გართობა

პოეზია – რომან ზუკაკიშვილის ლექსები

poetry 1c6tjvo

ზუკაკიშვილი რომანის პოეზია, რამოდენიმე ლექსი

ლექსი #1

მოლოდინი

კვლავ შეჰბღავლა ირემმა

ხეებს ნაზამთრალებს

სიზმრის ჯანღი ირევა

და სთვლემს ნაზად მთვარე

ლაინერი სულ წამით

გადაუფრენს ამ მთას

ელდის თეთრი ვულკანი

მოგონებებს შთანთქავს,

მაგრამ მალე ამინთებს

იმედს ცისკრის მზერა

სიყვარულის ამინდებს

უსაზღვრობის სჯერათ

ენძელები ნათობენ

ანგელოზის კვალად

დარდს ამსგავსეს და თოვლი

დარდად დნება მარად,

დრო გაფრინდა იმ წლებად,

ფიქრი ზღვარს რომ გასცდა

ალბათ, აქ თუ იწყება

სიანკარის განცდა

შორს დუქანი ირთვება

რიხითა და ქებით,

კედელს მიმქრალ მითებად

შვენის ირმის რქები

თავს ვიმხნევებ, რომ მადლი

ცივ ტალღებზეც ვძებნო,

ჩემი ბედის ხომალდი

დამილოცეთ ძმებო!

მიატოვეს სადღაც დღე

მოტრფიალე ნდობის

ხოლო ვიღაც ცახცახებს,

ნაცნობ გზით რომ მოდის

ჟინი იმ დღის მიგნების

მიწას აზანზარებს…

კვლავ შეჰბღავლებს ირემი

ხეებს ნაზამთრალებს.

ლექსი #2

***

შენ ამ ქუჩაზე შემომხვდი ადრეც,

იწვოდა ნუშთა აპრილის ალში,

მხოლოდ ღიმილით ამბორი გკადრე

და შენ სიკვდილით დამსაჯე მაშინ

რა ვქნა, დედოფალს ახლაც გიტყდები,

განა ტრფიალი არის აუგი,

სიოთი ვკოცნე შენი თითები

და შენს სიწყნარეს კოშკი ავუგე

ეს ფიქრი თურმე მუდამ თან მსდევდა

რუსთველის დროსაც, ილიას დროსაც

შენი თვალების ლამაზი სევდა

გადამაქცევდა დამაშვრალ მგოსნად

თითქოს ლოცულობს ვიღაც მზის ხატთან,

თითქოს გაზაფხულს სისხლი სდის ვარდის,

მე შენი სუნთქვა მუდამ მიყვარდა

და რომელიღაც სასწაულს ვგავდი

განმეორდება ხილვა მრავალი

ამ მოთმინების და სიყვარულის,

გერქმევა სხვისი შენ დედოფალი

მე კი – პოეტი, ხელმოცარული.

მაგრამ მაშინაც ვიყავით ერთად,

როცა გზა შენსკენ აღარ ვიცოდი…

შენი თვალების ლამაზი სევდა

ბედისწერაა მარადისობის…

ლექსი #3

ერთი დილის სამჯერ გათენება

ვერ შევეჩვიე ამ ნისლს, ამ ციხეს

ვერც კაი ყმების ტყვედ ჩაბარებას,

ერთგულებისთვის მისთვის ამჩეხეს,

რომ ვერ შეჰბედეს ორგულს და ყაჩაღს…

გადაიქროლეს ბევრმა ქარებმა

და ჩემი სუნთქვა კვალივით დარჩათ.

***

ბებერი ჭადრის ნატიფ ხატში ვხედავ ბერიკაცს,

ქუჩის პალიტრას ძლივს შესამჩნევი ერთი ფერი სწვავს…

თავს აჯერებ, რომ …სიმაგრე ხარ აუღებელი,

მთელი ცხოვრება გულს ისე, ვით ფარ-ხმალს აწრთობდა,

იცი, რომ ზოგი სიყრმიდანვე არის ბებერი,

ზოგს კი მოხუცსაც შერჩენია ახალგაზრდობა…

***

ნაცნობ ბაღს უმზერს სევდიანად ნაცნობი ქალი,

უღიმღამო დღეს დედაბოძად უდგას ეს ხილვა…

ყოველი ცივი ხმაც კი დამეტყო, ვით ტყვიის კვალი,

ალბათ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, რაც ვარ, ცეცხლის ვარ,

ხოლო ეს ქალი უნაზესი და შორი მზერით,

არის ათასჯერ მოხატული მაისის ფერით.

