საკითხავისასარგებლოუცნაური

ადამიანური ქმნილებები, რომლებსაც უცხოპლანეტელებს მიაწერენ (ნაწილი 1)


ისტორიის მანძილზე კაცობრიობა მუდამ ცდილობდა, ახსნა ეპოვნა ისეთი საკითხებისთვის, რომლებიც იმ მომენტში მათი გონებისთვის მიუწვდომელი იყო. ამ მცდელობამ მრავალფეროვანი ვარიანტები წარმოშვა – ღმერთები და დემონები, მოჩვენებები და სულები, ზებუნებრივი არსებები და უცხოპლანეტელები. როგორც კვლევები აჩვენებს, ყოველ მეოთხე ამერიკელს სჯერა, რომ დედამიწაზე შემჩნეული ამოუცნობი მფრინავი ობიექტების უმცირესი ნაწილი მაინც სამყაროს სხვა წერტილში მყოფი ცივილიზაციის შემოქმედებაა. მრავალ ადამიანს სწამს, რომ ჩვენს პლანეტას წარსულში უცხოპლანეტელები სტუმრობდნენ და შესაძლოა, მსგავსი მოვლენები ამჟამადაც ფიქსირდება. თუმცა მათი არსებობის „მტკიცებულებების” უმეტესობას რეალურად სხვა ახსნა აქვს.

● უძველესი ნახატები გამოქვაბულებში
როცა აღმოაჩინეს ხელოვნების უძველესი ნიმუშები, რომლებიც უცნაური ფორმის არსებებსა და ფიგურებს გამოსახავდნენ, ბევრისთვის ეს აღმოჩნდა ბიძგი, დაეჯერებინა „უძველესი ასტრონავტების თეორია”. მის მიხედვით, პრეისტორიულ ადამიანებს უცხოპლანეტელები სტუმრობდნენ, ურთიერთობა ჰქონდათ მათთან და უზიარებდნენ ცოდნას. თეორიის მომხრეები მიუთითებენ ხოლმე უჩვეულო ფიგურებზე, რომლებიც გამოსახულია მაგალითად კამონიკას ხეობაში (იტალია) და ავსტრალიის კლდეებზე. რეალურად, კამონიკას არეალში 20 000-მდე ნახატია და მათგან მხოლოდ ორია გამორჩეული ფორმის, ვანჯინას ნახატების (ავსტრალია) კვლევა კი აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში ნახატებზე ახალი ნიმუშები იხატებოდა და ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, რაც ბუნდოვანს ტოვებს საკითხს, რას გამოსახავდნენ რეალურად პირველყოფილი ადამიანები.

● ეგვიპტური ორნამენტები
UFO-თი გატაცებული ადამიანების მტკიცებით, ეგვიპტის ქალაქ აბიდოსში მდებარე ოსირისის ტაძარი შეიცავს უძველესი მოწინავე ტექნოლოგიის მტკიცებულებებს. ზოგიერთი იეროგლიფი თითქოს თვითმფრინავის ან ლამბაქის ფორმის საფრენი მოწყობილობის გამოსახულებაა. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ამ უცნაური ფორმის მიზეზი ძირითადად ეროზიაა და არ წარმოადგენს იეროგლიფების თავდაპირველ ვარიანტს. მიუხედავად ამისა, მათ, ვინც მასში არამიწიერ წარმოშობას ეძებენ, არ აკვირვებთ ის ფაქტი, რომ მსგავსი გამოსახულებები არ გვხვდება სხვა ადგილებში არსებულ ათასობით ტექსტებში, ხოლო ეგვიპტურ ლიტერატურაში მფრინავი აპარატები ნახსენები არაა.

● ნასკას ხაზები
ნასკას ხაზები — ეს არის ასობით უზარმაზარი და უძველესი გეოგლიფის ჯგუფი პერუს სამხრეთით, ნასკას ფერდობზე. გამოსახულებებში ამოიცნობთ გეომეტრიულ ფიგურებს, ჩვეულებრივ ხაზებს, თევზებს, ცხოველებს, ფრინველებს, ადამიანებს და ა.შ. ზოგიერთი მათგანი სიგანეში 180 მეტრს აჭარბებს და მთლიანი აღქმა მხოლოდ ზემოდან, ჰაერში ყოფნისას შეიძლება. ამის გამო ნასკას რეგიონის შესახებ მრავალი სპეკულაცია გავრცელდა, განსაკუთრებით აქტიურობენ „უძველესი ასტრონავტების თეორიის” მომხრეები, რომელთა აზრითაც უძველეს პერუელებს შეეძლოთ ფრენა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ან ამ ნიშნებს უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელთათვის აეროდრომის ფუნქცია ჰქონდა. მეცნიერთა მოსაზრებით, ნასკას ხაზების დანიშნულება სპირიტუალური იყო. გეოგლიფთა წამყვანი მკვლევარი მარია რაიხე (რომელიც 50 წელი იკვლევდა ნასკას საკითხს) მიიჩნევდა, რომ ფიგურებს ჯერ მცირე ფორმებით ამზადებდნენ, ხოლო შემდგომ საჭირო მსხვილ ზომებში ქმნიდნენ. ამის დასამტკიცებლად მას ამავე რაიონში აღმოჩენილი მცირე ზომის ესკიზები მოჰყავდა. გარდა ამისა, ისტორიკოსების დახმარებით მსგავსი ფიგურების შექმნა მოხერხდა ისე, რომ გამოიყენეს პრიმიტიული ხელსაწყოები და არც ვერტმფრენიდან დაკვირვება გახდა საჭირო.

● ანტიკიტერას მექანიზმი
ეს მექანიზმი საათის მსგავსი გამომთვლელი ინსტრუმენტია და ქრისტეს შობამდე 85 წელს შეიქმნა, აღმოჩენა კი 1900 წელს მოხდა საბერძნეთის კუნძულ ანტიკიტერაზე. მას გემებზე ნავიგატორად იყენებდნენ, რადგან ნებისმიერ დროს ზუსტად ადგენდა მზის, მთვარისა და 5 ცნობილი პლანეტის ადგილმდებარეობას. მოწყობილობა წარმოადგენდა რთულ სისტემას და აშკარად სჯობდა მე-14 საუკუნის პერიოდამდელ საათებსა და ასტრონომიულ ხელსაწყოებს. ამან UFO-ს მოყვარულებში გააღვივა აზრი, რომ მის შექმნაში უცხოპლანეტელები იყვნენ გარეულნი, რადგან იმ პერიოდში ასეთ რთულ ტექნოლოგიას ადამიანები ვერ შექმნიდნენ. თუმცა თუკი ეს მართლაც ასე იყო, არამიწიერი არსებები სავარაუდოდ დანარჩენი პლანეტების შესახებაც მოუთხრობდნენ ბერძნებს. თანაც ძველ ბერძნებს მსგავსი მექანიზმები აღწერილი აქვთ ლიტერატურაში ისე, რომ არ ახსენებენ სხვა პლანეტიდან მოსულ სტუმრებს.

წყარო charliuss.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close