მისტიკასაკითხავისასარგებლო

დაკრძალვისა და გარდაცვალების ტრადიციები ძველ მესოპოტამიაში


გამარჯობა, დიდი ხანია პოსტი არ დამიწერია და ახლა გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო თემას. პოსტი ცოტა დიდი გამოვა, მაგრამ იმედია დაგაინტერესებთ.

   შუამდინარული კულტურები წარმოიშვა სხვადასხვა ხალხების ურთიერთობის, შეტაკებების და შერევის შედეგად, თავიანთი, ცალკეული საოციალური სისტემებით, რელიგიური წარმოდგენებით და პანთეონით, ენებით და პოლიტიკური სტრუქტურებით. შუამდინარეთი იყო გზაჯვარედინი ხალხთა სხვადასხვა ჯგუფებისთვის, ათასობით წლების განმავლობაში, პრეისტორიული ეპოქიდან მოყოლებული სპარსელთა დაპყრობებამდე. უფრო მეტიც, მიუხედავად პოტენციული პროდუქტიულობასა და რეგიონისთვის დამახასიათებელი ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობებისა, აქ ადგილი ჰქონდა ხშირ გადასახლებას. რეგიონისთვის დამახასიათებელი არ იყო გეოგრაფიული ერთიანობა, თვითშეგნება და, არც აშკარა და მუდმივი დედაქალაქი. ასე რომ, შუამდინარული კულტურა განსხვავდება ისეთი ცივილიზაციაბისგან, რომლებისთვის დამახასიათებული იყო ერთიანობის თვითშეგნების მაღალი ხარისხი, მაგალითად, როგორიცაა ეგვიპტე. თუმცა, აქ მაინც არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც შუამდინარულ კულტურებს აერთიანებს, როგორიცაა ლურსმული დამწერლობა, რელიგიური პანთეონები, რომლებიც სინკრეტიზმისა და ასიმილაციის შედეგად ჰქონდა ცვალებადი ტრადიცია და უაღრესად კონსერვატიული ნამუშევრები, განსაკუთრებით რელიგიური ხელოვნების სფეროში.

 

     ამ რეგიონს სახელი – მესოპოტამია, ანუ მიწა ორ მდინარეს, ტიგროსსა და ევფრატს  შორის (შუამდინარეთი), ბერძნებმა შეურჩიეს. ძველი შუამდინარული კულტურის გავრცელების არეალი სცილდება თანამედროვე ერაყს და მოიცავს სირიის, თურქეთისა და ირანის ნაწილსაც. კულტურული გავრცელების თვალსაზრისით ძველი მესოპოტამია შეიძლება დაიყოს ორ რეგიონად, რომლებსაც ოდესღაც შეესაბამებოდა ორი დიდი იმპერიის გავრცელების არეალი. ჩრდილოეთით იყო ასურეთი, რომელსაც სახელი მისი დედაქალაქის – აშურის მიხედვით დაერქვა და სამხრეთით იყო ბაბილონია, რომელსაც სახელი ასევე ქალაქ ბაბილონის სახელიდან გამომდინარე დაერქვა. ბაბილონია, თავის მხრივ კიდევ ორ რეგიონად იყოფოდა, რომლის სამხრეთი ნაწილი თანამედროვე მკვლევარებისთვის ცნობილია, როგორც შუმერი და ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც აქადი. შუამდინარეთის უძველესმა ენებმა აგლუტინაციურმა, ერგატიურმა შუმერულმა და სემიტური ენების ჯგუფში შემავალმა აქადურმა, სწორედ ამ რეგიონების მიხედვით მიიღეს სახელები. დაახლოებით, ძვ. წ. III ათასწლეულში, სწორედ შუმერებმა გამოიგონეს კაცობრიობის ისტორიაში პირველი, ლურსმული (სოლისებური) დამწერლობა.

