს დილის ოთხ საათზე ქართული სამხედრო რაზმები ფასანაურისკენ დაიძრნენ. ფასანაურის აღების შესახებ გვარდიის მთავარი შტაბში მიღებული ცნობებით, “აქ ჩვენი ჯარისთვის დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ. მოკლულია 60 კაცი ბევრი წამოუყვანიათ ტყვეთ, ჩვენის მხრით დაჭრილია 15 კაცი, მაგრამ მძიმედ დაჭრილი არცერთი არ არის”.

ამავე 8 ივლისს დუშეთის მაზრაში გამოცხადდა საალყო მდგომარეობა, რომლის წესებითაც მოსახლეობა ვალდებული იყო იარაღი ხელისუფლებისთვის ჩაებარებინა.ფასანაურში ჯარი ისევ ორ ნაწილად გაიყო, ვ. ჯუღელი დუმაცხოს გავლით სნოს ხეობისკენ გაემართა, ხოლო დანარჩენებმა სამხედრო გზით გააგრძელეს წინსვლა.11 ივლისს დღის 3 საათზე მლეთაში შევიდნენ, თუმცა ცნობების მიხედვით წინააღმდეგობა სოფელ ამირთკარში გაუწევიათ. “მათ ბრძოლაში ჰყავდათ 300-მდე მებრძოლი, ხოლო 50 კაცი რუსის მეზარბაზნე.” გაზეთ “ერთობის ”13 ივლისის ნომერში, ამ ინფორმაციასთან ერთად, დაბეჭდილია წერილი “დუშეთელის” ავტოგრაფით: “დუშეთის მაზრის მოსახლეობა მეტის მეტათ მოწამლულია პრავაკაციული ენით. მთავრობის ჯარის გამარჯვების შემდეგ ზოგიერთი პირები მაინც გაიძახიან: თავადაზნაურობის და ბურჯუაძის ჯარმა დაგვძლიაო. მე როგორც იქაურ მცხოვრებს, ზოგიერთებთან მქონდა საუბარი;

დიდის ფიცით ვუმტკიცებდი, რომ საქართველოს მთავრობა დამცველია მუშათა და გლეხთა ინტერესების, მაგრამ საუბედუროთ ბევრი ვერ დავარწმუნე ამაში. ბოლოს რამდენიმე პირმა მიპასუხეს: თუ მართლა მთავრობა გლეხის ინტერესის დამცველია, აქამდე უნდა ჩამოერთვა მიწები თავად-აზნაურობისთვის და გადაეცა  ჩვენთვისო. მე ამაზეც შესაფერი პასუხი გავეცი. ბოლოს მითხრეს : ახლა მაინც მთავრობამ  ჩქარა  ჩამოართვას თავად-აზნაურობას მიწები და ჩვენ  ჩაგვაბაროს. მიწების ჩაბარების შემდეგ ჩვენ არავის ენას აღარ ავყვებითო.” 12 ივლისს გუდაურთან ბრძოლა ისევ აჯანყებულთა მარცხით დამთავრდა.13 ივლისს “გედევანიშვილის რაზმმა როტმისტრ  ჩახავას ესკადრონითურთ  მსწრაფლ დაიკავა კობი და თავზარი დასცა მტერს. ოსები გაიპარნენ გამოქვაბულებში და სროლა აუტეხეს  ჩვენს რაზმებს. შემდეგ სამშვიდობო დელეგაცია მოგვიგზავნეს შესარიგებლათ. ბალშევიკებმა მაცხოვრებლები დააშინეს.

