უცნაური

რა ვერაგული გეგმა მოიფიქრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მაღალი თანამდებობის პირის მოსაშორებლად

e88bc0a5f043

დღევანდელი პუბლიკაციის მთავარი გმირების ვინაობები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია და ამისთვის წინასწარ გიხდით ბოდიშს.

გადაბირება

მილიციის პოლკოვნიკი ზორბეგ ხალიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა გამომძიებლად. პოლკოვნიკი გახდა 38 წლის ასაკში და იმ პერიოდში ასაკისთვის შეუფერებელი მაღალი ჩინი მხოლოდ და მხოლოდ იმის წყალობით მიიღო, რომ საქმეების გახსნის ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა. მისი ასეთი შედეგიანობა კი ამ სადისტი მილიციელის აბსოლუტური ზღვარგადასულობიდან გამომდინარეობდა. ხალიანთან მოხვედრას პატიმრებს ჯოჯოხეთში გამგზავრება ერჩივნათ. ის წამების ისეთ ხერხებს იგონებდა ქვასაც კი აალაპარაკებდა…

1967 წლის თებერვალში ხალიანი მინისტრმა დაიბარა და უთხრა:

– ამხანაგო ზორბეგ, ჩვენ ერთ ოპერაციას ვატარებთ. ამისთვის კი „ყოჩის“, იგივე სამსონ გროკელის თანხმობა გვჭირდება. აბა, შენ იცი, როგორ მოახერხებ გროკელის გადმობირებას და გაყოყოჩებული ყოჩის მოთვინიერებასო…

ყოჩი ცნობილი კანონიერი ქურდი იყო. მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა შავ სამყაროში და სამართლიანობით გამოირჩეოდა. თუმცა, როგორც თვითონ ამბობდა ახლობლებში, ერთი დიდი სისუსტე ჰქონდა და ეს იყო მისი ოჯახი: ცოლი – ეკა და 8 წლის ვაჟი – პავლე. იმჟამად ყოჩი თბილისის ციხეში იხდიდა სასჯელს, კარცერში იჯდა და ხალიანი სწორედ იქ ეწვია კანონიერ ქურდს. პოლკოვნიკს სამოქმედო ტაქტიკა წინასწარ ჰქონდა შემუშავებული. ის და მისი ოთხი, კუნთმაგარი ხელქვეითი, კინოკამერიან ოპერატორთან ერთად შეცვივდნენ კარცერში. ყოჩი ჯერ სასტიკად სცემეს. შემდეგ ტანსაცმელი გახადეს. ოთხმა კუნთმაგარმა ქურდი გააკავა, ხალიანმა კი ის გააუპატიურა, რაც კინოოპერატორმა ფირზე აღბეჭდა და წავიდა. ზორბეგმა კი ყოჩს უთხრა:

– თავის მოკვლის საშუალებას არ მოგცემთ, მაგრამ, მაინც რომ მოიკლა, იცოდე, რომ პირადად მე გავაუპატიურებ შენს ცოლ-შვილს, შემდეგ კი დავხოცავ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ: შენთან მაიორი კოხრეიძე მოვა, ოპერაციის დეტალებს გაგაცნობს, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღო და, თუ მის ყველა ბრძანებას არ შეასრულებ, შენს ცოლ-შვილს ის დაემართება, რასაც შეგპირდი.

ზორბეგ ხალიანი და მისი ოთხი ხელქვეითი წავიდნენ და კარცერში შიშველი, შეურაცხყოფილი და შეშლილობის ზღვრამდე მისული ყოჩი დატოვეს, რომელსაც სიკვდილის არ ეშინოდა, მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ იკლავდა თავს, რომ დარწმუნებული იყო, ხალიანი თავის მუქარას შეასრულებდა.

