არქივი

ვინ იყო ქართველი მძარცველი, მეტსახელად „ოსტატი“

13602

საბჭოთა კავშირში ცნობილი იყო ქართველი კრიმინალი კოტე სისაური, მეტსახელად „ოსტატი“. ეს მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი თავის კოლეგებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. წარმოშობით სისაური თბილისელი იყო, თუმცა, პირველი პატიმრობის შემდეგ რომ გათავისუფლდა, რუსეთში დარჩა და კრიმინალური საქმიანობა იქ განაგრძო. „ოსტატი“ საბჭოთა ავტორიტეტულმა კრიმინალისტებმა მეოცე საუკუნის საბჭოთა შავი სამყაროს მეფედ და გენიოს დამნაშავედ აღიარეს. მის შესახებ დღემდე საოცარ ისტორიებს ყვებიან რუსეთში. ჩვენი დღევანდელი პუბლიკაცია სისხლის სამართლის საქმეზეა დაყრდნობილი, ექსკლუზიურია და პრესაში პირველად ქვეყნდება.

გაცნობა

ლენინგრადის ცნობილი საპყრობილე „კრესტებიდან“ გათავისუფლებული 23 წლის კოტე სისაური ქუჩაში რომ გამოვიდა ნოემბრის წვიმიანი, სუსხიანი დღე იდგა, თავისუფლებამოწყურებულმა ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი, ცას ახედა, პირჯვარი გადაიწერა და ნელი ნაბიჯით გაუყვა სველ ქუჩას. ორასიოდე მეტრი რომ გაიარა, მის გვერდით ნაცრისფერი „პობედა“ გაჩერდა, იქიდან ოცდაათიოდე წლის წითური მამაკაცი გადმოვიდა და კოტე სისაურს ღიმილით უთხრა:

– გათავისუფლებას გილოცავ, ძამიკო, კეთილი იყოს შენთვის სუფთა ჰაერზე გამოსვლა!

კოტე წითურს არ იცნობდა, მაგრამ, მის გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება და მიუგო:

– მადლობელი ვარ, კარგი სიტყვისთვის და შენც ყოველივე კარგს გისურვებ.

სისაურმა გზის გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ წითურმა ის შეაჩერა და ღიმილითვე უთხრა:

– ვიცი, რომ ღამის გასათევი არ გაქვს. ამიტომ, ჩემთან წამოსვლას გთავაზობ, დანარჩენზე კი, იქ ვილაპარაკოთ.

– რომ არ გიცნობ?! – უთხრა კოტემ წითურს და ყურადღებით შეათვალიერა.

– სამაგიეროდ, მე გიცნობ ძალიან კარგად. მე ვასკა მოროზოვი ვარ, მეტსახელად „პანი“. არ გაგიგონია?

– თუ თვით პანი მეპატიჟება თავისთან, ჩემი მხრიდან უარის თქმა სისულელე იქნებოდა. წავედით შენს ბაითში, – მიუგო კოტემ წითურს და მასთან ერთად „პობედის“ უკანა სავარძელზე მოკალათდა.

30 წლის პანი ცნობილი ლენინგრადელი ქურდი იყო. არ არსებობდა საკეტი, რომელიც მას არ დაემორჩილებოდა. ვასკა მოროზოვი კანონიერი ქურდობის კანდიდატი იყო და ეს ტიტული მას ძალიან მალე უნდა მიეღო. ამის მიუხედავად, პანს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მრავალ „რამკიან“ ქურდზე უფრო პოპულარული იყო.

