ათასობით მეტრ სიმაღლეზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალ კლდეზე მიძვრები, შენს ქვემოთ თვალუწვდენელი სივრცეა, ქარი სახეში გცემს და წონასწორობის დაცვაში ხელს გიშლის, ფრთხილად და გამოზომილად ადგამ ნაბიჯებს და ფეხი თუ დაგიცდა, შენი სიცოცხლე 10მმ სისქის თოკზე დაეკიდება…
მათთვის, ვისაც მსგავსი “ბავშვური” გასართობები გულს ვეღარ უჩქარებს, Discovery–ს მოგზაურებმა შეადგინეს “რთული სათავგადასავლო ტურები”, რომლებსაც, სიმართლე გითხრათ, ძნელია მოგზაურობა დაარქვა, თუმცა პოსტის სათაურის ბოლო ორი კომპონენტი კი მათში ჭარბადაა.
მაშ ასე, გულ/მუხლმაგარ, მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთ გეპატიჟებიან საინტერესო დროის გასატარებლად.
- სპორტული მანქანით რბოლა
1998 წელს ლეგენდერული NASCAR-ის ავტომრბოლელ ჯარეტის მიერ დაარსებული Dale Jarrett Racing Adventure გთავაზობთ პროფესიონალურ ავტორბოლებს სპორტული მანქანებით, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ავტორბოლებში. ინსტრუქტორები გასწავლიან ყველა საჭირო დეტალს, რათა ბოლომდე შეიგრძნოთ, თუ რა შეგრძნებაა რამდენიმე წამში 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და შემდეგ 265 კმ/სთ სიჩქარით 60 წრიანი ტრასის გავლა. ეს სიამოვნება 4000 § დაგიჯდებათ. თუ საკუთარ თავს ვერ ენდობით, მაშინ თავად ინსტრუქტორი გაგატარებთ 4 წრეს 800§-ად.
ასევე გთავაზობენ ცნობილ რალებს Chicagoland Speedway და Miami Speedway. აქაც შეგიძლიათ მარტომ სცადოთ ბედი ან ყოველი შემთხვევისთვის, თან გაიყოლოთ ისტრუქტორი.
- უწონადობა
ადამიანები სამოგზაუროდ დასასვენებლად, განსატვირთად მიდიან. G-FORCE ONE-ზე ამას პირდაპირი მნიშვნელობით მოახერხებთ. კომპანია ZERO-G -ის ეს სპეციალურად გადაკეთებული ბოინგი ფრენისას ასრულებს პარაბოლურ ვარდნებს, რომლის დროსაც იქმნება უწონადობის მდგომარეობა. კომპანიისათვის ლიცენზიის გაცემის პროცესი 11 წელი გრძელდებოდა და 2004 წელს პირველი ფრენა შესრულდა. ბილეთი 8 წუთიან უწონადობაში 5000§ ღირს.
ნამდვილ, კოსმოსურ უწონადობაში მოხვედრა ცოტათი უფრო ძვირი ღირს. ჯერ-ჯერობით ერთდაერთი ტრანსპორტი რუსული კოსმოსური ხომალდია. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 12 დღიანი კომფორტული კოსმოსური უწონადობის საგზური 20 მილიონი დოლარი ღირს. თუმცა კომპანიები Virgin Galactic და SpaceX უკვე მუშაობენ ხალხისათვის უფრო “ხელმისაწვდომი” საშუალების შექმნაზე. პირველი საცდელი გაშვება 2012 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
- საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ერთეული
ვისაც სურს ნამდვილი გონებრივი და ფიზიკური დატვრთვა მსუბუქი მაზოხისტური ელფერით, შეუძლიათ ერთკვირიანი სამხედრო წვრთნა გაიარონ აშშ-ს სამხედრო ფლოტის დანაყოფებთან ერთად. მას შემდეგ, რაც ვირჯინიის შტატის ქალაქ ჩესაპეკეში, დონ შიპლის კომპანიაში ხელს მოაწერთ 2000§-იან კონტრაქტს, ადამიანურ ცხოვრებას ერთი კვირით დაემშვიდობებით. პირველივე “ღამე ჯოჯოხეთში” კომპანიის ვებგვერდზე აღწერილია როგორც ” ყველაზე რთული 24 საათი თქვენს სიცოცხლეში” და ძირითადად ყინულოვან წყალში მიმდიანრეობს. შემდეგ მონაწილეებს წვრთნიან ექსტრემალურ პირობებში გადარჩენაში, იარაღის ტარება-მოხმარებაში, ვერტმფრენიდან ხტომასა და ღამის პატრულირებაში. ასევე თქვენ გელით 160 კმ-იანი ნიჩბოსნობა, 48 კმ-იანი სირბილი, 10 კმ-იანი ცურვა და “ხანგრძლივი ფიზიკური ვარჯიში მაქსიმალური დატვირთვით, ფსიქიკურ-ემოციური სტრესი და სრული ფიზიკური გამოფიტვა, რასაც თან სდევს დაუძლეველი სურვილი მშობლიურ სამსახურში დაბრუნებისა”.
- მისია შესრულებულია
ეს არ არის კომპიუტერული თამაში, ეს რეალობაა. კალიფორნიაში მდებარე ავიასკოლა Air Combat USA გაძლევთ შანსს, ინსტრუქტორის დახმარებით, მართოთ ნამდვილი სამხედრო თითმფრინავი (ოღონდ ძალიან თანამედროვე გამანადგურებლის იმედი არ გქონდეთ), მიიღოთ მონაწილეობა საჰაერო ბრძოლებში სხვა მონაწილეებთან ერთად, დაუშინოთ ბომბები და გაანადგუროთ მიზანი, აკეთოთ საჰაერო ტრიუკები და ეს ყველაფერი 3 ციფრულ ვიდეოკამერაზე გადაიღოთ, რათა შემდეგ დატკბეთ საკუთარი “პროფესიონალიზმით”.
- Encierro
ვერავითარ ტექნიკას, ძრავებს და აღჭურვილობას აქ ვერ გამოიყენებთ. აქ აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ… სისწრაფე.
ესპანეთი, პამპლონა, სან ფერმინი, 7 ივლისის დილა სანტო დომინგოს ქუჩაზე…
უამრავი ხალხი ერთ ხაზზე ჩამწკრივებულა და ერთხმად გალობს: “გევედრებით სან ფერმინ, ჩვენო წმინდა მფარველო, დაგვლოცე და დაგვეხმარე ხარებთან რბოლაში”. საათის 8ჯერ ჩამოჰკრავს და ჰაერში 2 მაშხალა გაეშვება, ნიშნად იმისა, რომ 12 ხარი გამოშვებულია და საგიჟეთი იწყება.
850 მეტრის გარბენის შემდეგ, როდესაც პირველი მონაწილე შევარდება კორიდას არენაზე, მესამე მაშხალა მიფრინავს ჰაერში, ხოლო 12-ივე ხარის არენის ბაგებში შერეკვის შემდეგ კი მეოთხე მაშხალა ინთება, ნიშნად რბოლის დასასრულისა.
წყარო: verzonti.wordpress.com