არქივი

წამების უსაშინლესი მეთოდები შუა საუკუნეების პერიოდში (ნაწილი 3)

da999672e380
მესამე ნაწილი წამების მეთოდებზე

40a28dcdd48d
სარზე გასმა
ამ მეთოდის ძირითადი დანიშნულება იყო სხეულში გრძელი სარის გაყრა. სარი შეიძლებოდა გაყრილიყო მუცლიდან, ნეკნებიდან, უკანა ტანიდან და ქალების შემთხვევაში საშოდანაც, საბოლოოდ კი პირიდან ან ზურგიდან ამოდიოდა. მტანჯველი იყო ეს მეთოდი იმ მხრივ, რომ მსხვერპლი დიდხანს ეწამებოდა. სარის პოზიციას ისე ადგენდნენ, რომ დამნაშავე არ ჩამოცურებულიყო. თუ საჭირო იყო, დამატებით სარებსაც იყენებდნენ პოზიციის შესანარჩუნებლად. ფართხალი, მოძრაობა, თავის დახსნის მცდელობა საბოლოოდ იმას იწვევდა, რომ სარები უფრო ღრმად შედიოდა სხეულში და ტანჯვას კიდევ მეტად აუტანელს ხდიდა.
ეს მეთოდი საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი წერს:

“ჯერი თბილისზე მიდგა. ოთხი საუკუნე თბილისი უცხოელთა ტყვეობაში იყო. დიდგორის შემდგომ წელს, 1122 წელს მეფე დავითმა თბილისი დაიპყროო, გვამცნობს მემატიანე. ამ შემთხვევაში იგი ძალზე ძუნწ ცნობებს გვაწვდის ამ დიდი ისტორიული მნიშვნელობის ფაქტის თაობაზე. სამაგიეროდ უცხოური წყაროები ლაპარაკობენ, რომ თბილისი მის ამირას უბრძოლველად არ დაუთმია. მეფეს დიდი სიმკაცრე გამოუჩენია, მუსრი გაუვლია დამპყრობლებისათვის, გაუჟლეტია, ხუთასი კაცი სარზე ჩამოუცვამს.”

მსოფლიო ისტორიაში ამ მეთოდის სიყვარულით, რა თქმა უნდა, გრაფი ვლად ცეპეში, იგივე დრაკულაა ცნობილი. მისი მეტსახელი „Impaler” სწორედ აქედან მოდის. რადგანაც ის წამების ყურებით სიამოვნებას იღებდა, თავად ჰკიდებდა ამ საქმეს ხელს და სხვადასხვა ნიმუშებს ამზადებდა. ვლადის ხელში ჩავარდნილები ამ მეთოდით დასჯისას რამდენიმე საათი, ზოგჯერ დღეები იტანჯებოდნენ. ხშირად გრაფი ასეთ მეთოდს მიმართავდა: სარს დაამაგრებდა, მსხვერპლის ფეხებს გრძელი თოკებით ცხენს გამოაბამდა და ცხენი რომ გაიქცეოდა, სარი თავისთავად შედიოდა სხეულში.

სარზე გასმის ერთ-ერთ უძველეს მაგალითს ვხვდებით ჰეროდოტეს (ქრ.შ.-მდე V საუკუნე) ჩანაწერებში, სადაც სპარსეთის მეფემ დარიუს I-მა 3000 ბაბილონელი ამ მეთოდით დასაჯა. ისტორიკოსთა აზრით, სარზე გასმის მოგვიანებით სახეცვლილი ფორმაა ჯვარცმა.

სკანდინავიაში, კონკრეტულად კი შვედეთში, სარზე გასმა მე-17 საუკუნის ჩათვლით გამოიყენებოდა.