პანის მსგავსად, კოტე სისაურსაც „ოქროს ხელები“ ჰქონდა და მასაც ყველა საკეტი ემორჩილებოდა. პირველი შვიდწლიანი პატიმრობა კოტემ თბილისის ერთ-ერთი ქარხნის სეიფის გაქურდვისთვის მიიღო, საიდანაც მან 35 ათასი მანეთი გაიტაცა. მაშინ სისაური 16 წლის იყო, სკოლას ამთავრებდა და მილიციამ ის პირდაპირ სკოლის მერხიდან აიყვანა. კოტე ჯერ ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიაში იხდიდა სასჯელს, შემდეგ – თბილისის ციხეში, ბოლო სამი წელი კი ლენინგრადის „კრესტებში“ გაატარა, სადაც ის ეტაპით გაგზავნეს, რადგან ვერასგზით ვერ გამოტეხეს და სეიფიდან გატაცებული ფულის ადგილსამყოფელი ვერ ათქმევინეს. საქმე ის იყო, რომ, კოტემ ორ სხვა მძარცველთან ერთად ქარხნიდან ფული გამოიტანა და, ის იყო, უნდა მიმალულიყვნენ, რომ დაცვამ ცეცხლი გაუხსნა, თან გაქცეულებს დაედევნა. კოტე და ვანო ტუღუში ერთი მიმართულებით გაიქცნენ, სერგო ხვიაძე კი – სხვა მიმართულებით. ტუღუშს, რომელსაც ფულით სავსე ჩანთა ეჭირა ხელში, ტყვია კისერში მოხვდა და მტკვარში ჩავარდა, მისი ცხედარი კი მოგვიანებით იპოვეს. ხვიაძე ქარხნის ტერიტორიაზევე შეიპყრეს და სწორედ მან „ჩაუშვა“ სისაური. მართალია, კოტემ დანაშაულში მონაწილეობა აღიარა, მაგრამ, კატეგორიულად უარყოფდა, რომ ფული მას ჰქონდა და ამბობდა, ფულით სავსე ჩანთა ტუღუშთან ერთად მტკვარში ჩავარდაო.

რას არ შეჰპირდნენ კოტეს, როგორ არ აწამეს, მაგრამ, რომ ვერ გამოტეხეს, „კრესტებში“ გაუშვეს და საქართველოს მოაშორეს…

– შენზე მხოლოდ კარგი მსმენია. კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა. იმედია, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავჩარხავთ, – უთხრა პანმა კოტეს, როდესაც ახალგაცნობილები „ხატაში“ მივიდნენ.

საოცარი ტანდემი

ვასკა მოროზოვი უცოლშვილო იყო, ნევის გამზირზე, სამოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა და კოტეც მასთან დასახლდა. პანი ორჯერ იყო ნასამართლევი და, როდესაც კოტეს ამბავი შეიტყო, გადაწყვიტა, კრიმინალური დუეტი შეექმნა და ფანტასტიკური საქმეები ეკეთებინა. სწორედ ამ მიზნით დახვდა მას ციხესთან, თავისთან წაიყვანა და საკუთარი იდეებიც გააცნო.

პირველი ორი თვის განმავლობაში კოტე მხოლოდ დროსტარებით იყო დაკავებული და ქალებს ხელთათმანებივით იცვლიდა. როდესაც „სული მოითქვა“, მეგობრებმა პირველი ერთობლივი საქმის მზადება დაიწყეს. მათ ლენინგრადის მექანიკური ქარხნის სეიფის გაძარცვა განიზრახეს და ერთი თვის შემდეგ აღასრულეს კიდეც. დათქმულ დღეს, ღამით, ისინი ქარხნის ტერიტორიაზე გაუქმებული საკანალიზაციო გვირაბიდან შეიპარნენ, შემდეგ სალაროს ოთახში შევიდნენ, იქ მდგარი სეიფი გააღეს და 35 ათასი მანეთი გაიტაცეს. საგამოძიებო ორგანოებმა პანზე მიიტანეს ეჭვი და ის დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა, მალევე გამოუშვეს, რადგან პანი ყველაფერს უარყოფდა. მთავარი კი ის იყო, რომ ძარცვა ძალიან სუფთად იყო ჩატარებული, მილიციას არანაირი სამხილი არ ჰქონდა და მოროზოვს ვერ დაიჭერდნენ.

– ხომ იცით, უფროსო, რომ საქმეებზე სიარულს თავი დავანებე, – უთხრა პანმა გამომძიებელს, როცა მისი კაბინეტიდან გამოდიოდა, – სეიფები წარსულს ჩაბარდა. ახლა მე აბიტურიენტი ვარ და უმაღლესში ჩაბარებას ვაპირებ.

– წარმატებას გისურვებ, პან, – ირონიულად მიუგო გამომძიებელმა მოროზოვს და კაბინეტიდან გამოისტუმრა. შემდეგ თავის ხელქვეითებს პანზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაავალა.

