გართობაკულტურაუცნაური

ლინვუდელი სუპერგმირი

82hjlodapw6e23eahqw

აშშ-ში ვაშინგტონის შტატის ქალაქ ლინვუდის მოქალაქეებს შეუძლიათ ღამე მშვიდად დაიძინონ, რადგანაც მათ არც მეტი, არც ნაკლები, სუპერგმირი ფენიქს ჯონსი იცავს.

ლინვუდის ტერიტორიის გაკონტროლება და დანაშაულთან ბრძოლა საკუთარ თავზე აიღო თვითაღიარებულმა გმირმა, რომელიც ქუჩაში დასეირნობს და წესრიგს ამყარებს “გამპანღურებლის” (Kick-Ass) მსგავსად.

ფენიქსის გაცნობის ბედნიერება ჰქონდა მოქალაქეს, სახელად დენს და ტელევიზიამაც მისი მეშვეობით შეიტყო. დენმა კვირა საღამოს შენიშნა, რომ “ცუდი ბიჭები” მისი მანქანის მინის გატეხვას ცდილობდნენ მეტალის ნაჭრით. მან 911-ში დარეკვა გადაწყვიტა, მაგრამ მოულოდნელად დახმარება გამოჩნდა, ოღონდ ცოტა უცნაური ფორმით. დენმა არაფერი იცოდა ლინვუდის ქუჩებში მოსიარულე შურისმაძიებლის შესახებ და თავიდან გადაწყვიტა, ეს ამბავი საიდუმლოდ შეენახა, რადგან მეგობრები არ დაუჯერებდნენ და იფიქრებდნენ, რომ იმ მომენტში მთვრალი იყო.

თუმცა რეალურ ცხოვრებაში მოქმედი სუპერგმირების შესახებ პოლიციას მანამდეც ჰქონდა ინფორმაცია. სიეტლის განყოფილებაში კარგად იცნობენ ჯგუფს სახელად “Rain City Superhero Movement”, რომელიც 9 წევრს ითვლის. ფენიქს ჯონსი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. სხვა წევრები, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, არიან: ეკალი, შესანიშნავი ფურირემი, მწვანე მომკელი, მარჩბივი, უსახელო, კატასტროფა, ქუხილი 88 და პენელოპა. ცნობილია კიდევ ორი სუპერგმირი, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ: კაპიტანი ოზონი და რაინდი ბუ.

პოლიციის განცხადებით, ფენიქსი გადაადგილდება KIA-ს ავტომობილით. საჭესთან ზის ქალი, რომელიც არასდროს გადმოდის მანქანიდან. ფენიქსის კოსტუმში შედის ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, საბრძოლო დისკოები, ელექტროშოკი და ცრემლსადენი გაზი.

– როცა პოლიციელები მხედავენ, იქაურობას ტოვებენ, რადგან იციან, რომ ტერიტორია დაცულია. – ამბობს ფენიქსი. მან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა 9 თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ქუჩაში თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, თუმცა სერიოზულად არ დაშავებულა. პოლიციის ადგილობრივი განყოფილების უფროსის, ჯეფ კაპელის განცხადებით, მას ურჩევნია, ხალხმა 911-ში დარეკოს და შესაბამისი სამსახურის იმედზე იყოს, დაკითხვისას კი ყველაფერი უთხრან, რაც საჭიროა, ვიდრე საკუთარ თავზე აიღონ დანაშაულთან ბრძოლა და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდონ. თუმცა როგორც ფენიქსი ამბობს, Rain City-ის წევრებში ყველას გამოვლილი აქვს სამხედრო სამსახური და დამნაშავეებთან გამკლავება არ გაუჭირდებათ.

მსგავსი ამბები

Back to top button