არქივი

აგამემნონი

e968323f5fa7

მიკენის მეფე, ბერძენთა წინამძღოლი ტროის ომში, ატრევსის ვაჟი, მენელაოსის ძმა. როდესაც ატრევსი მოკლა ეგისთემ და მიკენის მეფე გახდა, ეგისთეს მამა თიესტე, ჯერ კიდევ ყმაწვილები – აგამემნონი და მენელაოსი სპარტაში გაიქცნენ და დაქორწინდნენ ტინდარეოსის ქალიშვილებზე;

აგამემნონი კლიტემნესტრაზე, ხოლო მოენელაოსი – ელენეზე. აგამემნონს შეეძინა ქალიშვილები: იფიგენია, ქრიზოთემიდა, ლაოდიკე (ტრაგიკოსებთან ელექტრა) და ვაჟი ორესტე. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც მიკენში უკვე აგამემნონი იყო გამეფებული, მენელაოსის ცოლი ელენე მოიტაცა პარისმა. ადრევე დადებული ხელშეკრულების თანახმად, აგამემნონმა შეკრიბა საუკეთესო ბერძენ ვაჟკაცთა დიდი ლაშქარი და თავს დაესხა პარისის მშობლიურ ქალაქ ტროას. ტროაში მისვლამდე ბერძენთა ლაშქარს ავლიდთან პირქარი მოევლინა და წინსვლის ყოველგვარი საშუალება მოუსპო. რადგან ქარი არ აპირებდა ჩადგომას, სამისნოს მიმართეს. სამისნომ განაცხადა, რომ ქარი მანამ არ ჩადგებოდა, სანამ აგამემნონი მსხვერპლად არ გაიღებდა თავის ქალიშვილ იფიგენიას. აგამემნონი იძულებული გახდა შეესრულებინა ღმერთის ეს მეტად არასასიამოვნო სურვილი. მითის ამ დეტალზე ააგო ევრიპიდემ შესანიშნავი ტრაგედია “იფიგენია ავლიდში”.
ტროას ომში აგამემნონმა დიდი გმირობა და სტრატეგიული ნიჭი გამოიჩინა, მაგრამ პატივმოყვარეობითა და სიამაყით ხშირად ვნებდა საერთო საქმეს. კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ აქილევსის რისხვის მიზეზი გახდა ის, რომ აგამემნონმა უსამართლოდ წაართვა ტყვე ქალი ბრიზეიდა, მანვე შეურაცხყო აპოლონის ქურუმი ქრიზე და სხვა, რითაც უდიდესი მორალური და მატერიალური ზარალი მიაყენა თანამებრძოლებს. ომის დამთავრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას, უდიდესი გამარჯვებითა და შინდაბრუნების სიხარულით აღფრთოვანებული აგამემნონი, რომელსაც იმდენად ბედნიერად მიაჩნდა თავი, რომ ღმერთებსაც კი შესძახა, გშურდეთ, ღმერთებო, ჩემი ბედნიერებაო, ვერაგულად მოკლეს ცოლმა – კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა ეგისთემ.
ბეოტიასა და პელეპონესის ზოგ ადგილებში არსებული აგმემნონის კულტი იმაზე მიუთითებს, რომ იგი ადრე ადგილობრივი ღმერთი უნდა ყოფილიყო და შემდგომ, ზევსისთვის დაეთმო ადგილი. ამაზე მიუთითებს მისი ერთ-ერთი საკულტო სახელი: – ზევს – აგამემნონი. ხელოვნებაშიც აგამემნონი ზევსისმაგვარად გამოისახებოდა – მშვიდი და დიდებული სახით, კვერთხით ხელში. აგამემნონის ტრაგიკული ბედი აღწერილია ესქილეს “აგამემნონში”, ევრიპიდეს ტრაგედიაში “იფიგენია ავლიდში”, რასინის “იფიგენიაში” და სხვა.

წყარო : ka.wikipedia.org (ვიკიპედი)

Leri2015

Leri Shavidze

მსგავსი ამბები

Back to top button