საკითხავისასარგებლოსაქართველო

ვიქტორ სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი

ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმშივე, განთიადის სკოლაში დაიწყო, ცნობილი მწვრთნელის აკოფ ქერსელიანის მეთვალყურეობის ქვეშ. თავიდან ვარჯიშობდა სიმაღლეზე ხტომაში, თუმცა 6 წლის შემდეგ ქერსელიანის რჩევით, სამხტომში ვარჯიში დაიწყო. პირველი ჯილდო მალევე, 1963 წელს მოიგო, როცა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაიკავა.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით 1969 წელს, ლენინის ორდენით 1972 წელს, ხალხთა მეგობრობის ორდენით 1976 წელს.

2005 წელს დაჯილდოებულ იქნა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედლით სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

სოკის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი. 1992 წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.

სპორტული კარიერა

სკოლის დამთავრების შემდეგ სანეევი თბილისში გადმოვიდა და „დინამოს“ სახელით მონაწილეობდა შეჯიბრებებში. 1968წელს სანეევი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სამხტომში (სულ რვაჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის პირველობა 1968-71, 1973-75 და 1978 წლებში).

საბჭოთა კავშირის პირველობაზე გამარჯვებამ მას მექსიკის 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე წასვლის საშუალება მისცა, სადაც სანეევმა პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგო. აქ, 1968 წლის 17 ოქტომბერს, სანეევმა ორჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი, გადახტა რა ჯერ 17.23, ხოლო შემდეგ 17.39 მეტრზე.

ოთხი წლის შემდეგ, კვლავაც 17 ოქტომბერს, სანეევმა კიდევ ერთხელ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი, გადახტა რა 17.44 მეტრზე.

მექსიკის ზაფხულის ოლიმპიადის გარდა სანეევმა ოქროს მედლები მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) წლების ოლიმპიადებზეც მოიგო, რითაც დააფიქსირა მსოფლიო სპორტში უნიკალური მიღწევა – ვიქტორ სანეევი ერთადერთი მძლეოსანია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო სამხტომში ოლიმპიური ოქროს მოგება.

ძალიან ახლოს იყო ოქროს მედლის მოგებასთან ვიქტორ სანეევი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზეც, სადაც მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, დათმო რა დუელი ესტონელ მძლეოსან იააკ უუდმიაესთან.

საბჭოთა კავშირის და ოლიმპიური ოქროს მედლების გარდა სანეევს მოგებული აქვს ათენის (1969) და რომის (1974) ევროპის ჩემპიონატები.

P.s  2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის წინ ლონდონის ტრანსპორტის სამმართველომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე ქალაქის მეტროს რუკა წარმოადგინა, სადაც თითოეული სადგური აღნიშნული იყო ლეგენდარული სპორტსმენების სახელები.
ქართული სპორტის გულშემატკივართათვის სასიამოვნო  ისაა, რომ ერთ-ერთ სადგურს სიგრძეზე ხტომაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონისა და საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის ვიქტორ სანეევის სახელი ამშვენებდა.

 

წყარო: wikipedia.org

gogliko

private

მსგავსი ამბები

Close
Close