საკითხავისამხედრო

Sukhoi Su-25

Уменьшить

ამ პოსტში მე მინდა გესაბროთ მართლაც ლეგენდარულ რუსულ რეაქტიულ თვითმფრინავ  Sukhoi Su-25 ზე.

სუ-25 (ნატოს კლასიფიკაციით „Frogfoot“) წარმოადგენს ერთადგილიან რეაქტიულ თვითმფრინავს ორი ძრავით, რომელიც შეიქმნა სსრკ-ში სუხოის საკონსტრუქტორო ბიუროში. მისი შექმნის უმთავრესი მიზანი და დანიშნულება იყო საბჭოთა ქვეითი ჯარებისათვის საჰაერო მხარდაჭერა. პროტოტიპის პირველი გაფრენა განხორციელდა 1975 წლის 22 თებერვალს. თვითმფრინავის გამოცდის შემდეგ 1978 წელს, დაიწყო მისი სერიული წარმოება თბილისის საავიაციო ქარხანაში საქართველოს სსრ-ში.

სუ-25, თავისი არსებობის 25 წლის მანძილზე, მრავალი საჰაერო ომის თვითმხილველი გახდა. მას აქტიურად იყენებდნენ ავღანეთის ომში მოჯაჰედების წინააღმდეგ ბრძოლაში. სუ-25-ებს იყენებდა ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალები 19801988 წლებში ირანის წინააღმდეგ ირან-ერაყის ომში. 1993 წელს აფხაზეთის ომის დროს აფხაზი სეპარატისტები რუსეთის დახმარებით სუ-25-ებს იყენებდნენ ქართველების წინააღმდეგ. რვა წლის შემდეგ სუ-25-ებს აქტიურად იყენებს მაკედონიის სამხედრო-საჰაერო ძალები ალბანელი აჯანყებულების წინააღმდეგ 2001 წლის მაკედონიის კონფლიქტის დროს, ხოლო 2008 წელს კი საქართველო და რუსეთი იყენებდნენ სუ-25-ებს რუსეთ-საქართველოს ომში.

1968 წლის დასაწყისში სსრკ-ის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა შეემუშავებინა სპეციალიზირებული დაჯავშნული მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც საბჭოთა ქვეითი ჯარის საჰაერო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. ამ თვითმფრინავის შექმნის იდეა გაჩნდა მეორე მსოფლიო ომი და ადგილობრივი ომების (195060 წწ.) დროინდელი მხარდამჭერი მოიერიშე თვითმფრინავების ანალიზის შემდეგ. იმდროინდელი საბჭოთა გამანადგურებელ-ბომბდამშენები (სუ-7, სუ-17, მიგ-21 და მიგ-23) ვერ აკმაყოფილებდა ძირითად მოთხოვნას საჰაერო თავდაცვისათვის. თვითმფრინავებს გააჩნდა რამდენიმე ნაკლი, კერძოდ არსებული ჯავშანი ვერ უზრუნველყოფდა თვითმფრინავის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწილების დაცვას. ასევე, მათი ფრენის მაღალი სიჩქარე მფრინავს ხელს უშლიდა მიზანთან ვიზუალურ კონტაქტში. ამ პრობლემების მხედველობაში მიღების შემდეგ პავლე სუხოიმ და სუხოის საკონსტრუქტორო ბიურომ მოკლე ვადებში დაიწყეს აღნიშნულ პროექტზე მუშაობა, თავდაცვის სამინისტროსა და საავიაციო მრეწველობის სამინისტროსთან ერთად.

1969 წლის მარტში საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამოაცხადა კონკურსი ახალი თვითმფრინავის შესაქმნელად. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ: სუხოის საკონსტრუქტორო ბიურო, იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიურო, ილიუშინის საკონსტრუქტორო ბიურო და მიქოიანის საკონსტრუქტორო ბიურო.  სუხოიმ თავის პროექტ „Т-8“-ზე მუშაობა დაასრულა 1968 წლის ბოლოს და 1972 წლის იანვარში შეუდგა პირველ საცდელ ნიმუშებზე (Т8-1 და Т8-2) მუშაობას. „Т8-1“ კორპუსზე მუშაობა დასრულდა 1974 წლის 9 მაისის დღესასწაულისთვის. მიუხედავად ამისა, მას პირველი გაფრენა 1975 წლის 22 თებერვლამდე არ განუხორციელებია. საბჭოთა საჰაერო ძალების კონკურსში სუ-25-მა აჯობა თავის მთავარ კონკურენტ ილ-102-ს.

„Т8-1“ და „Т8-2“ საცდელი ნიმუშების გაუმჯობესებაზე მუშაობის დროს, სუხოის საკონსტრუქტორო ბიურომ წამოაყენა წინადადება სუ-25-ების ნაწილის აწყობა დაწყებულიყო თბილისის–31-ე ქარხანაში, საქართველოს სსრ-ში, რომელიც იმ დროისათვის წარმოადგენდა მიგ-21УМ-ის მთავარ საწარმოო ბაზას. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და საბჭოთა სამინისტროების ყველა სტადიაზე სახელმწიფო გამოცდის გავლის შემდეგ სუ-25-ს თბილისში წარმოებაზე ნებართვა გაიცა. წარმოება 1978 წელს დაიწყო.