მათ პროვოკაციებს საზღვარი არ აქვს. სოფლები დაცარიელებულია. სარწმუნო წყაროებიდან გავიგეთ, რომ კავკავიდან მოვიდა 400 მეომარი ორი ზარბაზნით, ცნობილი საშა გეგეჩკორის მეთაურობით.” გვარდიის შტაბის ცნობით “ჯარის ერთი ნაწილი  ვ.ჯუღელისა და ფურცელაძის მეთაურობით გაგზავნილ იქნა მტრისათვის ზურგიდან შემოევლო დუმაცხო-კარკუჩიდან, მეორე ნაწილი, კი სამხედრო გზით ყაზბეგისკენ მიემართება. 12 ივლისს საღამოს 6 საათზე მომვლელმა ნაწილმა ყაზბეგლებთან და კარკუჩლებთან ერთად უკნიდან მოუარა მტერს და დაატყვევა ერთი რაზმი თავისი შემადგენლობით. საშა გეგეჭკორის რაზმიდან შეიძლება სულ გადარჩა 3-4 კაცი, რომლებმაც ავტომობილით უშველა თავს. დანარჩენი, ზოგი დავატყვევეთ, ზოგი დაიხოცნენ ყაზბეგიდან 10 ვერსტის მოშორებით.16 ივლისის “ერთობაში” არის შტაბის ცნობა:“დღეს საღამოს 6 საათზე ბრძოლით ავიღეთ სადგური ლარსი”. ამით ბრძოლები მთავრდება.

პრესაში არსებული ცნობებით, შემდეგ ხდება მოლაპარაკებები ინგუშების დელეგაციასთან, სამხედრო გზის დაცვასთან დაკავშირებით, თერგის ოლქის ხელმძღვანელობასთან, ტყვეებისა და ბოლშევიკებისგან ნაძარცვი ქონების დაბრუნებაზე. ერთ-ერთ გაზეთში  ჩამოთვლილია დაბრუნებული, ნაძარცვის ქონების ნუსხა და სხვ.   ვიდრე იმას გავარკვევთ, თუ რა ხდებოდა დარიალსა და ყაზბეგში 27 მაისიდან 15 ივლისამდე, საინტერესოა რას წერდა საბჭოთა ისტორიოგრაფია სტეფანწმინდაში საშა გეგეჭკორი 400 კაციან რაზმის მოსვლის შესახებ:1918 წლის მაისისში ქართველმა ბოლშევიკებმა საშა გეგეჭკორის თაოსნობით, სამეგრელოში თავი მოუყარეს ღატაკ გლეხთა რაზმებს, აპირებდნენ შეიარაღებულ გამოსვლებს, მაგრამ მოულოდნელად რუსეთიდან მიიღეს მითითება, რომ ეს შეიარაღებული რაზმები გამოყენებული ყოფილიყო არა სამეგრელოში, არამედ გადასულიყვნენ რაჭის გავლით როკის მთაზე, და ალაგირის ხეობისა და ვლადიკავკაზის გავლით შემოსულიყვნენ დარიალში.

რა თქმა უნდა ამ 400 კაცის დარიალში გადასროლა, პოლიტიკური მიზნით იყო განპირობებული და მიზნად ისახავდა დარიალის კარის გახსნას ქართველების სახელით, თორემ დუშეთის მაზრაში 3000 გლეხი ჰყავდათ მობილიზებული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და 400 კაცი, ისეთივე ბრბო, როგორიც ადგილზეც მოიძებნებოდა, დიდ სამხედრო ძალას არ წარმოადგენდა. საშა გეგეჭკორმა ლეჩხუმსა და რაჭაში შემოიერთა ადგილობრივი შეიარაღებული რაზმები და გადავიდა როქის მთაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში ამ დროს ე/წ “თერგის რესპუბლიკის” ბოლშევიკური ხელისუფლებაა. ალაგირის ხეობაში შეიარაღებული რაზმების გამოჩენას, რა თქმა უნდა ადგილობრივ ოსთა წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ ვლადიკავკაზიდან  ჩარევის შემდეგ გეგეჭკორმა მოახერხა უბრძოლველად მიეღწია ვლადიკავკაზამდე.“1918 წლის ივლისის პირველ რიცხვებში  ჩავიდა ვლადიკავკაზში, რაზმს შეხვდა სამხარეო კომიტეტის დელეგაცია  ფ. მახარაძის მეთაურობით. საჭირო იყო მაშინვე შესდგომოდნენ სამზადისს ახალი ლაშქრობისათვის, რადგან დუშეთის აჯანყება მალე უნდა დაწყებულიყო. ამასთან დარიალის ხეობაში, რომელიც რაზმს უნდა გაევლო, კიდევ უფრო საშიში და სახიფათო იყო.

