კულტურა

მე ალბათ ომში დავიღუპები

ddb5786deb38

“სანამ გარდავიცვლები, მინდა ისე გავლიო წუთისოფელი, რომ სიკვდილიც საამო იყოს და ღმერთმა მიიღოს ჩემი ცოდვილი სული…

არადა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ არ ელი, ის კი მოდის”, – მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრიქონების ავტორი მუხრან შუკვანი გამუდმებით სიკვდილს უყურებდა თვალებში, მაინც არ ელოდა, რომ სნაიპერის ტყვია 2010 წლის 5 სექტემბერს მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. ამ დღეს დაიწყო კიდევ ერთი ტრაგედია, მუხრანი პირველი “ავღანელი” იყო, რომლის ქართულმა სისხლმაც კვლავ მორწყო უდაბნოს მიწა.

5 სექტემბერს ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპა უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი, მესამე ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური. 30 სექტემბერს პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიდაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე შეიწირა ჰილმენდის პროვინციის დაცვამ. ასე იქცა სექტემბერი საქართველოს თავდაცვის სისტემისთვის წლის ყველაზე ტრაგიკულ თვედ.

სამწუხაროდ, ამ გმირების შესახებ თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც და უშუალოდ უწყების პირველი პირებისგანაც ძუნწად გაიცა ინფორმაცია ტრაგედიის პირველივე დღეებში. თავდაცვის უწყებას არც შემდეგ უთქვამს არაფერი ავღანეთში დაღუპულთა შესახებ. მაშინ, როცა ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის დროს ქართველების მსგავსად დაღუპული ბიჭები ეროვნული გმირებივით დაკრძალეს იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და სხვაგან.

ოფიციალურად გამოქვეყნებული ძუნწი ცნობები მხოლოდ იმას იუწყებოდა, რომ მეომრები ნაღმზე აფეთქდნენ. მოგვიანებით გაცხადდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მათი სიკვდილის შემდგომ დაჯილდოების შესახებაც, – ხუთივე დაღუპულს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. მათ ოჯახებს გადაეცათ ოროთახიანი ბინები ე.წ. “სამხედრო ქალაქში” და სახელმწიფოს დახმარება.

“კვირის პალიტრა” მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში ესტუმრა პირველი “ავღანელი ქართველი” მსხვერპლის, მუხრან შუკვანის ოჯახს.

e955ab8a9237

(მუხრან შუკვანი)
დედა კლარესა გულედანი და მამა სოსო შუკვანი თავჩაღუნული შეგვიძღვნენ შინ. ოთახში ყველგან მუხრანის სურათებია გამოფენილი. ერთგან დაბალ თაროზე დევს დროშა, მის გასწვრივ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი და მხედრული მამაცობისთვის მიღებული მედლები, უამრავი სიგელი და სერტიფიკატი. აქვეა საქართველოს პატრიარქის სამძიმარიც: “გულითადად თანაგიგრძნობთ თქვენი შვილის მუხრანის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ ღმერთს, სავანესა მართალსა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მხნეობა სულისა”.

“5 სექტემბერი რომ თენდებოდა, მუხრანი მთელი ღამე საგალობელს უსმენდა, ერთი წამითაც არ უძინია. ძილში ჩაგვესმოდა მისი “უფალო, შემიწყალე”. მეორე დღეს რთულ დავალებაზე გავდიოდით, ეს საგალობელი მხნეობას გვმატებდა და მშვიდობიანად დაბრუნების იმედით გვავსებდა. იმედი ისედაც არასდროს გვაკლდა, რადგან მეთაურად მუხრანი გვყავდა, კაცი, რომელიც ჯარისკაცებზე მამასავით ზრუნავდა.

სანამ ყაზარმაში არ დავბრუნდებოდით, იდგა და გველოდა. თუ ვინმეს გვიჭირდა, ის გვენაცვლებოდა. საოცარი კაცი იყო, არ იღლებოდა. არ ეძინა, თითქოს ხორცი არ ჰქონდა და ძილიც არ სჭირდებოდა. იმ დღესაც დილაადრიან გავედით დავალებაზე. სნაიპერი შევნიშნეთ თუ არა, მუხრანმა დაწოლა გვიბრძანა სასწრაფოდ.

რომ არა მისი სისწრაფე, ხუთი-ექვსი ჯარისკაცი დავიღუპებოდით. ოღონდ ეს არ მომხდარიყო, მუხრანი ყველაფერს გააკეთებდა ჩვენს გადასარჩენად. ჯარისკაცის ტკივილსაც კი მძიმედ იტანდა, არათუ სიკვდილს. ჩვენ რომ გვიყვიროდა, თავი არ ასწიოთო, მაშინ მოხვდა ტყვია”, – ასე იხსენებდნენ ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ ასეულის ჯარისკაცები მეთაურს მუხრანის მშობლებთან სტუმრობისას.