ყოჩმა თავი ჩაღუნა და მწარედ ატირდა…

ოპერაციის გეგმა

მილიციის მაიორი კარლო კოხრეიძე შინაგან საქმეთა მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ოპერაციას, რომელშიც ყოჩი უნდა ჩაერთოთ, სწორედ კოხრეიძე ატარებდა. გეგმა მრავალსვლიანი და ძალიან ვერაგული იყო. მისი საბოლოო მიზანი კი, ძმები ბაზიერების დისკრედიტაციის გზით, მაშინდელი საქართველოს ცეკას პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის პოსტიდან გადაყენება იყო…

სამი ძმა – კოტე, სოსო და მალხაზ ბაზიერები, ცნობილი ქართველი საქმოსნები იყვნენ. მათ მსხვილი პოსტები ეკავათ ქართულ მრეწველობაში და საქმეს უდიდესი წარმატებით უძღვებოდნენ. გარდა ამისა, მათ მსხვილი იატაკქვეშა „ცეხები” ჰქონდათ და დეფიციტურ პროდუქციას აწარმოებდნენ, დიდი შემოსავალი ჰქონდათ და ამ ფულის დიდი ნაწილით საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებდნენ. ბაზიერებს საბჭოთა კავშირის მრავალ ავტორიტეტთან ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, რის გამოც ისინი ხელშეუხებლად ითვლებოდნენ.

ბაზიერებს განსაკუთრებით არ მოსდიოდათ თვალში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მას ისინი ღიად დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ და ბევრჯერ უთქვამთ: თუ ის გოიმი სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას არ მოეშვება, მინისტრობიდან გავაპანღურებთო… ამიტომ, ბაზიერების დისკრედიტაციის გეგმა პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის მოფიქრებული იყო, კოხრეიძემ კი მისი განხორციელება დაიწყო. ზორბეგ ხალიანისა და მისი ხელქვეითების წასვლიდან სამ საათში კოხრეიძე ყოჩს საკანში ესტუმრა და უთხრა:

– ერთადერთი, რასაც შენგან მოვითხოვთ, ისაა, რომ საკავშირო ქურდები „ფორსი“ და „ბუ“ თბილისში ჩამოიყვანო და ჩაგვაბარო.

ივანე რიბკინი (ფორსი) და არსენ გულიევი (ბუ), ცნობილი საბჭოთა ქურდები, მოსკოვში ცხოვრობდნენ. რიბკინი და გულიევი უახლოესი მეგობრები იყვნენ. ფორსი ეროვნებით რუსი იყო, ბუ კი – ცხინვალელი ოსი. ისინი ყოჩის უახლოესი მეგობრები იყვნენ და ერთად მრავალი „საქმე” ჰქონდათ გაკეთებული. რიბკინი და გულიევი, ასევე, ძმებ ბაზიერებთანაც იყვნენ დაახლოებული და მთელი ამ კომბინაციის აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადება უნდა გათამაშებულიყო. ანუ, ყველა: ბუ, ფორსი, ყოჩი და ყოჩთან ერთად მყოფი მილიციის აგენტი, – ბაზიერების წყნეთის აგარაკზე უნდა დაეპატიმრებინათ. უფრო სწორად კი, ბუ და ფორსი დაპატიმრებისას უნდა მოეკლათ, რომ მათ არაფერი ეთქვათ, ხოლო ყოჩსა და მკვლელს კი უნდა „ეღიარებინათ“, რომ, ძმები ბაზიერების დავალებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ლიკვიდაციას აპირებდნენ. ამ „აღიარებას“ ძმები ბაზიერების დაპატიმრება უნდა მოჰყოლოდა, რაც შემდგომში შინაგან საქმეთა მინისტრის ტრიუმფით უნდა დასრულებულიყო. ამ გეგმის სრული შინაარსი მხოლოდ თავად მინისტრმა და კარლო კოხრეიძემ იცოდნენ, რომელსაც მინისტრი პირდაპირ პოლკოვნიკობასა და მაღალ თანამდებობას შეჰპირდა.

– ფორსი და ბუ რაში გჭირდებათ? – ჰკითხა კოხრეიძეს ყოჩმა.

– გვჭირდება, – მოკლედ მოუჭრა მას კოხრეიძემ, – აქ კითხვებსაც მე ვსვამ და ბრძანებებსაც მე ვიძლევი, შენ კი უსიტყვო მორჩილება გევალება.

