არქივი

,,მე ვარ ჩემი თავის მოღალატე და მსხვერპლი”

faee66bac4fc
,, მე შენ ცხოვრების საუკეთესო წლები შემოგწირე, შენ კი 1 საათის ჩუქება არ შეგიძლია ჩემთვის. მერე რა, რომ სამსახურში აგვიანებ,“  ,,ყველა შვილი უმადურია, როგორც არ უნდა გადაყვე…“  ,,მთელი დღე ვიჯექი სახლში, უარი ვთქვი სტადიონზე მეგობრებთან ერთად წასვლაზე მხოლოდ იმის გამო, რომ მარტო არ მოგეწყინა.“

გეცნობათ ასეთი ფრაზები?

ცოტა თუ იქნება ისეთი ადამიანი, ვინც მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩენილა და არ გაუფიქრია, რომ არ ღირდა და არ იყო ღირსი იმ ,,მსხვერპლისა“, რაც გაიღეთ მის გამო.

გითხრათ, რას გრძნობთ და ფიქრობთ ხოლმე ამ დროს?

უმადურია, უგულოა, ისე არ ვუყვარვარ, როგორც მე, არ მაფასებს, პატივს არ მცემს, რატომ ვარ ასეთი სულელი, ყველა მე რატომ უნდა ,,მაგოიმებდეს,“ არავის ხათრი აღარ მექნება და ა.შ.

წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გრძნობდეს ის ადამიანი თავს, როცა ასეთი ფიქრები საკმაოდ ხშირად მოსდის თავში. ის დათრგუნულია, გაბრაზებული თავის თავზე და სხვებზე, ხანდახან მთელ სამყაროზეც, იჩენს სხვადასხვა დამცავ მექანიზმებს, როგორც წესი ისეთებს, რომლითაც სხვებს განიზიდავს, იქმნება ჯაჭვური რეაქცია, უარესდება ურთიერთობა ახლობლებთან და სოციუმთან.
3418cd50a4c3
ასეთ შემთხვევაში სტრესიც გარდაუვალია. ხშირი დათმობა, მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა აუცილებლად ხდება სტრესის წყარო. სტრესის შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ყველაზე მთავარი, რომლითაც დასტურდება მისი მავნებლობა ადამიანზე, არის ის, რომ ახასიათებს სუსტი რგოლის ეფექტი, კერძოდ ურტყამს ადამიანს ყველაზე სუსტ წერტილში იქნება ეს ორგანული პრობლემის გაჩენა/გამწვავება – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, თუ ფსიქოლოგიური (ყველაზე გავრცელებულებს შორისაა: კუჭის წყლული, ნევროზი და სხვ.).

ფსიქოლოგების რეკომენდაცია მსგავს სიტუაციაში შემდეგია: უნდა ვისწავლოთ არას თქმა. ამასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა თხოვნაზე ცივი უარი მივახალოთ ახლობლებს და არა ახლობლებსაც. მაგ, როცა თქვენს მეზობელს წყლის მილი გაუსკდება და საფრთხე ემუქრება არა მარტო მისი ბინის რემონტს, არამედ სხვა მეზობლებისას, ამ დროს თეატრში წასვლა შეიძლება გადადოთ და დაეხმაროთ მას.  კეთილი საქმის გაკეთება, სხვებზე ზრუნვა ასეთ სიტუაციაში უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ვიდრე სპექტაკლი. მაგრამ როცა იგივე მეზობელი გთხოვთ საღამოს დაიტოვოთ მისი 2 წლის შვილი, რადგან კინოში ვერ წაიყვანენ ასეთ პატარას, მაშინ ჯობს დაფიქრება და ტაქტიანი უარის თქმა (,,სამწუხაროდ დღეს ვერ მოვახერხებ თქვენს დახმარებას, რადგან უკვე მქონდა დაგეგმილი დღევანდელი დღე და მაგ დროს სახლში არ ვიქნები.“). ადამიანს უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენც გაქვთ თქვენი ცხოვრება, ინტერესები და გეგმები (თუნდაც დაგეგმილი პასიური დასვენების დღე, როცა არაფრის კეთებას არ აპირებთ) და არ ხართ ვალდებული სხვის გამო უარი თქვათ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის.

ზედმეტია ლაპარაკი იმ პიროვნებებზე, ვინც სერიოზულ დათმობებზე მიდის სხვების გამო. ძირითადად ოჯახის წევრები იგულისხმება: მეუღლე და შვილები. განსაკუთრებით ქალბატონებს ახასიათებს ეს პრობლემა. ფიქრობენ, რომ კარგი დედობა მოითხოვს დროის 90%-ის მიძღვნას შვილებისთვის, კარგი ცოლობა კი ქმრის ყველა მოთხოვნის შესრულებას, რომელშიც შეიძლება შედიოდეს სამსახურის აკრძალვა და მეგობრებთან ურთიერთობის შეზღუდვა.

ბუნებრივია ასეთ დროს ისეთი ფრაზები, რაც დასაწყისში მიწერია. ასეთ შემთხვევებში ხომ ყველა ადამიანს უჩნდება სამაგიეროს მიღების სურვილი. უანგარო სიკეთე და თავდადება ძალიან იშვიათია. მადლობას მაინც ველით ხოლმე სხვებისგან (უფრო სწორად, მადლობას მეოთხე ხარისხში), ხშირად კი იმათგან ვერ ვიღებთ ისეთ დაფასებას, რის ღირსადაც ვთვლით თავს. ამიტომ, ნუ გაიხდით თქვენს საკუთარ ცხოვრებას და ინტერესებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის მქონედ. ამას, თუ დაუკვირდებით, ხშირად არც გთხოვენ სხვები. მათ მხოლოდ თქვენი დახმარება ან დროის გარკვეული ნაწილი სჭირდებათ.

 

პატივისცემით

თიკა ევდეევი

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Back to top button