კლარესა გულედანი: “ჩემმა შვილმა რომ გადაწყვიტა, სამხედრო აკადემიაში ჩაებარებინა, გულმა მაშინ იგრძნო პირველი ტკივილი, მაგრამ გადაწყვეტილებას, თანაც ვაჟკაცურს, როგორ შევეწინააღმდეგებოდი. დალხინებულ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა და ნაგლეჯ-ნაგლეჯად დათრეული არ ჰქონოდა მტერს ჩვენი მიწა, არ ვინერვიულებდი, მაგრამ გული მიგრძნობდა, რომ მუხრანი საქართველოსთვის გაჩნდა. უმცროსი იყო ჩემს შვილებში. ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა და ახლა დიდ ტკივილში დაგვტოვა.

45feb2eb6109

(შუკვანის მშობლები)
აკადემიაში მალე გახდა წარჩინებული სტუდენტი, მიხაროდა. რა სჯობს, როცა სასახელო შვილი გყავს, მაგრამ გული სულ ავს მიგრძნობდა. რამდენიმე დღის წინ 31-ე ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში მოვიდა სამძიმრის სათქმელად. საოცრად სწრაფი და ძლიერი იყო მუხრანი, მგლის მუხლი ჰქონდაო. ვიცი, რომ ძალიან ძლიერი იყო ჩემი შვილი, რომ არა სნაიპერის ვერაგი ტყვია, მუხრანი ვაგლახად არ დაიღუპებოდა. ის ბევრ გმირობას ჩაიდენდა. თუმცაღა ბევრიც ჩაუდენია, მაგრამ რა ვიცოდი. ყველაფერი მისი სიკვდილის შემდეგ გავიგეთ.

სიტყვაძუნწი იყო, არც კი ვიცოდით, რომ ამდენი ჯილდო ჰქონდა მიღებული. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ თბილისში, მის ბინაში ვნახეთ ლამაზად გამოფენილი სიგელები და მედლები. დავტიროდი, გმირობას როგორ მიმალავდი შვილო-მეთქი. 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში დაჭრილა, მაგრამ სანამ თავდაცვის სამინისტროდან არ მივიღეთ ცნობა მისი დაჯილდოების შესახებ, მანამდე არაფერი ვიცოდით. ავღანეთში წასვლის წინ არ უთქვამს, რა ჰქონდა გულში. ტელევიზიით გავიგე კრწანისში საავღანეთო წვრთნების შესახებ და დავურეკე, რატომ არაფერს ამბობ, ავღანეთში აპირებ წასვლას-მეთქი? მერე რაო, ისე მიპასუხა, ხმა ვეღარ ამოვიღე. რახან ერაყიდან მშვიდობიანად დაბრუნდა, იმედი მქონდა, რომ ახლაც არ გაგვწირავდა ღმერთი. გამგზავრებამდე მხოლოდ ორი ღამით ჩამოვიდა სახლში. თითქმის არ ულაპარაკია. მისთვის ჯერ სამშობლო იყო და მერე ოჯახი, თითქოს ჯარისკაცად დაიბადა.

