არქივი

კანოე გადაადგილების საუკეთესო საშუალება

082c7af1e5c9

ფრანგმა მკვლევარმა სემიუელ შამპლენმა გადაკვეთა ატლანტის ოკეანე და აუყვა წმინდა ლავრენტის მდინარეს, რომელიც დღეს კანადას ეკუთვნის. მალე ის მონრეალის მისადგომებთან დიდ დაბრკოლებას შეხვდა — ეს იყო ლაშინის ჭორომები. როგორც მან 1603 წელს თავის ჟურნალში დაწერა, ნავით შეუძლებელი იყო ამ ჭორომების გადალახვა. გაუვალ ტყეებში ფეხით გზის გაკვალვასაც ვერ შეძლებდა. როგორ მოიქცნენ შამპლენი და მისი თანმხლებნი? 

მათ ადგილობრივი ხალხის გადასაადგილებელი საშუალება, კანოე გამოიყენეს. შამპლენის თქმით, „კანოეთი, პატარა თუ დიდი მდინარეების გავლით, შეიძლებოდა სწრაფად და დაუბრკოლებლად გადაადგილება მთელ ქვეყანაში“.

კანადაში ტბები და მდინარეები მაგისტრალის როლს ასრულებდა და, შესაბამისად, კანოე გადაადგილების საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა. ადგილობრივი ინდიელები მას სამოგზაუროდ, სანადიროდ და ტვირთის გადასაზიდად იყენებდნენ. კანოეს სხვადასხვა კონსტრუქციით აგებდნენ. ამ დროს ითვალისწინებდნენ გარემო პირობებს, რომ კანოეთი შესაძლებელი ყოფილიყო დაუბრკოლებლად გადაადგილება. მაგალითად, კანადის დასავლეთ სანაპიროზე წითელი კედრისგან თლიდნენ კანოეს. შუაგულში ასხამდნენ წყალს და ყრიდნენ გახურებულ ქვებს, რის შედეგადაც ხე რბილდებოდა და სასურველ ფორმას იღებდა. ზოგი კანოეთი შესაძლებელი იყო ორ ტონამდე ტვირთის გადაზიდვა. გარდა ამისა, კანოეს მეშვეობით ხალხი სწრაფად და უსაფრთხოდ დაცურავდა და ზღვის დიდ ძუძუმწოვრებზეც, მათ შორის, ვეშაპებზეც ნადირობდა.

ჩრდილოეთ ამერიკულ კანოეებს შორის ყველაზე ცნობილი არყის ხისგან დამზადებული კანოე იყო, რომლის ზედაპირიც არყის ხის ქერქით იყო დაფარული. არყის ხის ფისის წყალობით, რომელიც ბეტულინის სახელითაა ცნობილი, კანოე წყალშეუღწევი და გამძლეა. ის ადვილად სამართავიცაა. „არყის ხისგან დამზადებული კანოეს საშუალებით შესაძლებელი იყო ჭორომების გადალახვა, რომელიც ადვილად დააზიანებდა ჩვეულებრივი ხისა და ბრეზენტისგან გაკეთებულ კანოეს“, — აღნიშნავს კონსტრუქტორი დეივიდ გიდმარკი.
მასალაში, რომლითაც არყის ქერქით დაფარულ კანოეს აგებდნენ, შედიოდა არყისა და კედრის ხე, ნაძვის ფესვები და ხის ფისი. კანოეს შეკეთება რთული არ იყო, რადგან მთელი მასალა ტყიდან მოჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ კანოე საკმაოდ მსუბუქი იყო, ადვილად ლახავდა საშიშ ჭორომებს და სხვადასხვა დაბრკოლებას. გარდა ამისა, გადაადგილების ეს საშუალება ზიანს არ აყენებდა გარემოს. გამოუსადეგარი კანოე, როგორც ჩვეულებრივი ხე, ნეშომპალად იქცეოდა.

კანოეს აგების პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ადგილობრივი ხალხი „არ იყენებდა ლურსმნებსა და ჭანჭიკებს. მასალას ერთმანეთში გრეხდნენ და მაგრად კრავდნენ. კვანძები და ნასკვები იმდენად მჭიდრო და მტკიცე იყო, რომ კანოეს შეკეთება აღარ სჭირდებოდა“, — დაწერა მე-19 საუკუნის ერთმა მკვლევარმა.

რკინიგზის გაყვანამდე კანოე ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი გადასაადგილებელი საშუალება იყო კანადის დიდ ნაწილში. რკინიგზის გაყვანის შემდეგაც კი კანოე გადაადგილების ერთ-ერთ საშუალებად რჩებოდა.
ჩრდილოეთ ამერიკელებისთვის კანოე მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ამიტომ ეს მათ კულტურასა და რწმენაზეც აისახა. ზოგი გადმოცემის თანახმად, კაცობრიობა კანოეს მეშვეობით გადარჩა და არა ბიბლიაში მოხსენიებული კიდობნით.

980562a894f1

კანოეთი გადაადგილება დღეს

კანოე დღესაც პოპულარულია კანადაში, მაგრამ, ძირითადად, გართობის მიზნით გამოიყენება. სამწუხაროდ, დღეს იშვიათად აგებენ არყის ქერქით დაფარულ გამძლე კანოეებს, რადგან არყის ხეები საგრძნობლად შემცირდა. მაგრამ სხვა მასალა ადვილად ხელმისაწვდომია, მაგალითად, ალუმინი, ბრეზენტი, ხე და მინაპლასტიკი.

ცნობილი ნიჩბოსანი ბილ მეისონი ამბობს: „ველურ ბუნებაში კანოეთი მოგზაურობა საშუალებას გვაძლევს, დავტკბეთ ბუნების იმ მრავალფეროვნებით, რომელსაც მოწყვეტილნი ვართ და გავიხსენოთ შემოქმედი, რომელმაც დიდი ხნის წინ შექმნა ეს სილამაზე“. უდავოა, მრავალი გაიზიარებს ამ აზრს.

კაიაკი

ესკიმოსები ცხოვრობენ კანადის უტყეო ტერიტორიაზე. ეს ხელს არ უშლის მათ ნავების აგებაში. ნავების ასაგებად ისინი იყენებენ დაუმუშავებელ მასალას, მაგალითად, სელაპისა და კარიბუს (ჩრდილოეთის ირემი) ტყავს, აგრეთვე არქტიკის ოკეანის სანაპიროებზე გამორიყულ ძვლებსა და ხის ნარჩენებს. ცხოველის ქონი ნავებს წყალგაუმტარს ხდის. ამგვარად აგებულ ნავს კაიაკს უწოდებენ.

კაიაკი კანოესგან ზედაპირით განსხვავდება. ზედაპირი ყოველმხრივ იცავდა ნავს და გადაადგილების დროს დიდი რაოდენობით წყალს არ უშვებდა მასში. დღეს კაიაკს აგებენ მინაპლასტიკისა და სხვა სინთეტიკური მასალებისგან.

01ca092ffffe

gio

nothing

მსგავსი ამბები

Back to top button