– ისინი მოსკოვში არიან და თბილისში როგორ ჩამოვიყვან?

– რუსეთში ეტაპით გაგიშვებთ, შენ გაიქცევი და მათ მიაკითხავ. თბილისში კი სხოდკის შეკრების საბაბით ჩამოიყვან. ეტყვი, რომ „მურა“ მათ ბოზობაში სდებს ბრალს და თითქოს ეს საკითხი გასარკვევია.

მურა, იგივე ტრისტან გოგიძე, ცნობილი ავტორიტეტი იყო. მასაც ზორბეგ ხალიანი ესტუმრა სახლში და ზუსტად იგივე გაუკეთა, რაც ყოჩს. მურასაც ჰყავდა ცოლ-შვილი და ის სწორედ ამის გამო მოხვდა მილიციელების ვერაგულ გეგმაში.

– ტრისტანიც გააფუჭეთ? – იკითხა თვალცრემლიანმა ყოჩმა.

– კი არ გავაფუჭეთ, გადმოვიბირეთ, – ცინიკურად მიუგო კოხრეიძემ.

– შემახვედრეთ მას.

– როცა საჭირო იქნება, მაშინ შეხვდები, ახლა კი დაისვენე და დამშვიდდი. ხვალ ეტაპით გიშვებთ, ზეგ კი პაბეგი გაქვს, – უთხრა ყოჩს კოხრეიძემ, შემდეგ კარცერი დატოვა და შინაგან საქმეთა მინისტრისკენ გაემართა, რომ მისთვის ოპერაციის წარმატებით დაწყება ეპატაკა…

გაშიფრული გეგმა

ყოჩი ბევრად უფრო პატიოსანი და მამაცი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვერაგი ქართველი მილიციელები წარმოადგენდნენ. ის ჯერ ეტაპიდან „გაიქცა“, შემდეგ ბუსა და ფორსს ეწვია და პირდაპირ განუცხადა:

– ახლა მე თქვენ მთელ სიმართლეს გეტყვით, დანარჩენი კი თავად განსაჯეთ და გადაწყვეტილებაც თვითონ მიიღეთ…

საოცრად აღელვებული ყოჩი, ერთი საათის განმავლობაში დეტალურად მოუთხრობდა კოლეგებს ყველაფერს, არც მურას ამბავი გამორჩენია, ბოლოს კი თქვა:

– ვიცი, რომ სულ მალე ამქვეყნიდან წავალ და, თუ ღმერთმა არ წამიყვანა, განაჩენს თავადვე გამოვუტან საკუთარ თავს. ახლა კი ქურდობაზე უარს ვამბობ, რადგან, გაუპატიურებული ქურდი ქურდი არ არის…

– ქურდი ხარ, ძმაო, ვაჟკაცი, ნაღდი კაცი და დაივიწყე, რაც მოხდა, – ერთხმად უთხრეს ატირებულმა ქურდებმა და გადაეხვივნენ. ყოჩი რომ დამშვიდდა, ფორსმა სასტიკი სახე მიიღო და ზიზღნარევი ხმით თქვა:

– ახლა კი ამ ბოზების გეგმაზე ვიფიქროთ და, ვცადოთ, გავშიფროთ.

„მალინაზე” შეკრებილი სამივე ქურდი, განსაკუთრებით კი – ფორსი, ძალიან გამოცდილი და გონიერი ადამიანი იყო. თუმცა, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ძალიან გაუჭირდათ ამ ვერაგული გეგმის გაშიფვრა და ფორსმა თქვა:

– ის, რომ „ძაღლებს” ჩვენი თბილისში ჩამოტყუება ჩვენი დაჭერის მიზნით უნდათ, სისულელეა. ჩვენი მეშვეობით რაღაც უფრო დიდი საქმის გაკეთებას აპირებენ და ესაა გასაშიფრი.

– რას გულისხმობ? – ჰკითხა ფორსს ბუმ.

