კულტურა

საბრძოლო სპილოები

AD 12
სპილო-ერთადერთი ცხოველი, რომელსაც ადამიანი  სისტემატიურად იყენებდა იარაღად. ცხენები არასდროს არ ყოფილან მებრძოლები, მათ მხოლოდ სწრაფი გადაადგილებისთვის იყენებდნენ ბრძოლის ველზე. იყო შემთხვევები, როდესაც ძაღლებიც გამოყავდათ ბრძოლაში, მაგრამ ისინი დიდ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგისთვის. სპილოები “ცოცხალი ტანკები” იყვნენ,
რომლებიც მოწინააღმდეგის ასობით ადამიანს თელავდნენ.
არსებობს სპილოს ორი სახეობა: ინდური(Elehpas maximus) და აფრიკული(Loxodonta africana). აფრიკულ სპილოს დიდი ყურები, ჩაღრმავებული ზურგი და დიდი ეშვები აქვს. ინდურ სპილოს კი შედარებით პატარა ყურები, ამოზნექილი ზურგი და აფრიკულ სპილოსთან შედარებით პატარა ეშვები. დღეს ჩვენ ინდურ სპილოს ვხვდებით: ინდოეთში, ვიეტნამში, პაკისტანში, ტაილანდში და ასევე შრილანკის და სუმატრის კუნძულებზე. აფრიკული სპილოები ორ სახეობად იყოფიან: ტყის და სავანის. სავანის სპილო ყველაზე დიდია. ის 3-დან 4 მეტრამდეა და 4-დან 7 ტონამდე იწონის. ხოლო ტყის აფრიკული სპილო პატარაა ინდურ სპილოზეც კი. ტყის სპილო 2-დან 2,5 მეტრამდე არიან და 4,5 ტონამდე იწონის, ხოლო ინდური სპილო 2-დან 3,5 მეტრამდეა და 5 ტონამდე იწონის. ინდური და აფრიკული ტყის სპილოსგან განსხვავებით, აფრიკული სავანის სპილო არ იწვრთნება და შესაბამისად არც გამოიყენება ბრძოლის ველზე. დაჭერილ სპილოს ბოძზე მიაბამენ, სხვა უკვე მოთვინიერებულ სპილოებთან ერთად და არ აჭმევენ მანამ, სანამ მორჩილი არ გახდება. სპილო მოთვინიერებულად მაშინ ითვლება, როცა ის ადამიანს ზურგზე შეჯდომის საშუალებას მისცემს. ამის შემდეგ იწყება წვრთნა. წვრთნის დროს სპილოებს ასწავლიდნენ სხვადასხვა საბრძოლო ილეთებს და გამოუმუშავებდნენ საბრძოლო ხასიათს. კაუტილია წერს, რომ სპილოებს ასწავლიდნენ გადახტომას გაჭიმულ თოკებზე და ორმოებზე, მოსახვევებში გავლას, მეომრის გათელვას და მოკვლას, სხვა სპილოებთან ბრძოლას და სიმაგრეებზე თავდასხმას. სპილოებს წვრთნიდნენ ისე, რომ აეტანათ ტკივილი და ხმამაღალი ყვირილის არ შეშინებოდათ. როცა სპილო ბოძთან მიბმული იყო, მას ხმლებით და შუბებით ჩხვლეტდნენ(ისე, რომ სერიოზული ჭრილობა არ
587px Battle of Gaugamela (Arbela)
                                    საბრძოლო სპილო გავგამელას ბრძოლაში
მიეყენებინათ მათთვის) დოლების დარტყმის ხმაში. სპილოების წინ კლავდნენ ცხოველებს, რადგან ის სისხლის სუნს შეჩვეოდა. საბრძოლო სპილოებს ზურგზე ჩულა – დიდი კვადრატული ხალიჩა ჰქონდათ დაფარებული, რომლებიც ქამანდით იყო დამაგრებული. ჩულა თითქმის ყოველთვის წითელი ფერის იყო, ხოლო ქამანდებს სქელი ბაწრებისგან ან ჯაჭვებისგან ამზადებდნენ. სპილოს ძირითადათ კისერზე ჩამოკიდებული ქონდა ზარი, ასევე ჩულაზეც იყო მიმაგრებული პატარა ზარები. სამეფო სპილოების შუბლს მარგალიტებით და ძვირფასი ქვებით