საკითხავისასარგებლო

ავიცენა

აბუ ალი ჰუსეინ იბნ სინა ევროპაში ავიცენას სახელითაა ცნობილი. ამ გენიალურ ადამიანს ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებდა. ნაშრომებს სხვადასხვა სფეროში წერდა – მედიცინაში, ფილოსოფიაში, მათემატიკაში, ასტროლოგიაში, მინერალოგიაში, პოეზიასა და მუსიკაში. მან სიყვარულზე ტრაქტატიც კი დაწერა. 10 წლისამ ყურანი ზეპირად იცოდა. 18 წლისა ღრმად განსწავლული და აღიარებული იყო. ცოდნით იმ დროის ბრძენებსაც კი აკვირვებდა. ისტორიას დიდი ექიმის სახელით შემორჩა. მისი სამედიცინო ტრაქტატი მთელ ევროპაში იყო აღიარებული…

ავიცენა 980 წლის 16 აგვისტოს ქ.ბუხარასთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. დედა სპარსი ჰყავდა, მამა – ბუხარელი. მამამისს მნიშვნელოვანი და მეტად პატივსაცემი თანამდებობა ეკავა – გადასახადების ამკრეფი იყო. იგი არაორთოდოქსულ ისლამის მიმდევართა შეხედულებებს იზიარებდა, ისმაილიტი იყო, ყურანს კრიტიკულად აფასებდა. ამის გამო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ავიცენა ბუხარის მმართველ სამანიდების დინასტიას ემსახურებოდა, ბუხარა კი იმ დროს პოლიტიკური და ინტელექტუალური ცენტრი იყო.

ბიჭს შესანიშნავი მეხსიერება ჰქონდა, მამას ფინანსურ საქმეებშიც კი ეხმარებოდა. მშობლებმა საუკეთესო მასწავლებლებთან მიიყვანეს. სკოლის 15 მოსწავლეთაგან ყველაზე პატარა იყო და ყველაზე ჭკვიანიც. მასწავლებელს იმდენ შეკითხვას აძლევდა, რომ ერთხელაც მან უთხრა, ყურანი ისწავლე და ყველა კითხვის პასუხს იქ იპოვიო. “მთელი ყურანი ზეპირად ვიცი”, – უპასუხა იბნ სინამ. მასწავლებელმა მას არ დაუჯერა. ის კი დაჟინებით ამბობდა, რომ ყურანი ზეპირად იცოდა. მაშინ მასწავლებელმა ყველაზე დიდი, 228 ლექსიანი სურა ჰკითხა. ავიცენა არც შეყოვნებულა, თავიდან ბოლომდე უშეცდომოდ უთხრა ზეპირად. გაოცებულმა მასწავლებელმა ვეღარაფერი თქვა, შემდეგ კი მამამისს ურჩია, ბიჭი სხვა, უფრო გამოცდილ მასწავლებელთან წაეყვანა. იბნ სინას ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა ბევრჯერ მოხდა. ცოდნით ყველა მასწავლებელს გადააჭარბა. მასთან მეცადინეობის გაგრძელებაზე ყველა უარს ამბობდა – ახალს ვეღარაფერს ვასწავლიო. ალბათ ამიტომ წერდა ავიცენა ავტობიოგრაფიაში, თვითნასწავლი ვარო.

ათი წლისამ ყურანი ზეპირად იცოდა, ამავე დროს იცოდა არაბული და სპარსული ენების გრამატიკა, ლიტერატურა, ისტორია. ერთი ვაჭრისაგან მათემატიკა ისწავლა, სხვა მასწავლებლისაგან – ლოგიკა და მუსლიმანური სამართალი, ბუხარელი ექიმისაგან კი – მედიცინა. შემდეგ მამამისმა ფილოსოფიის შესასწავლად იმდროინდელ სწავლულთან, ნატილისთან მიიყვანა.