– არ ვიცი, – თავი გააქნია ფორსმა, – უპირველესად, ყოჩის ცოლ-შვილი უნდა გადავმალოთ, თორემ, შემთხვევით „ძაღლებმა” რამე რომ იეჭვონ, ის ნაბოზარი ხალიანი აუცილებლად შეასრულებს მუქარას. ამიტომ, მე ახლა კოტე ბაზიერს ვნახავ, რომელიც ხვალ თბილისში მიფრინავს და, ვთხოვ, რომ ქალი და ბავშვი გადამალოს.

უცებ ყოჩი გაფითრდა და ამოილუღლუღა:

– ვიცი, რაშიცაა საქმე – იმ ბოზებს ნაღდად ბაზიერებზე გასვლა უნდათ. მინისტრი მათთან უკიდურესადაა დაპირისპირებული, ეს მთელმა საქართველომ იცის და, ახლა ვხვდები, რომ რაღაც საშინელება მზადდება ჩვენი ხელით.

მოსკოვში მყოფი კოტე ბაზიერი სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ შეუერთდა „მალინაზე” მყოფ ქურდებს და მათი მონათხრობი რომ მოისმინა, თქვა:

– კი, ასეა. თქვენი მეშვეობით ჩვენი დაჭერა უნდა იმ გოიმ გენერალს, ამით კი – ვასილ პავლოვიჩის დისკრედიტაცია, რომლის სავარძელსაც ეპოტინება. ძალიან საშიშ თამაშს თამაშობს მინისტრი. ნეტავი, რისი შეტენვა უნდა ჩვენთვის? მოკლედ, ასე ვიზამ, ძმებო: ყოჩის ცოლ-შვილს ხვალვე გამოვაპარებ მოსკოვში, მას ჩემი სანდო კაცი მიიყვანს აგარაკზე, რომელიც პოდმოსკოვიეში მდებარეობს და დღეიდან ყოჩის ოჯახისთვის მიჩუქნია. დანარჩენს მე და ჩემი ძმები მივხედავთ, თქვენ „ძაღლებს“ მოერიდეთ. აი, ფული, – კოტე ბაზიერმა ქურდებს 30 ათასი მანეთი დაუტოვა და წავიდა…

კოტე ბაზიერმა თვითმფრინავის ბილეთი გაცვალა და იმავე დღეს ჩაფრინდა თბილისში. შემდეგ ყველაფერი თავის ძმებს უამბო. ყველაზე უფროსმა და ძმებში ყველაზე ჭკვიანმა სოსო ბაზიერმა თქვა:

– დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრი მასზე თავდასხმის სპექტაკლს დგამს და ვინ იცის, იქნებ, შევუსრულოთ კიდეც…

ბაზიერმა ეკა და პავლე გროკელები მეორე დღეს მოსკოვში გააყოლეს თავიანთ ერთგულ კაცს, თვითონ კი მოქმედებას შეუდგნენ და, რადგან ვასილ მჟავანაძე უცხოეთში იყო მივლინებაში და მასთან შეხვედრა ვერ მოახერხეს, მილიციის მაიორი კარლო კოხრეიძე მოიტაცეს და მის დამუშავებას შეუდგნენ. კარლო წყნეთში, პირდაპირ თავისი სახლის სადარბაზოსთან აიყვანეს…

გამქრალი მოწმეები

კარლო კოხრეიძემ ბაზიერებს ყველაფერი ჩაუკაკლა, რაც კინოფირზე იყო გადაღებული და მხოლოდ მას მერე გაუშვეს სახლში, თუმცა, მეორე დღეს ის უგზო-უკვლოდ გაქრა. ასევე გაქრა მურაც, რომელიც ბაზიერებმა ვერ მოიხელთეს. ამასობაში, უცხოეთიდან ვასილ მჟავანაძე დაბრუნდა. მას ძმები ეწვივნენ და კინოფირი უჩვენეს, რომელზეც კოხრეიძის მონათხრობი იყო ჩაწერილი. ცეკას პირველმა მდივანმა კაბინეტში გაიარ-გამოიარა და მცირე პაუზის შემდეგ ძმებს უთხრა:

