გასართობისასარგებლო

ფრთხილად, ფსიქიკური ვირუსები!

ამას წინათ ქსელში ასეთ ანეკდოტს წავაწყდი:

„საღამოს საინფორმაციო გამოშვება ყოველთვის იწყება სიტყვებით „საღამო მშვიდობისა“, მერე კი მთელი გადაცემის მანძილზე გვიყვებიან, რატომ არ შეიძლება იყოს იგი ასეთი“

ვერ შეედავები. მარტო რუბრიკების თვალის გადავლებაა საკმარისი, რომ მიხვდე, როგორი “მშვიდი” და “უდრტვინველი” საღამო გელოდება: საზარელი მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, მოულოდნელი წყალდიდობა, დამანგრეველი მიწისძვრა, მძვინვარე გრიგალი, ზვავი და მეწყერი, უმუშევრობა და ინფლაცია, გამანადგურებელი კომეტისა და ომის საფრთხე… რაღა გავაგრძელო – თუ ტელევიზორს კიდევ უყურებთ, ჩემზე ბევრად მეტი „სასიამოვნო“ ამბავი გეცოდინებათ.

რას იზამ, რეალობა ასეთია… რეალობა? რომელი რეალობა? იქნებ ამას გულისხმობდით:

ცნობილი ფიზიოლოგი ვ. მ. ბეხტერევი ჯერ კიდევ XIX—XX საუკუნეების ზღვარზე წერდა, რომ არსებობენ ე.წ. „ფსიქიკური კონტაგიები“ (contagium phsychicum), ფსიქიკურ დასნებოვნებამდე რომ მიჰყავთ ადამიანი. ესენი არიან „მიკრობები, რომლებიც, მართალია, მიკროსკოპში არ ჩანან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მსგავსად ფიზიკური მიკრობებისა, ყველგან მოქმედებენ და გადაეცემიან გარშემომყოფთა სიტყვების, ჟესტების და მოქმედებების მეშვეობით, წიგნების, გაზეთების და ა.შ. საშუალებით. ერთი სიტყვით, სადაც არ უნდა ვიყოთ… საზოგადოებაში, უკვე ფსიქიკური მიკრობების მოქმედების გავლენას განვიცდით და ფსიქიკური დაავადების საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით“.

გგონიათ, ეს საფრთხე მხოლოდ დაბალი ინტელექტის ადამიანებს ემუქრებათ? როგორც ვატყობ, პირიქით – მაღალი IQ მონაცემების ადამიანები ყველაზე იოლად სნებოვნდებიან ნეგატივიზმით. სწორედ ამის გამოა გარშემო ამდენი „ჭკვიანურად“ მოაზროვნე – „ზღაპრების“ რომ არ სჯერა, სიცოცხლე გაუთავებელი ტანჯვის ასპარეზი ჰგონია, ყველასა და ყველაფრის მიმართ ეჭვიანობა-უნდობლობა-სკეპტიციზმი გონივრულ საქციელად მიაჩნია, სხვისი ოპტიმიზმი აღიზიანებს, მიაჩნია, რომ გულის სიღრმეში მისთვის ყველას ცუდი უნდა და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის ბრძოლაში იდაყვები და მუხლები აქვს გადაყვლეფილი. უფრო მეტიც, ამით თავი მოაქვს და საკუთარი უპირატესობის შეგრძნებით ტკბება (კიდევ კარგი, არის რაღაცა, მცირეოდენ ტკბობასა და სიხარულს მაინც რომ ანიჭებს და დაავადებით გამოწვეულ მტანჯველ ტკივილებს უმსუბუქებს).

ჩვენ კი იმის მაგივრად, რომ ასეთ ადამიანებს, რაც შეიძლება, სწრაფად ვუმკურნალოთ და ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ სათანადო ზომები მივიღოთ, არცთუ იშვიათად, ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობებს ვაბარებთ ან მათი მხრებისთვის მეტისმეტად მძიმე და შეუფერებელ მოვალეობებს ვაკისრებთ ხოლმე. ერთ რეალურ შემთხვევაზე მოგიყვებით და თავად განსაჯეთ.