84cd72ea5e05
ნაწლავების ჯალამბარი
ნაკლებად ცნობილი, მაგრამ უსაშინლესი მეთოდი. მსხვერპლს თოკებით აბამდნენ მაგიდაზე ან ფიცარზე, შემდეგ დანით მუცელში იმხელა ჭრილობას უკეთებდნენ, რომ მუშტი ჩატეულიყო. ჯალათი ხელს უყოფდა მუცლის ღრუში, ამოჰქონდა ნაწლავები და ჯალამბარზე ახვევდა. ამის შემდეგ ჯალამბარს ნელ-ნელა ატრიალებდნენ და ნაწლავებიც სანტიმეტრობით შორდებოდნენ სხეულს. საბოლოოდ კი, 3-დან 6 მეტრამდე სიგრძის ნაწლავები ეხვეოდა ჯალამბარს. რაც მთავარია, მსხვერპლი ამას საკუთარი თვალებით ხედავდა. მოწყობილობას ხშირად იყენებდნენ დამნაშავეებისგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად. არაადამიანური ტკივილი და სისხლდენა გარდაუვალ სიკვდილს იწვევდა – ვინც ნაწლავის ჯალამბარზე მოხვდა, ცოცხალი ვერავინ გადარჩა.

da2c14502b84
მოხარშვა
ბრალდებულს აშიშვლებდნენ და სითხით სავსე დიდ ქვაბში სვამდნენ, შემდეგ კი აცხელებდნენ. ეს სითხე შეიძლებოდა ყოფილიყო ქონი, ზეთი, მჟავა, წყალი და ა.შ. ჰენრი VIII-ის მეფობისას მოხარშვით ხოცავდნენ იმ მკვლელებს, რომლებიც საწამლავს იყენებდნენ. ზოგჯერ ჯალათი დამნაშავეს თოკს მოაბამდა და პერიოდულად ზევით სწევდა, შემდეგ კი უკან აბრუნებდა. ამ გზით სიკვდილის დადგომის მომენტი უფრო შორს გადაიწევდა ხოლმე. არსებობდა მისი მსგავსი ვარიანტიც – მდუღარე სითხის პირში ჩასხმა. აზიაში დამარცხებულ ხანებს ზოგჯერ ცოცხლად ხარშავდნენ. მე-16 საუკუნის იაპონიაში ამ გზით დასაჯეს ცნობილი ბანდიტი იშიკავა გოემონი, 1675 წელს კი ინდოეთის ქალაქ დელიში სიქიზმის მიმდევარი ბაი დაიალა მოხარშეს, რადგან მან უარი თქვა ისლამის მიღებაზე. გასაკვირია და ეს მეთოდი თანამედროვე ეპოქაში გამოიყენეს უზბეკეთში ისლამ ქარიმოვის მმართველობისას. პოლიტიკური დისიდენტი მუზაფარ ავაზოვი 2002 წელს გარდაიცვალა 35 წლის ასაკში მას შემდეგ, რაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცოცხლად მოხარშეს.

084a47b1ebbb
გატყავება
დამნაშავის კანს ნელ-ნელა აცლიდნენ სხეულს ძალიან ბასრი დანით. მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ კანი ხელუხლებელი ყოფილიყო. დასჯის ეს მეთოდი უძველესია – I საუკუნეში ის საკუთარ თავზე გამოსცადა მოციქულმა ბართლომემ, როცა სომხეთში ჩავიდა საქადაგებლად. არის ცნობები, რომ ასირიელები დატყვევებულ მტერს ატყავებდნენ და კანს გამოსაჩენ ადგილას კიდებდნენ, რომ მაგალითი ყოფილიყო ყველასთვის, ვისაც მათ ძალაში ეჭვი ეპარებოდა. აცტეკები ტყვეებს რიტუალური მსხვერპლშეწირვისას ატყავებდნენ, თუმცა ეს, როგორც წესი, მოკვლის შემდეგ ხდებოდა. შუა საუკუნეების ევროპაში გამცემებსა და მოღალატეებს ატყავებდნენ და ხორცებს აჭრიდნენ. საფრანგეთში ამ მეთოდმა მე-18 საუკუნემდე გასტანა. III-VI საუკუნეების ჩინეთში იმპერატორთა ჯალათები დამნაშავეებს სახიდან აძრობდნენ კანს, 1396 წელს კი იმპერატორ ჰონგვუს ბრძანებით 5000 ქალი გაატყავეს.