bd1813acc8b1

ზოგჯერ მინდა ვიღრიალო, მუხრან! მგონია, თითქოს მივაწვდენ ხმას, მოვა და თვალებით მეტყვის, “დამშვიდდი, დედა”. ზოგჯერ ვორჭოფობ, ნეტავ რა სჯობს, ჩემი მუხრანი ასეთი რომ აღარ მყავს, თუ მყავდეს და არავინ იყოს. გორის ბატალიონმა გვინახულა ცოტა ხნის წინ. დროშა ჩამოგვიტანეს, ეს დროშა მუხრანს ეჭირა და არ ვრეცხავთო. ასეულმაც თავისი ჯილდო აქ მოიტანა, ეს მუხრანს ეკუთვნის, მისი დამსახურებით ავიღეთო. მიხარია, რომ ასე უყვართ დღესაც. თურმე თანამებრძოლები კარგად იცნობდნენ, ჩვენ კი ახლა ვეცნობით. არც ის ვიცოდით, თუ ლექსებს წერდა. საფლავის ქვაზეც მისი ერთ-ერთი ლექსი წავაწერეთ ეპიტაფიად: “მე ალბათ ომში დავიღუპები, ალბათ ბრმა ტყვია გამიღებს კარებს, უკანასკნელად გამახსენდები და შენზე ფიქრით დავხუჭავ თვალებს და როს სიცოცხლეს შეცვლის სიკვდილი, ტანჯული გული, როს დაისვენებს, სული სამოთხეს მიხვდება ალბათ, თუ შენი ცრემლი მკერდს დამისველებს”… მუხრანს ერთი გოგო ჰყვარებია, ასეულში ყველას სცოდნია. უთქვამს, შემოდგომაზე დავბრუნდები თუ არა, ცოლად შევირთავო. არ დასცალდა. მისი საიდუმლო კი ლექსებში დარჩენილა. ვფურცლავ სქელ ბლოკნოტს. ყველგან სიყვარულსა და სიკვდილზე ლაპარაკობს, მაგრამ ერთგანაც კი არ ახსენებს შეყვარებულის სახელს. “სიყვარული უზენაესი, ადამიანური გრძნობაა, რომელსაც ფასი არა აქვს. მხოლოდ ჭეშმარიტი სიყვარულის ნაყოფია სრულქმნილი ადამიანი. გიყვარს? ნიშნავს, რომ ხარ ადამიანი. სიყვარული სრულყოფილი თავისუფლება და მონობის ძლევაა”, – წერს ერთგან. იქვე კი ისევ თავის სატრფოზე ფიქრს უბრუნდება: “შემიგროვე დაფანტული სიტყვები, გვირილებით მომიწანი სიყვარული, გამაბრუე და დამითვრე რითმები… ოცნებების ასრულებას გპირდები!”. სამწუხაროდ, ოცნებები საკუთარიც აუსრულებელი დარჩა. მუხრანის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ საქართველოში გერმანიის ელჩ პატრიცია ფლორს საქართველოს პატრიარქის ნაჩუქარი სამაჯური მუხრანის დედისთვის უჩუქებია, – ეს მე კი არა, თქვენ უნდა ატაროთ, ბედნიერი დედა ხართ, რომ ასეთი შვილი გაგიზრდიათო. მუხრანის მეგობარი თემურ კენკებაშვილი: – ბოლოს ავღანეთში წასვლის წინ ვნახე, ღელავდა შესარჩევი ეტაპის წინ, რომ გაიგო, შეარჩიეს და ნამდვილად მიდიოდა, ამბობდა, უბედნიერესი ადამიანი ვარო. მშვიდობით რომ დაბრუნებულიყო, შემდეგ უკვე ინსტრუქტორის რანგში გაემგზავრებოდა ავღანეთში და იქაურ ჯარისკაცებს გაწვრთნიდა. სამწუხაროდ, არ დასცალდა. თუმცა, მისი სახელი სამუდამოდ დარჩა ავღანეთში. ბაზა, სადაც მუხრანი მსახურობდა, მისი სახელობისა გახდა(!). იმედია, მისი სახელობის ქუჩაც გაჩნდება, თუნდაც მის მშობლიურ მესტიაში. ის ხომ სამაგალითო იყო, მაგალითი კი სულ თვალწინ უნდა ჰქონდეთ თაობებს. ამ მიზნით მისი ბიოგრაფიაც მოვამზადე წიგნად. თავდაცვის სამინისტროში დაგვპირდნენ, რომ დაბეჭდავენ.

მუხრანის ორივე უფროსი ძმა უმუშევარია, ოჯახი მხოლოდ მამის, სოსო შუკვანის მწირი ხელფასით ცხოვრობს. ბევრი ოჯახის მსგავსად, მათაც ეკონომიკური გაჭირვება ემუქრებათ.