ძველი მესოპოტამიის მითების, ლეგენდების და ტრადიციების შესასწავლად, სხვა ძველი მახლობელი აღმოსავლეთის ხალხებთან შედარებით, მრავალფეროვანი მატერიალური მასალაა. აქედან, ზოგიერთი შუმერების მიერ არის შექმნილი და ზოგიც აქადელების მიერ. მათგან უძველესი დაახლოებით ძვ. წ.-ით 2500 წელს განეკუთვნება და უკანასკნელი პირველი საუკუნით თარიღდება. ხშირ შემთხვევაში მოცემული გვაქვს ნარატივების სხვადასხვა ვერსიები, რომლებიც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზეა შექმნილი. ეჭვგარეშეა, რომ ისინი გადაიცემოდა ზეპირსიტყვიერებით, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ერთადერთი ფორმა, რომელშიც ისინი გადარჩნენ და ჩვენამდე მოაღწიეს, რაღათქმაუნდა წერილობითია. მაგრამ პრობლემა, რომელიც უნდა აღინიშნოს არის აშკარა სხვაობა, მითიურ თემებთან დაკავშირებით, ამ ჩაწერილ ვერსიებსა და გრაფიკულ გამოსახულებებს შორის. ეს ქმნის დიდ სირთულეებს ანტიკური ხელოვნების ნიმუშების ინტერპრეტაციის დროს.

ბიბლიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძველი მახლობელი აღმოსავლეთის ზოგადად შესწავლის საქმეში. შუამდინარული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი რწმენა და ისტორია დასტურდება ბიბლიაში.

 

თანამედროვე გადასახედიდან ძალზედ რთულია, ბოლომდე ჩავწვდეთ და გავაცნობიეროთ შუამდინარეთში გავრცელებული დაკრძალვის ტრადიციები და სხვადასხვა რიტუალი, საქმე იმაშია, რომ შუამდინარეთში არსებული წარმოდგენები, რომლებიც გარდაცვალებას უკავშირდება, არ არის ერთიანი კონცეფციის სახით წარმოდგენილი (როგორც, მაგალითად, ეგვიპტელებს ჰქონდათ), ამდენად, მეცნიერების ინტერპრეტაცია ემყარება არქეოლოგიურ მასალას და რელიგიური შინაარსის ტექსტებს.

 

   შუმერული მითოსის მიხედვით, ცა (ან) და მიწა (ქი) თავდაპირველად ერთი

მთლიანობა ყოფილა და „ოდესღაც“ განცალკევებულან. აქ არ ჩანს, საიდან წარმოიშვნენ ისინი და რა ძალამ განაშორა ერთმანეთს:

 

                                       „ოდეს ცა მიწისგან განეშორა,

                                       ოდეს მიწა ცისგან განცალკევდა,

                                       ოდეს კაცობრიობის სახელი დამკვიდრდა,

                                       მაშინ ანმა ცა წაიღო,

                                       ენლილმა მიწა წაიღო…“  

 

   მითოლოგიაში და თეოლოგიაში ქვესკნელის ბატონად ცნობილია ნერგალი. მაგრამ იყო დრო და ეს დრო პერიოდულად მეორდებოდა, – როცა ნერგალი არ იყო ქვესკნელში, არამედ ცაში იყო დამკვიდრებული. მითოსი გვამცნობს, რომ ნერგალი იძულებით ჩავიდა ქვესკნელში, რათა პასუხი ეგო ქვესკნელის ქალბატონის, ერეშქიგალის წინაშე მის მაცნისადმი უპატიო მოპყრობის გამო. თორემ იგი ანის კარზე, სხვა ღმერთებთან ერთად იჯდა. როცა ნერგალი ქვესკნელში ჩავიდა მან გააუქმა „მატრიარქატი“ და დედოფლის ტახტის ნაცვლად მეფის ტახტი დაამყარა. მაგრამ იგი სამარადისოდ არ რჩება ქვესკნელში, კვლავ ცაში ადის, ერეშქიგალი კვლავ დედოფლობს ერთპიროვნულად, ვიდრე კვლავ არ ესტუმრება ნერგალი და არ დაიპყრობს ტახტს. ასე გრძელდება დაუსრულებლივ.

    ნერგალი

  არ მოიძებნება შუამდინარულ პანთეონში ღვთაება, რომელიც პერიოდულად ქვესკნელში არ იმყოფებოდეს, მხოლოდ ანი, ცის ღმერთი, არასოდეს ჩადის ქვესკნელში და არც ერეშქიგალი ამოდის ცაში. მათი გამმიჯნავი დიდი სვეტი „დიმ-გალ“ ისედაც აკავშირებს მათ (შდრ. ძველი ეგვიპტური გები, შუ და ნუთი). ამ სვეტს, როგორც იაკობის სიზმრისეულ კიბეს, აჰყვებიან და ჩამოჰყვებიან გამუდმებით პანთეონის ღმერთები. 

