გართობა

აკაკის ღიმილი (ნაწ.1)

d160093074b1

პოსტში შემოგთავაზებთ აკაკი წერეთლის ხუმრობებს, რომელიც ერთ წიგნად 1991 წელს გამომცემლობა ნაკადულმა გამოსცა, კრებულში კი ხუმრობებს თავი მოუყარა გიორგი გაბუნიამ.
მოდი ერთად ვიხალისოთ , და გავიხსენოთ დიდი აკაკი წერეთელი.

1) აკაკის ერთხელ უთქვამს:
-რაღა ქუთაისი და რაღა ხონი! ერთი შეწვი და მეორე წასცხეო.

2) ქეთევანი: როგორც კი გაზაფხული დადგება, თვალებიდან ცრემლი მომდის.
აკაკი: ვაზის თვისება გქონიათ.

3) ერთ საღამოს აკაკი, კირილე ლორთქიფანიძე და სერგი ბახტაძე ნიკო ნიკოლაძეს ესტუმრნენ. პოეტმა ოჯახში შესვლისთანავე მიაძახა მასპინძლებს: “დღეს სადილად ვაპირებდით თქვენთან მოსვლას, მაგრამ კირილემ სამ საათზე წვერების ბანვა რომ დაიწყო , ახლა გაათავაო.

4) პეტრე დადიანმა სათვალე შუბლზე რომ დაიდო, აკაკის ეთქვა :” ეს, იმიტომ , რომ ის ჭკუითაც არის ბრმა და არა მარტო თვალებითაო”.

5) გრიგოლ დადიანმა მიიწვია სადილად აკაკი და , სხვათა შორის , თავისი მამულის ღვინო ” კოლოშისა” დაალევიან.
– როგორ მოგწონს, აკაკი , ეს ღვინო?-ჰკითხა მასპინძელმა
– ახლა, ბატონო , კახური მირჩევნია, მაგრამ ზამთარში-კი კალოში უნდა სჯობდესო-უპასუხა აკაკიმ.

6) აკაკი დიდი სიამოვნებით შეექცეოდა ხოლმე ლაღიძის წყლებს. ამ საამო სასმელს მგოსანმა აი, ეს ლექსი უძღვნა:
” სასმელების მეტექე ვარ,
ღვინის, ლუდის, წყლის და რძისა,
ხილეულთა ესენცია
მიტროფანე ლაღიძისა.
გემოცა მაქვს, ფერიცა მაქვს,
გთხოვთ , ორივე გამისინჯოთ,
თვარა ისე რად მინდიხართ,
მოხვიდეთ და გადიბრინჯოთ…”

7) აკაკიმ ერთხელ კოტე აბდუშელიშვილს ჰკითხა:
-კოტე , თუ ძმა ხარ, საცვლებს რამდენჯერ იცვლი კვირაში?
-ორ-სამჯერ-უპასუხა მოურავმა.
– მაშ , შენ , ჩემო კოტე, ძალიან ჭუჭყიანი ყოფილხარ: მე მხოლოდ ერთხელ ვიცვლიო, -ჩაიხითხითა თურმე მგოსანმა.

8) ერთი მელოტი კაცი გულნატკენი ამბობდა:
-ერთ ლამაზ ქალს წიგნი მივწერე:ვთხოვე , ისე შეგინახავ, როგორც ჩემს – თავს მეთქი; მაგრამ, წარმოიდგინეთ, უარი შემომითვალა.
-სწორედ მაგით დაგიფრთხია:აბა, რა სასიამოვნოა, მუდამ შიშველი და ცარიელი ყოფნაო?-იოხუნჯა აკაკიმ.

9) ერთი მელოტი კაცი ამბობდა:”ახლანდელი ყმაწვილების ყოფა-ქცევას რომ ხალხმა უყუროს, თმა ყალყზე აუდგებაო!”
-გეტყობათ ბევრი გიყურებიათ, რომ თქვენი თმა არა თუ ამდგარა, არ დამდგარა და კიდევაც დაკარგულა ცხრა მთას იქითო, -ცინიკურად ჩაულაპარაკებია აკაკის.

10) ერთ თავადიშვილის ქალს კაკი ერქვა. ერთხელ ამ ქალბატონს აკაკი ელაპარაკებოდა სხვადასხვა სახელების შესახებ და ბოლოს უთხრა:
– კაკის წინიდან ერთი ასო რომ მივადოთ, აკაკი გამოვაო.

ეს მცირეოდენია და მეორე ნაწილში უფრო მეტს შემოგთავაზებთ. არ მოიწყინოთ.
წყარო: მე და ჩემი წიგნი “აკაკის ღიმილი”.

მსგავსი ამბები

Back to top button