არქივი

იოზეფ და მაგდა გებელსები – სიყვარული შემზარავი ფინალით

5403f05720d1

ეს არის ისტორია სიყვარულის და ქირწინების,ეს არის ისტორია თუ როგორ დახოცა დედამ 6 შვილი.

მორიდებული თაყვანისმცემელი

გებელსი ჩრდილივით დასდევდა ქალს, თვალებში შესციცინებდა. მეგობრები ურჩევდნენ, თავი დაენებებინა მაგდასათვის. “ჩაიხედე სარკეში, სად შენ და სად ის!”, – ეუბნებოდნენ მას. “ამქვეყნად არაფერია შეუძლებელი!”, – პასუხობდა კაცი და მაგდას ხშირად მიტინგებზე პატიჟებდა, რადგან იცოდა, მიტინგი მისი სტიქია იყო. მაგდა მართლაც მოჯადოებულივით უსმენდა მას.

– იოზეფ, თქვენი გამოსვლა ბევრად განსხვავდება სხვა ორატორების გამოსვლებისგან, – გულწრფელად წარმოთქვა მაგდამ.

ამ მომენტში ქალის თვალებში პირველად გამოკრთა აღტაცება. გებელსმა ეს შენიშნა და მაგდა რესტორანში დაპატიჟა. ქალიც დათანხმდა.

რესტორანში სამ საათზე მეტი დაჰყვეს. გებელსმა ქალს მდიდრული სუფრა გაუშალა და საკმაოდ ბევრიც ილაპარაკეს. გულახდილმა საუბარმა ისინი ერთმანეთს დააახლოვა. გებელსმა ქალი სახლამდე მიაცილა.

– ხვალ შევხვდებით ერთმანეთს?

– რა თქმა უნდა, – მიუგო მაგდამ.

მას რაღაც იზიდავდა ამ ჩია, კოჭლი კაცისკენ, რომელსაც ანთებული თვალები და საოცარი ორატორული ნიჭი ჰქონდა. მაგდაც მზად იყო, გაეზიარებინა მისი რწმენა, მისი იდეები. იოზეფი ასკეტურ–იდეურ კაცად ეჩვენებოდა, რომელიც გერმანიის გულისათვის ყველაფერზე მზად იყო. გებელსი კეთილსინდისიერად აცილებდა ქალს სახლამდე. ერთხელ ერთ–ერთი ასეთი გაცილების დროს ჰკითხა:

– ხვალ შევხვდებით ერთმანეთს?

ქალს თვალები უცინოდა. გებელსმა წონასწორობა დაკარგა. ანაზდად მოჭიდავესავით დაეძგერა მაგდას და თავის მკლავებში მოაქცია. ქალს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მისი თვალები ალერსით შესცქეროდნენ მამაკაცს, რომელმაც გაბედა და თუნდაც ასეთი ფორმით გადავიდა გადამწყვეტ იერიშზე. გებელსი ხარბად დაეწაფა მის ტუჩებს.

– მიყვარხარ!

– მეც მიყვარხარ, – წაიჩურჩულა მაგდამ.

მალე მათ ჯვარი დაიწერეს. იდგა 1931 წელი.

გასროლა პარიზში

“ცხოვრობდნენ ისინი ლაღად და ბედნიერად. უყვარდათ ერთმანეთი და ისინიც ყველას უყვარდა. მეც ვიყავი მათ ქორწილში და თაფლივით ლუდი ვსვი. რაც მოვისმინე, ზღაპრად მოგიყევით”, – ასე მთავრდება ძმები გრიმების ერთ–ერთი ზღაპარი. იქნებ ასეც უნდა დასრულებულიყო გებელსისა და ფრაუ მაგდას ურთიერთობა, მაგრამ ცხოვრება მკაცრია, ხშირად სასტიკიც, ის ნამდვილად არა ჰგავს ჯადოსნურ ზღაპარს.

მაგდას და გებელსს მართლაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ქორწილიც დიდებული გადაიხადეს. მაგდას პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავდა ვაჟი, რომელიც მის ყოფილ ქმართან ცხოვრობდა. გებელსთან მაგდამ ერთიმეორის მიყოლებით დაიწყო ბავშვების გაჩენა. მათ ექვსი შვილი შეეძინათ. ბედნიერებისათვის თითქოს ყველა ატრიბუტი არსებობდა. არც ფული აკლდათ, არც ფუფუნება, არც ბავშვები. მაგდას იმდენად შეუყვარდა ქმარი, რომ თავგამოდებული ნაცისტი გახდა. შევიდა ჰიტლერელთა რიგებში, აქტიურად უჭერდა მხარს მეუღლეს. მოულოდნელად შეიტყო, რომ მისი მამობილი დაიჭირეს. მაგდა ქმართან გაიქცა.