 

   პირველად კაცობრიობის ისტორიაში შუამდინარელები განიხილავენ სიკვდილს, არა როგორც სიცოცხლის სრულ შეწყვეტას, არამედ სრულიად ბუნებრივ გადასვლას სხვა სამყაროში, მარადიულობაში. ძველი შუამდინარელების წარმოდგენით სიკვდილის შემდეგ ადამიანი ცხოვრებას განაგრძობდა ქვესკნელში, სულის ან აჩრდილის სახით. შუამდინარელებს, იმისთვის, რომ იმ სამყაროში, თავიანთ გარდაცვლილ ნათესავებს მშვიდად ეცხოვრათ, უნდა შეესრულებინათ ე. წ. სამგლოვიარო მსხვერპლშეწირვა (საჭმელის, სასმელის და ზეთის სახით).

 

   სპეციფიკური შემთხვევები განხილულია გირსუს ვრცელ ჩანაწერებში, ადრე დინასტური პერიოდიდან სამგლოვიარო მსხვერპლშეწირვა კეთდებოდა გარდაცვლილი მმართველის და მისი ოჯახის წევრების მლოცველის პოზაში გაკეთებული ფიგურებით. ვარაუდობენ რომ ეს ფიგურები, თავდაპირველად მიძღვნილი იყო ცოცხლებისთვის, იდგნენ ტაძართან და მუდმივად ლოცულობდნენ ღმერთების წინაშე. თავიანთი დონორების სიკვდილის შემდეგ ეს ფიგურები არ უნდა გადაეადგილებინათ და ამგვარად შესრულდებოდა სამგლოვიარო მსხვერპლშეწირვა. ეს, რაღათქმაუნდა არ ნიშნავდა წინაპრების თაყვანისცემას. თუ ცოცხალი უგულვებელყოფდა ქისფუს (სამგლოვიარო მსხვერპლშეწირვას), სული სამუდამო ხეტიალისთვის იქნებოდა განწირული.

 

   ქვესკნელში „ცხოვრების“ პირობები, წარმოდგენილი იყო უკიდურესად სავალალო პირობებში (რამდენიმე გამონაკლისის გარდა). გარდაცვლილი შუმერი ჭამდა მტვერს, ნარჩენებს და ცხოვრობდა სიბნელეში. ეს ვრცლად არის დამოწმებული შუმერულ „გილგამეშის ეპოსში“. სადაც გილგამეში ეკითხება ენქიდუს აჩრდილს (გიდიმ)  ქვესკნელის შესახებ.

   მხოლოდ მკვდრად დაბადებული ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც „თავიანთ დრომდე“ გარდაიცვალნენ გათვალისწინებული იყო მშობლების ნუგეში (ასევე გარკვეული პრივილეგიები ჰქონდათ მამებს, რომლებსაც ბევრი შვილი ჰყავდათ, ან ომში დაღუპულ გმირებს). ის, ვინც გარდაიცვალა და სათანადო სამარხში არ დამარხეს უბედურ მდგომარეობაში ვარდებოდა. ყველაზე ცუდი იყო ცეცხლში დამწვარი კაცის ბედი, რომელსაც არ ჰქონდა სხეული, რათა დაესაფლავებინათ, „მისი სული არ არის ქვესკნელში, მისი კვამლი ცაში ავიდა“.

 

    ასევე გილგამეშის ეპოსიდან ირკვევა, რომ ჩვეულებრივ, სიკვდილის შემდეგ განსვენებულს საჩუქრები უნდა გადაეცა ქვესკნელის მცხოვრებლებისათვის. ეს, პროცესი ძალიან ჰგავს ძველ ბერძენთა ტრადიციას, რომლის თანახმადაც გარდაცვლილისთვის პირში უნდა ჩაედოთ მონეტა ობოლოსი, რომელიც აჩრდილს მებორნე ქარონისთვის უნდა გადაეხადა, რათა მდინარე სტიქსი (სიძულვილი) გადაელახა.