ყველაფერს მედიცინა არჩია. 12 წლისამ 30 ტომიანი წიგნი ერთ წელიწადში დაამუშავა, სამკურნალო მცენარეების შეისწავლა და წამლების დამზადება თვითონ დაიწყო. შესანიშნავი ექიმი აღმოჩნდა. თავისი თანატოლი სიკვდილს გადაარჩინა, ცხენიდან ჩამოვარდნილს ნაღრძობი ფეხი ისე მოურჩინა, რომ გამოცდილი ექიმიც კი გააოცა. განკურნა სულიერად დაავადებული ქალი, მოარჩინა მძიმედ დაჭრილი მხედარი. მუსლიმანურ სამყრაოში გვამებზე მუშაობა აკრძალული იყო და იგი ანატომიას ცხოველებზე სწავლობდა, ყასაბთან დადიოდა. როდესაც 17 წლის იბნ სინამ სამანიდების მმართველი მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნა, სახელი შორს გაითქვა. თუმცა ეს შემთხვევა რომ არა, შესაძლოა სხვაგვარი, უფრო მშვიდი ცხოვრება ჰქონოდა.

ერთ დღეს ბუხარის ემირი ნუხ იბნ მანსური ავად გახდა. უკურნებელი სენი შეეყარა. ღამით არ ეძინა, სახეზე ფერი არ იედო, სამყაროს ჩამქრალი თვალებით უყურებდა და დროდადრო კანკალებდა. იმ დროის სახელგანთქმული ექიმები და ჯადოქრები ვერაფერს შველოდნენ. ვერც კარის ექიმმა კამარიმ უშველა. დაავადების მიზეზი ვერავინ გაიგო.

ბოლოს კამარი საყვარელ მოსწავლეს ავიცენას სთხოვა ემირის გასინჯვა. გამოცდილი ექიმები აღშფოთდნენ – “როგორ, ემირთან ბიჭის მიშვება?! ვინ ანდობს მას უდიდესთა შორის უდიდესის მკურნალობას?!”. “მე მისი მჯერა”, – მტკიცედ თქვა კამარიმ. იბნ სინამ გაუბედაობა დაძლია და ემირს მიუახლოვდა.

როგორც კი ავადმყოფი დაინახა, გამოკითხვა დაუწყო. “მოწამლეს?” – იკითხა მან. “გამორიცხულია” – უპასუხა მასწავლებელმა. “მე მინახავს ასეთი უფერული, უსიცოცხლო სახეები. ეს ალბათ ჰაშიშია”, – უპასუხა ავიცენამ როგორც კი ემირმა ეს გაიგო, წამოიყვირა: “როგორ ბედავ, თავხედო, არასოდეს მიმიმართავს მათრობელა ბალახებისათვის!”. იგი ისე ცუდად გრძნობდა თავს, მეტი ვერაფერი თქვა, საჭმელსაც ვერ ჭამდა.

ემირს თვალები მხოლოდ ფლავის დანახვაზე გაუნათდა, მაგრამ, როგორც კი იგემა, არ ესიამოვნა, ვერ შეჭამა. იბნ სინამ იმავე ოქროს თასიდან ერთი ლუკმა ფლავი აიღო და უგემრიელესი მოეჩვენა. ვერ გაიგო, რატომ არ მოეწონა ემირს. მან მზარეული ნახა და ემირის მენიუ გამოჰკითხა. “ხუთი დღის წინ ჩემმა თანაშემწე ნურსულამ, – თქვა მზარეულმა, – ემირს მთელი ულუფა ფლავი შეუჭამა და მბრძანებელი მშიერი დატოვა. ნურსულას ასი შოლტი გადაუჭირეს და ციხეში ჩააგდეს. მბრძანებელი კი მას შემდეგ ავად არის”.

