საკითხავისასარგებლო

როკ-ენ-როლი და ნარკომანია


არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ როკ მუსიკა ხშირად ასოცირდება ნარკოტიკთან. ამ შემთხვევაში ფილოსოფია და შეთქმულების თეორია რომ იქით გადავდოთ, ამას სხვა მიზეზები და თავისებურებებიც აქვს.

როკ მუსიკამ უდიდესი გავლენა მოახდინა ადამიანებზე. მან თითქმის ყველა სოციალური ფენა მოიცვა და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან, როცა როკ-ენ-როლმა თავისი ნედლი ფესვები გაიდგა და მისი ხმა მშობლიურ მხარეს (აშშ) იშვიათად სცდებოდა, აშკარა იყო, რომ ის სწრაფად იხვეჭდა პოპულარობას და ადამიანების ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლო. 60-იანი წლებიდან კი როკ-ენ-როლი ბევრად მეტი იყო ვიდრე ფართო სუბკულტურა, ის მსოფლიოს საკუთრება გახდა.

გვიან 40-იან და 50-იან წლებში როკ-ენ-როლი იყო მუსიკა, რომელსაც ადამიანები აღფრთოვანებაში მოჰყავდა. ისინი უსმენდნენ ელვის პრესლის, ლითლ რიჩარდს, ჩაკ ბერის და სხვა პოპულარულ არტისტებს და გრძნობდნენ, რომ ეს მუსიკა უფრო და უფრო მეტად ავსებდა მათ ცხოვრებას სხვადასხვა შთაბეჭდილებებით. თუმცა, მათმა დიდმა ნაწილმა არ იცოდა, რომ ალკოჰოლი და ნარკოტიკი თავიდანვე როკ მუსიკის განუყოფელი ნაწილი იყო.

მართლაც, ადრეულ წლებში როკ-ენ-როლის ყველა თავისებურება და მისი სოციალური გავლენა ნაკლებად იგრძნობოდა, ვიდრე 60-70-იან წლებში. მსუბუქი ფორმით, როკ მუსიკა მაინც ახდენდა ნარკოტიკისა და ალკოჰოლის პოპულარიზაციას, თუმცა ეს იმის ფონზე ხდებოდა, რომ მისი მასშტაბები მაინც მცირე იყო და ახალი სუბკულტურული მიდრეკილებები  ცენზურასა და კანონთან პრობლემებსაც ხშირად აწყდებოდა.

როკ მუსიკაზე ნარკოტიკის გავლენა ბევრად უფრო აშკარა გახდა 50-იანი წლების ბოლოს. ამ პერიოდში როკ-ენ-როლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეჟანრის ფოლკ როკის პოპულარობამ თავის პიკს მიაღწია. ფოლკ როკის შემსრულებლები, ბობ დილანი, Simon & Garfunkel, The Byrds, ღიად აღნიშნავდნენ, რომ მარიხუანა, კოკაინი და ლსდ მათი ცხოვრებისა და შემოქმედების განუყოფელი ნაწილი იყო. ძალიან ბევრმა მსმენელმა ამის გამო ნარკოტიკის მოხმარება დაიწყო.

60-იანი წლების დასაწყისში ნარკოტიკის როკ მუსიკაზე გავლენა უკვე აღარავისთვის საიდუმლო აღარ იყო.

მიუხედავად ამისა, როცა Beatles-ის წევრებმა 1967 წელს განაცხადეს, რომ მარიხუანასა და ლსდ-ს მომხმარებლები იყვნენ, ეს მაინც დიდი შოკი აღმოჩნდა. ჯგუფის ალბომში Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band, რომელიც ამავე 1967 წელს გამოვიდა, ნათლად გამოჩნდა ნარკოტიკის თემატიკა. კრიტიკოსებმა და მსმენელებმა სიმღერა Lucy In The Sky With Diamonds ალეგოირულად ლსდ-ს, ხოლო Fixing A Hole – ჰეროინს დაუკავშირეს. ამის გამო ეს სიმღერები ზოგიერთმა რადიომ დაბლოკა. თუმცა, მიუხედავად დიდი რეზონანსისა, ჯგუფმა მათი სიმღერების შინაარსის ნარკოტიკთან კავშირი უარყო.

Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band (1967)