რამდენიმე წლის წინ დედას თვალის ექიმთან გავყევი. განთქმული ექიმი იყო, პროფესორი, გვარად… დამავიწყდა… ასეთი ადამიანების გვარებს არასოდეს ვიმახსოვრებ. ის კი არა, ვცდილობ, მათთან შეხვედრის კვალიც მალე წავშალო ემოციური მეხსიერებიდან, თუმცა თვითონ ფაქტს არ ვივიწყებ ხოლმე – შეიძლება, გამოცდილების გასაზიარებლად გამომადგეს… როგორც ახლა.

მოკლედ, დიდ რიგში მოგვიწია დგომა. ჩვენამდე ცოტა ხნით ადრე, ექიმის კაბინეტიდან ერთი ამერიკელი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა. მოსაცდელში შეკრებილები ეროვნული საფირმო ღიმილით გაგვამხნევა, წარმატებები გვისურვა და გალანტური თავის დაკვრით დაგვემშვიდობა. ოდნავ მოგვიანებით, იმავე ოთახიდან წარმოუდგენლად დამწუხრებული, სასოწარკვეთილი და ატირებული ქალი გამოიყვანეს ახლობლებმა. უკვე ჩვენი რიგი იყო და მის პრობლემაში გარკვევა ვეღარ მოვასწარით, თუმცა ორიოდე წუთში ყველაფერი ნათელი გახდა.

შევედით თუ არა, ექიმმა იმ ქალზე დაგვიწყო საუბარი – ბადურა ეშლება და ეს ესაა ვუთხარი, რომ დაბრმავდებაო. მერე კი აშკარად ნასიამოვნებმა და კმაყოფილმა დაამატა: მომენტალურად დეპრესიაში ჩავარდა… ნორმალური, ადექვატური რეაქცია ჰქონდა… იმ ამერიკელს კი არ ჰგავდა – იგივე დიაგნოზი ისე მშვიდად მოისმინა, ღიმილი არ მოუშორებია სახიდანო. წარმოუდგენლად აღშფოთებული იყო ამ „უმსგავსობით”: განათლება მეც შტატებში მივიღე და მაინც ვერ მივხვდი, რა ტიპის ხალხია… იმდენად ბრიყვები არიან, ჰგონიათ, ყველა პრობლემას მოევლებაო.

ვიგრძენი, სახე როგორ დამეცალა სისხლისაგან, გონება – ამ ექიმის პატივისცემისგან, გულმა კი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ბადურაჩამოშლილი ამერიკელის მხარე დაიჭირა, ხოლო როცა თავის პროფესიონალიზმში ღრმად დარწმუნებულმა ესკულაპმა დედა უზარმაზარ მიკროსკოპთან დასვა და თვალში ჩახედვა დაუპირა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჯალათს ვთხოვდით დახმარებას.

რამდენიმე წუთში მართლა ჭეშმარიტი ჯალათის გულგრილობითა და სადისტური ნეტარებით განგვიცხადა, რომ არც ჩვენ გვქონდა საქმე სანუგეშოდ: ერთი თვალი უკვე განწირული იყო და მეორესაც ცოტა ხანში იგივე ბედი მოელოდა (მადლობა ღმერთს, დრომ მისი დიაგნოზი არ დაადასტურა). მე და დედამ წინასწარ შეთანხმებულებივით გავუძელით ამ გამოცდას. ჩვენს არსენალში მყოფი სიამაყისა და სიმხნევის ყველა რესურსი გავააქტიურეთ, დიაგნოზი „მშვიდად“ მოვისმინეთ, თეთრხალათიან „ჯალათს“ მისი ნამოქმედარით ტკბობის საშუალება არ მივეცით და ნაჩქარევად დავტოვეთ კაბინეტი.