ავიცენამ ნურსულა იპოვა და მისგან გაიგო, რომ იგი ფლავს მათრობელა ბალახებს უმატებდა. უნდოდა, ემირი გაებრუებინა, რათა შემდეგ მას ძველი მზარეული დაეთხოვა და მისი ადგილი თვითონ დაეკავებინა. ერთხელაც იმდენად ბევრი ბალახი გაუკეთა, რომ თვითონვე გაბრუვდა, აზროვნების უნარი დაკარგა და ემირის კერძი შემოეჭამა. როდესაც მბრძანებელს ნურსულას დამზადებული ფლავი არ მიართვეს, მას აუტანელი ტკივილები დაეწყო. ამ ტანჯვას ბოლო არ უჩანდა. ლეგენდის მიხედვით, ჭაბუკმა იბნ სინამ ემირი ისე განკურნა, მისთვის ავადმყოფობის ნამდვილი მიზეზი არ უთქვამს.

მადლიერებით აღსავსე ემირმა უთხრა, ინატრე, რაც გსურს, ნებისმიერ სურვილს აგისრულებო. ავიცენამ ბუხარის სახელგანთქმულ ბიბლიოთეკაში მუშაობის უფლება სთხოვა, სადაც უამრავი გრაგნილი და წიგნი ინახებოდა. მთელ დღეს ბიბლიოთეკაში ატარებდა, დღისით წაკითხულს ღამით აანალიზებდა. ჯერ კიდევ ჭაბუკი მეცნიერად, ღრმად მოაზროვნე ფილოსოფოსად და ექიმად აღიარეს, თუმცა შემდეგში როდესაც ბუხარის ბიბლიოთეკა დაიწვა, მტრებმა ამაში ბრალი იბნ სინას დასდეს. იგი იძულებული გახდა, ბუხარიდან წასულიყო.

მისი გაქცევის მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო, ბუხარაში ძალაუფლებისათვის ბრძოლა დაიწყო. სამანიდები დამარცხდნენ. 22 წლის იბნ სინას მამა გარდაეცვალა, ეს მისთვის ტრაგედია იყო. მამის გარდაცვალებამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მან ქალაქებში დაიწყო ხეტიალი, ყველაზე დიდ ხანს სპარსეთში დარჩა. დღისით ავადმყოფებს იღებდა, საღამოობით კი ახალგაზრდებს ხვდებოდა და ფილოსოფიურ და სამეცნიერო დისკუსიებს უმართავდა. იგი მოსამართლეც იყო, მასწავლებლებიც, ექიმიც, მუსიკითაც ინტერესდებოდა. ავიცენას ერთ-ერთი აღმოსავლური საკრავის გამომგონებლადაც მიიჩნებენ. მას ბევრი ეთაყვანებოდა, ხოტბას ასხამდნენ, თუმცა მუსლიმანთა მმართველი წრეები აკრიტიკებდნენ. ვერ აპატიეს ის, რომ მისი ფილოსოფია ისლამის ზოგიერთ დოგმას ეწინააღმდეგებოდა. ამის გამო პოლიტიკურ დევნას ვერც სხვა ქალაქებში დააღწია თავი და იძულებული იყო, დამალულიყო. ციხეშიც მოხვდა, შემდეგ ისპაჰანში გაიქცა და თავისი თხზულებების დიდი ნაწილი იქ დაწერა. მოგზაურობისასმ ცხენდე მჯდომიც კი, ზოგჯერ 50 გვერდს წერდა. თავისი სიცოცხლის 30 წელიწადი აღწერა, შემდეგ ეს საქმე მისმა მოსწავლემ გააგრძელა. აბუ უბეიდ ჯურჯანი მოგზაურობისას გაიცნო და იგი სოცოცხლის ბოლომდე გვერდიდან არ მოსცილებია. ჯურჯანის წყალობით, ამ გენიალურ ადამიანზე სარწმუნო ცნობებია შემორჩენილი.