“ლსდ-მ თვალები ამიხილა. ჩვენ ჩვენი ტვინის მხოლოდ მეათედს ვიყენებთ. წარმოიდგინეთ, რისი მიღწევა შეგვეძლებოდა, იმ მიუწვდომელი კუნჭულებისთვისაც რომ მიგვეგნო. პოლიტიკოსები რომ ლსდ-ს ღებულობდნენ, სრულიად ახალ სამყაროს მივიღებდით: აღარ იქნებოდა ომები, სიღარიბე და შიმშილობა.” – ამბობდა პოლ მაკარტნი. Beatles-ის წევრები მარიხუანას ლეგალიზაციის აქტიური მომხრეებიც იყვნენ და კანონთან არაერთხელ შექმნიათ პრობლემები: 1968 წელს ჯონ ლენონი და იოკო ონო ჰაშიშის შენახვის ბრალდებით დააკავეს. რაც შეეხება პოლ მაკარტნის, 1972 წლიდან მოყოლებული, მას პოლიციამ მარიხუანა რამდენჯერმე უპოვა. ჯგუფ Beatles-ის წევრების ნარკოტიკზე დამოკიდებულების შესახებ ყველამ გაიგო, თუმცა მათ სიმღერებში ნარკოტიკზე მინიშნებები ზოგჯერ სადავო ხდებოდა.  ნებისმიერ შემთხვევაში, ეს აღარავის აკვირვებდა. ცნობილია, რომ როცა ბობ დილანმა Beatles-ის ცნობილი სიმღერა I Want To Hold Your Hand მოისმინა, ფრაზა, “I can’t hide” გაიგო, როგორც  “I get high.” ბობ დილანმა ეს Beatles-ის წევრებს 1964 წელს, მათი შეხვედრისას უთხრა.

ნარკოტიკი კიდევ უფრო პოპულარული ხდებოდა. როკის ისეთი შემსრულებლები, როგორებიცაა, The Rolling Stones, The Doors, Led Zeppelin, The Beach Boys, ღიად ამბობდნენ, რომ ძლიერ ნარკოტიკზე იყვნენ დამოკიდებულნი. ზოგიერთი მათგანი საკუთარ მსმენლებსაც ღიად მოუწოდებდა, მათთვის მიებაძათ. ამას ხშირად ფსიქოდელური როკის შემსრულებლები აკეთებდნენ. ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ ადამიანი, რომელიც ძლიერი ნარკოტიკის (ჰეროინი, მორფი) ზემოქმედების ქვეშ არ იქნებოდა, ფსიქოდელური როკის აღქმას ვერ შეძლებდა. არსებობს ვარაუდები, რომ ისეთი ჯგუფების წევრები, როგორებიცაა Pink Floyd, The Velvet Underground, The Doors, ნარკოტიკს არამხოლოდ სიმღერების შექმნის, არამედ ხშირად მათი ჩაწერის წინაც ღებულობდნენ.

The Velvet Underground

60-იანი წლების ბოლოს ნარკოტიკების მოხმარებამ პიკს მიაღწია. ეს სენი 70-იან წლებშც გაგრძელდა. უფრო და უფრო მეტად ყალიბდებოდა რწმენა, რომ ნამდვილი როკი ნარკოტიკის გარეშე არ არსებობს. ეს ის დრო იყო (60-70-იან წლები), როცა ძალიან ბევრი რამ შეიცვლა, უამრავმა სოციალურ-პოლიტიკურმა მოვლენამ საზოგადოებაზე სხვადასხვანაირად იმოქმედა. მრავალ ადამიანში პროტესტს იწვევდა ის ყველაფერი, რასაც ის მის გარშემო ხედავდა.  ახალგაზრდული მეამბოხე სული კი პროტესტის ერთ-ერთი ბიძგი იყო, რომელიც საპროტესტო მუსიკით საზრდოობდა. ადამიანებს უნდოდათ ცვლილებები. ამასთან, ისინი ხვდებოდნენ, რომ გარემოს შეცვლა არ შეეძლოთ. სწორედ აქ ითამაშა ნარკოტიკმა მთავარი როლი. ის ადამიანებს საშუალებას აძლევდა, ისეთ სამყაროში ეცხოვრათ, როგორიც თვითონ მიაჩნდათ იდეალურად. როკ მუსიკა კი მათი მნიშვნელოვანი იდელოგიური დასაყრდენი იყო. 60-70-იან წლებში როკ მუსიკა, ისე, როგორც არასდროს, მოიაზრებოდა, როგორც გაბრძოლება სოციალური და პოლიტიკური ნორმების წინააღმდეგ.

რაც შეეხება 80-იან წლებს, როკ მუსიკამ ამ პერიოდში შედარებით ხალასი და მსუბუქი ხასიათი შეიძინა, თუმცა ნარკომანიის ტალღა ისე არ დაწყნარებულა, როგორც ეს შესაძლოა, მაიკლ ჯექსონისა და მადონას თაყვანისმცემლებს მოსჩვენებოდათ. ნარკოტიკის როლი როკ მუსიკაში ისევ დიდი იყო. როკის შემსრულებლები და მსმენლები ნარკომანიის ტალღის ქვეშ  კიდევ ერთხელ მოექცნენ, როცა მძიმე როკი თავისი პოპულარობის მწვერვალზე იყო. მძიმე როკის შემსრულებლების უმეტესობა  (Van Halen, AC/DC, Guns ‘n’ Roses, Def Leppard)  კოკაინისა და სხვა მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლები იყვნენ. მათ არც აქტიური თაყვანისმცემლები ჩამორჩებოდნენ. ნარკოტიკის ციებ-ცხელება კულმინაციას კონცერტებზე აღწევდა. მსმენლების დიდი ნაწილი თავიანთი საყვარელი როკ ჯგუფების კონცერტებს ნარკოტიკით გაბრუებული ეწსრებოდა, შემსრულებლებიც უმეტესად იმავე მდგომარეობაში იყვნენ.