რთავდნენ. ზუსტად არავინ იცის, როდიდან დაიწყეს სპილოს ზურგზე კოშკების დადგმა. რომაელი ისტორიკოსები: დიოდორე და პლინიუს უფროსი, მოიხსენიებენ კოშკებს სპილოს ზურგზე. კაუტილია დეტალურად აღწერს სპილოს აღჭურვილობას, მაგრამ იქ არაფერი წერია კოშკებზე. სანჩის რელიეფებზე და აჯანტის ფრესკებზეც არ არის გამოსახული კოშკებიანი სპილოები, ნახატებზე პირდაპირ სპილოს ზურგზე ზიან მეომრები. აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანტიკურ პერიოდში სპილოები კოშკებს არ ატარებდნენ და ეს წესი შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. კაუტილია ასევე მოგვითხრობს სპილოს ჯავშანზეც. ის რკინის ფირფიტებისგან შედგებოდა. პაკისტანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია 18 კვადრატული რკინის ფირფიტა, რომლის ზომებია 25,4X21,6 სმ და სისქით 2 მმ. ეს ფირფიტები ძალიან დიდია ადამიანისთვის, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ეს ან სპილოს ჯავშნის ფირფიტებია ან აქლემის. ინდოეთში სპილოს ჯავშანს ყოველთვის არ იყენებდნენ. მოგოლთა ზოგიერთ მინიატურაზე სპილო მთლიანად
800px Schlacht bei Zama Gem%C3%A4lde H P Motte
                                       აფრიკული სპილოები ზამას ბრძოლაში
დაჯავშნულია, ხოლო ზოგიერთზე, სპილოს მხოლოდ შუბლი და ხორთუმის ნაწილი აქვს დაცული. სხვა სპილოები, იმპერატორის საკუთარი სპილოც კი მინიატურებზე საერთოდ დაუცველად არიან. სპილოს შეჯავშნა ძალიან ძვირი ჯდებოდა და შეიძლება, ამიტომაც იყო ამდენი სპილო დაუცველი. ეს ალბათ
სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამომდინარეობდა. ათანასე ნიკიტინი აღნიშნავს, რომ სპილოებს ეშვებზე და ხორთუმზე ამაგრებდნენ მძიმე ხმლებს. ჩინელი მოგზაური სუნ იუნი მოგვითხრობს, რომ სპილოებს ხმლების გარდა, ხორთუმებზე ეკლებს ან ჯაჭვებს უმაგრებდნენ. ჯაჭვი სპილოს ხორთუმზე მოწინააღმდეგისთვის დიდი ხიფათი იყო, მოქნეული ჯაჭვით კაცის მოკვლა შეიძლებოდა. ასევე ხიფათს წარმოადგენდნენ სპილოს ეშვები. მას შეეძლო ეშვით ადამიანი შუაზე გაეპო. მას ხშირად შხამს უსვამდნენ. წამძღოლი სპილოს მოკაუჭებული რკინის ჯოხით მართავდა. ის ასევე ფეხებსაც იყენებდა, სპილოს შემოტრიალებისთვის ან გასაჩერებლად. ბერძენი ელჩი – მეგასტენე (ძვ.წ. 300 წ.) წერდა, რომ სპილოს ეკიპაჟი ოთხი კაცისგან შედგებოდა: ერთი წამძღოლი და სამი მშვილდოსანი. ხოლო ”მაჰაბჰარატაში” წერია, რომ ეკიპაჟი 7 კაცისგან შედგებოდა: ორი წამძღოლი, ორი
მშვილდოსანი, ორი ხმლით შეიარაღებული მებრძოლი და ერთი მეომარი შუბით. სანჩის რელიეფზე და აჯანტის ფრესკებზე გამოსახულია, სამკაციანი ეკიპაჟი: წამძღოლი და ორი მებრძოლი. ძალიან იშვიათია შემთხვევა, თუ სპილოს ზურგზე
sikh war elephants
                               ინდური სპილოები ბრიტანელებთან ბრძოლაში