სხვადასხვა ემირის კარზე ორჯერ იყო ვეზირი და ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილი პირი. სიცოცხლის ბოლო 10-12 წელი სპარსეთში, აბუ იაფარის კარზე გაატარა. მისი პირადი ექიმიც იყო და მრჩეველიც. ძალიან ბევრს შრომობდა. როგორც ამბობენ, პირად ცხოვრებაში ბედნიერი არ ყოფილა. ახალგაზრდობაში შეხვდა ერთი ქალი , რომელიც ვეღარ დაივიწყა. შემდეგ არავინ ჰყვარებია.

მართალია, ავიცენა ბევრს შრომობდა, მაგრამ გართობაც უყვარდა. მთელი ცხოვრება დაძაბულობასა და ხეტიალში გაატარა. დღე და ღამე მუშაობამ, უძილო ღამეებმა ჯანმრთელობა სერიოზულად შეულახა. ამბობენ, რომ ამის მიზეზი ღვინო და ქალები იყვნენ. სიცოცხლის ბოლო წელს იმდენად შეაწუხა ტკივილებმა მუცლის წრის არეში, რომ ფეხზე დგომა უჭირდა. ვარაუდობენ, რომ კოლიტი გაუმწვავდა.

არც რეჟიმი დაიცვა, არც იმკურნალა და ლოგინად ჩავარდა. სიკვდილის წინ თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა, მოვალეებს ვალი აპატია, მონები გაათავისუფლა და სიკვდილამდე მესამე დღეს მთელი დღის განმავლობაში ყურანის კითხვას უსმენდა. 1037 წლის 18 ივნისს გარდაიცვალა. ირანში, ჰამადანში დაკრძალეს. მისი საფლავი დღემდეა შემორჩენილი.

ავიცენას საფლავი

მის მშობლიურ ქალაქში დღემდე დადის ლეგენდები ავიცენაზე. ერთ-ერთი ასეთია: როდესაც ავიცენა 50 წელიწადს გადასცდა, სიკვდილის მოახლოება იგრძნო, სიკვდილი კი არ უნდოდა. აღიარებული ექიმი იყო და საკუთარ თავს ვერაფერი უშველა. ორმოცი წამალი დაამზადა, რომლებსაც, მისი რწმენით, გარდაცვალებული უნდა გაეცოცხლებინა. 40 ჭურჭელი მოსწავლეს გადასცა და სიტყვა ჩამოართვა, რომ გარდაცვალების შემდეგ გარკვეული თანმიმდევრობით მიაღებინებდა.

გავიდა ხანი და იბნ სინა, რომელიც ყოვლისშემძლედ და სასწაულმოქმედად მიაჩნდათ, გარდაიცვალა. მოსწავლემ ანდერძი შეასრულა. მისი სხეული კი არ გაიხრწნა, ამ წამლების ზემოქმედებით უფრო და უფრო ნორჩი გახდა. როდესაც ჯერი მეორმოცე წამალზე მიდგა, იბნ სინა ჭაბუკს ჰგავდა. ამან მოსწავლე შეძრა. მეორმოცე წამლის შემდეგ იგი სასწაულს ელოდა. ძლიერი მღელვარების გამო ხელები აუკანკალდა, სასწაულმოქმედი წამლით სავსე ჭურჭელი ხელიდან გაუვარდა და გაუტყდა.

იმ დროინდელ ხალხს ავიცენა ყოვლისშემძლედ მიაჩნდათ, თუმცა მას თავი ასეთი ნამდვილად არ მიაჩნდა. მისი საფლავის ქვის წარწერა ამას მოწმობს: “მე სამყაროს ყველა საიდუმლოს ჩავწვდი. ვერაგობის ყველა კვანძი გავხსენი, მაგრამ სიკვდილს ვერაფერი გავუგე”. იბნ სინა 58 წლის გარდაიცვალა.

ჟურნალ “სარკეს” და ვიკიპედიის ინგლისური ვერსიის (:D) მიხედვით.

თეგები

Mozika

Nothing interesting

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close