არქივი

ტუტანხამონის „კავკასიური წარმომავლობის“ შესახებ

1b1ecdb59da3
უკანასკნელ პერიოდში, ქართული მედიის თუ ინტერნეტ ფორუმების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი, ტუტანხამონი კავკასიური წარმოშობის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი დადასტურდა დნმ კვლევის შედეგად, რომელიც „შვეიცარიელმა მეცნიერებმა“ ჩაატარეს. კეთდება შორსმიმავალი დასკვნები, ფარაონის ქართველობის, ძველი ეგვიპტის ე.წ. „იბერიულ ცივილიზაციისადმი“ კუთვნილების შესახებ. რა დგას რეალურად ამ ინფორმაციის უკან და რომელ ცნობებს ეყრდნობიან ჟურნალისტები?

ტუტანხამონის მუმიის გენეტიკური კვლევა, რომლის შედეგები 2010 წლის 17 თებერვალს, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა (http://jama.jamanetwork.com/article.aspx?articleid=185393), მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის მიერ იქნა ჩატარებული, რომელსაც ეგვიპტის სიძველეების საკითხების უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანი, ცნობილი არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი, ზაჰი ჰავასი ხელმძღვანელობდა. ტუტანხამონის გარდა, გენეტიკური კვლევა კიდევ 15 მუმიას ჩაუტარდა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა 16 მუმიას შორის ნათესაური კავშირების დადგენა და იმ დაავადებებისა და პათოლოგიების გამოვლენა, რომლებმაც შესაძლოა მათი სიკვდილი გამოიწვია. კვლევაში საერთოდ არ არის ნახსენები ტუტანხამონის ან სხვა მუმიების გენეტიკური წარმომავლობა. ამაში დარწმუნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, კვლევა უფასოდ არის ხელმისაწვდომი ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის ვებ–გვერდზე. მაშ, საიდან გავრცელდა ინფორმაცია ტუტანხამონის წარმომავლობისა და მისი Y დნმ ჰაპლოჯგუფის შესახებ? სანამ ამ საკითხს დავუბრუნდებოდეთ, მოკლედ განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს Y დნმ.

Y ქრომოსომის კვლევა გამოიყენება მამობრივი ხაზის შესასწავლად. ეს არის სქესობრივი ქრომოსომა, რომელიც პირდაპირი ხაზით გადაიცემა მამისაგან მხოლოდ ვაჟიშვილზე.

eea82479e136

ათასწლეულების მანძილზე, ადამიანების პირველადი ჯგუფის გამრავლებასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებასთან ერთად, Y ქრომოსომაზე ჩნდებოდა ახალი მუტაციები, რომლებიც განასხვავებდნენ ამა თუ იმ ჯგუფს წინამორბედისგან. დღეისათვის, გამოყოფილია მამობრივი ხაზის 20 ძირითადი ჯგუფი, რომლებსაც «ჰაპლოჯგუფები» ეწოდება და რომელთა აღსანიშნავად ლათინური ასოები გამოიყნება.

65d47b1e3f0a

გარდა უძველესი წარმომავლობისა, Y დნმ–ის მეშვეობით შესაძლებელია გენეალოგიური კავშირების დადგენაც. ყველა ადამიანს, ზოგადად ჰაპლოჯგუფის გარდა საკუთარი, უნიკალური ჰაპლოტიპი გააჩნია. იმის მიხედვით, თუ რამდენად ემთხვევა ერთმანეთს ორი ადამიანის ჰაპლოტიპი, ხდება ასაკის გამოთვლა საერთო წინაპრამდე.

მუმიების კვლევისას, მეცნიერებმა, სხვა მეთოდების გარდა, Y დნმ–ის ტესტირებაც ჩაატარეს. მაგრამ მათ არ დაუდგენიათ, თუ რომელ ჰაპლოჯგუფს მიეკუთვნებოდა ტუტანხამონი. მათ დაადგინეს მისი და სხვა მუმიების ჰაპლოტიპები, ნათესაური კავშირის გამოსავლენად. ამასთან, კვლევაში წარმოდგენილია მხოლოდ მიღებული შედეგი, კონკრეტული ჰაპლოტიპები გამოქვეყნებული არ ყოფილა.