d5c2726ee8c0
გახერხვა
მსხვერპლს თავდაყირა კიდებდნენ და რამდენიმე წუთი აჩერებდნენ, რათა ტვინს ჟანგბადი საკმარისად მიწოდებოდა და სისხლის მოძრაობა შენელებულიყო. ამის შემდეგ იწყებდნენ მის შუაზე გახერხვას. მსხვერპლი გახერხვის წინა პროცედურის გამო სისხლს ნელ-ნელა კარგავდა და სანამ ბოლომდე გახერხავდნენ, გონზე რჩებოდა, ამიტომ დასჯის ეს ხერხი არაადამიანურ ტკივილებს იწვევდა. ევროპაში ეს პროცედურა ელოდათ მეუღლის მოღალატეებსა და ღვთისმგმობელებს, რუსეთში კი სატანისგან და ავი სულებისგან დაორსულებულ კუდიანებს. გახერხვის აზიურ ვერსიაში ბრალდებული ჩვეულებრივად იდგა და პროცედურა თავის მიდამოდან იწყებოდა.

1272fa87f75c
ბორბალზე გაკვრა
ეს მოწყობილობა ყოველთვის კლავდა მსხვერპლს, მაგრამ ეს ხდებოდა ძალიან ნელა. დამნაშავეს დიდი ხის ბორბალზე აბამდნენ კიდურებით, შემდეგ ნელ-ნელა ატრიალებდნენ და ჯალათი მას რკინის ნაჭერს ურტყამდა, რათა ძვლები დაემსხვრია. ძვლების დამსხვრევის შემდეგ მსხვერპლს ტოვებდნენ, რომ ტანჯვით მომკვდარიყო. ზოგჯერ ბორბალს შემაღლებულ ადგილზე ათავსებდნენ, რომ ფრინველები მისეოდნენ და ჯერ კიდევ ცოცხალი სხეული დაეკორტნათ. ზოგჯერ სიკვდილის დადგომამდე 2-3 დღე გადიოდა. ხანდახან „გულმოწყალებას” იჩენდნენ და ჯალათს მკერდსა და მუცელზე დარტყმას უბრძანებდნენ, რაც სასიკვდილო დაზიანებებს იწვევდა და მსხვერპლს მალე უღებდა ბოლოს. ბორბალზე გაკვრა აშშ-ში მე-18, ხოლო გერმანიაში მე-19 საუკუნის ჩათვლით გამოიყენებოდა.

a7d1765c3549
გალია
მსხვერპლს სვამდნენ მეტალის გალიაში, რომელსაც ადამიანის სხეულის ფორმა ჰქონდა. ჯალათები ზოგჯერ აიძულებდნენ ჭარბწონიანებს, პატარა გალიაში დატეულიყვნენ, რიგ შემთხვევებში კი დამნაშავეებს დიდ გალიაში ათავსებდნენ, რომ ნაკლებად კომფორტულად ყოფილიყვნენ. გალია ძირითადად ხეზე ეკიდა. ერეტიკოსებსა და ღვთისმგმობებს ღია ცის ქვეშ ათავსებდნენ, რათა ფრინველებს ეკორტნათ ან ველურ ცხოველებს ენადიმათ მათი ხორცით. ზოგჯერ რიგითი გამვლელები ქვებს ესროდნენ, რაც ტანჯვის პროცესს კიდევ უფრო ამძაფრებდა და აუტანელს ხდიდა.

წყარო: http://charliuss.wordpress.com

lel s

i live in tbilisi,i'm 21 years old and study at ilia state university

მსგავსი ამბები

Back to top button