 

   ძველ მესოპოტამიაში სჯეროდათ, რომ უკვდავება მხოლოდ ღმერთებისთვის იყო განკუთვნილი და სიკვდილი ადამიანისთვის გარდაუვალი იყო. არც სიკვდილის შემდეგ იყო სიცოცხლე სასიამოვნო: შუმერულ ქვესკნელში ადამიანი იკვებებოდა მტვრით, მაშინ როცა ასურულ-ბაბილონური ჯოჯოხეთი დასახლებული იყო უამრავი საშინელი დემონებით და მონსტრებით. ეს აშკარა კონტრასტს ქმნის ძველ ეგვიპტურ კონცეფციებთან, რომლის თანამხმად სიკვდილი დიდებულია, სწორედ ამან დაუდო სათავე ბალზამირებას და მუმიფიკაციას. მესოპოტამიელების პესიმიზმი, ამ მხრივ, ალბათ, წარმოიშვა შედარებით მკაცრი პირობებით, რომელიც ვლინდება მათი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში. შუმერთა ალევიური დაბლობები ხელსაყრელი იყო სამეურნეო საქმიანობისთვის, მაგრამ მათ აკლდათ თითქმის ყველანაირი ნედლეული, გარდა ბუნებრივი თიხებისა.

 

   შუმერებს ჰქონდათ ღვინის მსხვერპლად შეწირვის რიტუალი. ისინი მიწაში გაყვანილ თიხის მილს ავსებდნენ ღვინით, ალბათ სურდათ, რომ გარდაცვლილისთვის დასალევი მიეცათ. ეს რიტუალი მნიშვნელოვანწილად წააგავს ქართულ ტრადიციას, როცა გარდაცვლილთა საფლავზე ღვინოს ასხავენ.

 

   ყველაზე გავრცელებული დაკრძალვის ტრადიცია შუამდინარეთში მიწაში ან სპეციალურ კინტეინერში დაკრძალვა იყო. კრემაცია, პრაქტიკულად არ ჩანს არცერთ პერიოდში. შუმერული საფლავების გათხრის დროს ცეცხლის კვალი არ დასტურდება და თანაც როგორც ზემოთ აღვნიშნე შუმერების წარმოდგენით დამწვარი ადამიანის ბედი სიკვდილის შემდეგ ყველაზე ცუდი იყო.

 

    უძველესი ადამიანის ნარჩენები აღმოჩენილია შანიდარის გამოქვაბულში, ზაგროსის მთებში. ცხრა ჩონჩხი (შვიდი ზრდასრულის და ორი ჩვილის) ერთ პერიოდს არ მიეკუთვნება, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს დაახლ. 60 000 – 45 000 წწ.-ის წინ დამარხეს. სამარხების უმრავლესობა, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გახდა ჩვენთვის ცნობილი, საფლავებია. ამ საფლავებში კრძალავდნენ ზრდასრულ ქალებსაც, კაცებსაც და ჩვილ ბავშვებსაც. მაგრამ, ზოგჯერ ბავშვებს ჩვეულებრივ არა საფლავებში, არამედ სახლების კიბეების ქვეშ ან ყველაზე ხშირად ქოთნებში კრძალავდნენ. ზრდასრულ ადამიანებსაც სახლის კიბეების ქვეშ კრძალავდნენ.

 

   ადამიანის სიმდიდრისა და თანამდებობის მიხედვით სამარხის მშენებლობა სხვადასხვა დროს განსხვავდებოდა. შუმერებმა ყველაზე დიდი ხარჯები ურის „სამეფო სამარხების“ მოწყობის დროს გაიღეს. შედარებით ღარიბი ქალაქების სამარხებში უფრო ნაკლები რაოდენობის ნივთები იყო ჩატანებული. დაახლოებით ძვ. წ.-ით პირველ საუკუნეში შესამჩნევი ხდება მაღალი ხარისხის სოციალური დიფერენციაცია კულტურების შიგნით.

 

   ადრე დინასტიურ პერიოდში, თანამედროვე ჩრდიოლეთ მესოპოტამიის და ადრეული ბაბილონის სამარხებში გვამები იპოვეს მოხრილ ან როგორც მას უწოდებენ „მძინარე“ პოზიციაში (ერთმანეთზე მჭიდროდ შეტყუპებული, ნიკაპთან ახლოს მიტანილი ფეხებით).