კვლევის გამოქვეყნებისთანავე, შემეცნებით არხზე Discovery გავიდა გადაცემა მის შესახებ. ერთ–ერთ ეპიზოდში, ნაჩვენებია მეცნიერების მიერ ტუტანხამონის და სავარუდოდ მისი მამის, ეხნატონის ჰაპლოტიპების შედარება (http://dsc.discovery.com/tv-shows/other-shows/videos/king-tut-unwrapped-king-tuts-paternal-line.htm). იმავე დღეს, დნმ–ის ენთუზიასტმა მკვლევარებმა, გააკეთეს გადაცემაში ნაჩვენები კადრების სურათები და რამდენადაც ეს შესაძლებელია დაბალი ხარისხის გამოსახულების და ნაჩვენები ინფორმაციის არასრულობის გათვალისწინებით, დაადგინეს ტუტანხამონის STR ლოკუსების მონაცემები, რომლებიც განსაზღვრავენ სიუჟეტში ნაჩვენებ ჰაპლოტიპს (http://archiver.rootsweb.ancestry.com/th/read/genealogy-dna/2010-02/1266393549).

61641f347a80

უნდა აღინიშნოს, რომ STR ლოკუსების მეშვეობით, შესაძლოა ივარაუდო, თუ რომელ ჰაპლოჯგუფს განეკუთვნება მათი მატარებელი, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია და ჰაპლოჯგუფის განმსაზღვრელ მუტაციაზე (SNP) ტესტირების გარეშე, რაიმეს დადასტურებით მტკიცება შეუძლებელია. კომპიუტერის ეკრანიდან ამოკითხული ინფორმაციით, ნაჩვენები ჰაპლოტიპი ყველაზე მეტ მსგავსებას R1b1a2 ჰაპლოჯგუფის ე.წ. „ატლანტურ მოდალურ ჰაპლოტიპთან“ იჩენდა, რომელიც მაღალი სიხშირით არის გავრცელებული დასავლეთ ევროპის პოპულაციებში. ბუნებრივია, ასეთმა შედეგმა დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია.

დნმ ენთუზიასტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ გადაცემაში გასული კადრები მხოლოდ პროცესის დემონსტრაციისთვის იქნა გამოყენებული და რეალური ჰაპლოტიპი არ უჩვენებიათ. აგრეთვე, გამოითქვა საკმაოდ დამაჯერებელი ვარაუდი, რომ კვლევის დროს, რომელშიც მონაწილეობას ევროპელი მეცნიერები იღებდნენ, მოხდა ნიმუშის დნმ–ის დაბინძურება, რამაც, შედეგად, რომელიმე მკვლევარის „ევროპული“ ჰაპლოტიპი ამოაგდო. პალეოდნმ–ის კვლევისას, ნიმუშის კონტამინაცია ერთ–ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და უსაფრთხოების უმკაცრესი ნორმების მცირედმა დარღვევამაც შეიძლება სრულიად მოულოდნელი შედეგი გამოიღოს. ინტერნეტ–დისკუსიები რამდენიმე თვე გაგრძელდა და დღეს ამის შესახებ მხოლოდ ვიწრე წრეს ეცოდინებოდა, რომ არა 2011 წლის აგვისტოში, iGenea-ს მიერ გაკეთებული განცხადება.

iGenea, დნმ ტესტირების შვეიცარული კომერციული კომპანიაა, რომელიც კლიენტებს საკუთარი წარმომავლობის დადგენას სთავაზობს. უკანასკნელ პერიოდში მან საგრძნობლად დათმო საკუთარი პოზიციები, ვინაიდან ვერ გაუძლო მზარდ კონკურენციას ამერიკული კომპანიების მხრიდან, რომლებიც ანალოგიურ პროდუქტს უფრო ხარისხიანად და ხელმისაწვდომ ფასებში სთავაზობენ კლიენტებს. სავარაუდოდ, ეს იყო მიზეზი, რომ კლიენტების მოსაზიდად ტუტანხამონთან „ნათესაობის“ დადგენა გამოეყენებინათ. კომპანიაში განაცხადეს, რომ მათ შეძლეს ეგვიპტელი ფარაონის ჰაპლოტიპის მოპოვება და კლიენტებს, ტესტის შეძენის შემთხვევაში, შესაძლოა აღმოაჩნდეთ მასთან ნათესაური კავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ჰაპლოჯგუფი R1b1a2 და ე.წ. „ატლანტური მოდალური ჰაპლოტიპი“ დასავლეთ ევროპელი მამაკაცების თითქმის ნახევარს გააჩნია, ეს კარგად გათვლილი მარკეტინგული სვლა იყო. რაც შეეხება ჰაპლოტიპის „მოპოვებას“, მოგვიანებით, კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს იგივე, Discovery–ს გადაცემაში გასული კადრებიდან ამოღებული ინფორმაციაა.