1980-იანების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში გამოჩნდა სუ-25 რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის მოდერნიზებული და სპეციალური დანიშნულებისთვის განკუთვნილი ვერსიები. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებია ორადგილიანი სავარჯიშო სუ-25УБ, ბუქსირებადი ვარიანტი სუ-25БМ და ტანკსაწინააღმდეგო მოდელი სუ-25Т. ამათ გარდა საქართველოსა და ებრაული ფირმა ელბიტის მიერ შეიქმნა საცდელი მოდელი სუ-25КМ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ ვარიანტს დიდი კომერციული წარმატება არ მოუტანია. სუ-25 ერთადერთი დაჯავშნული თვითმფრინავია, რომელიც დღესაც იწარმოება.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს გააჩნია ყველაზე დიდი რაოდენობით სუ-25-ები და გეგმავენ მათ მოდერნიზირებას სუ-25СМ-მდე. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 2007 წელს შენელდა ფინანსების უკმარისობის გამო.

Уменьшить

სუ-25 გააჩნია ნორმალურ აეროდინამიულად განლაგებული ტრაპეციული ფრთები და ჩვეულებრივი საჭე. კორპუსის შემადგენლობაში გამოიყენება რამდენიმე ტიპის ლითონი: 60% ალუმინი, 19% ფოლადი, 13.5% ტიტანი, 2% მაგნიუმის შენადნობი და 5.5% სხვადასხვა ლითონები.

მფრინავი თვითმფრინავს მართავს ცენტრალური გადამრთველით და მარცხენა ხელის დროსელით. მფრინავი ზის კატაპულტირებად სავარძელში (სუ-27 მსგავსი) და გააჩნია ფრენის სტანდარტული ინსტრუმენტები. კაბინის უკან განთავსებულია 6 მმ სისქის ფოლადის ჩაფხუტი. კაბინას გააჩნია ჩაღრმავებული ფორმის ჩატანებული ერთმანეთზე მიდუღებული ტიტანის ფენები. კატაპულტირებადი სავარძლისთვის განკუთვნილი გიდის რელსები დამონტაჟებულია კაბინის უკანა კედელზე.

მფრინავი კაბინაში ზის დაბლა და დაცულია გვერდებიდან დამცავი მექანიზმებით. უკეთესი დაცულობის გამო მფრინავის ხილვადობა შეზღუდულია. უკან ხედვა ძლიერ შეზღუდულია, თუმცა მისი კომპენსირებისათვის მაღლა დაყენებულია პერიოსკოპი. სამართავი კაბინა მოძველებულია, რომელსაც არ გააჩნია სენსორული ინდიკატორიც კი საქარე მინაზე.

იარაღი კაბინის ქვემოთ განყოფილებაში კაბინის ძირზე არის დაკიდული. ჰაერგაუმტარი საავიაციო განყოფილება მდებარეობს კაბინის უკან და წინა საწვავის ავზის წინ. კაბინის უკანა ნაწილის მარცხენა მხარეს დამონტაჟებულია კიბე, რომელიც უზრუნველყოფს კაბინაში მოხვედრას. ცხვირი აღჭურვილია ორი განმასხვავებელი გადამცემით.

სუ-25-ს ყველა ვერსიას გააჩნია ლითონის თავისუფლადმატარებელი ფრთები, მაღალი პროპორციები და მოწყობილობების მაღალი ტვირთამწეობა. ფრთა შედგება ორი სექციისგან, რომლებიც ფიუზელაჟთან ერთად ქმნის ერთ მთლიან ერთეულს. აეროდინამიური მუხრუჭები განთავსებულია ფრთების წვეროებში. აგრეთვე თითოეულ ფრთას გააჩნია 5-5 იარაღის საკიდი და ელერონი.

სუ-25-ს ადრინდელი ვერსიები აღჭურვილი იყო ორი Р95Ш ტიპის ტურბორეაქტიული ძრავით, რომელიც განთავსებული იყო ფიუზელაჟის კუდის ნაწილის ორივე მხარეს ცალკეულ განყოფილებებში. ძრავები და მის გარშემო მდებარე ფიუზელაჟის სტრუქტურები ცივდება ჰაერით, რომელიც მიეწოდება სპეციალური საჰაერო ხვრელებით. სადრენაჟო სისტემა აგროვებს ნავთობს, ჰიდრავლიკური სითხის ნარჩენებს და საწვავს ძრავებიდან გაფრენის ან წარუმატებელი სტარტის შემდეგ. მართვის სისტემის საშუალებით თითოეულ ძრავას შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა. თვითმფრინავის ბოლო ვერსიები (სუ-25Т და სუ-25ТМ) აღჭურვილია გაუმჯობესებული Р-195 ტიპის ძრავებით.

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაუდგენელი რაოდენობის საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სუ-25-ები ბომბავდნენ მიზნებს სამხრეთ ოსეთში, ხოლო მას შემდეგ რაც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საჰაერო სივრცე დაიკავეს რუსულმა თვითმფრინავებმა, ქართულმა მხარემ ფრენები საერთოდ შეწყვიტა. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები სუ-24-ები და მცირე რაოდენობით სუ-25-ები კი განუწყვეტლივ ბომბავდნენ ქალაქ გორს და ყველა სამხედრო ბაზასა თუ აეროპორტს. ქართული მხარის ინფორმაციით აგვისტოს ომის დროს რუსეთმა დაკარგა 22 საფრენი აპარატი, მაგრამ რუსულმა მხარემ დაადასტურა მხოლოდ სამი სუ-25-ის დაკარგვა. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში რუსული სუ-25-ები თავს დაესხა თბილისის საავიაციო ქარხანას და დაბომბა ქარხნის აეროდრომი.

Уменьшить

წყარო: wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close