 

   დაკრძალვის ორიენტაცია ზოგჯერ, დამოკიდებული იყო სხვადასხვა ფაქტორებზე, მაგალითად, როგორიცაა სქესი ან ასაკი. შეძლებული პირები დასაფლავებულნი იყვნენ დიდი რაოდენობოით ძვირფასეულობითა და ძვირფასი ტანსაცმლით. ბუნებრივი პირობების გამო გარდაცვლილთა ტანსაცმელი არ შემორჩენილა, მაგრამ ზოგიერთ სამარხში ნაპოვნია ქსოვილთა ფრაგმენტები, მაგალითად აბრეშუმი და თეთრეული. საკმაოდ ბევრ სამარხში აღმოაჩინეს სპილენძისა და ბრინჯაოს ქინძისთავები, რომლებიც მიცვალებულებს გულმკერდზე და მხრებზე ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ცხედარს ჩვეულებრივ, ჩაცმულს მარხავდნენ. ასევე, დიდი რაოდენობით მძივებია აღმოჩენილი, თავის დროზე მათგან ყელსაბამები და ბრასლეტები იყო გაკეთებული.

 

   ნივთების გარეშე ადამიანის დამარხვა უჩვეულო არ იყო, მაგრამ უაღრესად ღარიბი ხალხიც კი ცდილობდა რაიმე ჩაეყოლებინათ გარდაცვლილისთვის, თუნდაც თიხის ქოთნები. კერამიკა ყველაზე გავრცელებული მასალაა, რომლებიც სამარხებშია აღმოჩენილი. ინსტრუმენტების და იარაღების გარდაცვლილისთვის ჩატანება, არც ერთი პერიოდისთვის არ იყო ძალიან დამახასიათებელი.

 

   სამარხში ჩატანებულ ნივთებს, როგორც ჩანს თავისი დანიშნულება გააჩნდა. ზოგიერთი ნივთი იმდენად პირადი იყო, რომ განსვენებულისთვის ამ ნივთის საფლავში ჩატანება სრულიად ბუნებრივი იყო. მდიდრების სამარხთა გამოკლებით, ამ კატეგორიის ნივთებში შედიოდა ტანსაცმელი ან ბავშვის სათამაშოები. ნივთების მეორე კატეგორია განკუთვნილი იყო იმისთვის, რათა გარდაცვლილს გზა გაეკვლია ქვესკნელისკენ, მაგალითად საჩუქრები ქვესკნელის მცხოვრებლებისთვის. საბოლოოდ, სამგლოვიარო ცერემონიალის დროს, გარდაცვლილის ნათესავებსა და მეგობრებს საჯაროდ უნდა ეჩვენებინათ სამარხისთვის განკუთვნილი ნივთები და სიმდიდრე. ალბათ, შეძლებული პირების დასაფლავების ცერემონიას, თან ახლდა მსვლელობა სახლიდან სამარხამდე, თუმცა ამის დამამტკიცებელი ცნობები მესოპოტამიაში ძალიან მცირეა (განსხვავებით ეგვიპტისგან).*

 

   რელიგიათა უმეტესობაში არის წარმოდგენები ზებუნებრივი წარმოშობის არსებებზე, რომლებთაც შუალედური ადგილი უჭირავთ ადამიანსა და ღმერთს შორის. ბერძნულ სიტყვას „დემონს“ (ბრძ. „დაიმონ“  „ზებუნებრივი არსება“, „სული“), აქადურად შეესაბამება „რაბისუ“ (შუმერულად – „მაშქიმ“) , რომელიც შეიძლება იყოს კეთილიც და ბოროტიც. ნეო-ასურული პერიოდის შელოცვებში ვკითხულობთ „გადი, ბოროტო რაბისუ! შემოდი, კეთილო რაბისუ!“

 

   წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ქვესკნელი დასახლებული იყო  დემონური არსებებით, საოცარ მსგავსებას ავლენს შუასაუკუნეების ჯოჯოხეთის სურათზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შუმერული ინოვაციები გავრცელდა მრავალ ხალხსა და კულტურაში.

 

   ძველი  მესოპოტამიის თანამედროვე კვლევების თანახმად ტერმინი „დემონი“ ზოგადად, განხილულია, როგორც ადამიანის ტანიანი ჰიბრიდული არსება, ხოლო „მონსტრი“ უკვე მთლიანად ცხოველთა კომბინაციის შედეგადაა შექმნილი.