ამჯერად, ეს ინფორმაცია ფართოდ გაშუქდა მასმედიის სხვადასხვა გამოცემაში. ამას, ტუტანხამონის დნმ–ის მკვლევართა ჯგუფიდან მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. გერმანიის ტუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორმა, კარსტენ პუშმა, რომელიც კვლევის ერთ–ერთი თანაავტორი იყო, კომპანიის ქმედებას უპასუხისმგებლო და არამეცნიერული უწოდა. მისი თქმით iGenea-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესააბამება და რომ კომპანიის წარმომადგენლები კვლევის ავტორებს არ დაკავშირებიან (http://www.livescience.com/15388-discovery-channel-tutankhamen-dna.html).

რა კავშირშია ეს ყველაფერი კავკასიასთან? iGenea-ს „ტუტანხამონის დნმ პროექტის“ გვერდზე წერია, რომ ჰაპლოჯგუფი R1b1a2 დაახლოებით 9 500 წლის წინ, შავიზღვისპირეთში წარმოიშვა. iGenea-ს დირექტორმა, რომან შოლცმა ინტერვიუში განცხადა, რომ კომპანიის აზრით R1b1a2 კავკასიის ტერიტორიაზე გაჩნდა.

ამას მოჰყვა რუსულ გაზეთში „Аргументы и Факты” გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „Тутанхамон оказался “лицом кавказской национальности” ( http://kp.ua/daily/090811/294905/), რომლის ავტორის მდიდარი ფანტაზიის მიხედვით, „ტუტანხამონის წინაპრები შესაძლოა ქართველები, ოსები, დაღესტანელები ან სულაც, ჩეჩნები ყოფილიყვნენ.“

იმის მიუხედავად, რომ R1b1a2 ასაკი და წარმოშობის ადგილი ჯერ არ არის საბოლოოდ დადგენილი, მეცნიერები მართლაც იხრებიან იმ აზრისკენ, რომ მისი ევროპისკენ გავრცელება დასავლეთ აზიიდან უნდა მომხდარიყო. „დასავლეთ აზიაში“ კავკასიაც მოიაზრება, მაგრამ არსებული მონეცემბით, ნაკლებად სავარაუდოა იგი კავკასიიდან გავრცელებულიყო. საქართველოში R1b სიხშირე 3–9% არ აღემატება (http://www.nature.com/ejhg/journal/v19/n1/full/ejhg2010146a.html
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2947100/pdf/ejhg2008249a.pdf), ჩრდილოეთ კავკასიაშიც 4%–მდე მერყეობს. ჯერ–ჯერობით რეგიონში, არც ე.წ. „ატლანტური მოდალური ჰაპლოტიპი“, რომელსაც iGenea ტუტანხამონს მიაწერს, დაფიქსირებული არ ყოფილა.

ამასთან, ამ ჰაპლოჯგუფის ბევრად დიდი სიხშირე და მრავალფეროვნება ანატოლიის ტერიტორიაზეა. სომხებში მისი სიხშირე ~30% , ხოლო თურქებში ~15% აღწევს. ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს, რომ ან ტუტანხამონი ან დასავლეთ ევროპელების ნახევარი სომხები არიან. R1b1a2 წარმოშობის დროს (~9–10 000 წლის წინ) არც ერთი თანამედროვე ერი არ არსებობდა და მისი მიგრაცია, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთიდან ნეოლითური მიწათმოქმედების გავრცელებას უკავშირდებოდეს.

სამწუხაროა, რომ ქართველი ჟურნალისტიების უმრავლესობა მზად არის ნებისმიერი „სენსაციური“ ინფორმაცია გაავრცელოს, მისი გადამოწმების გარეშე. აგრეთვე, სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ბრმად ენდობა ამ ინფორმაციას და მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ფანტასტიკურ თეორიებს თხზავს. ამ დროს კი, ქართველების გენეტიკა კვლავ ერთ–ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილია, ჩვენი მეზობლისგან განსხვავებით.

ამიტომ, ძველი ეგვიპტელების ქართულ წარმომავლობაზე მრავალგვერდიანი დისკუსიების მაგივრად, დაინტერესებულმა პირებმა დნმ ტესტირების მეშვეობით საკუთარი გვარის წარმომავლობა რომ დაადგინონ (რაც უკვე თავისუფლადაა ხელმისაწვდომი), ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და უტყუარი საბუთი იქნება, ზოგადად ჩვენი ერის წარმომავლობის შესახებ. არ არის გამორიცხული, ტუტანხამონზე არანაკლებ საინტერესო ფაქტებმა იჩინოს თავი.

 

ჯემალ გოგიტიძე
Family Tree DNA ქართული დნმ პროექტის ადმინისტრატორი
http://www.familytreedna.com/public/Georgia

მსგავსი ამბები

Back to top button