ვასკა სახლში დაბრუნდა, კოტე საიდუმლო სამალავიდან გამოიხმო და უთხრა:

– გამომიშვეს, მაგრამ, კუდზე მასხედან ის ფრაერები.

ერთი კვირის შემდეგ მილიციამ თვალთვალი შეწყვიტა, რაც პანსა და კოტეს არ გამოჰპარვიათ და ახალი საქმის მომზადებას შეუდგნენ. ამჯერად მათ კიევის საიუველირო მაღაზია „სამოცვეტის“ სიგნალიზაცია გათიშეს, შიგნით შევიდნენ, ორი სეიფი გახსნეს და იქიდან 209 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს. ეს საქმეც, ისევე, როგორც წინა და შემდგომი ორი, იმდენად სუფთად იყო ჩატარებული, რომ მილიციას არანაირი ხელჩასაჭიდი არ გააჩნდა. მართალია, მათ პანზე ჰქონდათ ეჭვი, მაგრამ, ვერაფერს უმტკიცებდნენ და ამიტომ ვერც იჭერდნენ.

– ოთხი საქმე ნახევარი წლის განმავლობაში და გატაცებული 627 ათასი.

– ეს საშინელებაა! – აღშფოთებას ვერ მალავდა გენერალი პავლე ზიკოვი, რომელიც უშუალოდ კურირებდა ძარცვის საქმეებს საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროში და მინისტრ შჩოლოკოვისგან პირადი საყვედური მიიღო.

მიუხედავად ამისა, პანისა და კოტე სისაურის მძარცველთა საოცარი ტანდემი მილიციისთვის მიუწვდომელი რჩებოდა, რადგან, მილიციის მხედველობის არეალში მხოლოდ პანი იმყოფებოდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ მისი „პაძელნიკი“ კოტე სისაური იყო…

ოპერაცია „სატყუარა“

მას მერე, რაც მილიციაც უფრო მეტად დარწმუნდა, რომ ძარცვებს პანი სჩადიოდა, მათ დანაშაულის პროვოცირება გადაწყვიტეს.

– მოკლედ, ასე, ამხანაგებო, – უთხრა ხელქვეითებს სპეციალურ თათბირზე გენერალმა ზიკოვმა, – ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ ძარცვებს პანი და უცნობები სჩადიან, თუმცა, მათი მხილება არ ხერხდება. ამიტომ, დანაშაულის პროვოცირება გადავწყვიტეთ და უახლოეს ორ დღეში ლენინგრადში ჩვენი თანამშრომლების საგანგებო ოპერატიული ჯგუფი უნდა მივავლინოთ, რომელიც ოპერაცია „სატყუარას“ ჩაატარებს. ჯგუფის უფროსი და ოპერაციებზე პასუხისმგებელი იქნება მაიორი კარენ გევორქიანი.

გევორქიანი წარმოშობით თბილისელი იყო და თავდაპირველად თბილისის მილიციის სამმართველოში მუშაობდა, საიდანაც ის მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ. სწორედ კარენი იყო ერთ-ერთი ოპერმუშაკი, ვინც 16 წლის კოტე სისაური სკოლაში დააპატიმრა და შემდგომ მის გამოსატეხად უშედეგოდ მუშაობდა. კარენი საკმაოდ კარგი მაძებარი, გონებამახვილი ადამიანი იყო და ზიკოვმა ამ თვისებების გამო დაავალა ოპერაცია „სატყუარას“ ჩატარება. გეგმის მიხედვით, ლენინგრადში მივლინებულ „ოპერებს“ პანის გარემოცვაში ისეთი ადამიანი უნდა მოეძებნათ, ვინც მას და მის „პაძელნიკებს“ საქმეს მისცემდა, იქ კი მათ მილიცია დააპატიმრებდა. კარენმა სულ მალე მიაგნო ასეთ კაცს – ვინმე იური სერგეევს. სერგეევი სწორედ იმ „პობედის“ მძღოლი იყო, რომლითაც პანმა კოტე სისაური ციხიდან წამოიყვანა. 31 წლის იური სერგეევი კარენმა მანქანაში მოიხელთა, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი უჩვენა და უთხრა:

– იმ იარაღზე შენი თითების ანაბეჭდებია, იარაღით კი მოლარე მილცევაა მოკლული, რომელსაც მძარცველებმა 9 ათასი მანეთი გასტაცეს და მიიმალნენ. ხომ გესმის, რა გელოდება, მკვლელობა-ძარცვის ბრალდებით რომ დაგაპატიმროთ?