P.S.თითოეული ქართველი სამხედროს დაღუპვა სამწუხაროა, თითოეული ქართველი სამხედრო ძვირად ფასობს ქვეყნისთვის – საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი მოქალაქე, და მითუმეტეს, სამხედრო, თუმცა მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელია. ავღანეთში ქართული მისიის ყოფნის მოწინააღმდეგეები ვითარებიდან მარტივ გამოსავალს იპოვიან და იტყვიან, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყვანოს ავღანეთიდან ქართველი სამხედროები, თუმცა მათ საპირისპიროდ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ბრძოლის ერთ-ერთი ხაზი ამჟამად ავღანეთზე გადის. მერე რა, რომ თალიბანისგან ქართველები საფრთხეს არ გრძნობენ, მერე რა, რომ საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს დაისადგურებს თუ არა მშვიდობა ქაბულში და დაადგება თუ არა იგი დემოკრატიზაციის გზას, საქმე ამაში არ არის… საქართველო ეხმარება თავის პარტნიორ ქვეყნებს, ეხმარებოდა ამერიკას ერაყში და ეხმარება ნატოს კოალიციურ ჯარებს ავღანეთში. მაშინ, როცა ქართველები ვითხოვთ დახმარებას კოალიციაში გაერთიანებული ქვეყნებისგან და უპირველესად ამერიკისგან, ალბათ მარტივი ლოგიკაა, რომ შენც უნდა დაეხმარო მათ.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ავღანეთში სამხედროების რაოდენობას ამცირებენ თვით ნატოს წევრი ქვეყნები, ხოლო ზოგიერთმა კი საერთოდაც გააუქმა ავღანური მისია და ამ დროს საქართველომ გაზარდა სამხედროთა რიცხვი. მათ ამ მოსაზრებაზე მარტივი პასუხის გაცემაა შესაძლებელი – ნატოს ნებისმიერ წევრ ქვეყანას, რომელსაც არ ემუქრება თალიბანის საფრთხე და ასე ვთქვათ, ავღანური მისია მის ეროვნულ ინტერესებში არ შედის, აქვს ფუფუნება, რომ თავისი სამხედროები არ გააგზავნოს შუა აზიაში ტერორისტებთან საბრძოლველად. მაგრამ, როცა ხარ პატარა, სუსტი საქართველო და დამოკიდებული ხარ შენს პარტნიორებზე, არ გაქვს იმის ფუფუნება, რომ აირჩიო ჩააგდო შენი სამხედროები საფრთხეში თუ არა. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა სწორედ ასეთია, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს – უნდა დავეხმაროთ შეერთებულ შტატებსა და ნატოს, რათა მათგან, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერა მივიღოთ.

ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობის მრავალი კრიტიკოსი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე ოცნებობს, თუმცა ავიწყდებათ ამ ორგანიზაციის წესდების მეხუთე პუნქტი, რის მიხედვითაც ნატოს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა ნიშნავს ყველა წევრზე თავდასხმას. არ არის გამორიცხული, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხევვაში ქართველ სამხედროებს კვლავ მოუწიოს ე.წ. „სხვის ომში“ ბრძოლა, მაშინ რატომ გვსურს ორგანიზაციაში გაწევრიანება? მაგრამ საქმე იმაშია, რომ სამშობლოსთვის უნდა იბრძოლო იქ, სადაც იმ დროისთვის არის საჭირო. ავღანეთის ოპერაცია, ისევე როგორც ზემოთ დახატული შორეული და შესაძლოა წარმოუდგენელი სურათი, არ არის „სხვისი ომი“ – უნდა იბრძოლო ყველაგან, სადაც ქვეყანას სჭირდები. ეს თითოეულ ქართველ სამხედროს გააზრებული აქვს (უნდა ჰქონდეს!).

გარდა ამისა, უნდა ავღნიშნოთ, რომ ავღანეთში საქართველო სამხედრო ოპერაციაში მონაწილებით გარკვეულ შედეგსაც ნახულობს. ცნობილია, რომ ქართული ჯარი პროფესიონალი და გამოცდილი ოფიცრებისა თუ უბრალო სამხედროების დიდ ნაკლებობას განიცდის. ავღანეთში კი ქართველი ჯარისკაცები ყალიბდებიან გამოცდილ მებრძოლებად. ამის არგუმენტი შეგვიძლია მოვიძიოთ 2008 წლის აგვისტოს ომშიც – ომში ყველაზე თავგანწირვით და შედეგიანად სწორედ ერაყში ნამყოფმა სამხედროებმა იბრძოლეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ავღანეთი უფრო რთული ოპერაციაა, ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება იმაზე, თუ რაოდენ დიდ გამოცდილებას იღებენ ქართველი სამხედროები ავღანეთში.

მერე რა, რომ ავღანეთში დაღუპული სამხედროები ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას არ შეეწირნენ. მერე რა, რომ არ დაიღუპნენ აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში. მათ თავი სამშობლოს ინტერესების დაცვას შესწირეს.

რამდენად სამწუხაროც უნდა იყოს, საქართველო კვლავ მოითხოვს მსხვერპლს, რათა მომავალმა თაობებმა იცხოვრონ გაერთიანებულ ქვეყანაში. ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების გმირობას მომავალი თაობები არასდროს დაივიწყებენ, ისინი სამუდამოდ დარჩებიან ჩვენს გულებში. იქნებ, ერთ დღესაც აღარ დასჭირდეს საქართველოს, ამდენი გმირი ქართველის სისხლი

(( ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები))

kvirispalitra.ge
humanrights.ge

მსგავსი ამბები

Back to top button