ლექსი #4

საქართველო

საქართველო – ვეფხვის ტყავში გახვეული ზღაპარი,

ბრდღვიალა მზე – ჩვენს მთა – ბარში უკვდავებად ჩამტკბარი,

საქართველო მე ვარ, შენ ხარ, საქართველო ის არი,

ვისიცაა საქართველო ნაღდად დასაფიცარი.

… ხან თვალები დამთხარეს და ხანაც ძელზე გამკიდეს,

ო, რამდენჯერ უცხოეთში მასთან ერთად გამყიდეს,

სიკეთისთვის მკლავიც მომჭრეს, შემიგინეს ტაძარი

და ვაი, რომ ნაავკაცარს ერქვა ნამამაცარი.

წიწამურთან მზე ჩამიქრეს, როგორც წმინდა სანთელი

და განწირულს ქართველისგან დამტიროდა ქართველი,

თავად მე ვარ საქართველო, შენა ხარ და ის არი,

ვინც მის წილ ჭირს მიუშვირა თავის გულის ფიცარი,

და ხელიდან ხელში წმინდა დროშად გადასაცემი –

საქართველო სიცოცხლეა ჩვენგან გადასარჩენი.

რაც კი გაჩნდა, იმის მერე ბრძოლაშია მარადის,

სიმართლე აქვს ხმლად და ფარად, აგრემც ღმერთი ჰფარავდეს!

მარად ჩემი სალოცავი საქართველო ერთია,

საქართველო სიყვარულის და სიცოცხლის ღმერთია!

შენც ერთი ხარ სხვებთან ერთად, ნაღდი, განა სიზმარი,

საქართველო შენ ხარ, მე ვარ, საქართველო ის არი!

ლექსი #5

***

დიდთოვლობა დარდების

მთებმა უნდა ზიდონ,

შენ სიჩუმით არ თვრები, სიჩუმე ხარ თვითონ,

დაბრუნდება აპრილი

მივიწყებულ ფიქრში,

გაქცევას დააპირებ შეუცნობელ შიშით,

ჭრილობას ჰგავს შენი გზა,

ჩვეულ გზებს თუ ასცდა

და გაშორებს სხვებისგან სიახლოვე ცასთან,

მზე შეაშრობს მინდორს ხვალ

ცერად ნაჟურ შენს დარდებს,

შენ რაც უფრო დიდი ხარ, დიდი ჩრდილი დაგდევს.

ლექსი #6

9 აპრილი

ვარსკვლავცვენა დაიწყო, მზე ჩამოდნა აპრილის,

ბრძოლის ველზე ეცემა საქართველო დაჭრილი,

წყლულზე იფენს ბალახებს, თან მხსნელს ეძებს ოცნებით,

ამ დროს ცისკენ გაფრინდნენ, თეთრი ანგელოზები,

გმინავს სვეტიცხოველი, ზარს არისხებს სიონი –

რუსთაველის კალთაში ტირის გალაკტიონი.

ისევ წამოიმართა წიწამურის აჩრდილი,

ბრძოლის ველზე ფართხალებს საქართველო დაჭრილი,

მაინც დროშას ძირს არ ხრის, გულში იკრავს, თან მიაქვს,

დროშა სისხლშეუშრობი, ეს ამდენი ხანია,

თუნდაც ჯვარზე გააკრან და თუნდ მოსჭრან მარჯვენა,

მაინც ღმერთს ეტოლება, მაინც ღმერთთან დარჩება!

წამოდექი, ეს მიწა რაა უსაქართველოდ?

წამოდექი, სანთელი ღამემ რომ არ გათელოს,

შენთვის ცისკენ გაფრიდნენ თეთრი ანგელოსები,

მზისკენ, მზისკენ წაიღე შენი წმინდა დროშები!

ლექსი #7

სიმღერა ფიროსმანზე

I

გულით ხატავ, განა ფუნჯით, უფალს ასე ენება…

გაღვრილი ხარ გაზაფხულში, ჯერ არნახულ ფერებად,

დაუჩოქებ მთას და მდელოს, მზეს, სანთლად რომ ბრიალებს,

ლოცვით ბედკრულ საქართველოს მოუშუშებ იარებს,

გულით ხატავ, განა ფუნჯით, ბედმა შენ გზას შეგყარა

და დროს ისე გადაურჩი, როგორც შენი ქვეყანა.

