არქივი

ქინძისთავა შლიცი

1cb68b7009bc

„შლიცად” წოდებული ადამიანის ზუსტი ვინაობა უცნობია. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ის იყო საიმონ მეცი, რომელიც 1901 წლის 10 სექტემბერს დაიბადა ნიუ-იორკში, ბრონქსის რაიონში. ასევე არსებობს სხვა ვერსიაც – 1892 წელი. მისი მშობლებზე ინფორმაცია დღემდე არ არსებობს, მათ თავიანთი შვილი მიაბარეს ან მიჰყიდეს ერთ-ერთ შოუმენს, რომელიც მასში ფულის შოვნის საშუალებას ხედავდა. მიუხედავად ასეთი ტრაგიკული დასაწყისისა, შლიცი შემდგომში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანი გახდა წარმოდგენაზე მისული მაყურებლებისთვის. 

შლიცის მიკროცეფალია აწუხებდა. ეს დაავადება იწვევს თავის ტვინისა და ქალას ტვინოვანი ნაწილის პათოლოგიურ სიმცირეს (ნორმაზე 2-3-ჯერ ნაკლები). მიკროცეფალიის დროს თავის ტვინიც შესაბამისად მცირე ზომისაა – სულ 500-600 გრამს იწონის, რასაც თან სდევს გონებრივი განვითარების ჩამორჩენა და მეტყველების შეფერხება. შლიცი გონებრივად 3-4 წლის ბავშვის დონეზე იყო, სიმაღლეში კი სულ რაღაც 122 სმ, სჭირდა მიოპიაც (ახლომხედველობა). არ შეეძლო საკუთარი თავის მოვლა და მხოლოდ ერთმარცვლიან სიტყვებს წარმოთქვამდა. მიუხედავად ამისა, შლიცის მისი თანამედროვეები აღწერდნენ როგორც მოსიყვარულე, ენერგიულ და გულღია ადამიანად, რომელსაც უყვარდა ცეკვა, სიმღერა და ყურადღების ცენტრში ყოფნა.

იმ პერიოდში მიკროცეფალიით დაავადებული ადამიანების ნახვა ცირკში თუ გამოფენებზე არავის უკვირდა, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში. მათ თვლიდნენ ხან ცალკეულ ან გარდამავალ სახეობად, ხანაც უძველესი რასის – ჩვეულებრივ აცტეკების – შთამომავლებად. აცტეკები კი, თავის მხრივ, უცხო პლანეტიდან მოსული არსებები ეგონათ.

კარიერის მანძილზე შლიცის უმეტესწილად ქალად ასაღებდნენ. მას უწოდებდნენ ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა „ბოლო აცტეკი”, „მაიმუნი გოგონა” და ა.შ. გამოჰყავდათ მიკროცეფალ ქალთან, ათელიასთან ერთად სასცენო სახელით „ავრორა და ნატალია, აცტეკი დები”. წყაროების უმეტესობა იტყობინება, რომ კაბის ჩაცმა შლიცის მდგომარეობითაც იყო გამოწვეული – მას მუდმივად უნდა ეტარებინა სახვევები, რაც კაბაში უფრო მარტივი იქნებოდა. თუმცა ეს ვერსია საკამათოა, რადგან სურათებზე ჩანს, რომ შიგნით შარვალი ეცვა, ხოლო მისი ნაცნობების გადმოცემით, შეუკავებლობა ცხოვრების გვიან ეტაპზე დაეწყო.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში შლიცი ართობდა კარნავალზე მოსულ თუ ტელევიზიის მაყურებელ მილიონობით ადამიანს. მის პოპულარობას ყველაზე მეტად ხელი შეუწყო ტომ ბრაუნინგის 1932 წელს გადაღებულმა საკულტო ფილმმა „მახინჯები”. რაც შეეხება წარმოდგენებს, შლიცის იწვევდნენ ყველა სერიოზულ და ცნობილ ცირკებში თუ შოუებზე.

შლიცის ოჯახი არ ჰყავდა, ამიტომ მის მფარველობას საკუთარ თავზე მისი დამქირავებლები იღებდნენ, ზოგჯერ კანონის ძალით და ზოგჯერ უბრალოდ სიტყვიერი შეთანხმებით. 1935 წელს შლიცმა ტომ მიქსის ცირკში გამოსვლებისას გაიცნო ჯორჯ სერტისი, შიმპანზეების მწვრთნელი, რომელმაც იშვილა და მისი კანონიერი მეურვე გახდა. ყველა წყარო კერტისს ახასიათებს მოსიყვარულე და მზრუნველ მამობილად, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ, 1965 წელს, ჯორჯის ქალიშვილმა შლიცი ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში ჩააბარა. აქ შლიცმა გარკვეული პერიოდი დაჰყო, სანამ ის საავადმყოფოს თანამშრომელმა, ხმლების მყლაპავმა ჯიმ იუნკსმა არ იცნო. იუნკსის მიხედვით, შლიცს ენატრებოდა წარმოდგენები და ხალხისგან მოშორებით ყოფნის გამო დადარდიანებული იყო. საავადმყოფოში გადაწყვიტეს, რომ აჯობებდა, შლიცი გადასულიყო შოუმენ სემ ალექსანდერის მეურვეობაში, რომელთანაც იუნკსი მუშაობდა.

შემდგომი წლები შლიცმა ლოს-ანჯელესში გაატარა, მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო (უმეტესად ლონდონისა და ჰავაის) შოუებში. წარმოდგენებს მართავდა ჰოლივუდის ქუჩებში, რასაც ყოველთვის ხვდებოდა წილად მაყურებელთა აღფრთოვანება. სიცოცხლის ბოლო დღეებში დიდ დროს ატარებდა მაკარტურის პარკში, სადაც მტრედებსა და იხვებს კვებავდა, ხანდახან კი გამვლელებს ართობდა. რეალურად ის არასდროს გასულა პენსიაში და სიკვდილამდე თავის საყვარელ საქმიანობას აგრძელებდა.

შლიცი 70 წლის ასაკში, 1971 წლის 24 დეკემბერს გარდაიცვალა ბრონქოპნევმონიისგან. გარდაცვალების ცნობაში ის მოხსენიებული იყო, როგორც შლიც კერტისი, დაბადების თარიღად კი 1901 წელი მიუთითეს. დაკრძალეს ილინოისის შტატის სოფელ ჰილსაიდში.

წყარო: http://charliuss.wordpress.com

nodo352

მე მინდა ჩემი ცოდნა უცნაურ ბლოგს გავუზიარო!

მსგავსი ამბები

Back to top button