– ჩემი მამობილი დააპატიმრეს, რადგან ებრაელია. ის ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკშია.

– ებრაელის ადგილი იქაა, – გაიცინა გებელსმა.

მაგდა ამაოდ ემუდარებოდა ქმარს, ამაოდ ტიროდა. გებელსის დაყოლიება ვერ შეძლო. სასოწარკვეთილმა პარიზში მოკურცხლა, წასვლის წინ კი ქმარს უთხრა:

– სასწრაფოდ უნდა წავიდე პარიზში და თანაც მარტო! ძალიან გთხოვ, არაფერი მკითხო.

პარიზში მაგდა ფეშენებელურ სასტუმროში დაბინავდა. ანაზდად მის ნომერში ტელეფონის ზარი გაისმა:

– მაგდა, ვერ მიცანი?

– ღმერთო ჩემო, – მაგდას ენა დაება, – ნუთუ შენა ხარ?

მართლაც მისი ყოფილი საყვარელი, ჰაიმ ვიტალი ალმომოზოროვი რეკავდა. მალე ის და მაგდა რესტორანში ისხდნენ.

– სულ არ გამოცვლილხარ, მაგდა, – გულწრფელად წარმოთქვა ჰაიმმა.

– არც შენ გამოცვლილხარ, – წაიჩურჩულა ქალმა.

– მითხარი, გიყვარს შენი ქმარი?

– ძალიან.

– რა საერთო გაქვს იმ დაკომპლექსებულ ნაძირალასთან?!

– თუ შეიძლება, ზრდილობიანად ილაპარაკე! – მკვახედ შეაწყვეტინა მაგდამ, – იოზეფი ჩემი ქმარია!

– შენც ხომ არ შეგიტყუა თავის ბანდაში?

– ეს ბანდა კი არა, ნაციონალ–სოციალისტური პარტიაა. მაქვს პატივი, მისი წევრი ვიყო.

– მაშ, ისიც გჯერა, რომ მე უნტერმენში ვარ, არა? – დაიღრიალა ჰაიმმა და რევოლვერი იძრო, – შე ჰიტლერელო ძუკნა! მე შენ…

– ვერაფერსაც მიზამ, – შეაწყვეტინა მაგდამ, – დაუშვი ეგ რევოლვერი!

ჰაიმმა რევოლვერი შემართა. მაგდა არ განძრეულა, არც საშველად მოუხმია ვინმესათვის. რესტორანში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა მათ შესცქეროდა.

ჰაიმმა უნებლიეთ თვალები დახუჭა და ისე გამოჰკრა ჩახმახს თითი. გაისმა სროლა. როდესაც თვალი გაახილა, დაინახა, რომ მაგდა თავის ადგილზე უვნებელი იჯდა. ქალი კვლავ იღიმოდა. მათკენ ყოველი მხრიდან მორბოდა ხალხი. კაცს ხელები გადაუგრიხეს, რევოლვერი წაართვეს, შემდეგ პოლიცია გამოიძახეს.

აღსასრული

მაგდა ბერლინში დაბრუნდა. გებელსმა უკვე იცოდა მისი პარიზული თავგადასავლების შესახებ, მაგრამ ცოლს არაფერი უთხრა. ცხოვრებაც ძველებურად გაგრძელდა. გებელსი, როგორც პროპაგანდის მინისტრი, აქტიურ საქმიანობას აგრძელებდა. მაგდა მას გვერდში ედგა. ერთ მშვენიერ დღეს მათ ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა:

– ფრაუ გებელსი ბრძანდებით?

– დიახ.

– თქვენი ქმარი ბარ “ლურჯწვერაში” ერთ–ერთ მსახიობ ქალთან დროს ატარებს.

აღშფოთებულმა მაგდამ ყურმილი დააგდო. “კეთილისმყოფელთა” ზარები არ წყდებოდა. გებელსის სასიყვარულო თავგადასავლებზე მთელი ბერლინი ლაპარაკობდა. მაგდას არ სურდა ამის დაჯერება. წონასწორობა მხოლოდ მას შემდეგ დაკარგა, რაც ქმარს ფაქტზე წაასწრო. გებელსი ერთ ჩეხ ლამაზმანთან განცხრომას ეძლეოდა.