II

შენ მოგენატრა წრფელი თაობა,

ბნელში საბრალო დედა დალანდე…

კიბეზე არბის არარაობა,

ხოლო კიბის ქვეშ კვდება ტალანტი.

სადღაც დუქანში ქეიფი მიდის,

აქ კი ნუგეშად ხმელი მჭადია,

შენ იყავი დიდი, ისეთი დიდი,

რომ თავის გულში ვერვინ ჩაგტია.

ლექსი #8

მგალობელი?

დღეს ბედნიერი სიყვარულის გამო ბევრია,

ბედნიერების ფასი თუმცა არ იცის ზოგმა,

ლექსი ჭაღარად თმაში თუ არ გამოგერია,

ვინ დაგიჯერებს, რომ ეგ სევდა არაა ბოღმა…

ნიჭი ისაა, რაც ძალად არ გამოგელია,

სუსტსაც გაფასებ, თუკი შრომის ოფლი გიღვრია…

თუმც პირს ვინც აღებს, განა ყველა მგალობელია?

ზოგი პირს აღებს და ვაი, რომ რჩება პირღიად.

ლექსი #9

მე სიკვდილისთვის არა მცალია

მე სიკვდილისთვის არა მცალია, გამიგებთ ალბათ!

ამ ერთ აპრილსაც შემატოვოს აპრილის ალმა,

მერე მაისის შემსწრე სიკვდილს რად ვისურვებდი?…

მალე ჩემს ფიქრად აბოლდება ვარდის სურნელი,

მერე თიბათვეს დავჭირდები, მინდვრად გავათევ,

მერე ჩემს სათქმელს ოქროს ყანით იტყვის მკათათვე,

აღარ დამაცდის მოსვენებას ფერისცვალება

და უჩემობით თვით სამყაროც შემებრალება,

მერე ძმაკაცი დამიძახებს ღვინობისთვეში,

მივიწყებულ გზას ვეძებ, გული ისევ მერციეს

და კვლავ ახალწლის დილა მიცდის, ლხენის დარია,

არა და არა! მე სიკვდილისთვის არა მცალია!

ლექსი #10

ნაწყვეტ – ნაწყვეტ

თუმცა დუმილი არ აწყენს ბრძენ კაცებს და არც გმირებს,

დუმილი ხან თუ ოქროა, ხან ოქროს დაგაკარგვინებს..

***

ხან გზა შეყრის ერთად ურჩს და მორჩილს,

(მთავარია გზას არ ასცდნენ მართალს)

ყველა ფარას წინ მიუძღვის ყოჩი,

მაგრამ ფარას მხოლოდ შოლტი მართავს.

ლექსი #11

გიორგი ლეონიძის გარდაცვალება

ციკლიდან სიმღერა გ.ლეონიძეზე

ამ სარკმლიდან პატარძეულს უკვე ვეღარ ვხედავ,

მთაწმინდაზე ნისლად წვება შარი – შური ხეთა,

მთის კალთაზე მოუსვენარ ღრუბელივით დადის,

გულში ვეღარ დატეული, დედის ჩუმი დარდი,

ივრის ჭავლი ობოლ ცრემლად აკიაფდა თვალში

და საცაა ერთი წამი სუყველაფერს წაშლის,

დღე ქრება და დაუმცხრალი რჩება მაინც ვნება,

მტერო, შენც კი მწუხარებდე, ლეონიძე კვდება!…

ვიღაც მორბის, იქნებ სულზე მოგისწროს და გითხრას: –

ლეონიძევ, კოხტა ბიჭო, იცოცხლეო დიდხანს!

მაგრამ ტორს სცემს და ჭიხვინებს საწყალობლად ლექსი,

ტუჩებს იკვნეტს საქართველო და უჩუმრად კვნესის,

სახე დაუნაღვლიანდათ შორს ღიმილის ბიჭებს

და ღვინჯუა შენს ეზოში მძიმედ შეაბიჯებს…

ვაგლახ, ოლე ნაქარალი ავსებულა შხამით

დად ღეს უკვე მოუხურავს შავი მოსასხამი.