გამარჯვების შეურყეველმა რწმენამ და დაუცხრომელმა ლტოლვამ _ სასწრაფო დახმარება აღმოეჩინათ განსაცდელში მყოფ აჯანყებულთათვის, ფოლადის ფრთები შეასხა საშა გეგეჭკორსა და მის რაზმელებს. რაზმი დაიძრა დარიალის ხეობით. აჯანყებულთა წინააღმდეგ წამოსულ შენაერთს ს. გეგეჭკორის რაზმი საქართველოს სამხედრო გზაზე, ჯვრის უღელტეხილთან შეხვდა. საშა გეგეჭკორმა სწრაფად განჭვრიტა შექმნილი მდგომარეობა. მან გადაწყვიტა, აქ არ მიეღო ბრძოლა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მოწინააღმდეგე შეტევაზე გადმოვიდა. მაშინ გეგეჭკორმა ხმალი იშიშვლა და პირველი ეკვეთა მტერს. მებრძოლებიც კვალდაკვალ მიჰყვნენ. გაჩაღდა სისხლისმღვრელი ბრძოლა. მტრის რიცხობრივმა სიჭარბემ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და წითელრაზმელები დამარცხდნენ.

საშა გეგეჭკორის გამჭრიახობამ მაინც იხსნა რაზმი სრული განადგურებისაგან.საშა გეგეჭკორის რაზმს უკვე აღარ შეეძლო დუშეთში მდგომარეობის შეცვლა. საჭირო იყო თერგის რესპუბლიკაში დაბრუნება. მან უბრძანა ჯვრის უღელტეხილთან დაბანაკებულ მეწინავე ნაწილს, შეერთებოდნენ ძირითად ძალებს ყაზბეგთან. იგი გამოემართა მათ შესახვედრად და დასახმარებლად. მაგრამ ყაზბეგის მახლობლად მენშევიკურ ძალებს დაეკავებინათ ყველა სიმაღლე, გადაეჭრათ გზა გველეთთან. გეგეჭკორის რაზმი ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოექცა. რაზმი სისხლისგან იცლებოდა. სარიერგარდო ბრძოლებით რაზმმა უკან დაიხია, მაგრამ თერგის მეორე მხარეზე, გველეთის ხიდთან  ჩასაფრებულმა მტერმა რაზმის მთავარ ძალებს უკანდასახევი გზა გადაუჭრა.

მიუხედავად ამისა, რაზმის მეწინავე ნაწილი 117 კაცის შემადგენლობით არღვევს რკალს.” (“ისინი შენი თავისუფლებისათვის იბრძოდნენ” 1962წ    ა.ირემაძის “საშა გეგეჭკორი”)    როგორც ვხედავთ, აჯანყებულთა მიზანი იყო დარიალის კარის გაღება და იქ გამაგრებული ადგილობრივი მოსახლეობის განეიტრალება. სწორედ ამიტომ დაიძრა დუშეთიდან ყაზბეგისკენ და არა თბილისისკენ აჯანყებული ბრბო და რუსი გაწვრთნილი სამხედრო სპეციალისტები.ახლა კი მივუბრუნდეთ დარიალს, სადაც, როგორც ვიცით პირველი შეტევა ბოლშევიკებისა 27 მაისს ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. ამ დროს ქართველ მესაზღვრეებთან ერთად დარიალს იცავედნენ ადგილობრივი მოსახლეობაც. მათ ძველი ქართული წესის თანახმად, შექმნილი ჰქონდათ მესაზღვრეთა რაზმები, რომლებიც მორიგეობდნენ დარიალში და გამაგრებული იყვნენ სტრატეგიულ ადგილებზე გველეთთან და ცდოსთან. მომარაგებული ჰქონდათ იარაღი და ტყვია წამალი. მათ მყისიერად შეეძლოთ მთიდან კლდეების  ჩამოშლით სამხედრო გზის  ჩაკეტვა სამხედრო ტექნიკის შესაჩერებლად. ორგანიზებული იყო ქალების მიერ მორიგეთა საკვებით მომარაგების საკითხი. დარიალი გამაგრებული იყო საიმედოდ. ამ საქმეში ძირითადად ჩართული არიან სტეფანწმინდის, სნოსა და ცდოს მოსახლეობა.

2e668939e774
დარიალის ხეობა – 1906წ.

01674c99ace1
დარიალის ხეობა – 2006წ.

წყარო: http://mkinvarwveri-xevi.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button