ცნობილი სპორტსმენები – ნაწილი I
დღევანდელ პოსტში შემოგთავაზებთ ცნობილი სპორტსმენების: ჯეკ ნიკლაუსის,სტენლი მეტიუზი,მარტინა ნავრატილოვასა,შეინ უორნისა და ჯო ლუისის ბიოგრაფიებსა და საინტერესო ფაქტებს მათი ცხოვრებიდან.
ჯეკ ნიკლაუსი
ნიკლაუსმა გოლფის თამაში ათი წლის ასაკში დაიწყო, თავისი შესაძლებლობები კი 13 წლის ასაკში აჩვენა,როცა რაუნდი 6,49 კმ.–იან წრეზე მხოლოდ 69 დარტყმით დაასრულა. იგი ჯერ კიდევ ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა,როცა აშშ–ის მოყვარულთა შორის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1961 წელს პროფესიონალი გახდა, წინ თავბრუდამხვევი წარმატებებით მიიწევდა, 1962 წელს კი აშშ–ის ღია ჩემპიონატი მოიგო.
მას შემდეგ „ოქროს დათვმა“, როგორც მას თაყვანისმცემლები ეძახიან, ამ თამაშის ისტორიაში ყველაზე მეტი ტურნირი მოიგო. მის წარმატებათა შორისაა აშშ–ის ოთხი ღია და ოსტატთა ხუთი ჩემპიონატი.
სტენლი მეტიუზი
სტენლი მეტიუზი ბავშვობაში რეზინის პატარა ბურთს არ იშორებდა და სადაც არ უნდა ყოფილიყო,ყველგან ბურთაობდა.როცა ზრდასრული მოთამაშე გახდა, მას „დრიბლინგის ჯადოქარს“ უწოდებდნენ, რადგან ბურთს საოცარი ოსტატობით იმორჩილებდა.
პირველი მატჩი უმაღლეს ლიგაში 1931 წელს ითამაშა, ინგლისის ნაკრებში კი – 1934 წელს. 1953 წელს,როცა ბლეკპულის საფეხბურთო კლუბში თამაშობდა, ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელის მედალი აიღო. ამ გასაოცარ მატჩში სამი საგოლე კომბინაცია შექმნა და თავის გუნდს,რომელიც „ბოლტონთან“ 3:1 აგებდა, თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე,გამარჯვება მოუტანა. ამ არაჩვეულებრივ თამაშს ახლა „მეტიუზის ფინალს“ უწოდებენ. მეტიუზი პირველ დივიზიონში 50 წლამდე თამაშობდა.
მარტინა ნავრატილოვა
ჩეხური წარმოშობის ამერიკელი ჩოგბურთელი დაიბადა 1956 წელს
მარტინა ნავრატილოვა ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა, მაგრამ 1975 წელს ამერიკაში გადავიდა და ჩოგბურთელის წარმატებული კარიერა შეიქმნა. 1981 წელს აშშ–ის მოქალაქეობა მიიღო, მომდევნო წელს კი პირველი პროფესიონალი ქალი მოთამაშე გახდა, რომელმაც სეზონში მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
ნავრატილოვას საყვარელი ჩემპიონატი უიმბლდონია, სადაც ცხრა ფინალი აქვს მოგებული, რითაც თანამემამულის, ამერიკელი ჰელენ უილზ მუდის, რეკორდი მოხსნა. 80–იან წლებში იგი საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად ითვლებოდა.
შეინ უორნი
კრიკეტის ავსტრალიელი მოთამაშე დაიბადა 1969 წელს.
ავსტრალიელმა შეინ უორნმა კრიკეტის მოთამაშის კარიერა 1991 წელს „ვიქტორიაში“ დაიწყო. მალე ეროვნული შესარჩევი კომისიის ყურადღება მიიპყრო და ავსტრალიის მეორე გუნდთან ერთად ზიმბაბვის ტურში გააგზავნეს. თავიდან უორნი განსაკუთრებულად არ გამოირჩეოდა, მაგრამ მალე დატრიალების საკუთარი ტექნიკა შეიმუშავა და ავსტრალიის გუნდის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. მოგვიანებით კაპიტნად დაინიშნა და 2006–2007 წლების სერიებში „ეშიზ“–ის პრიზი მოუპოვა. საერთაშორისო კრიკეტიდან იგი 2007 წლის იანვარში წავიდა.
„მოთმინება არ დაკარგო…თუ დაბრკოლება შეგხვდა და მოედნის გარეთ აღმოჩნდი. არც მაგაზე ინაღვლო, შემდეგი დარტყმა ხომ შენია.“
ჯო ლუისი ამერიკელი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი დაიბადა 1914 წელს, გარდაიცვალა 1981 წელს, 67 წლისა.
ჯოზეფ ლუის ბაროუ პროფესიონალი მოკრივე 1934 წელს გახდა, 1937 წელს კი მძიმეწონიანთა შორის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ლუისი, მეტსახელად „ყავისფერი ბომბდამშენი“, პირველი შავკანიანი იყო, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლება მისცეს და რინგზე 22 წელი დარჩა. ლუისი ჩემპიონის ტიტულს 12 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა და მისი დაცვა 25–ჯერ (რეკორდული რაოდენობა) მოახერხა.
66 პროფესიული შეხვედრიდან ლუისმა 63 მოიგო, 49 ნოკაუტით.