აჩოჩქოლდნენ აჩრდილები, თალხით მორთეს რაში,

ლეონიძე მზესა ჰგავდა ნისლის სუდარაში.

ლექსი #12

ზოგს წმინდანობა დასწამეს, ზოგს კი დააჭრეს ფრთებიც,

სიამით მესმის, კიდევ ჰო, სიავით რატომ ვთვრებით?

ელვარე ნაყოფს ქვას ვესვრით, რადგან ხელით ვერ ვწვდებით.

და ყველა მტერი გვგონია, ვინც არ დგას სულ ჩვენს გვერდით.

უსამართლობა გაგბზარავს, ქვა თუ არ დაგაქვს მკერდით…

ჩვენ ერთხელ ვიბადებით და მერე ათასჯერ ვკვდებით.

ლექსი #13

ზმანება

ნიავს ფეხშიშველს კრძალვით მოაქვს მთვარის სანთელი,

მე კი ვჩურჩულებ ეკლესიის ჩამქრალ ზარებთან…

ო, ამ სიმღერას, უთვალავჯერ ფეხქვეშ გათელილს,

ახლაც ვგრძნობ, ვერვინ თუ რატომ ვერ ჩაამთავრებდა.

ეს მწუხარებაც უსასრულო გზებზე გადავა,

შენ სხვისა ტახტზე შემოფლეთილ ღამით გმოსავენ…

დღენი მხსნელებად კვლავ მოაწყდნენ დარდის გალავანს,

მაგრამ მათგანვე დაისრული დახვდათ მგოსანი.

ანგელოზთაგან სიზმარეთი დაცარიელდა

საამცხოვრებოდ მხოლოდ ერთი წამით დავთვერი

ნიავს ნამუხთლევს ჩაეჩოქნა დასალიერთან

და ცვრიან ველზე სულს ღაფავდა მთვარის სანთელი.

ლექსი #14

***

ღრუბლის რუხი ბელტები…

შენ მზიდ გუთანს მიჰყვები,

შეუმჩნევლად ბერდები შემორჩენილ სიყრმეთი,

ცრემლებს ვეღარ მადენენ, უკვე დარდსაც ვმალავო,

ზეცა – დედის მანდილი მეფინება მალამოდ.

გულს კი არცა სურდა რა, გახდა ოხვრა ამ მთების,

ნისლის თხელი სუდარა, მთვარის კენტი სანთელი,

თეთრ ზმანებს გადურჩი შავი ბედის მარხილით

და მუსიკის ქარბუქში მუსიკით იმარხები.

ასგზის გაუქმებულა წინაპართა საძვალე,

ცრემლად დაწვიმებული ვარსკვლავთცვენა მაწვალებს,

წლები როგორ ჰყვაოდნენ და რა უცებ აცივდა?

მიგყვა სასაფლაომდე ორიოდე კაციღა,

ჰო, იცვლება სახე და იქნებ დოქიც, სახელიც…

იგივეა აღმართი, ისევ ისე დამღლელი,

იმ ნაცნობი ჭადრების მდუმარებად იქეცი,

სიზმრად ჩამოადნები სულის მწვერვალს, ვით ლექსი.

მომაკვდავი ფოთოლი ფიქრსღა ასწრებს ოხვრითა –

“კი არ მოკვდა, შეაკვდა… სიკვდილი ვერ მოხრიდა”,

დრო აქ თითქოს ჩერდება, ვისღა ესაუბრები?

უკვე ოფლის ბელტებად დაწყობილან ღრუბლები,

ქვისებრ მხედარს ჯვარი ქვის, თვალით მერანს სწონიან,

ბაღში ათევს ცვარივით ღამეს მელანქოლია,

რაც რატომღაც აგშორდა, ახლა იგი დრო გინდა,

წყალთან დაგხვდა ბავშვობა პირმოტეხილ დოქითა…

გუთნის ნატეხს აწყდები ბრძოლის ველზე ოდესღაც,

ხმლად და გუთნად ნაწრთობის ახლაც ჩქამი მოგესმა,

ფიქრს ვერც ასწრებ, ისევე გული ფარად იწრთობა,

შენი თვალთა სისველე უდრის მარადისობას…

ვეღარც ძველ გზებს შეუვლი,

ვერც მზერას წყვეტ მწვერვალებს,

ცის გულზე კი ეული მზის გუთანი ელვარებს…

წყარო : http://lib.ge

archili

archili var.
Back to top button