დემონები ღმერთებთან შედარებით იშვიათად ფიგურირებენ მითოლოგიურ ტექსტებში თუ თქმულებებში. ათობით დემონის სახელი ჩვენთვის ცნობილია მაგიური ფორმულებიდან. საზოგადოდ, „ბოროტი“ დემონები ღმერთების ნების, მათგან მისჯილი სასჯელის შემსრულებლები იყვნენ. ასეთი “ბოროტი“ დემონები იყვნენ ამინდის, ქარის ან წვიმის სულები. მათი ჩვეულებრივი მეთოდი ადამიანისთვის ზიანის მისაყენებლად დაავადებები იყო.

    ბოროტი ღმერთები და დემონები ძალიან იშვიათად არიან გამოსახულნი ხელოვნების ნიმუშებზე, ალბათ მიაჩნდათ, რომ მათი გრაფიკული გამოსახულებები საფრთხეს შეუქმნიდა ადამიანებს.

   ძველი შუამდინარული ხელოვნების მიხედვით დემონებსა და მონსტრებზე არსებული წარმოდგენების განვითარება შემდეგ ფაზებად შეიძლება დავყოთ:

1. ფორმირების ფაზა, გვიანი უბაიდის და ურუქის ხანა. არაამქვეყნიური არსებებისთვის დამახასიათებელი ხდება ცხოველთა ზოგიერთი თვისება,

2. ოპტიმისტური ფაზა, აქადური პერიოდი. გლიპტიკის ნიმუშებზე ჩნდება დემონთა მიერ ადამიანების დასჯის სცენები.

3. დაბალანსირებული ფაზა, ძველი ბაბილონური ეპოქა. გვხვდება ცილინდრული, მრგვალი დიზაინის ერთმანეთში არეული სურათები (ღმერთები, სიმბოლოები და სხვა მოტივები) კარგი და ცუდი ასოციაციებით.

4. ტრანსფორმაციის ფაზა, მითანის, კასიტების, შუა ასურეთის ხანა, ძვ. წ. XIV-XI სს. ამ პერიოდში ადამიანური ბუნების უპირატესობამ დემონებში გადაწონა ცხოველისთავიანმა ჰიბრიდებმა.

5. დემონური ფაზა, ნეო-ასურული და ნეო-ბაბილონური ხანა. ამ პერიოდში ინდივიდუალური, ბოროტი დემონები გამოსახულნი არიან თავიანთი, სრული საშინელებებით.

 

   დემონური ქმნილებები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი სიკვდილთან.  ასეთი იყო ლამაშთუ  ბოროტი, ქალი დემონი. მისი საქმეები მოიცავდა ბავშვების და ემბრიონის მოკვლას, ორსული დედებისთვის ზიანის მიყენებას, კაცების ჭამას და მათი სისხლის დალევას, კოშმარულ ძილს, ასევე იგი იწვევდა სხვადასხვა დაავადებებს და სიკვდილს. მას ჰქონდა ბანჯგვლიანი სხეული, ლომის თავი, ვირის კბილებით და ყურებით, გრძელი თითები, ფრჩხილები და ფრინველის ფეხები ბასრი ბრჭყალებით. ლამაშთუ ცის ღმერთის, ანუს ქალიშვილი იყო.

 

   ხშირად, ორსული ქალები ლამაშთუს წინააღმდეგ ატარებდნენ ფაზუზუს ავგაროზებს. მიუხედავად იმისა, რომ ფაზუზუ შიმშილისა და გვალვის გამომწვევი დემონი იყო, ის იცავდა ორსულ დედებს ლამაშთუსაგან, ჩვეულებრივ ავგაროზებით და ქანდაკებებით.

ფაზუზუ

 

ლამაშთუ

 

მას მონსტრის თავი და ადამიანის ტანი ჰქონდა, არწივის ფეხებითა და ბრჭყალებით.

     ავგაროზის ტარება ორსულობის და ბავშვის ჩვილად ყოფნის დროს საქართველოსთვისაც დამახასიათებელია. გავიხსენოთ, ტრადიცია, რომლის თანახმადაც გიშრის თვალი ორსულ დედებს და ჩვილ ბავშვებს იცავს „ავი თვალისგან“, ისევე როგორც ფაზუზუს ავგაროზი იცავდა შუმერ დედებსა და ბავშვებს ლამაშთუსაგან.

შუმერული ავგაროზები

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close