არ იფიქროთ (ვისაც ეს სტატია წაუკითხავს, არ იფიქრებს ), რომ ცრუ იმედების მოტრფიალე ვიყო – პირიქით, დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, ვინც ღობე-ყორეს არ ედება და სიმართლეს დაუფარავად ლაპარაკობს, მაგრამ… როცა ადამიანს იმედს ართმევ, რაღაცას… უფრო ღირებულს – თანაგრძნობას ან მოქმედების სურვილს მაინც – უნდა ჩუქნიდე. ყველამ იცის, შხამი მცირე რაოდენობით წამალია, დიდი რაოდენობით – სასიკვდილო იარაღი, ხოლო როგორ მოიხმაროს ეს იარაღი, აბა, საიდან უნდა იცოდეს უკვე ფსიქიკამოშლილმა ადამიანმა, რომელიც იქით საჭიროებს დახმარებას (საზოგადოებისგან იზოლაციასთან ერთად) ან „ცივილიზებული“ ადამიანის გარეგნობით შენიღბული, ფარული დანაშაულებრივი მიდრეკილებები გააჩნია.

სისხლის სამართლის კოდექსი აქვთ გადასახედი ჩვენს კანონმდებლებს, თორემ, აბა, რას ჰგავს: თუ ვინმეს ბინაში შეუვარდი და შუბლზე იარაღი მიაჭირე, ციხეში ჩაგსვამენ, ხოლო თუ ტელევიზორის ეკრანიდან მის ფსიქიკას, ერთი შეხედვით, „უწყინარი სიტყვებით“ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებ, ჯანმრთელობას შეურყევ და ცხოვრებას გაუნადგურებ, შეიძლება ტაში დაგიკრან და ხელფასიც კი გადაგიხადონ. ჯანმრთელობის სამინისტროს მაინც რომ აღელვებდეს ეს ამბავი… ღორისა თუ ქათმის გრიპზე ერთ ვაი-უშველებელს ატეხენ ხოლმე და, როცა საქმე ამ ტიპის ეპიდემიას თუ პანდემიას შეეხება, ვითომც არაფერი!

მაგრამ თუკი ჩვენზე არავინ ზრუნავს, ხომ არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ უნდა გავაცნობიეროთ, გულზე ხელები დავიკრიფოთ და არაფერი გავაკეთოთ. პირადად, მე ძალიან ჩამაფიქრა ამ ამბავმა და, ეპიდემიისგან თავის დასაცავად, ეფექტურ პროფილაქტიკურ საშუალებას – ცხრა დამცავი ფენის შემცველ „ნიღაბს“ მოვუძებნე გამოყენება. ცხადზე ცხადია, თქვენც გირჩევთ, რომ მოიხმაროთ. აი, ნახეთ:

დამცავი ფენა #1. არ იხმაროთ საუბარში ნეგატიური დატვირთვის მქონე სიტყვები;

დამცავი ფენა #2. არ გაავრცელოთ ცუდი ამბები;

დამცავი ფენა#3. სანამ ტელევიზორის წინ სავარძელში ღრმად ჩაეფლობით, კარგად გაანალიზეთ, რის ყურებას აპირებთ და რატომ. რაც მთავარია, არაფრით გაატაროთ მის გარემოცვაში ზედიზედ საათ-საათნახევარზე მეტი;

დამცავი ფენა #4. არ იქონიოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ხშირად გაყენებთ ცუდ ხასიათზე და,თუ ეს შეუძლებელია, ნუ ეცდებით მის გადაკეთებას, ნუ შეხვალთ მასთან დისკუსიაში და დაიცავით ე. წ. ემოციური დისტანცია ანუ ნუ გაიზიარებთ მის განწყობილებას;

დამცავი ფენა #5. არ გადაიღალოთ. როგორი დიდი საქმეც არ უნდა გქონდეთ გასაკეთებელი, მოაწყეთ პატარ-პატარა შესვენებები – მიეცით თქვენს ფსიქიკას საშუალება, განიმუხტოს;

დამცავი ფენა #6. დღეში ნახევარი საათი მაინც გაატარეთ სუფთა ჰაერზე (თუნდაც, აივანზე);

დამცავი ფენა #7. შეუთანხმდით ოჯახის წევრებს და ახლობლებს იმაზე, რომ ცხვირჩამოშვებული სიარული ცუდი ტონის მაჩვენებელია;

