არქივი

შვილის აღზრდა. I ნაწილი. ჩანასახი

307880 503381773024934 187375248 n

ერთხელ ბრძენთან მივიდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და კითხეს, თუ როდის უნდა დაეწყოთ თავიანთი 8 თვის შვილის აღზრდა. ბრძენმა უპასუხა, თქვენ ზუსტად 8 თვით დაიგვიანეთო. 

თანამედროვე ფსიქოლოგია ამ ბრძენკაცის პოზიციას იზიარებს. მაგრამ პრენატალაური ფსიქოლოგია ამ შემთხვევაზე იტყვოდა, რომ 8 თვეზე უფრო მეტადაც დაიგვიანეს მშობლებმა. ცნობილია, რომ ფეხმძიმე ქალის მდგომარეობაზე დიდადაა დამოკიდებული მისი ჩანასახის ჯანმრთელობა. ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, რომ მოერიდონ სტრესულ და ტრავმატულ გარემოს. რადგან დედის ნერვიულობას შეიძლება მოყვეს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა ბავშვთან. თუმცა პრენატალური ფსიქოლოგების ნაწილი თვლის, რომ ძლიერი სტრესი და ტრავმა ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც განაპირობებს. ერთ-ერთი კვლევაში აკვირდებოდნენ ბავშვს, რომლის დედასაც ორსულობის პერიოდში გარდაეცვალა ახლობელი ადამიანი და დიდი ხნის მანძილზე დეპრესიაში იყო. სკოლამდელ ასაკში ამ ბავშვს პერიოდულად აღენიშნებოდაგაურკვეველი წარმოშობის დეპრესიის სიმპტომები. სხვა შემთხვევაში ჩატარდა ლონგიტიდური გამოკვლევა, სადაც ყურადღების ცენტრში იყო მამაკაცი. მისი დედა ცდილობდა თვითნებური აბორტის გაკეთებას. ეს მამაკაცი იყო 30-ჯერ ნასამართლევი და ქონდა სადისტური ტენდენციები, რამდენიმეჯერ სცადა თავის დასახიჩრება და იყო აგრესიული.

ეს დაკვირვებები არაა კიდევ საკმარისი იმისთვის, რომ ვამტკიცოთ ცალსახად პრენატალური პერიოდის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, რადგან შესაძლოა ამ მამაკაცის დედას განწყობა –  ,,შვილი – ზედმეტი ტვირთია” მთელი ცხოვრება შეუნარჩუნდა და ამანაც განაპირობა სხვადასხვა ქცევითი და ფსიქოლოგიური დარღვევები. დროთა განმავლობაში კვლევები უფრო მეტ ინფორმაციას მოგვცემს ამის შესახებ.

რეკომენდაციის სახით შემიძლია გითხრათ, რომ შვილზე ფიქრის დაწყება საჭიროა იქამდე, სანამ ის ჩაისახება. აუცილებელია სწორად გათვალოთ, თუ რა ახლავს თან ბავშვის დაბადებას ოჯახში, ამისთვის შეგიძლიათ გაიგოთ სხვების – უფრო გამოცდილი ადამიანების აზრები. ოღონდ არა ერთის, არამედ რამდენიმესი. შეგიძლიათ დააკვირდეთ მათ ოჯახებს, როგორ ცხოვრობდნენ ადრე და როგორ შეიცვალენ ბავშვის შემდეგ. ამ დაკვირვების მთავარი მიზანი უნდა იყოს იმის გაგება, თუ რა ფაქტორები ხდება წარმატებული ოჯახური ურთიერთობის წინაპირობა და რა განაპირობებს არაჯანსაღ კომუნიკაციას მშობელს და შვილს შორის.

ფეხმძიმობის პერიოდში მშობლები თავს უნდა ამზადებდნენ მომავალი მშობლის როლისთვის. ამისთვის არსებობს სპეციალური კურსებიც, მაგრამ ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო ამ კურსებზე სიარული არ შეუძლია ან არ სურს, შეუძლია წაიკითხოს ლიტერატურა, მეცნიერული სტატიები, ექიმების რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მომავალი დედის ჩართულობა და ინფორმირებულობა, არამედ მამისაც, რადგან ხშირად ბავშვის დაბადება მშობლისთვის ბევრ მოულოდნელობასა და სირთულესთანაა დაკავშირებული. თუმცა შვილით მიღებული ბედნიერება შეუდარებელია და ისეთი სიძლიერისაა, რომ ამ შეფერხებებს ადვილად ატანინებს და ავიწყებს მშობელს.

305043 503381966358248 1605997962 n

ხშირად ილაპარაკეთ თქვენი მომავალი ბავშვის შესახებ, დაგეგმეთ მეუღლეებმა, თუ როგორ მოიქცევით ხოლმე, როცა მოშივდება, პამპერსი ექნება გამოსაცვლელი, სასეირნოდ იქნება გასაყვანი, როცა მოინდომებს მდუღარე ტაფაზე ხელის მიდებას, ან სკოლაში შექებას დაიმსახურებს, როგორ მიიღებთ მის პირველ შეყვარებულს და ა.შ. ნათლადწარმოიდგინეთ თქვენი ოჯახური ურთიერთობები რაც შეიძლება ბევრ სიტუაციაში. იფიქრეთ, თუ რა სახელს დაარქმევთ, იარეთ საბავშვო მაღაზიებში, უყიდეთ ხოლმე მინიატურული ქუდები და ფეხსაცმელები (მართალია იძახიან, წინასწარ რაღაცეების ყიდვა ცუდი ნიშანიაო, მაგრამ ყველას ხომ არ სჯერა).

დააკვირდით, როგორ რეაგირებს ხოლმე ემბრიონი როდესაც დედას უხარია, ან ნერვიულობს და ეშინია. ეცადეთ მოერიდოთ იმ სიტუაციებს, სადაც იცით, რომ საფრთხე გელით, ან სტრესული გარემოა. არ უყუროთ ახალ ამბებს ტელევიზორში. ამის ნაცვლად გადაერთეთ მხიარულ გადაცემებზე, რომ ყოველთვის კარგ გუნებაზე იყოთ. თუმცა გუნება-განწყობა არაა ისეთი მნიშვნელოვანი, რაზეც ცოტა ხნის წინ მქონდა საუბარი. კერძოდ მშობლების მზაობაზე.

ძალიან ბევრი მომივიდა, მაგრამ მინდა სიყვარულის თემასაც შევეხო. ნუ ინერვიულებთ, თუ ბავშვის დაბადებამდე ვერ გრძნობთ დედა-შვილურ, ან მამა-შვილურ სიყვარულს. ეს გრძნობა თანდათანობით მოვა. მთავარია, რომ ის პატარა არსება, რომელიც თქვენს გენებს ატარებს და ბევრ რამეში დაგემსგავსებათ, სასურველია.

პატივისცემით, თიკა ევდეევი

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Back to top button