– დახვრეტა! – მოკლედ მიუგო სერგეევმა.

– ჰოდა, რომ არ დაგხვრიტონ, ამიტომ პანი უნდა გაგვიშიფრო.

– მოკლედ ასე, უფროსო, – უთხრა გევორქიანს სერგეევმა, – პანზე მხოლოდ ის ვიცი, რომ მასთან ვიღაც ქართველი, სახელად კოტე ცხოვრობს და, კიდევ ის, რომ ერთად ჩალიჩს გეგმავდნენ.

– ეს ხომ არა? – კარენმა სერგეევს კოტეს სურათი უჩვენა და, თანხმობა რომ მიიღო, თქვა:

– ახლა ყველაფერი გასაგებია. მოკლედ „სატყუარა“ კარგი საშუალებაა, რომ ორი სუპერმძარცველი ერთბაშად ჩავიგდოთ ხელში.

გევორქიანმა სერგეევს „სატყუარას“ დეტალები გაცნო და ბოლოს უთხრა:

– იცოდე, თუ რამე წამოგცდა, თავს წააგებ…

იურამ პანს უთხრა, რომ ლენინგრადის მახლობლად, ქალაქ პავლოვსკში, პატარა საამქროა, სადაც ოქროს ნაკეთობებს აკეთებენ და მის სეიფში 55 კილოგრამი ოქროს ზოდი ინახება.

– შენ რა იცი? – ჰკითხა სერგეევს პანმა.

– ჩემი მეგობარი მუშაობს იქ და ნაკოლიც მისია, – მიუგო პანს იურამ.

პანმა, რომელიც მსგავს საქმეებზე მუშაობდა, პავლოვსკში მდებარე საამქროს ოქროს ამბავიც კარგად იცოდა და ამ საქმეზე მუშაობა დაწყებულიც ჰქონდა. ამიტომ, იურა რომ წავიდა, კოტეს უთხრა:

– იურა შემოგზავნილია.

– შენ რა იცი?

– ჯერ ერთი, ის კაცი, ვისაც სერგეევი ნაკოლშჩიკად ასახელებს, იქაური თანამშრომელი არაა. მე ამ საქმეზე კარგა ხანია, ვმუშაობ, ყველა იქაურს ვიცნობ და ასეთი კაცი იქ არ ჰყავთ. თანაც ინტუიციით ვგრძნობ, რომ ის „ძაღლებთანაა“ შეკრული და მოგვიგზავნეს. მოკლედ, ჩვენი პროვოცირება უნდათ.

– ჰოდა, მგონი, დროა, რომ ჩვენი მაყუთი ავიღოთ და ლენინგრადიდან ავახვიოთ.

– გეთანხმები. მაგრამ, მას შემდეგ, როცა 55 კილოგრამ ოქროს წავიღებთ, – გაეცინა პანს.

– როგორ? იქაურობა ხომ „ძაღლებით“ იქნება სავსე? – გაუკვირდა კოტეს.

– სწორედ მათ ავაცლით ცხვირწინ ოქროს.

მართლაც. როდესაც სამი კვირის შემდეგ მილიციამ ალყაში მოაქცია პავლოვსკში მდებარე საამქრო, რათა ღამით საქმეზე მისული პანი და კოტე სისაური დაეპატიმრებინათ, მათ 55 კილოგრამი ოქრო უკვე წაღებული ჰქონდათ. ისინი წინასწარ გაჭრილი გვირაბით შევიდნენ საამქროში, სიგნალიზაცია გათიშეს, ოქროს ზოდები გაიტაცეს და სეიფში ქაღალდზე დაბეჭდილი წერილი დატოვეს, რომელშიც ეწერა: „ოქროს ხალხს ჩვენი გულმხურვალე სალამი! თუმცა, გული უნდა აგიჩუყოთ და გაუწყოთ, რომ ოქრო ჩვენ წავიღეთ. არ ინერვიულოთ, მშვიდობით!“

