გართობაკულტურა

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია

7a27cece14bd

ლომისა – უძველესი სალოცავი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე (დუშეთის მუნიციპალიტეტი). განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.

22771cf5ff9c

სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტიანული ეკლესია აუგიათ წარმართული ტაძრის ადგილზე. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.

cb2ca36d6779

ნაგებობა გეგმით მარტივი სამეკლესიიანი ბაზილიკაა (14,5X7,8მ). ნაგებია ნატეხი ქვით. გადამხური კამარა პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გრძივ კედლებში დაყოლებულია ნიშები. ტაძრის ირგვლივ შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთი.

275a05a25b5a

ეკლესიის სამხრეთით დგას ნატეხი ქვით ნაგები, გვიანდელი შუა საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო. ამჟამად მისგან მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარია შემორჩენილი (I სართულის ორივე ბურჯი და II სართულის განაპირა ბურჯების ნაწილი). II სართულზე ბურჯები შედარებით ვიწროა, რომელთა შორის თითო მსგავსი ბურჯი იყო მოთავსებული. სამრეკლოს I სართული გადახურული იყო დაბალი კამარით. II სართულის გადახურვის ფორმა არ დგინდება.

c53e8e6cab19

ლომისის სალოცავი წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი.
მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი… გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატი – წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ – დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა… ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

cb635ef58835

თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.

d8bcac79b183

შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით, ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, – ილოცებიან მთიულნი.

91f0541dc2c4

საინტერესოა, რომ ამ თქმულებას იმეორებს გურიის სოფელ ძიმითის წმინდა გიორგის ხატის კუბოს წარწერა, სადაც ნათქვამია: ეჰა შენ, დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთმოქმედო ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი“.

5fc0cfab1b21

ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „ლომისის მთის თხემსა არს ეკლესია წმინდა გიორგისა, წოდებული ლომისა (და ამის გამო ეწოდება მთასა ამას სახელი ესე), უგუნბათო. არნ მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი დახიზნულობით. უჭვრეტს სამხრით ქსანსა, ჩრდილოეთით – მთიულეთს. მთა ესე უტყეო არს და ბალახ-ყვავილიანი, კალთათა ტყიანი“. ლომისის ტაძრის ტრაპეზი ორსაფეხურიანია. მასზე შეწირული ხატებია დასვენებული. არავინ იცის, სად არის ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული. ეკლესიაშივე ინახება ლომისას ძველი ხატები (ჯვრები), ვერცხლით მოჭედილი და უბრალო ფერადი ქვებით შემკული (ორ მათგანს XVII საუკუნის ხუცური წარწერა აქვს, სადაც ბურდულის გვარია მოხსენიებული). ლომისას ერთი ბავრაყი (საეკლესიო დროშა) და ალამიც აქვს. ბავრაყი წითელია და ზედ ზანზალაკები ჰკიდია, ალამი კი სამფეროვანია (წითელი, თეთრი და ლურჯი). ალამს წვერზე შუბიანი თითბრის ბურთი უკეთია.

1e6534012259

ლომისის მუხის კარს რკინა აქვს გადაკრული, რომელზეც თვრამეტსტრიქონიანი ხუცური წარწერა ამოუჭრიათ. ამ წარწერიდან ირკვევა კარის შემჭედი ოსტატების, პურისა და რკინის შემომწირველთა ვინაობა. წარწერა XVI-XVII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. კარს ოთხ მწკრივად რგოლები დაუყვება. ღამის დარაჯი, ეკლესიაში ქურდი რომ არ შეპარულიყო, ამ რგოლებს ფეხზე აყენებდა. თუ კარს ვინმე მიადგებოდა და წვალებას დაუწყებდა, რგოლები ცვიოდა და ხმაური დაძინებულ დარაჯს აღვიძებდა. თუკი მცველი დღისით დატოვებდა ეკლესიას, რგოლებს ისე აწყობდა, რომ უკან დაბრუნებულს შეემჩნია, ვინმე ხომ არ მიჰკარებოდა ტაძრის კარს. ლომისის კარის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და იმით დაუნთიათ ცეცხლი. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.

b23343d5804e

ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ზოგს ეს წარმართობის გადმონაშთი ჰგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჯაჭვის კისერზე დადებით წმინდა გიორგისთვის ყმობის გამოცხადების ტრადიცია საქართველოში სხვაგანაც ყოფილა გავრცელებული (მაგალითად, აწყურში). საინტერესოა, რომ პალესტინაში წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვისას თანამედროვე პილიგრიმებს სწორედ ასეთი საყელურიანი რკინის ჯაჭვი უნახავთ.

48c7728b9978

ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.

ლომისაზე მეც ვარ ნამყოფი და ნამდვილად აღფრთოვანებული დავრჩი. ყველას გირჩევთ ამ ულამაზესი ადგილის მონახულებას. ( თბილი ტანსაცმელი წაიღეთ , თორემ ჩემსავით გაიყინებით ) :D :D :D


100002656856333.1110.158591562

მსგავსი ამბები

Back to top button