AC/DC-ის კონცერტი ადელაიდაში, ავსტრალია, 2010

როკ კონცერტები ხშირად გამოირჩეოდა (და გამოირჩევა) აგრესიული ხასიათით, რაც ზოგჯერ სავალალოდ მთავრდებოდა. მსგავსი უბედური შემთხვევები ჯერ კიდევ 60-იან წლებში ხდებოდა. მაგალითად, 1969 წლის დეკემბერში Rolling Stones-ის კონცერტზე დამსწრეებმა სცენაზე აცოცება სცადეს, რაშიც მათ ხელი პოლიციამ შეუშალა და ამ შემთხვევას სერიოზული მსხვერპლი მოჰყვა.

80-იანი წლების ბოლოს ზეობის ხანა ალტერნატიულ როკს ხვდა წილად. 90-იანი წლების პირველ ნახევარში კი მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია (განსაკუთრებით მისი ქვეჟანრის გრანჟის). პოპულარულები იყო ისეთი, ჯგუფები, როგორებიცაა The Pixies, Nirvana, Pearl Jam და პოპულარული იყო ნარკოტიკიც. 90-იანი წლების დასაწყისში ალტერნატიული როკის სრულყოფის პარალელურად აშშ-ში, სადაც როკ მუსიკის ეს მიმართულება განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, ჰეროინის მოხმარების სტატისტიკა საგანგაშო იყო.  კიდევ ერთმა “ნარკო ტალღამ” 90-იან წლებში მრავალი ახალგაზრდა და არამარტო ახალგაზრდა შეიწირა.

 

როკის ნარკოტიკთან კავშირი უდავოა. ნარკოტიკი აქტუალური იყო როკის შემსრულებლების შემოქმედებაში და იმ თაობების ცხოვრებაში, რომელიც ამ მუსიკას პირველები ეზიარნენ. მაგალითად, საკმარისია მიკ ჯაგერის სახეს დავაკვირდეთ და მოვისმინოთ როგორ მღერის ის Rolling Stones-ის 1971 წლის სინგლს Sister Morphine, დავასკვნით, რომ ეს ასეა. თუმცა, ნარკოტიკის თემატიკა ისეთი შემსრულებლების შემოქმედებაშიც გვხვდება, როგორებიცაა: ჯიმი ჰენდრიქსი, ნილ იანგი, ერიკ კლეპტონი, The Doors, The Ramones, BB King და სხვ.

როკ მუსიკისა და ნარკოტიკის მეგობრობა ზოგიერთმა კინორეჟისორმაც კარგად დაგვანახა. მაგალითად, ოლივერ სტოუნის ფილმში The Doors ნათლადაა ნაჩვენები, რომ ჯიმ მორისონისა და ჯგუფის სხვა წევრების ცხოვრებაში ნარკოტიკი დიდ როლს თამაშობს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ალან პარკერის ფილმზე, რომელიც Pink Floyd-ის ცნობილი ალბომის “კედელის” (1979) შექმნის ისტორიას გადმოსცემს.

ასევე საგულისხმოა კლუბი 27-ის ფენომენი და სავალალო სტატისტიკა, რომელიც ნარკოტიკის მოხმარების შედეგად გარდაცვლილი როკ მუსიკოსების ჩამონათვალს შეიცავს. მათ შორის არიან: ელვის პრესლი, ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი, კეიტ მუნი (The Who), ტიმ ბაკლი, სიდ ვიშესი, ბრაიან ჯონსი, სტივ კლარკი (Def Leppard), ჯონ ბონჰემი, ტომ ბოლინი (Deep Purple), ჯიმ მორისონი.

სტივ კლარკი

ბევრმა როკ მუსიკოსმაც ნარკოტიკზე დამოკიდებულება თავად აღიარა. მათ შორის არიან: ელტონ ჯონი, სტივ ტაილერი, კეიტ რიჩარდსი, ერიკ კლეპტონი, ოზი ოსბორნი, ბრაიან უილსონი, ჯიმი პეიჯი, ბობ დილანი, დევიდ ბოუი, ექსელ როუზი და სხვები.

 

ზოგიერთი მუსიკოსის ცნობილი ფრაზა ნარკოტიკზე:

“მხოლოდ მაშინ ვხდები ავად, როცა ნარკოტიკს ვანებებ თავს.” –  კეიტ რიჩარდსი

“ნარკოტიკი არის სანაძლეო თქვენს გონებასთან.”  – ჯიმ მორისონი

“ნარკოტიკი დროის კარგვაა. ის ანადგურებს შენს მეხსიერებას და ყველაფერს, რის გამოც ადამიანი საკუთარ თავს სცემს პატივს.” – კურტ კობეინი

“ნარკოტიკი არ არის ცუდი. ის ქიმიური ნივთიერებაა. პრობლემა ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკს იღებენ, ჰგონიათ, რომ აუცილებლად უკანასკნელი ნაბიჭვრები უნდა იყვნენ.” – ფრენკ ზაპა

“არ მჭირდება ნარკოტიკი იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება ტრაგიკული გავხადო.” – ედი ვედერი

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close