კარენ გევორქიანი ცოცხალმკვდარი დაბრუნდა მოსკოვში და ის ჩამოაქვეითეს, მძარცველებზე კი საკავშირო ძებნა გამოცხადდა, თუმცა, მილიციას პირდაპირი სამხილი არც ამჯერად ჰქონდა და ვერაფრით დაამტკიცებდა, რომ 55 კილოგრამი ოქრო მათ გაიტაცეს. ასე ჩაფლავდა ოპერაცია „სატყუარა“, კარენ გევორქიანმა კი გადაწყვიტა, ერთ-ერთი მძარცველი მაინც მოეხელთებინა და გასწორებოდა…

ლომბარდის ძარცვა

სანამ კარენ გევორქიანი დაგეშილი ძაღლივით, გამწარებული ეძებდა პანსა და სისაურს, მძარცველებმა 55 კილოგრამი ოქრო და 500 ათასი მანეთი საიდუმლო ადგილას გადამალეს, შემდეგ საიმედოდ შეინიღბნენ, თბილისში ჩამოვიდნენ და ლომბარდის ძარცვის საქმის მომზადებას შეუდგნენ.

თბილისში მძარცველები საბურთალოზე, ერთ-ერთი ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც სპორტის სასახლესთან ბდებარეობდა. კერძო სახლი ვინმე ანა შმიდტს ეკუთვნოდა. ის გერმანელი ტყვის, პაულ შმიდტის შვილი იყო. ომის შემდეგ პაული საქართველოში დარჩა, დაქორწინდა და შვილიც შეეძინა. ანა 25 წლის იყო, დედ-მამა აღარ ჰყავდა და მარტო ცხოვრობდა. ანა და კოტე თანაკლასელები იყვნენ, ძველი შეყვარებულები და კოტემ ანას იმიტომ მიაკითხა, რომ აბსოლუტურად ენდობოდა.

– ანა, ჩვენ გვეძებენ. თუ გეშინია, გვითხარი და ახლავე წავალთ, – უთხრა გოგონას კოტემ, რაზეც ანამ მიუგო:

– არ გრცხვენია? რამდენი ხანიც გინდათ, დარჩით.

გრიმისა და მაკიაჟის წყალობით, მძარცველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ქალაქში, თან ლომბარდის ძარცვის საქმეზე მუშაობდნენ. მათი სამთვიანი ხლაფორთი კი 9 მაისს დასრულდა წარმატებით. იმ დღეს უქმე იყო და ლომბარდი არ მუშაობდა. მეგობრები გვირაბიდან შენობაში შეძვრნენ, სიგნალიზაცია გათიშეს, ხუთი სეიფიდან 840 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასი ნაკეთობები წაიღეს და გაიქცნენ… ლომბარდის ძარცვა მხოლოდ 24 საათის შემდეგ გახდა ცნობილი, შემთხვევის ადგილზე მთელი თბილისის მილიცია შეიკრიბა და მათ შორის იყო კარენ გევორქიანი, რომელიც კვლავ თბილისში დაბრუნდა და თბილისის მილიციის სამმართველოში დაიწყო მუშაობა. ის დარწმუნებული იყო, რომ ლომბარდი პანმა და კოტე სისაურმა გაძარცვეს, თუმცა, ამის შესახებ უფროსობისთვის არაფერი უთქვამს და გადაწყვიტა, თვითონ აღმოეჩინა მძარცველები.

კარენმა კოტეს საახლობლო წრის შესწავლა დაიწყო და სავარაუდო თანამზრახველებს შორის ანა შმიდტიც შეიყვანა, რომელიც, როგორც მან გაიგო, ბავშვობაში მისი შეყვარებული იყო. გევორქიანმა რომ შეიტყო, შმიდტი მარტო ცხოვრობდა კერძო სახლში, გადაწყვიტა, პირველად მას სწვეოდა და საკუთარი ვარაუდი გადაემოწმებინა.

ლომბარდის ძარცვიდან ერთი თვის შემდეგ, 9 ივნისს, შუაღამისას კარენ გევორქიანი შმიდტის სახლის სახურავზე აიპარა და საკვამურს მიაყურადა, რომელიც სასტუმრო ოთახის ბუხრიდან ამოდიოდა. როდესაც დარწმუნდა, რომ სახლში კოტე და პანი იმყოფებოდნენ, გადაწყვიტა, მარტო ჩაეტარებინა სპეცოპერაცია. ის სახურავიდან ჩამოძვრა, ხელბორკილები მოამზადა, პისტოლეტი მოიმარჯვა და სახლში შევარდა.