დამცავი ფენა #8. გახსენით პოზიტიური მტკიცებულებების უბის წიგნაკი და ჩაინიშნეთ შიგ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ ყველაფერი კარგადაა (მაგალითად.: სასიამოვნო ამინდია, მაგარი ანეკდოტი მოვისმინე, ლამაზი ფერის ლაქი ვიყიდე, საცობების გარეშე ვიმგზავრე, უკვე 500 გრამი დავიკელი, შეფი დილით კარგ ხასიათზე იყო და ა.შ.). ეს იმისთვისაა საჭირო, რომ იმ „უმნიშვნელო“ ამბების შემჩნევა და დამახსოვრება ვისწავლოთ, ცხოვრებას უსაფრთხოს და მშვენიერს რომ ხდის;

დამცავი ფენა #9. ივარჯიშეთ იმის მოფიქრებაში, რითი იყოთ ვინმესთვის სასარგებლო (მერწმუნეთ, საკუთარ, ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელ და, აქედან გამომდინარე, ნეგატიური განწყობილების გამომწვევ, მოთხოვნილებებზე ფიქრისათვის დრო საერთოდ აღარ დაგრჩებათ).

პროფილაქტიკა პროფილაქტიკაა, მაგრამ როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა ყველაფერი მართლა ძალიან ცუდადაა?!

მგონი, კიდევ ერთი ისტორია უნდა მოგიყვეთ.

ეს ისტორიაც ჩემთვის უზომოდ ძვირფას, ერთ არაჩვეულებრივ ადამიანს შეეხება. ეს ადამიანი ბიძაჩემია – დეიდის ქმარი. კაცმა რომ თქვას, სისხლით ნათესავადაც არ მერგება, თუმცა ბევრი არავინ მყავს მასავით საყვარელი და ახლობელი.

ბავშვობიდანვე ძალიან მაგარ, პირდაპირ სამაგალითო პიროვნებად მივიჩნევდი. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა, როცა მხოლოდ მას შეეძლო: მთელი ქალაქი მოევლო და მაინც ეშოვა ყველაზე „უშოვნელი“ სათამაშოები; სამსახურიდან დაბრუნებულს აზრადაც არასოდეს მოსვლოდა, დაღლილობა მოემიზეზებინა და უარი ეთქვა ჩემს გასეირნებაზე; ჩემთან ერთად დამჯდარიყო ყველა „საშიშ“ ანტრაქციონზე; ლიმონათით დაებანინებინა დასვრილი ხელები; უშეცდომოდ გამოეცნო, როდის ვამჯობინებდი ნაყინის და როდის შებრაწული სოსისის ჭამას; ყოველთვის ჰქონოდა თადარიგში რაიმე გულის წასვლამდე სასაცილო და საინტერესო ამბავი; ეთამაშა ჩემთან დღის (და ღამის) ნებისმიერ მონაკვეთში და სანაცვლოდ „კარგად მოქცევაც“ არ მოეთხოვა; თავიდან აეცილებინა საზიზღარი მდოგვის საფენები და ხველებას რომ არ შევეწუხებინე, მთელი ღამის განმავლობაში თავისი დიდი ხელისგულებით გაეთბო ჩემი „ანთებული“ ფილტვები.

მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ ვბრაზდებოდი დეიდაჩემზე, ცოტა ნასვამს და განსაკუთრებით კარგ ხასიათზე მყოფს, საყვედურს თუ გაუბედავდა. რას არ მივცემდი, რომ შემძლებოდა რამენაირად მომეშორებინა მისთვის ეს „ავი“ და „შარიანი“ ცოლი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ სულ „ჩემო გოგოს“ ეძახდა და ეფერებოდა, არაფრით უნდოდა იმის დაჯერება, რომ ორიოდე ჭიქა ღვინის შემდეგ, ნებისმიერი თამაში უფრო სასაცილო და მხიარული გამოგვდიოდა, თან გამუდმებით ახსენებდა (სხვათა შორის, დღემდე ახსენებს), 17 წლის ბიჭი აღარ ხარ და მეტი სერიოზულობა მოგეთხოვებაო.

სერიოზულობა? განა ბიძაჩემს სერიოზულობა აკლდა ან აკლია? ის ყველაზე სერიოზული ოსტატია ამ ცხოვრებისა, მათ შორის, ვისთანაც კი ოდესმე ახლო ნაცნობობა მქონია… ცხოვრებისა და სიხარულის დიდოსტატი!