– გენერალს ასე ადვილად ვერ წავუყენებ ბრალდებას, მით უმეტეს, რომ ეგ კოხრეიძე გამქრალია. სავარაუდოდ, ეს მისი ხალხის ნამოქმედარია. მოდი, ასე მოვიქცეთ: მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და დაველოდოთ გენერლის მორიგ ნაბიჯს. ვიცი, რომ არ მოისვენებს, მით უმეტეს ახლა, დარწმუნებული ვარ…

ბაზიერებმა მჟავანაძის სიტყვები ცეკას პირველი მდივნის გადამეტებულ სიფრთხილეს მიაწერეს და გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად ემოქმედათ. მათ შინაგან საქმეთა მინისტრის თავიდან მოშორების გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, დაქირავებულმა მკვლელმა, რომელსაც გენერალი სნაიპერული შაშხანიდან უნდა მოეკლა, ბოლო მომენტში მილიციაში განაცხადა ყველაფერი და თავდასხმა ჩაიშალა.

ყველაზე საინტერესო კი ამ საქმეში ის არის, რომ ბაზიერებისთვის პასუხი არავის მოუთხოვია და ისინი დაკითხვაზეც კი არავის გამოუძახებია. გარდა ამისა, სამივე მოწმე, მურა, კარლო კოხრეიძე და დაქირავებული მკვლელი – უგზო-უკვლოდ იყვნენ გამქრალი. ბაზიერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ყოველივე გენერლის ნამოქმედარი იყო. სოსო ბაზიერმა თავის უმცროს ძმებს უთხრა:

– გენერალი იმაზე ეშმაკი გამოდგა, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით. მან ყველა მოწმე თავიდან მოიშორა და, დარწმუნებული ვარ რომ ახლა ჩვენ წინააღმდეგ ამზადებს ახალ შეტევას.

ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, სადისტი პოლკოვნიკი ზორბეგ ხალიანი კი მოულოდნელად სამსახურიდან წამოვიდა და გაურკვეველი მიმართულებით გადაიხვეწა…

სისხლიანი ოპერაცია

ციხიდან გაქცეულ ყოჩზე საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული. ის კი თავის ცოლ-შვილთან ერთად ინკოგნიტოდ ცხოვრობდა ბაზიერების მიერ ნაჩუქარ აგარაკზე პოდმოსკოვიეში.

1967 წლის 19 ივლისს, ანუ, ზემოთ აღნიშნული მოვლენებიდან ოთხი თვის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული ჯგუფი და მოსკოვის პოლიციის ექვსი ოპერი კონსპირაციულ აგარაკს მიადგნენ და ყოჩს დანებება შესთავაზეს. ყოჩის ცოლ-შვილი მეზობელ აგარაკზე იყვნენ სტუმრად. ყოჩმა „სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა მის ასაყვანად მოსულ მილიციელებს და ურთიერთსროლისას, რომელიც ნახევარი საათი გრძელდებოდა, ერთი მილიციელი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა, ოცი ტყვიით დაცხრილული ყოჩი კი აგარაკზე გარდაიცვალა…

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მოკლული მილიციელი სიკვდილის შემდეგ ორდენით დააჯილდოვა, მის ცოლ-შვილს კი ბინა და ფულადი კომპენსაცია მისცა. საჩუქრები გადაეცათ დაჭრილ მილიციელებსაც, თავად მინისტრმა კი მოსკოვის მადლობა დაიმსახურა და ის პირადად მიიღო შჩოლოკოვმა.

P. S. ძმები ბაზიერებისა და მინისტრის დაპირისპირება დროებით შეწყდა. თუმცა, ცოტა ხანში, ბაზიერები დააპატიმრეს და დახვრეტის მუხლით გაასამართლეს. ორი ძმა გარდაიცვალა, ერთ-ერთი კი დღემდე ცოცხალია.

რაც შეეხება სადისტ ზორბეგ ხალიანს, რომელიც ვლადივოსტოკში გადასახლდა, გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში მოკლეს. მისი სხეული დანაწევრებული და ტუალეტში ჩაყრილი იპოვეს ვლადივოსტოკის პორტში…

პ.ს. 1967 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ედუარდ შევარდნაძე

წყარო: ჟურნალი თბილისელები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button