– ხელები მაღლა! – იღრიალა სახლში შევარდნილმა კარენმა. შემდეგ მძარცველებს ხელბორკილები დაადო და უთხრა: – აბა, რა გეგონათ? მე თქვენ გამო ჩინი ჩამომაკლეს.

– კარენ, – უთხრა გევორქიანს კოტე სისაურმა, – ტყუილად გვაპატიმრებ. რა დავაშავეთ?

– ლომბარდი, ოქროს საამქრო და კიდევ ოთხი საქმე ბებიაჩემის გაკეთებულია?

– ეგ არ ვიცი, მაგრამ დანაშაულს დამტკიცება უნდა. დაგვიმტკიცებ? – უთხრა კარენს კოტემ, – მე მგონი, ჯობია, მოვილაპარაკოთ. ჩვენ თითქმის ორი ლიმონის ქონება გვაქვს დათრეული და, თუ გაგვიშვებ, მაშინ პოლნი წილში ჩაგსვამთ. ისე კი, ჩინს თუ აღგიდგენენ, მაინც ძველებურად ჯიბეგახვრეტილი დარჩები. ჰა, რას იტყვი?

კარენს ცდუნებამ სძლია და მძარცველებს ხელბორკილები მოხსნა. მათ კი კარენს პისტოლეტი წაართვეს, ხელბორკილებით გათბობის მილზე მიაბეს და უთხრეს:

– სწორედ მაგ ჭკუაზე ვართ, ჩვენი ნაოფლარი შენ გაჭამოთ. აბა, კარგად, ჩვენ წავედით…

20 წლის შემდეგ

ანა შმიდტის სახლიდან გაქცეული ტრიო კვლავ თბილისში დასახლდა, თანაც, არც ისე შორს, ერთ-ერთ კერძო სახლში, რომელიც კოტეს ბებიის ძმას ეკუთვნოდა. მილიციამ ამის შესახებ არაფერი იცოდა და მათ იქ სამი წლის განმავლობაში ისე იცხოვრეს, ეჭვიც არავის აუღია. თუმცა, ბოლოს, მაინც მიაგნეს და ალყაში მოაქციეს. მაგრამ მილიციამ მხოლოდ დაჭრილი პანი მოიხელთა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ანა და კოტე კი გაიქცნენ.

ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც ანა შმიდტი და კოტე სისაური სოჭში, ქართველთა დასახლება პლასტუნკაზე დააპატიმრეს. თუმცა, შვიდი თვის ორსული ქალი გაათავისუფლეს, კოტე კი გაასამართლეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შემდეგ მას 5 წელი დაუმატეს და კოტე სისაურმა ციხეში 20 წელი გაატარა. გარეთ რომ გამოვიდა, ცოლი და 20 წლის ვაჟი დახვდა. ყველაზე საინტერესო კი ამ ამბავში ის იყო, რომ, საშინელი წამების მიუხედავად, კოტე სისაურს, რომელსაც იმ პერიოდისთვის უკვე „ოსტატი“ ერქვა, ნაძარცვის ადგილსამყოფელზე სიტყვაც ვერ დააცდენინეს. ის ჯიუტად იმეორებდა, რომ მთელი ქონება მოკლულ პანს ჰქონდა გადამალული….

კოტეს მილიციის ზედამხედველობა ჰქონდა დანიშნული და ყოველ საღამოს მილიციაში ცხადდებოდა ხელის მოსაწერად. ერთ საღამოს ის ხელის მოსაწერად არ გამოცხადდა, მის საცხოვრებელში მისულ მილიციას კი წერილი დახვდა, რომელშიც ეწერა: „ახლა უკვე შორს ვარ, 2 მილიონი თან მაქვს და ცოლ-შვილიც ჩემთანაა. მშვიდობით!“

„ოსტატი“ 2007 წელს გარდაიცვალა კანადის ქალაქ ტორონტოში…

 

წყარო http://tbiliselebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button