– გერმანელ ქალთან მაინც დაწოლილიყავი! შენ არასრულფასოვან სლავზე გამცვალე! – მაგდამ თავი ვერ შეიკავა და აქვითინდა.

ის არ გაყრია ქმარს. ახლა მთელი სიყვარული ბავშვებზე გადაიტანა. მაგდა ამით ცოცხლობდა და ამით სუნთქავდა.

ყველაფერი 1945 წლის მაისში დასრულდა, როდესაც ჰიტლერმა თავი მოიკლა. თანახმად ფიურერის ანდერძისა, რაიხსკანცლერი გებელსი ხდებოდა, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მესამე რაიხი უკვე აღარ არსებობდა. დაინგრა ყველაფერი, რასაც დოქტორი გებელსი ეთაყვანებოდა.

– მორჩა, გერმანია აღარ არსებობს, ყველაფერი დამთავრებულია, მაგდა.

– ნამდვილად, – კვერი დაუკრა ქალმა. ახლა ის შოკში იყო. ვერაფერს ხედავდა და ვერაფერს ამჩნევდა. მხოლოდ ის დაინახა, როგორ ამოიღო გებელსმა რევოლვერი.

– რას აკეთებ?

– ჩემი სიციცხლე დამთავრებულია.

– მერე მე, ბავშვები?

– თქვენ ვეღარ გიშველით, მშვიდობით, მაგდა!

– მითხარი, ოდესმე მაინც თუ გიყვარდი, ახლა მაინც გულახდილად მითხარი, იოზეფ.

– სიყვარული არ არსებობს. მაგდა, იცი, ვის მაგონებ? ჩეხოვს ერთი საოცარი მოთხრობა აქვს. მისი გმირი ქალი მსახიობზე გათხოვდება და მისი ცხოვრებით ცხოვრობს. შემდეგ მსახიობი კვდება. ქალი მეორედ თხოვდება. მისი ქმარი კონდიტერია. ახლა ქალს სულ ნამცხვრებზე აბოდებს! აღარც პირველი ქმარი ახსოვს და აღარც თეატრი! მეტიც, მან თეატრი შეიძულა. შენც ამ ტიპის ქალი ხარ. შენი ებრაელი შეყვარებულისაგან იდეალი შექმენი და სიონისტი გახდი. შემდეგ შექმენი ჩემგან იდეალი და ნაცისტებს მიემხრე! შენი ტრაგედია იმაშია, რომ მამაკაცისაგან იდეალს ქმნი. იდეალი კი არ არსებობს! გინდა გითხრა, რატომ გავხდი ნაცისტი? იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი გზა მაღალ საზოგადოებაში მოხვედრისა. ჩემი გარეგნობისა და ქონების კაცი ვერასოდეს გახდებოდა მინისტრი. ჰიტლერის წყალობით კი…

– მაშ, ნაცისტი მხოლოდ ამიტომ გახდი? მაშ, არ გჯეროდა იდეოლოგიისა, რომელსაც ქადაგებდი?

– იდეოლოგია ბრბოსათვისაა. ჩვენ ბრბოზე ვთამაშობდით, სხვაგვარად ხომ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდით.

– ღმერთო ჩემო, – წაიჩურჩულა მაგდამ, – ხალხი ამას არ გვაპატიებს, ჩვენც ჩაგვქოლავს და ჩვენს შვილებსაც. ისინი ხომ გებელსის შვილები არიან!

– ასეა…

– მეც შენთან ერთად მოვიკლავ თავს, შვილებსაც ავაცდენ ტანჯვას!

ფრაუ მაგდამ დაუძახა შვილებს. შემდეგ უთხრა, რომ იწყება თამაში, ვინ დალევს ყველაზე სწრაფად მწარე წამალს? ბავშვები ერთმანეთს ასწრებდნენ.

– მე! მე! დედა, მე დავლიე! ნახე, პირველი ვარ!

სინამდვილეში ეს მორფი იყო. უკვე დაძინებულ ბავშვებს ქალმა პირში მომაკვდინებელი შხამი ჩაუდო.

– ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი!

გებელსმა ჯერ ცოლს ესროლა, შემდეგ თავად დაიხალა ტყვია.

წყარო: sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button