არქივი

წეს-ჩვეულებების ისტორიული ღირებულება

4d534e6c75df

ისტორია მეცნიერებაა წარსულის შესახებ. იგი ყოველდღიურად ვითარდება. ისტორია საზრდოობს წეს-ჩვეულებებით, ფაქტებით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნამარხებით, ნარკვევებით, რუკებით, რომლებიც დიდ ინფორმაციას აწვდიან ისტორიკოსს. სწორედ ასე იქმნება, ყალიბდება ისტორია. ასე იქმნება წარმოდგენები უძველეს ხალხთა ადგილსამყოფელზე,მათ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებებზე; იმაზე თუ რითი საზრდოობდნენ,ცხოვრობდნენ. წეს-ჩვეულებებს და დღესასწაულებსაც დიდი ისტორიული ღირებულება გააჩნიათ. 

af04f33e9959

ძალიან საინტერესოა ქართული ხალხური წესჩვეულება “ბოსლობა”, რომელსაც დასავლეთ საქართველოში მართავდნენ ღვთაება ბოსელის საპატივსაცემოდ, რომელიც ნაყოფიერებისა და გამრავლების ღვთაებად მიიჩნევდნენ. ამ დროს აცხობდნენ სართვიან პურებს, ლობიანებს, ჯვრიან განატეხს, რომელზედაც სანთელს ანთებდნენ.ოჯახის წევრი მამაკაცებისთვის აცხობდნენ აგრეთვე კვერებს. ზოგჯერ გოჭს დაკლავდნენ, რომელსაც საბოსლებოს ეძახდნენ.

რაჭაში შეღამებისას ოჯახის უფროსი ოთხიდან ცხრა წლამდე ბავშვებს შეისხამდა ზურგზე,კისერზე, ზოგს ხელში აიყვანდა და შედიოდა ბოსელში. ზოგჯერ ბიჭები თვითონ შეასხდებოდნენ ზურგზე ერთმანეთს და საქონლის ხმაზე ღმუოდნენ.

თან მიჰქონდათ კვერები,პური, ღორის ხორცი, ღვინო და კვერცხები, შევიდოდნენ ბოსელში,დაბმულ პირუტყვს სამჯერ შემოუვლიდნენ, ხარებს ზურგზე კვერცხს გადააგორებდნენ და იტყოდნენ:

-დათვი მჭლე და შენ მსუქანი, გაზაფხულზე გასუქდიო!

მთავარი ლოცვა ტარდებოდა გამორჩეულ ხართან. ადღერძელებდნენ ღმერთს, მთელ სახლობას და საქონელს. იქვე შეექცეოდნენ სანოვაგეს და თან ლოცულობდნენ. შემდეგ თვალებს ხუჭავდნენ და ოჯახის უფროსი მალავდა კვერცხებს ბაგაში, დილით მათ ბავშვები მოძებნიდნენ. ამბობდნენ, კვერცხს ვინც იპოვის, ის ბედნიერი იქნებაო.
17e2019520df

ბოსლიდან გამობრუნებისას პირველად სახლის კარს მიადგებოდნენ, რომელსაც დიასახლისი შიგნიდან ჩაკეტავდა. მამასახლისი სამჯერ იტყოდა:

– კარი რკინისაო! კარი რკინისაო! კარი რკინისაო!

დიასახლისი უპასუხებდა:

– არა, მეუფისაო!

შემდეგ კითხვა პასუხი გაიმართებოდა ხოლმე მათ შორის. შემდეგ კარს აღებდნენ და დიასახლისი მამასახლისს სახეზე აზელილ ქატოს მიაყრიდა, რომ ოჯახს მოარული,ავი სული არ შეეყაროსო. დასასრულ, ვახშმობდნენ. სუფრასთან დასხდომისას წინ მამაკაცი მივიდოდა ხატთან და ღმერთს ავედრებდა სახლსა და ყანებს.

იმერეთში ბოსელში მიმავალ კაცებს ბავშვები ჰყავდათ ზურგზე მოკიდებული, საქონელს ქონის ნაჭერს უსვამდნენ – ასე გასუქდიო. სამეგრელოში ბოსლობას უფრო ადრე, დიდმარხვამდე 17 დღით ადრე დღესასწაულობდნენ. გურიაში ამ დროს დიდ საოჯახო მჭადს აცხობდნენ, რომელშიაც ღორის ქონის ნაჭრები იყო ჩართული. სვანეთში კი კუბდიანები ცხვებოდა, რომლებსაც თივიან გოდორში აწყობდნენ.მათ კაცი სამჯერ გადმოყრიდა, ბავშვები უკანვე აბრუნებდნენ.

ღვთაება ბოსელს ქრისტიანულ ხანაში ზოგჯერ წმინდა ბასილთან აიგივებდნენ.

21d7b085d059

e45c603a4c18

ამ დღესასწაულის ისტორიული მნიშვნელობა ის გახლავთ, რომ გამოკვეთილია კერპთაყვანისმცემლობის გავლენა ადამიანთა რელიგიურ შეხედულებებზე. ასევე, ქართველებისთვის ხარი უძველესი დროიდანვე წმინდა ცხოველი იყო. ამ წეს-ჩვეულებაში არის ელემენტები, რაც დამახასიათებელი იყო რიტუალებისთვის, რომლებსაც ადამიანი ნაყოფიერებისათვის, გამრავლებისათვის მართავდა. სწორედ ამიტომ, წეს-ჩვეულებები და დღესასწაულები ერის ისტორიის სარკეა.

მსგავსი ამბები

Back to top button