იქნებ სწორედ ამიტომ, ყურადღების ღირსადაც კი არასოდეს მიაჩნდა ისეთი უმნიშვნელო „წვრილმანები“, როგორიცაა: მძიმე ბავშვობა (მამა ომში დაეღუპა და დედამისმა ოთხი ბიჭი გაჭირვებაში გაზარდა), ოჯახის შესანახად ლამის ოცდაოთხსაათიანი შრომა, ღამღამობით შემაწუხებელი ტკივილები…

სამი თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ვისაც გამოუცდია, კარგად იცის, რა განცდაა, როცა შენს ახლობელს ასეთი რამ ემართება. ვისაც არა – მაინც ვერ გაიგებს… თუმცა პირველმა ტკივილმა რომ გაიარა, მივხვდი, დიაგნოზზე მეტად სხვა რამ მაწუხებდა: მეშინოდა, არანორმალურად მეშინოდა, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს თვალებში ჩავხედავდი და იქ… სრულიად უცხო კაცს… შეშინებულ და უძლურ მოხუცს დავინახავდი! მეშინოდა და უნამუსოდ გავურბოდი მასთან მარტო დარჩენას, საუბარს. მოსახდენი მაინც მოხდა.

– რას მიმალავთ, უთქვენოდაც ვიცი, რომ სიმსივნე მაქვს, შტერი ხო არა ვარ?! რა მოგივიდათ, თქვე კაი ხალხო… მაქვს და მქონდეს – სხვას არავის ჰქონია? მაგის გამო თავს დარდით მოვიკლავ თუ როგორ არის თქვენი ამბავი… ვუჩვენებ სეირს! ისე, სულ იმ სიგარეტის ბრალია… მეუბნებოდნენ, გადააგდე, გადააგდეო… მარა… მარტო სიგარეტიც ვერაფერს მიზამდა, რო იცოდე… გარშემო იმდენი გასაცოდავებული ადამიანია… ყველას ცხვირ-პირი ჩამოსტირის… ეს ჩემი გოგოც ავადმყოფობს. ჰოდა, მიპოვა სადღაც სუსტი წერტილი… უჰ, ეგ არიფი! კაი, კაცო, ჯერ ხომ ცოცხალი ვარ… ის ექიმი კი ისე უგემურად იქცეოდა – მაგარ ანეკდოტს ვუყვებოდი, არც კი მომისმინა! მოდი, ხლა შენ მოგიყვები…

გავბედე და, როგორც იქნა, თვალი გავუსწორე – არც შიში! არც იმედგაცრუება! არც ნათამაშევი გულგრილობა! კარგად ნაცნობი, აბსოლუტურად მშვიდი მზერა და… უბერებელი ეშმაკუნები თვალის კუთხეებში! როგორ შემეძლო, ამ ადამიანში ეჭვი შემეტანა?!!!

მერე რა, რომ ვტირი…

ვინ თქვა, რომ მარტო მწუხარების დროს ტირიან?!

არც სიბრალულის ცრემლები მდის.

ამნაირ ადამიანს სიბრალულს ვერ აკადრებ!

ასეთ ცხელ ცრემლს მხოლოდ სიყვარული გვაღვრევინებს.

სიყვარული და უდიდესი მადლიერების გრძნობა იმის გამო, რომ ამ ადამიანის ახლოს ყოფნა მარგუნა ცხოვრებამ, მისი „არომატი“ მაგრძნობინა, მის სიბრძნეს მაზიარა… ჩემი მეშვეობით კი თქვენც გაგიკეთათ საჩუქარი… ხომ ხვდებით?!

კიდევ გაქვთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა გარშემო ყველაფერი… ერთი შეხედვით… ძალიან ცუდადაა?

დამპირდით, რომ ვირუსებს თავს არ დააჩაგვრინებთ!

პოსტის ავტორი: ქეთევან გოგიაშვილი

წყარო: infobiz.ge

თეგები

Anonymous

http://geocybers.com/

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close