სამხედროსაქართველო

ასასინები(ისმაილიტები)

თურქ სელჩუკებს საკუთარი სახელმწიფოს შიგნით დაპირისპირება მოუხდათ ერთ-ერთი რადიკალური შიიტური სექტის წარმომადგენლებთან – ისმაილიტებთან. 1090 წელს ირანელ ისმაილიტთა ლიდერმა ჰასან საბაჰმა დაისაკუთრა მიუვალი ციხე-სიმაგრე ალამუთი ირანის ჩრდილოეთ ნაწილში…

მალე ისმაილიტთა ხელში გადავიდა სხვა ციხე-სიმაგრეებიც ირანისა და სირიის ტერიტორიებზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების ჩათვლით. ისმაილიტები საკუთარი არსებობისა და სამფლობელოების შესანარჩუნებლად აწარმოებდნენ დაუსრულებელს ბრძოლებს სელჩუკთა წინააღმდეგ.

ჰასან საბაჰს კარგად ესმოდა, რომ მის ხელთ არსებულ მცირე ძალებს არ შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ სელჩუკთა ძლევამოსილ არმიას და დაემარცხებინათ იგი. მან გამოძებნა ახალი გზა, რომლითაც მცირე, მაგრამ დისციპლინირებული და თავდადებული ძალების საშუალებით შეძლო ეფექტიანად დაპირისპირებოდა მრავალრიცხოვან მტერს და განეხორციელებინა საკუთარი მიზნები. ეს გზა ტერორისტული მეთოდის გამოყენება იყო.

საკუთარი არსებობის შენარჩუნებისათვის ისმაილიტებს აუცილებლად ესაჭიროებოდათ “დიდ სელჩუკთა” სახელმწიფოს დასუსტება და დეზინტეგრაცია. ამ მიზნის მისაღწევად მათ 1092 წელს მოკლეს ვაზირი ნიზამ ალ-მულქი, რომელიც პრაქტიკულად მთავარ როლს ასრულებთა სელჩუკთა სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნების საქმეში. მართლაც, ეს მკვლელობა სელჩუკთა სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი გამოდგა. ამრიგად ამ ერთი მკვლელობით იმაილიტებმა სელჩუკებს გაცილებით უფრო მძიმე დარტყმა მიაყენეს, ვიდრე ეს რიგითი მარცხის შედეგად იქნებოდა ბრძოლის ველზე.

პოლიტიკური მკვლელობა ისმაილიტებს არ გამოუგონიათ, მაგრამ ისტურიულად სწორედ მათ ეკუთვნით პირველობა მოწინააღმდეგეების დაშინებისა და მკვლელობის პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად ქცევასა და მის სისტემურად გამოყენებაში. ერთი ისმაილიტი პოეტი წერდა, რომ ერთმა უბრალო ქვეითმა მეომარმა შეიძლება ხელმწიფე დააშინოს, თუნდაც მის განკარგულებაში ასი ათასზე მეტი ცხენოსანი იყოს.

ნებისმიერი მკვლელობის გამართლება, ბუნებრივია, ხდებოდა რელიგიით. მკვლელობა რიტუალის დონემდე იყო აყვანილი. ისმაილიტები ყოველთვის იყენებდნენ ხანჯალს, არასოდეს საწამლავს, არასოდეს სატყორცნ იარაღს, თუმცა ხშირად მათი გამოყენება უფრო გაუადვილებდათ საქმეს და უფრო საიმედოც იყო. მათ ძირითადად ან დანაშაულის ადგილზე კლავდნენ ან ისინი ტყვედ ვარდებოდნენ და ჩვეულებრივ გაქცევის სურვილს არ ავლენდნენ. ცოცხლად დარჩენა სამარცხვინოდაც კი ითვლებოდა. არსებობს ლეგენდა, რომ დავალების შესრულების შემდეგ უვნებლად დაბრუნებული მებრძოლის დედამ გლოვის ნიშნად ძაძებიც კი ჩაიცვა.

ჰასან საბაჰმა გამოიჩინა შესაშური ადმინისტრაციული და სტრატეგიული ნიჭი ამ ტერორისტული ქმედებების დაგეგმვაში. წარმატებისათვის აუცილებელი იყო მკაცრი ორგანიზაციული სტრუქტურა და იგი განმტკიცებული უნდა ყოფილიყო იდეოლოგიური საფუძვლებით. სასიკვდილოდ განწირული ისმაილიტი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო საკუთარი ქმედების სამართლიანობაში რელიგიური თვალსაზრისით. მათ მოქნედებაში შერწყმული იყო ცივი გაანგარიშება და ფანატიკური თავგანწირვა.