მხოლოდ ორი ადამიანი ზის, ამ შემთხვევაში წამძღოლიც ბრძოლაში ერთვება. ყველაზე პოპულარულ იარაღად სპილოზე მშვილდი ითვლებოდა. ნაკლებად იყენებდნენ შუბებს და სატყორცნ შუბებს. ა ნტიკურ პერიოდში სხვა სასროლი იარაღებიც გამოიყენებოდა, მაგალითად ნავთის ქოთნები და ქვები. დელის სულთანის სპილოები, თემურ ლენგთან ბრძოლისას იყენებდნენ დენთის იარაღს, გარდა ამისა მშვილდოსნებს და არბალეტით აღჭურვილ მეომრებს. ზოგიერთ სამხედრო ტრაქტატში მოიხსენიება, ხმლით შეიარაღებული მეომრები, მაგრამ გაუგებელია, როგორ უნდა გამოიყენო ხმალი სპილოს ზურგზე ჯდომისას. ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონების შემდეგ, დენთიანი იარაღი სპილოს შეიარაღების განუყოფელი ნაწილი გახდა. ეკიპაჟის წევრები ძირითადად მუშკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. იყო შემთხვევებიც, როდესაც სპილოს ზურგზე პატარა ქვემეხს ამაგრებდნენ. კაუტილია წერს, რომ სპილოს, ეკიპაჟთან ერთად დაყვებოდა დაახლოებით 20 კაციანი რაზმი: თხუთმეტი ქვეითი მებრძოლი და ხუთი მხედარი.
seleucid war elephant large
                                                 სელევკიდთა საბრძოლო სპილო
საბრძოლო სპილოების წინაშე იდგა 5 ძირითადი დავალება:
1. მტრის დაშინება – როგორც კი სპილო გამოჩდებოდა ბრძოლის ველზე და მოწინააღდეგისკენ მთელი სისწრაფით გაიქცეოდა, ხშირად ყველაზე მამაცი მეომრებიც კი ვერ ბედავდნენ მასთან პირისპირ შერკინებას.
2. მტრის საბრძოლო წყობის დაშლა – თუ მოწინააღმდეგის საბრძოლო წყობა დარღვეულია, საგრძნობლად მცირდება ქვეითი რაზმის საბრძოლო შესაძლებლობები. მაგალითად დაშლილი ბერძნული ფალანგა, სრულიად დაუცველი რჩება.
3. მოწინააღმდეგისთვის დიდი ზარალის მიყენება – სპილოების წინა ხაზთან დაჯახება, მოწინააღმდეგე რიგებს დიდ დანაკარგს აყენებს.
4. მხედართმთავრის გადაყვანა – როცა მხედართმთავარი სპილოზე ზის და ჯარს მიუძღვება ეს ჯარის სულისკვეთებას ამაღლებს.
5. დაანგრიოს მოწინააღმდეგის სიმაგრეები – სპილოს შეეძლო ხორთუმით კარიბჭის შეენგრია. ამიტომ ხშირად, კარიბჭეებს ეკლებით ფარავდნენ.
სპილო მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში შევიდა, როგორც მძლავრი საბრძოლო ერთეული, რომელსაც მტრისთვის დიდი ზიანის მიყენება შეეძლო. სპილოებს იყენებდნენ ისეთი დიდი მხედართმთავრები, როგორებიც იყვნენ: ანტიგონე, სელევკოსი, ჰანიბალი, ანტიოქოზ III, თემურ-ლენგი და ნადირ-შაჰი. სპილო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინდოეთში, სადაც მას არამარტო სამხედრო, არამედ რელიგიური დატვირთვაც ქონდა. დღესაც ინდოელები და შორეული სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში ეს უზარმაზარი ცხოველები ერთგულად ემსახურებიან ადამიანს, თუმცა არა სამხედრო არამედ სამეურნეო და ცხოვრებისეულ საქმეში.
წყარო : http://samxedro-istoria.blogspot.com

tsotne guchua

me var moswavle

მსგავსი ამბები

Back to top button