ევრუპული ისტორიული წყაროები ისმაილიტებს “ასასინების” სახელით მოიხსენიებენ. სიტყვა “ასასინი” მთელ რიგ ევროპულ ენებში მკვლელის მნიშვნელობით შევიდა. ერთ-ერთი ვარაუდით, იგი მოდის არაბული ჰაშიშიდან, ჰაშიშის მწევლიდან. ევროპელ და აღმოსავლელ ავტორებს უჭირდათ ასასინთა ასეთი თავგანწირვისათვის ახსნის მოძებნა. იმ ხანებში შექმნილი ლეგენდის მიხედვით, დავალების შესასრულებლად გაგზავნილ ასასინებს წინასწარ აბრუებდნენ ნარკოტიკებით. XIII ს-ის ევროპელი მოგზაური, მარკო პოლო წერდა, რომ ისმაილიტთა მბრძანებელმა თავის სამფლობელოში შესანიშნავი, სამოთხის მსგავსი ბაღი გააშენა, რომელშიც შეჰყავდათ ჰაშიშით გაბრუებული ასასინები. გამოფხიზლებულნი, ისინი უკვე შორს იმყოფებოდნენ ამ ბაღიდან და უდიდესი იყო მათი სურვილი ხელახლა აღმოჩენილიყვნენ იქ. მბრძანებელი, დავალების შესრულების შემთხვევაში, ისმაილიტებს იმქვეყნად ამგვარ ბაღში მოხვედრას აღუთქვამდა.

ტერორისტი ისმაილიტები იწოდებოდნენ ფიდაებად. სიტყვა ფიდაიმ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა თანამედროვე მუსლიმ ტერორისტთა ლექსიკონში. არაბულად ის ნიშნავს ადამიანს, რომელიც მზად არის თავგანწირვისათვის.

მათი სამიზნეების დაყოფა სამ ჯგუფად შეიძლება. პირველში შედიან ხალიფები, სულთნები, ვაზირები, მხედართმთავრები, მეორეში – ის თანამდებობის პირები, ვისაც დანაშაული მიუძღოდათ ისმაილიტთა წინაშე და ვინც ებრძოდა მათ რელიგიას. მესამეში კი მოღალატე განდგომილი ისმაილიტები.

მკვლელობისთვის ისმაილიტები დიდხანს და გულდასმით ემზადებოდნენ, ზოგჯერ თვეობით და წლობით ელოდნენ შესაფერის მომენტს მსხვერპლის გასანადგურებლად. ფიდაებს არ ეთაკილებოდათ განსხვავებული მრწამსის ვაჭრის, ხელოსნის, მათხოვრის ნიღაბქვეშ ამოფარება, რათა მოხვედრილიყვნენ თავიანი მომავალი მსხვერპლის უახლოეს გარემოცვაში. ქრისტიან ბერებად გადაცმული ორი ფიდაი 6 თვე ცხოვრობდა ჯვაროსანთა ბანაკში, სანამ არ მიეცათ ჯვაროსანთა ერთ-ერთი მეთაურის, მარკიზ კონრად მონფერატის მოკვლის საშუალება. სწორედ ჯვაროსანთა საშუალებით გაიცნო ევროპამ ასასინები.

ისმაილიტები კარგად იყვნენ ცნობილნი საქართველოშიც. ჟამთააღმწერელი მათ შესახებ წერს: ” რომელნი არიან კაცნი მკვლელნი მიპარვითა”. ასასინების მსხვერპლთა შორის არის თბილისის მუსლიმი მოსამართლე, რომელიც 1134 წელს მოკლეს შურისძიების მიზნით, ვინაიდან მან რამოდენიმე ისმაილიტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

საბოლოოდ ისმაილიტთა სახელმწიფო გაანადგურეს მონღოლებმა, რომლებმაც ხანგრძივი ალყის შემდეგ, 1256 წელს აიღეს ალამუთის ციხე-სიმაგრე. აღსანიშნავია, რომ ალყის დროს მონღოლთა ჯარში ქართველებიც იყვნენ. მალე ასასინებმა შური იძიეს. ერთ-ერთმა გადარჩენილმა ფიდაიმ მოკლა მონღოლთა მხედართმთავარი ჩაღატა-ნოინი. საინტერესოა რომ ჟამთააღმწერელის ცნობით, თავდაპირველად მონღოლებმა ეჭვი ამ მკვლელობაში ქართველებზე მიიტანეს და მზად იყვნენ მათ ჩასახოცად, მაგრამ უეცრად ლერწმოვანიდან კაცი გამოვიდა, აღმართა სისხლით შეღებილი ხანჯალი და დაიძახა: ” მე მოვკალი ჩაღატა”. დატყვევებულმა მკვლელმა ამაყად განაცხადა, რომ ის იყო ფიდაი და შური იძია თანამოძმეთა განადგურებისათვის. ამით მან ქართველებიც გადაარჩინა გარდაუვალ სიკვდილს.

მონღოლთა დაპყრობის შემდეგ ასასინების არსებობა დასრულდა, მაგრამ მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკური ტერორიზმის მეთოდი დღეს აქტიურად გამოიყენება მუსლომ ტერორისტთა მიერ.


წყარო : XI კლასის ისტორიის სახელმძღვანელო

machvinio133

asdfasdf

მსგავსი ამბები

Close
Close